XVIII საუკუნის 50-იან წლებში საეკლესიო მოღვაწემ ტიმოთე გაბაშვილმა მოინახულა იერუსალიმში არსებული ჯვარის მონასტერი, რომელიც შუა საუკუნეებში ქართული სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი კერა იყო, მაგრამ იმ დროისათვის ქართველებს დაკარგული და, თითქმის, დავიწყებულიც ჰქონდათ. მთავარი ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე ტ. გაბაშვილმა ნახა მოხუცი მამაკაცის სურათი წარწერით ,,რუსთველი’’, ხოლო მონასტრის სვინაქსარში (მოსახსენებელთა წიგნში) აღმოჩნდა აღაპის (შესანდობარი წირვის) თარიღი ,,მეჭურჭლეთუხუცეს შოთას’’ სახელზე.

XI საუკუნეში ქართული ხალხური, სალაპარაკო (ეფრემ მცირის ტერმინით – "სოფლური", ხოლო იოანე პეტრიწის მიხედვით – "მდაბიონთა" ) ენა იმდენად დასცილდა ძველ ქართულ სალიტერატურო ანუ "წიგნურ", "გალექსებულ" ენას, რომ ეს უკანასკნელი ვეღარ ასახავდა ქართული ზეპირი ენის განვითარების ამ საფეხურს. ამიტომ გარდაუვალი გახდა მკაცრი ნორმების მქონე სამწერლობო ენაში გზა გახსნოდა სასაუბრო მეტყველებისთვის დამახასიათებელ მოვლენებს, რაც ახალი სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების დასაწყისს მოასწავებდა. 

როდის დაიწერა "ვეფხისტყაოსანი"?
"ვეფხისტყაოსნის" წინათქმის სტროფების თანმიმდევრობის დალაგების შედეგად გამოირკვა, რომ პოემა დაწერილია 1184-1189 წლებში. მაგრამ ეს "ვეფხისტყაოსნის" შექმნის ვარაუდად რჩებოდა, მეცნიერი ქალის - ეთერ ბასილაშვილის ბრწყინვალე მიგნება რომ არა!  

..."ვეფხისტყაოსანი" - ეს არის, ერთი შეხედვით, მოულოდნელ შემთხვევითობათა ჯაჭვი, რომელიც გაბმულია დასაწყისიდან დასასრულისაკენ. ეპიზოდები ისე ებმის ერთმანეთს, რომ თითქმის ყოველთვის, როდესაც ტარიელისა და ნესტანის ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე თითქოსდა გადაულახავი დაბრკოლება აღიმართება ხოლმე და არსებობს მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა ამ დაბრკოლების გადასალახავად, ასეთ შემთხვევაში მაინცდამაინც ის გამოჩნდება ხოლმე... 

"ვეფხისტყაოსნის" ავტორმა არა მარტო სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების, არამედ ესთეტიკის სფეროშიც იმდენად გაუსწრო თავის დროს, რომ მისი პოემა მე-12 საუკუნეში ვერანაირად ვერ იქნებოდა თავიდან ბოლომდე გატაცებით საკითხავი წიგნი ("ამირანდარეჯანიანის" ან "ვისრამიანის" მსგავსად). "ვეფხისტყაოსნის" ბევრი ადგილი ერთობ მოსაწყენი მოეჩვენებოდა მაშინდელ მკითხველს.   

სიტყვათა განმეორება მკაფიოდ გამოჰყოფს შესადარებელ ერთეულებს და ამით მიჯნურობის ცნებაც ნათლად გვევლინება.
ამავე მიზნით შოთამ იშვიათი, პოეტური ხერხი მოიხმო: მიჯნურობა სიძვას რომ არ შეიძლება შეედაროს, უარყოფითი ნაწილაკი "არ" დასადარის წინ კი არ დასვა, არამედ სიძვის წინ:
არ სიძვისა დასადარი. ამით მკითხველის ყურადღება განსაკუთრებულად სიძვა სიტყვას მიაპყრო: მიჯნურობა სწორედ სიძვას უპირისპირდება. მიჯნურობა სწორედ არაა სიძვა. შუა უზის დიდი ზღვარი - ეს თქმა ახლაც ცოცხალია, იხმარება მაშინ, როდესაც უნდათ გამოხატონ ძირითადი სხვაობა ორ მოვლენას შორის, როდესაც საერთო საზომი მათ შორის არ შეიძლება მოინახოს. 

