დათო ტურაშვილი

სადაც არ უნდა მივდიოდე, "ვეფხისტყაოსანი" ყოველთვის თან მიმაქვს, როგორც ჩემი წილი საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რუსთაველს საქართველო არც კი უხსენებია.
თითქოს უცნაურია, რომ ყველაზე ქართულ წიგნში სიტყვა საქართველო ნახსენებიც კი არ არის და მე კი ეს წიგნი ისე დამაქვს ყველგან, როგორც ერთ-ერთი მთავარი საქართველო – მაგალითად ცა ან მიწა.
მეოცე საუკუნის პირველი თაობის ქართველ ემიგრანტებს თავიანთი სოფლებიდან წაღებული ქართული მიწა მართლა ფეხსაცმლებში ჰქონდათ ჩაფენილი და საფრანგეთის ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში, თავს თუ არა, ფეხებს მაინც ქართულ მიწაზე გრძნობდნენ. მე კი მიწის ნაცვლად "ვეფხისტყაოსანი" დამაქვს ხოლმე, რომელიც მიწასაც იტევს, ცასაც და იმასაც, რაც მიწასა და ცას შორის არსებობს.
მეტიც, მგონი, "ვეფხისტყაოსანი" ერთადერთი ქართული მოვლენაა, რაც ისტორიულად წყალთანაც გვაკავშირებს, რადგან საუკუნეების მანძილზე ზღვის პირას კი ვცხოვრობდით, მაგრამ ზღვას სამწუხაროდ, მანადმე არც გავკარებივართ და მხოლოდ "ვეფხისტყაოსნის" შემდეგ დავიწყეთ ზღვებზე მოგზაურობა.
სხვათა შორის მანამდე (და, მგონი, მერეც), არც ხმელე- თით მოგზაურობით მოგვიკლავს თავი და ნამდვილი მოგზაური ქართველებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მართლა არ გვყოლია. ზემოთქმულის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს და თანაც სუბიექტური, მაგრამ ერთი ობიექტური გარემოების გამო, ნებისმიერ ჩვენს წინაპარს (მაგალითად, ნებისმიერი ჰოლანდიელს წინაპრისაგან განსხვავებით), სხვაგან წასვლა უბრალოდ დაეზარებოდა, რადგან ეს მიწა ისედაც ყველაფერს იძლეოდა.
ამ მიწაზე ყველაფერი იყო, რის გამოც სხვები ათასობით კილომეტრებს გაივლიდნენ ხოლმე და ზღვებსა და ოკეანეებს საშინელ ქარიშხლებშიც კი გადასერავდნენ. შოთა რუსთაველიც ადვილად მიხვდა (მაშინ უფრო ადვილი მისახვედრი იყო), რომ ეს ხალხი შორს და თანაც სამოგზაუროდ წამსვლელი ნაღდად არ იყო და ამიტომაც რუსთაველმა სწორედ ისეთი გენიალური წიგნი დაწერა, რომლითაც შინიდან გაუსვლელად, მთელს მსოფლიოში იმოგზაურებდა ნებისმიერი ზარმაცი ქართველიც.
მაშინდელი მსოფლიო კი სწორედ იმ ქვეყნებში არსებობდა, სადაც "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები მოგზაურობდნენ, რადგან მაშინ ევროცენტრისტული ცნობიერება ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო და ამიტომაც ადამიანებს საფრანგეთი უფრო შორს ეგონათ, ვიდრე ჩინეთი ან ინდოეთი.
რაც შეეხება არაბეთს, არაბეთი მართლა აქვე, ისე ახლოს იყო, რომ შოთა რუსთაველმა თინათინს და ავთანდილს არაბობა კი დააბრალა, მაგრამ ერთხელ ამ შეყვარებულმა არაბებმა თავი ვერ შეიკავეს და უცებ ქართულად ალაპარაკდნენ. რუსთაველი ამბობს, ტკბილ-ქართულად ისაუბრესო და სანამ ლევან გველესიანის წიგნს წავიკითხავდი, მანამდეც მივაქციე ყურადღება ამ უცნაურ ეპიზოდს, თუმცა შემთხვევითი არაფერია ამ წიგნში (როგორც საერთოდ სამყაროში) და, შესაძლოა, ქეთევან ქურდოვანიძეც მართალია.
