მანანა გიგინეიშვილი

"ვეფხისტყაოსანი" ამქვეყნად მამას ყველაზე დიდი სიყვარული იყო. რუსთაველი ღვთით მოვლენილ სასწაულად მიაჩნდა. პოემის რომელიმე სტროფს იტყოდა (აი, კაცი რომ ჩაიღიღინებს, – ისე) და დაატანდა: "არა, ამას ადამიანი ვერ დაწერდა, ეს ღმერთ-კაცის ნახელავია!" ასე მგონია, გუნებაში უჩუმრად წამოაგონდებოდა პოემის რომელიმე მონაკვეთი და მერე ხმამაღლაც მოაყოლებდა ერთ-ორ სტროფს. ეს სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა შესისხლხორცებული. ბებია და ბაბუა წიგნიერი ადამიანები იყვნენ. მათი ოჯახური ცხოვრებაც `ვეფხისტყაოსნით~ დაიწყო. ბაბუამ ოქროს ბეჭდის ნაცვლად "ვეფხისტყაოსნით" დანიშნა ბებია. პატარა წიგნად იყო გამოცემული, ყუაზე ოქროთი იყო ჩატვიფრული "დუნია", ბებიას დომინიკა ერქვა და შინაურობაში ასე ეძახდნენ. მიძღვნა მთავრდებოდა რუსთაველის სიტყვებით:
"სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ".
მოგვიანებით იმავე გვერდზე გაჩნდა ჩანაწერი: კონა დაიბადა 1902 წლის 6 მაისს; ვანო დაიბადა 1908 წლის 27 ივლისს.
რუსთაველი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო ჩართული. ბაბუ მოსესაც ძალიან უყვარდა რუსთაველის ხმამაღლა კითხვა, ზეპირად, რა თქმა უნდა. კითხულობდა, კითხულობდა და "ღმერთების ბორდოხიაო", - იტყოდა. მამასი არ იყოს, ისიც რუსთაველის შეფასებით ამთავრებდა კითხვას. მახსოვს, ვკითხე, "ბორდოხი" რა არის-მეთქი. არწივის ხმიანობას "ბორდოხი" ჰქვია, რუსები клекот-ს უწოდებენო.
"ვეფხისტყაოსნის" ცალკეული ტაეპები სულ ჩართული იყო ბებიას, ბაბუას, მამას და მისი ძმის - კონას (ისიც ფილოლოგი იყო, განსწავლული პიროვნება, ქართული ენციკლოპედიის დიდი მოამაგე) საუბარში. მაგალითად, "აბა რა იქნება, "კოკასა შიგან რაცა დგას..." "რაცა ღმერთსა არა სწადდეს...", "ავსა კაცსა ავი სიტყვა..." და ა.შ. ტაეპის დასრულება არ იყო აუცილებელი, მოსაუბრისათვის ისედაც ნათელი იყო.
ამას ყველაფერს მიჩვეული ვიყავი, მაგრამ მაინც გავოგნდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ბაბუამ მთლიანად ზეპირად იცოდა "ვეფხისტყაოსანი", VIII კლასში გვასწავლიდნენ რუსთაველს. რომ ვიზეპირებდი დავალებას და შევფერხდებოდი, ბაბუ გააგრძელებდა. მერე სადაც კი გადავშალე წიგნი, ყველგან გააგრძელა. გაოცება, რომ შემატყო, მამას შესჩივლა: "ვერ ვზრდით ჩვენს გოგოს კარგად, რუსთაველი ღმერთმა ერს წყალობად მოუვლინოს და, რომ ვიცი, - ეს ჩემს შვილიშვილს უკვირდეს, - ესაა სწორედ სირცხვილი და თავის მოჭრა".
ომის დროს ჯარში წასული მამაჩემისა და ბაბუს მიმოწერა ცენზურის პირობებში "ვეფხისტყაოსნის" მოშველიებით ხდებოდა, თან იუმორიც იყო გარეული. მოგვდიოდა ჯარისკაცის წერილები, სამკუთხედად მოკეცილი ფურცლები. ზოგი ასე იწყებოდა: "აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა" (ბაბუმ ამიხსნა, რომ რუსთაველის დროს "მებრძოლი" მტერს ნიშნავდა). წერილი ასე მთავრდებოდა: "სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოვიწერე". სხვა წერილი იწყებოდა: "ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად" და ა.შ. ერთხანს მამას დივიზია მცხეთაში იყო დაბანაკებული. ერთ კვირა დღეს ბატონი არნოლდ ჩიქობავა და ბატონი ვარლამ თოფურია ჩასულან მცხეთაში მამას სანახავად. "დავყავ ხანი მათ წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით", - გვწერდა მამა. "ვეფხისტყაოსნიდან" ჩართული ტაეპების გარდა, მთელი მიმოწერა რუსთველური შაირით იყო გამართული.
