XX საუკუნე რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემის ერთგვარი რეინკარნაციის ეპოქა გახლდათ. 
სწორედ ამ ბობოქარ დროში მოხერხდა ის, რაც არასოდეს მომხდარა –   ასობით გამოცემისა თუ თარგმანის წყალობით, მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებით, ხელოვნებისა და ყოფიერების სხვა და სხვა დარგებში პოემის გარდასახვით "ვეფხისტყაოსანი" მთელს პლანეტას მოედო დასაქართველოს გარდა, მთელი ცივილიზებული კაცობრიობის მონაპოვრადაც იქცა

 

ნაწყვეტი ნინო ჩაკუნაშვილის წერილიდან
ჟურნალი "ქართველოლოგი" N12

მინდა გამოვაქვეყნო ერთი მინაწერი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტში "ვეფხისტყაოსნის" მრავალ თარგმანთა და გამოცემათა შორის ერთ ჩვეულებრივ, ოდნავ ყდა გაცრეცილი წიგნის შიდა ყდაზეა შესრულებული, ეს "ვეფხისტყაოსანი" შალვა ნუცუბიძისეული თარგმანია რუსულ ენაზე, რომელიც 1941 წელს გამოიცა. გადაშლით თუ არა წიგნს, პირველივე გვერდზე აწ უკვე ფერგადასული მელნით შესრულებულ მინაწერს ნახავთ. თითქოს ბევრი არაფერი, მკითხველს თავისი შთაბეჭდილებანი წიგნზე წაუწერია, მაგრამ როცა ამ მინაწერს ჩაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე შთაბეჭდილება, ვიდრე ემოცია. აზრის უფრო ნათელსაყოფად, ალბათ, საჭიროა თავიდან ბოლომდე მოვიყვანოთ ეს პატარა მინაწერი, რომელიც განსვენებულ ისტორიკოსს და მეცნიერს, აკადემიკოს შოთა მესხიას ეკუთვნის...

შოთა რუსთაველი – ამ სახელთან ერთად განვვლე მთელი ცხოვრება. მისი სახელობის გამზირზე იდგა ჩემი სახლიც და სკოლაც. იქ დავინახე და განვიცადე ყველაფერი პირველი. რუსთაველის სახელს ატარებდა თეატრალური ინსტიტუტიც, სადაც ვსწავლობდი და თეატრიც, რომლის სცენაზეც ნახევარი საუკუნე ვიდექი.

მეოცე საუკუნის პირველი თაობის ქართველ ემიგრანტებს თავიანთი სოფლებიდან წაღებული ქართული მიწა მართლა ფეხსაცმლებში ჰქონდათ ჩაფენილი და საფრანგეთის ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში, თავს თუ არა, ფეხებს მაინც ქართულ მიწაზე გრძნობდნენ. მე კი მიწის ნაცვლად "ვეფხისტყაოსანი" დამაქვს ხოლმე, რომელიც მიწასაც იტევს, ცასაც და იმასაც, რაც მიწასა და ცას შორის არსებობს.

 ბებია და ბაბუა წიგნიერი ადამიანები იყვნენ. მათი ოჯახური ცხოვრებაც "ვეფხისტყაოსნით" დაიწყო. ბაბუამ ოქროს ბეჭდის ნაცვლად "ვეფხისტყაოსნით" დანიშნა ბებია...

 მახსოვს, პატარა ბიჭი ვიყავი. მაშინ ვერის ბაღს კიროვის სახელი ერქვა. კვირაობით წიგნის მოყვარულები იქ იკრიბებოდნენ. თავიდან ჩუმ-ჩუმად, ვითომ საჭადრაკო ლიტერატურის გასაცვლელად და სინამდვილეში ძნელად საშოვარი გამოცემების შესაძენად...

რა მიყვარდა ბავშვობისას "ვეფხისტყაოსანში" და –  გეოგრაფია და ზიჩის ნახატები. ბევრნაირი "ვეფხისტყაოსანი" გვქონდა: ერთი გუდიაშვილის ნახატებითაც იყო, ქობულაძის და, მგონი, საერთოდ ყველასი, ვისაც დაუხატავს, მინიატურებითაც და კიდევ სხვებიც, სულ უსურათოები.
იმის კითხვას აბა სად შევძლებდი. ეტყობა, რომ ვათვალიერებდი,თან რაღაცეებსაც მიამბობდნენ. იქედან თუ დამამახსოვრდა მულღაზანზარი. 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.