მართალია, მისი მოსაზრება უფრო სანდოა, ვიდრე, მაგალითად, შლიმანისა (ტროას პირველ გათხრებამდე), მაგრამ ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს მითოლოგია მაინც სახალისოდ მოგონილი ისტორია ჰგონია და დღემდე იმასაც ფიქრობენ, რომ არგონავტები სინამდვილეში აქ არც მოსულან. არადა კოლხეთში არგონავტები მართლა მოვიდნენ
და მედეაც მართლა წაიყვანეს და ზღვისადმი ეს უცნაური დამოკიდებულებაც შეიძლება მართლა ზღვიდან მოსული არგონავტების გამო გაჩნდა. შეიძლება არ ეშინოდათ, მაგრამ ქართველები რომ საკუთარ ზღვასაც კი ერიდებოდნენ, ამას, ალბათ, რუსთაველმაც მიაქცია ყურადღება და, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ მოგზაურობენ ასე ხშირად "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟები დიდი თუ პატარა ხომალდებით.
სხვათა შორის, არაბეთი რომ მართლა არაბეთი იყოს, "ვეფხისტყაოსნის" რომელიმე მგზავრს ერთხელ მაინც შეხვდებოდა ერთი უდაბნო მაინც და ბატონი თამაზ ჭილაძეც აღარ აღნიშნავდა ამ უცნაურობას თავის წიგნში "ვარდის ფურცლობის ნიშანი". თუმცა ამასთან დაკავშირებით სხვა უცნაური ამბავიც მახსენდება ხოლმე: ისრაელში ყოფნისას ჩვენი მასპინძელი იყო ბატონი დავით ბოხურაშვილი – ქართველი ებრაელი, რომლის წინაპრებიც მესხეთში ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში და მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დატოვეს საქართველო. ბატონი დავითიც მშვენიერი მესხური ქართულით გვესაუბრებოდა ხოლმე და ისეთ ლამაზ სიტყვებს ხმარობდა საუბარში რომ, იქვე, მოურიდებლად ვიწერდი და, რის ჩაწერასაც ვერ ვასწრებდი, ზეპირად ვიმახსოვრებდი.
ერთ დღესაც ბატონმა დავითმა მესადას სანახავად წაგვიყვანა მანქანით და ისრაელს კი ეძახიან, მაგრამ გზად ნამდვილი არაბული უდაბნო გავიარეთ, ნამდვილი აქლემებით, ქვიშებით და ბედუინებით და მართლა ლამაზი იყო და ჩვენმა მასპინძელმაც სიამაყით გვითხრა კიდეც – შეხედეთ, რა ლამაზი ტყე არისო. მაშინ ვიფიქრე რომ ბატონ დავითს უბრალოდ მექანიკური შეცდომა დაუშვა, სიტყვები აერია და "ტყე" ამიტომაც უწოდა უდაბნოს, მაგრამ ერთხელ, "ვეფხისტყაოსნის" კითხვისას, იმდენი ტყიანი ადგილი შემხვდა არაბეთში რომ ისიც კი ვიფიქრე იქნებ ძველმესხურში ქვიშიანის აღმნიშვნელად ტყიანიც იხმარებოდა-მეთქი და მაშინ დავით ბოხურაშვილს კი არც არაფერი შეშლია.
თუმცა ზღვაზე ვლაპარაკობდით და უდაბნოში აღმოვჩნდი და მგონი ასეთი მიდებ-მოდება დარდმა იცის და, როცა ზღვა გამახსენდება, დარდიც გამოჩნდება ხოლმე რადგან ჩვენსა და შავ ზღვას შორის აშკარად რაღაც საზღვარია. ან თვითონ ზღვა არის ჩვენთვის საზღვარი და ეტიმოლოგიურადაც ისეთი პირი უჩანს, რომ ზღვარი ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის სწორედ ამ წყალზე გადიოდა, მაგრამ "ვეფხისტყაოსანი" იმიტომაც არის გენიალური წიგნი, რომ ვისაც როგორ სურს, სწორედ ისე შეუძლია მისი წაკითხვა.
"ვეფხისტყაოსანიც" ზუსტად იმდენია, რამდენიც მისი მკითხველი არსებობს და შემთხვევითი სულაც არ არის რომ ვინც ამ წიგნს კითხულობს, "ვეფხისტყაოსანიც" ყველას თავისი ჰგონია. მეტიც, რამდენჯერაც რუსთაველს წაიკითხავ, იმდენჯერ შეგიძლია სრულიად ახალი წიგნი აღმოაჩინო ან ისეთი საოცრება აღმოაჩინო, რომელიც წინა წაკითხვისას ვერც კი შენიშნე და ამ მხრივ `ვეფხისტყაოსანი~, მართლაც უსასრულო სიამოვნებაა.