პოლიტიკურ რეჟიმზე საუბარსაც ასე ნიღბავდნენ ჩვენგან, ბავშვებისაგან. მაგრამ მეც და ჩემი ბიძაშვილი ბაქარიც მშვენივრად ვხვდებოდით, "ქაჯთა ციხე" რომ კრემლი იყო და ისიც ვიცოდით, "არ ქაჯნია, კაცნიაო", - ვის შესახებ იყო ნათქვამი.
ქალაქიდან რომ გავდიოდით, მამა რუსთველის შაირით გვატყობინებდა თბილისის ამბებს, ასე წარმოიდგინეთ, კონკრეტულ დეტალებსაც კი. ჩემი ორივე ბიჭი აქტიური მონაწილე გახდა რუსთველური ეპისტოლარული პროცესისა. ლიტვაში ჩვენს მეზობლად ისვენებდა ცნობილი ირანისტი ალექსანდრე (შურა) გვახარია. ჩვენი მიმოწერა რომ ნახა, თვითონაც ჩაერთო და რუსთველური უსტარი გაუგზავნა მამას.
რუსთველის ტექსტზე ვანო გიგინეიშვილის მუშაობის შესახებ ჩემი კომპეტენცია არ იკმარებს, ამას პროფესიონალი სჭირდება. მე კი იმის თქმა შემიძლია, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის შესახებ გამოკვლევის წერას რომ დაიწყებდა და ვიდრე არ დაასრულებდა, არ დგებოდა, გაბმით მუშაობდა; გამოკვლევის მოცულობის შესაბამისად, ერთ ან ორ ღამეს ათენებდა. ეს იყო ჩაწერის, ნაფიქრალის გაფორმების პროცესი. წერას იწყებდა, როცა უკვე ყველაფერი მოაზრებული ჰქონდა, როცა კვლევა დასრულებული იყო. გამოქვეყნებამდე უსათუოდ წაიკითხავდა მოხსენებად, ძალიან უყვარდა საჯარო საუბარი და კოლეგებისთვის გაზიარება თავისი ნაკვლევისა. მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებდა ხოლმე.
საოცარი მეხსიერების პატრონი იყო. განსაკუთრებით გამახვილებული ჰქონდა ენობრივი ფენომენის მიმართ ინტერესი და ყურადღება. თავისი ვარაუდის დასამტკიცებლად და საილუსტრაციოდ სიტყვა ან გამოთქმა რომ დასჭირდებოდა, შეუცდომლად იცოდა, რომელ ავტორთან, რომელ ძეგლში ეგულებოდა. მრავლიდან ერთ შემთხვევას გავიხსენებ: პოემის ერთი ტაეპი, გადამწერთაგან შეცვლილი, შეასწორა; ამტკიცებდა რომ `წინამდგომელი~ სამოხელეო ტერმინია. გასწორებას დასაბუთება სჭირდება. მთხოვა თაროდან გადმომეღო: "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება"; "მამათა სწავლანიდან" იოანე ოქროპირის ქადაგება; "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება"; "ხელმწიფის კარის გარიგება" და კიდევ რომელიღაც ტექსტი. ახსოვდა, რომ ოდესღაც ამ ძეგლებში შეხვდა ეს სიტყვა, როგორც სამოხელეო ტერმინი, და დაახლოებით კონტექსტიც ახსოვდა. წამში იპოვა შესაბამისი ადგილები.
ბატონმა არნოლდ ჩიქობავამ გაიხსენა თავის ერთ-ერთ წერილში, რომ განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულზე მუშაობისას ხშირად იყო ასეთი შემთხვევები: სიტყვა კონტექსტითურთ ამოწერილია, მაგრამ მითითება დავიწყებია ამომწერს. ივანე გიგინეიშვილს ვკითხავდით და საქმე მოგვარებული იყოო. გამოჩენილი მწერლის ფრაზას რომ მიაკვლევდა, რა გასაკვირია, ნაკლებად მნიშვნელოვანი მწერლის ტექსტსაც იმწამსვე იცნობდა ხოლმე, წიგნს მოითხოვდა და ზუსტად იმ ადგილას გადაშლიდაო.
მამას დამოკიდებულება "ვეფხისტყაოსნისადმი" რომ ვიცოდი, ვფიქრობდი ხოლმე, რომ რუსთაველის ტექსტის დასადგენად უნდა ეს ყველაფერი-მეთქი. მამას კვლევის სფერო იყო ქართული სალიტერატურო ენის პრობლემები, სალიტერატურო ენის ნორმები, დიალექტოლოგია, ლექსიკოლოგია, მაგრამ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის კვლევა მაინც რაღაც განსაკუთრებული გატაცება იყო მისთვის. ალბათ, ამიტომაც მისი ორივე დისერტაცია "ვეფხისტყაოსანს" მიეძღვნა.

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ 

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.