გოგი ხარაბაძე

შოთა რუსთაველი - ამ სახელთან ერთად განვვლე მთელი ცხოვრება. მისი სახელობის გამზირზე იდგა ჩემი სახლიც და სკოლაც. იქ დავინახე და განვიცადე ყველაფერი პირველი. რუსთაველის სახელს ატარებდა თეატრალური ინსტიტუტიც, სადაც ვსწავლობდი და თეატრიც, რომლის სცენაზეც ნახევარი საუკუნე ვიდექი.
რუსთაველი იყო ამოტვიფრული იმ მძიმე წიგნის მოზარნიშებულ ყდაზეც, რომელსაც საათობით ვფურცლავდი ბავშვობაში. მაშინ, არც წერა-კითხვა ვიცოდი რიგიანად და არც ამბავი, რაც იმ წიგნში ხდებოდა, უბრალოდ, ზიჩის ნახატებს მივდევდი შორეული, იდუმალი, უცხო სამყაროსაკენ. მოგვიანებით დედა მიამბობდა ავთანდილის, ტარიელის, ფრიდონის ამბებს. მიამბობდა ისე, როგორც ჩვენი თაობის დედებს შეეძლოთ მხოლოდ - დინჯად, სულშიჩამწვდომად, გამომცდელად. თან მიამბობდა და თან მაფრთხილებდა თითქოს, იცოდე ბევრი რამე გაქვს სასწავლი ამ წიგნიდან, თუ გინდა კაცი დადგეო.
მერე იყო სკოლა. ვსწავლობდი, რა თქმა უნდა, "ვეფხისტყაოსანს", მაგრამ არ ვიცი მე ვერ დავუდე გული ასაკის გამო, არ ვიცი, ვერ მომაწოდეს, ვერ ამიხსნეს კარგად. რამდენიმე საზეპირო და დაზუთხული აფორიზმები შემომრჩა იმ დროიდან, სხვა არაფერი.
1966 წელი იყო, როცა ბატონმა არჩილ ჩხარტიშვილმა რუსთაველის თეატრში "ვეფხისტყაოსანი" დადგა. ტარიელს ვთამაშობდი. ვიდექი სცენაზე ზაქარიაძესთან ერთად, მასსავით შავ-რუხ კოსტუმში ჩაცმული, მკლავზე ვეფხისტყავგადაგდებული და ვკითხულობდით...
ზაქარიაძე იწყებდა, მე განვაგრძობდი... "კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ ჩავაკარაბაკე" - ისევე, როგორც ჩემი მონოლოგის ამ პირველ სტრიქონს "ვეფხისტყაოსნის" ყოველ სიტყვას თან ვატარებ იმ დროიდან მოყოლებული.
რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მივუბრუნდი ამ უკვდავ ნაწარმოებს და თავიდან ბოლომდე ჩავწერე ფირფიტაზე. ეს ფირფიტები ქორწინების სახლში შეიტანეს და ახლად შეუღლებულებს ჩუქნიდნენ იმ ტრადიციისამებრ, რომლის მიხედვითაც ჩვენი ძველები მზითევში ატანდნენ "ვეფხისტყაოსანს" ქალებს.
არ დაგავიწყდეთ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ამბებს მოგახსენებთ, იმ დროისა, როცა ყველაფერი ეროვნული, წესით, აკრძალული უნდა ყოფილიყო. პირიქით კი მოხდა - ის რეჟიმიც უძლური აღმოჩნდა რუსთაველის სიდიადის წინაშე. მისი 800 წლის იუბილეც გადაახდევინეს ირაკლი აბაშიძეს (მთელი მსოფლიო იყო მაშინ თბილისში ჩამოსული), გამოცემითაც გამოსცემდნენ და ბევრ ღირებულ ნაშრომსაც ბეჭდავდნენ რუსთაველის შესახებ, იწერებოდა მუსიკა, იდგმებოდა, როგორც გითხარით, სპექტაკლები, ბალეტი, ასწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. მეცნიერებაც კი შეიქმნა - რუსთველოლოგია.
რუსთაველის პრემიაც ერთ-ერთი ყველაზე საპატიო იყო ეროვნულ ჯილდოთა შორის. მეც გახლავართ მისი ლაურეატი, სხვათა შორის.
ხალხისთვისაც, ჩვენთვისაც სხვა იყო "ვეფხისტყაოსანი" - ჩვენი იდენტობის, ქართველობის, რაინდობის, მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების ცოცხალი წიგნი, ცოცხალი სიმბოლო გახლდათ. როცა 1989 წელმა გადაიარა, ვიფიქრე ახლა კი ნამდვილად დადგა რუსთაველის აყვავების ხანა, ახლა გამოჩნდება, როგორც ვიცით ქართველებმა ჩვენი საგანძურის პატრონობა და დაფასებამეთქი და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ტელევიზიას მივაშურე. გვიმსახურეთ, ყველაფერი მზად გვაქვს "ვეფხისტყაოსნის" ტელევერსიის განსახორცილებლეად–თქო.
მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, არც სურვილი და არცრესურსი აღმოჩნდა. "ვეფხისტყაოსანი" ზრდილობიანი უარით გამოისტუმრეს მაშინ, საქართველოს ერთადერთი ტელევიზიიდან.
მინდა გითხრათ, რომ ვერც ვერავინ დავაინტერესეთ ამ პროექტით აგერ უკვე 15 წელია. ერთადერთი, რაც შევძელით, მეორე აუდიო ვერსიის შექმნაა. სტუდია "სანო"-ში აღმოჩნდა კარი ღია ქართული საგანძურის აუდიო ანთოლოგიის შემქმნელთათვის.
დევს, ახლა, ეს ფირფიტები მაღაზიის თაროებზე და ელის მსმენელს.
შეკითხვით მინდა დავამთავრო ეს პატარა წერილი, როგორ ფიქრობთ, ბევრი მიაკითხავს?
ღმერთმა ქნას!

P.S. "ვეფხისტყაოსანი" ორჯერ ჩავწერე. პირველად გრამფირფიტაზე, სსრ კავშირის კულტურის სამინისტროს გრამფირფიტების საკავშირო ფირმა "მელოდიამ" 1988 წელს გამოსცა. ლიტერატურული კომპოზიციის ავტორი და რეჟისორი იყო კობა იმედაშვილი.

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ 

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.