ამ სიამოვნებას კი იმიტომ ვიკლებთ რომ ბავშვობიდანვე, არასწორი სწავლების გამო, ამ წიგნის გვეშინია რადგან შეცდომით გვგონია რომ `ვეფხისტყაოსანი~ არქაული მუზეუმია და არა ყველაზე ცოცხალი ტექსტი, რაც კი ქართულ ენაზე შექმნილა.
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ რუსთაველი ძალიან თანამედროვეა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საუკუნით მას უკვე დავშორდით და ზემოთქმულის საილუსტრაციოდ აქვე შემიძლია ერთი მაგალითის მოყვანა.
ახლაც მიკვირს, მაგრამ ფაქტია, რომ მანადმე ვერცერთხელ ვერ შევამჩნიე და მხოლოდ `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ აღმოვაჩინე სტროფი, რომელიც თითქოს 2003 წლის 23 ნოემბრის მერე ჩაამატეს "ვეფხისტყაოსანში":
"თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია"...
ნებისმიერ ჩვენგანს (ირგვლივ რომ მიმოიხედოს) სხვისი კარნახის გარეშეც შეუძლია რამდენიმე ისეთი ყვავის აღმოჩენა, რომელსაც სწორედ ახლად ნაშოვნი ვარდების გამო, თავი ბულბული ჰგონია. ხოლო, თუ ვინმეს მაინც სხვისი დახმარება სჭირდება, ზვიად გამსახურდიას გადაკითხვა მშვენიერი დახმარება იქნება ნამდვილი ბულბულებისა და შირაზის ვარდების მისაგნებად.
სხვათა შორის შირაზამდე თუ არა, სადამდეც ქართულმა სიტყვამ მიაღწია, "ვეფხისტყაოსანმა" იქამდე კიდეც გააერთიანა საქართველო და, მგონი, კაცობრიობის ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქვეყანა და სახელმწიფო წიგნმა შექმნა. ზოგჯერ ეს ყვეყანა პატარავდებოდა ან იზრდებოდა, იშლებოდა ან იყოფოდა, მაგრამ, სადაც ეს წიგნი ვრცელდებოდა, იქ საქართველოც ყოველთვის არსებობდა. "ვეფხისტყაოსანსაც" საქართველოსავით ძალიან რთული თავგადასავალი ჰქონდა სანამ ჩვენამდე მოაღწევდა (ან ჩვენ მივაღწევდით ამ წიგნამდე) და, როგორც არ უნდა გვრცხვენოდეს ახლა ამ საშინელი სიმართლისა, მაინც უნდა ვაღიაროთ რომ "ვეფხისტყაოსანს" დროდადრო ვწვავდით ხოლმე. ზოგჯერ კი წყალშიც ვყრიდით ხელნაწერებს, მაგრამ ამ წიგნს ვერც წყალი აკლებდა რამეს და ვერც ცეცხლი წვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ მტკვარში მთელი ტირაჟი გადაყარეს მეტეხის ხიდიდან.
ალბათ, რა ბედნიერი იქნებოდა ის, ვინც მტკვარზე სათევზაოდ ჩასული, წყლიდან "ვეფხისტყაოსანს" ამოიტანდა, მერე ფურცელ-ფურცელ გააშრობდა შუაცეცხლზე და ჯერ კიდევ სველ გვერდებს სიყვარულით წაუკითხავდა შვილებსა თუ შვილიშვილებს.
ჩემი ძალიან მოკრძალებული და ძალიან სუბიექტური აზრით, ამ წიგნის ზეპირად სწავლის ტრადიციაც საქართველოში სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ "ვეფხისტყაოსანს" ზოგჯერ ებრძოდნენ და მის განადგურებასაც კი ცდილობდნენ, ხოლო ადამიანები, რომლებსაც მისი გადარჩენა სურდათ, ზეპირად სწავლობდნენ "ვეფხისტყაოსანს". როგორც არ უნდა აკრძალონ ჩვენი სუბიექტური აზრები, ფაქტი ხომ მაინც ძალიან ჯიუტია და ამ წიგნის მეთექვსმეტე საუკუნეზე ძველი ხელნაწერი ხომ მაინც არ არსებობს. მთავარია, რომ თავი არ მოვიტყუოთ, თორემ თავის მართლება რასაკვირველია იმ ერთი სტროფითაც შეგვიძლია, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნეში ვანის ქვაბების მონასტერში ამოკაწრა ალბათ, შეყვარებულმა მონაზონმა – "ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა"...
