1958 წელს დაიწყო მზადება რუსთაველის მეორე იუბილესათვის.
საქართველოს კომპარტიის ცკ-ის 1965 წლის 16 იანვრის დადგენილებით შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.
ზეიმის დღეებში შესრულდა კომპოზიტორების: ო. თაქთაქიშვილის, ა. ჩიმაკაძის, რ. ლაღიძისა და შ. შველიძის ახალი მუსიკალური ნაწარმოებები.
რუსთაველის სახ. აკადემიურმა თეატრმა დადგა ლიტერეტურულ-დრამატული კომპოზიცია "ვეფხისტყაოსანი".
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი "რუსთაველის ნაკვალევზე".
საქართველოს სსრ ცეკვის დამსახურებულმა ანსამბლმა აჩვენა ახალი საცეკვაო სუიტა "ქაჯეთის ციხის აღება".
ქართველმა მხატვრებმა: ს. ქობულაძემ, უ. ჯაფარიძემ, ნ. იანქოშვილმა, ს. მაისაშვილმა და სხვ. შექმნეს პოემის ახალი ილუსტრაციები, გამოქვეყნდა "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემები ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ და სხვა  ენებზე. 

 
WordPress plugin
 

ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ.
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ (უკან გამოსვლა – ღილაკი Esc)
ისარგებლეთ ცისფერი სენსორითაც 

გამოიცა "ვეფხისტყაოსნის" ალბომები: მ. ზიჩის, ლ. გუდიაშვილის, ს. ქობულაძის, უ. ჯაფარიძის თ. აბაკელიას, ი. თოიძის, ნ. იანქოშვილის, ს. მაისაშვილის ილუსტრაციებით.
საიუბილეო ზეიმი დაიწყო 1966წ. 25 სექტემბერს. მოეწყო რუსთაველისადმი მიძღვნილი გამოფენები, ჩატარდა სსრ კავშირისა და საქართველოს მწერალთა კავშირების გაერთიანებული პლენუმი, ჩამოვიდნენ საზღვარგარეთელი სტუმრები.
ბორჯომსა და თბილისში გაიმართა ხუთი კონტინენტის პოეტების დიდი საერთაშორისო შეხვედრა. 27 ოქტომბერს საიუბილეო პრესკონფერენციაზე იყვნენ: ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნების გაზეთებისა და ჟურნალების, დეპეშათა სააგენტოების, რადიოს და ტელევიზიის წარმომადგენლები, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს პრესის მუშაკებთან რუსთაველის სახ. თეატრში გაიმართა სამეცნიერო სესია. ზეიმმა გადაინაცვლა მოსკოვში, ჩატარდა საიუბილეო საღამო, ბოლშაია გრუზინსკაიას სკვერში გაიხსნა შოთა რუსთაველის ძეგლი.
საბჭოთა მრავალეროვანი ლიტერატურის წარმომადგენელთა, აგრეთვე უცხოეთის 45 ქვეყნის თვალსაჩინო მწერლების, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა მონაწილეობით იდღესასწაულა 1966 წლის სექტემბერში ქართველმა ხალხმა თავისი გენიალური პოეტის, მოაზროვნისა და ჰუმანისტის შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე.
ამ იუბილესადმი სამზადისისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1960 წლის ოქტომბერში რუსთაველის სახელთან დაკავშირებული ახალი მასალების მოსაძიებლად სპეციალური ექსპედიციის მოწყობას პალესტინაში ცნობილი ქართველი პოეტის ირ. აბაშიძისა და სახელოვანი ქართველი მეცნიერების გ. წერეთლისა და ა. შანიძის მონაწილეობით. 

შოთა რუსთაველის იუბილეს დღეებში რუსთაველის სახელობის პრემია, რომელიც დაწესდა 1964 წლის მარტში, მიენიჭათ გამოჩენილ უკრაინელ პოეტს მიკოლა ბაჟანს "ვეფხისტყაოსნის" უკრაინულ ენაზე თარგმნისათვის და ცნობილ რუს პოეტს ნიკოლოზ ტიხონოვს საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსებისათვის.
მრავალი საბჭოთა და უცხოელი მწერალი, მეცნიერ-ქართველოლოგი დაესწრო რუსთაველისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიებს თბილისში, პოეტის ძეგლის გახსნას ქ. ახალციხეში, "ვეფხისტყაოსნის" გამოცემებისა და მისი ილუსტრაციების გამოფენებს, თეატრალიზებულ და სპორტულ დღესასწაულებს, "ქართული პოეზიის დღეებს" მოსკოვში, დედაქალაქის ერთერთ ცენტრალურ მაგისტრალზე – "ბოლშაია გრუზინსკაიას" ქუჩის სკვერში რუსთაველის ძეგლის გახსნას, 1966 წლის 25 ოქტომბერს საიუბილეო საზეიმო საღამოს მოსკოვში.
ამ იუბილესთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა წერილები, მოხსენებები, სპეციალური კრებულები, მოეწყო მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენაზე "ვეფხისტყაოსნის" გამოცემების გამოფენა და სხვ.
ფრიად საინტერესო მოვლენა იყო 1960 წლის აპრილში პოლონეთში კრაკოვის რაფსოდიის თეატრის მიერ განხორციელებული "ვეფხისტყაოსნის" დადგმა. ამ თეატრს, რომელიც ძირითადად მსოფლიო ლიტერატურის კლასიკურ პოეტურ ნაწარმოებებს დგამს, უწოდებენ კლასიკური პოემის თეატრს. "ვეფხისტყაოსანი", რომლის თეატრისათვის საჭირო ადგილები თარგმნა ცნობილმა პოლონელმა პოეტმა ეჟი ზაგურსკიმ ქართველ მეცნიერთა დახმარებით, დიდი მოწონებით მიიღო პოლონელმა მაყურებელმა. 

რუსთაველის იუბილე ერთერთი უდიდესი მოვლენა იყო XX საუკუნის საქართველოს ისტორიაში. საზეიმო დღეებში ჩვენში თავი მოიყარეს მსოფლიოში ცნობილმა მწერლებმა, ლიტერატურისა და ხელოვნების მკვლევარებმა, ჟურნალისტებმა, ფილოსოფოსებმა, მეცნიერებმა.
მსოფლიომ რუსთაველი და მისი სამშობლო აღმოაჩინა. "ვეფხისტყაოსანი" ითარგმნა სხვადასხვა ენებზე, უცხოეთის რიგ უნივერსიტეტებში გაიხსნა ქართველოლოგიის ცენტრები.
ამ დიდი ღონისძიების მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ მსოფლიოს ეღიარებინა საქართველო როგორც დიდი კულტურისა და ჰუმანისტური იდეების სამშობლო. დიდმა ესპანელმა პოეტმა რაფაელ ალბერტიმ მაშინ ასეთი რამ თქვა: "მე საქართველოს სტალინით ვიცნობდი. მას კი უფრო დიდი შვილი ჰყოლია – შოთა რუსთაველი".
სწორედ ასეთ საქართველოზე ოცნებობდნენ ჩვენი მშობლები და წინაპრები – რუსთაველის საქართველოზე. ასე რომ, ჩინეთის კულტურულმა რევოლუციამ ერთი დადებითი შედეგი ნამდვილად გამოიღო.

 
 

ნიკოლაი ტიხონოვი 

ალექსეი ტოლსტოი 

ჯეიმს ოლდრიჯი 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.