 

 კონსტანტინე ბალმონტი

["ვეფხისტყაოსანი" არის]... პოეტური სალოცავი ყოველი ქართველისა ... ესაა სიყვარულის საუკეთესო პოემა, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ევროპაში, სიყვარულის ცისარტყელა, ზეცისა და მიწის შემაერთებელი ცეცხლოვანი ხიდი
როგორ ჰომეროსი არის ელადა, დანტე - იტალია, შექსპირი - ინგლისი, კალდერონი და სერვანტესი - ესპანეთი, ისე რუსთველი საქართველოა. ყოველი ამ უკვდავი სახელთაგანი არა მარტო სახელია მარადიული დიდებით ამაღლებული პოეტისა, არამედ შარავანდედით მოსილი სული, რომელმაც შეძლო განესახიერებინა სულიერი საუნჯე მთელი ერისა

 

ხომლელი (რომანოზ ფანცხავა) 

1895 წელს ჩვენში ყოველთვიური ჟურნალი "მოამბის" გამოჩენისთანავე მის ფურცლებზე დაიწყო კრიტიკა "ვეფხისტყაოსნისა", რომელიც ეკუთვნოდა ალექსანდრე სარაჯიშვილის ნიჭიერ კალამს...
კრიტიკოსი იგონებს 1883 წელს იონა მეუნარგიას თაოსნობით შემდგარ კომისიას, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის
აღსადგენად და შესასწორებლად იყო მოწვეული. საქართველოს თითქმის ყველა ცნობილმა მწერალმა და ქართული ენის ზედმიწევნით მცოდნემ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ამ კომისიის შრომაში, რომელიც ღირსეულადაც დაგვირგვინდა ამ ნაწარმოების მდიდრული გამოცემით, გიორგი ქართველიშვილის საფარით. ამ კომისიამ "ვეფხისტყაოსნის" თვრამეტი ხანა გამოაცხადა ყალბად.
...
საქართველოში, კათოლიკე მისიონერების გარდა, მოქმედებდნენ სხვა ძალებიც ქვეყნის კულტურულად დაწინაურებისათვის. ეს ძალები თვითონ ქართველები იყვნენ, რომელნიც დამოუკიდებლად ცდილობდნენ სამშობლოს გაევროპელებას. საქმე ისაა, რომ საქართველოს ტრადიციაც უწყობდა ხელს დამოუკიდებელი ლიტერატურული მუშაობა ეწარმოებინა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შოთა რუსთაველმა ისეთი დიდი შემოქმედებითი სული ჩაბერა საუკუნეთა მთელ წყებას, რომ ქართველი ერის პროგრესულ ადამიანებს სამუდამოდ გზა გაუკაფა ახალი და ახალი ჰორიზონტებისაკენ. ` ვეფხისტყაოსანი~ მორალური და სულიერი იდეალებით გაცილებით მაღლა დგას მისი დროის აღმოსავლეთის საუკეთესო პოეტურ ნაწარმოებებზე, მისი ღირსება მხოლოდ ის კი არ არის, რომ ასახავს თანამედროვეობას მთელი სიღრმე-სიგანით, არამედ ისიც, რომ შეუნელებლად მოუწოდებს განსრულების მაღალი მიზნისაკენ.

სარგის კაკაბაძე 

"ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტი წარმოშობილი უნდა იყოს ქართულ ნიადაგზე, როგორც ორიგინალური შემოქმედების ნაყოფი. ეს სიუჟეტი, პროზაული თხრობის სახით ჩამოყალიბებული, შეიძლება წარმომდგარიყოს, თუ მივიღებთ მხედველობაში მასში ხვარაზმშაჰის შესახებ გლოსის ჩაქსოვის ფაქტს და აგრეთვე ნესტან-დარეჯანის შესახებ თხრობის განვითარებაში ულუ-დავითის ტრაგიკულ ბედთან პარალელიზმს, არა უადრეს მე-13 საუკუნის ნახევრისა, _ 1250-1260 წლებისა. პროზაული თხრობა შემდეგ "პოვნილ" იქმნა და პოემისათვის გამოყენებული სარგის თმოგველის მიერ დავით მეფის დროს. ამ დავით მეფეს მიუძღვნა სარგისმა თავისი პოემაც (დავითის ქართველთ მეფის, – ვარიანტით: "ქართველთა ღვთისა დავითის – ვის მზე მსახურებს სარებლად. ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად"). პროზაული სიუჟეტი გამოყენებული იყო იმდენად, რამდენადაც ეს პოეტის მიერ მხატვრული მთლიანობის თვალსაზრისით საჭიროდ მიჩნეული იქმნა, ე.ი ვიდრე ავთანდილის და თინათინის ქორწილის შესახებ ამბამდის და, გარდა ამისა, მოთხრობამდის ტარიელის და ნესტანდარეჯანის ქორწილის შესახებ.

წინა გვერდი 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.