ოცდამეერთე საუკუნის ქართველ მკითხველს, ალბათ, გააკვირვებს კიდეც მიზეზი, რის გამოც "ვეფხისტყაოსანი" შეიძლება აეკრძალათ რომელიმე საუკუნის საქართველოში, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სიყვარული ახლაც სირცხვილად ითვლება, სინამდვილეში გასაკვირი არაფერია. თუმცა აკრძალვის სხვა, არანაკლებ საშიში, საფუძველიც არსებობდა ამ წიგნის ტექსტში და, როცა რუსთაველი ცის სიმრგვალეზე წერდა, მე- თორმეტე საუკუნის დასასრული ან მეცამეტე საუკუნის დასაწყისი იყო. მაშინ სიტყვა `ცა~ კი იმ სამყაროს მნიშვნელობითაც იხმარებოდა, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ და, თუ იმასაც გავიხსენებთ, რატომ დაწვეს კოცონზე ჯორდანო ბრუნო (სხვათაშორის, შედარებით მოგვიანებით), იმასაც მივხვდებით რომ არამხოლოდ მისი წიგნი, თვითონ შოთა რუსთაველიც კაი გადარჩენილია.
მართალია, მე არათუ პროფესიონალი რუსთველოლოგი, ამ წიგნის პროფესიონალი მკითხველიც კი ვერ გახლავართ და ამიტომაც, თუ ჩემი მოსაზრებები ვინმეს ბრიყვულად მოეჩვენება, შეუძლია ამ საქმის ნამდვილი კლასიკოსი ვიკტორ ნოზაძე გადაიკითხოს.
ბატონი ვიკტორისაგან განსხვავებით, ძალიან ბევრ ქართველს ძალიან ხშირად ეგონა, რომ `ვეფხისტყაოსნის~ ერთ გვერდზე მაინც შეეძლო, საკუთარი ერთი ტაეპის მიწერა და ამიტომაც საუკუნეების განმავლობაში ამ წიგნის ფურცლებზე უამრავი ჩამატება გაჩნდა. ჩემსავით გულუბრყვილო ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ რომ "ვეფხისტყაოსანი" იმდენად სახალხო წიგნი იყო, რომ, მისი გადაწერისა და მოხატვის შემდეგ, ნებისმიერი ჩვენგანი ამ წიგნის თანაავტორობასაც იჯერებდა. ყოველ შემთხვევაში "ვეფხისტყაოსანი" იმდენად ღია და თავისუფალი წიგნი ეგონათ ქართველებს, რომ საუკუნეების მანძილზე უამრავმა მკითხველმა მიაწერა თავისი ლექსი და ამის გამო მეოცე საუკუნეში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ძლივს დაადგინა ვეფხისტყაოსნის ნამდვილი ტექსტი. მაშინ, 1966 წელს რამდენიმე საიუბილეო `ვეფხისტყაოსანი~ გამოსცეს და ჩემი საყვარელი "ვეფხისტყაოსანიც" მაშინდელია – პატარა და ძალიან ლამაზი, რომელიც ლადო გუდიაშვილმა მოხატა. სწორედ ეს წიგნი დამაქვს ხოლმე ყველგან და იმაზეც კი მიფიქრია, რომ, თუ თვითმფრინავი ჩამოვარდება და ყველანი დავიფერფლებით, რადგან "ვეფხისტყაოსანს" ცეცხლი მაინც ვერ წვავს, ეს წიგნი ხომ აუცილებლად გადარჩება.
ჩემი ცოლიც თუ მოინდომებს, ჩემი ფერფლის ამოცნობასაც "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, ძალიან ადვილად შეძლებს და მეც ამ წიგნთან იქვე, ძალიან ახლოს ვიქნები...

P.S. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, რუსთაველზე და "ვეფხისტყაოსანზე" შემიძლია უსასრულოდ ვწერო, რადგან ეს წიგნი ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ სინდისიც შემაწუხებს ხოლმე და იმასაც ვფიქრობ, რომ სხვასაც ვაცალო რუსთაველის სიყვარული...

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.