ლევან ბრეგაძე

გაიოზ იმედაშვილის "რუსთველოლოგიური ლიტერატურის" თვალიერებისას ერთობ საინტერესო ცნობას წავაწყდი. საუკუნეზე მეტი ხნის წინათ გაზეთ "ივერიის" რედაქციისთვის ქიზიყელ მკითხველებს შეკითხვა გაუგზავნიათ:
"
ყველას უკვირს, რომ "ქართლის ცხოვრებაში" ამ წიგნზე ("ვეფხისტყაოსანს" გულისხმობენ. — ლ. ბ.) ხმასაც არ იღებენ მემატიანენი. მართლაც, საკვირველი იქნებოდა, რომ ასეთს თხზულებაზე ხმა არავის ამოეღო, თუ-კი სწორედ თამარის დროსა ყოფილიყო დაწერილი. ამიტომ ქიზიყში დღეს ბევრნი ვფიქრობთ, რომ "ვეფხვის-ტყაოსანი" დაწერილია რამდენისამე საუკუნის შემდეგ დიდებულის თამარისა". (საქმე ის გახლავთ, რომ თამარის ეპოქიდან "რამდენისამე საუკუნის შემდეგდროინდელი" მატიანეები აღარ მოგვეპოვება და იქნებ მაშინდელია "ვეფხისტყაოსანიო", ვარაუდობენ ქიზიყელები).
ეჭვი, რაც "ივერიის" მკითხველებს გასჩენიათ, მთლად უსაფუძვლო როდია. მართლაცდა, შავთელი იხსენიება თამარის ისტორიაში, ვითარცა "კაცი ფილასოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი", რუსთაველი კი არ ჩანს!
ვინმე თეოდოსიძეს გაუცია ქიზიყელებისთვის პასუხი "ივერიის" 1888 წლის მეხუთე ნომერში — გაოცდებით, ისეთი ჭკვიანური, დამაჯერებელი პასუხი გაუცია!
"ვეფხვის-ტყაოსანზედ" იმიტომ არა არის-რა ნათქვამი ქართლის მატიანეებში, რომ ამ წიგნის მოხსენიება აკრძალული უნდა ყოფილიყო", რაც, თეოდოსიძის აზრით, იმით აიხსნება, რომ "ვეფხისტყაოსანი" წოდებრიობის გადალახვის ქადაგებაა, რასაც მაღალი წოდება უნდა აემხედრებინოს. "რუსთაველი კი იმ დროს, მეთორმეტე საუკუნეში, თავისის სპეტაკის ჭკუით, ნათელის გრძნობითა და უუდიდესის ნიჭიერებით ებრძვის ამისთანა ცრუ ამპარტავნობას, აღმერთებს სუფთა გრძნობას სიყვარულისას და ჰქადაგებს, რომ ნამდვილი სიყვარული არ უნდა შეეპუოს ცრუ რწმენას, გადააბიჯოს შთამომავლობასა, გვარიშვილობას და ეძებდეს კაცში ადამიანსა, როგორც მოიქცა თინათინი, მეფის ქალი, და შეუუღლდა თავის კარის კაცს, მშვენიერს ავთანდილს და როგორც ნესტან-დარეჯანი, რომელმაც არ ინდომა ქმრად არც ერთი ხელმწიფე და მისცა თავისი სული, გული და სამაგალითო სიყვარული თავის ქვეშევრდომს ტარიელსა".
მართლაც, მეთორმეტე საუკუნის საქართველოში გაბატონებული ფეოდალური იდეოლოგიის პოზიციიდან "ვეფხისტყაოსნის" ავტორი განსხვავებულად მოაზროვნე, ანუ დისიდენტი ჩანს. (თუ ვინმე იკითხავს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ავტორის ზემოხსენებული დისიდენტური შეხედულების წყარო, ვუპასუხებთ: ხალხური ზღაპარი, რომელშიც უფლისწულისა და გლეხის ქალის შეუღლება ჩვეულებრივი ამბავია). პოემაში სხვა დისიდენტური აზრებიც შეინიშნება, დისიდენტურად არის წარმოდგენილი თუნდაც გენდერული საკითხი (გავიხსენოთ, როგორი ინიციატივიანები არიან რუსთაველის ქალები საზოგადოდ და კერძოდ სასიყვარულო ურთიერთობებშიც: თინათინიც და ნესტანიც პირველნი უტყდებიან სიყვარულში თავიანთ რჩეულთ).
ყოველივე ამის და ზოგი სხვა რამის გამოც (რაზედაც ამჯერად სიტყვას ვერ გავაგრძელებთ) ფეოდალური ცენზურა (რომელსაც უთუოდ დაექვემდებარებოდა მატიანეები, რომლებიც სამეფო კარზე იწერებოდა) შეეცდებოდა მიეჩქმალა ამგვარი, მისთვის მიუღებელი (ფეოდალური წესწყობილების ძირგამომთხრელი) აზრების შემცველი პოემა და "ვეფხისტყაოსნისა" და მისი ავტორის მოუხსენიებლობა მატიანეებში, მართლაც, ამისი მიზეზი უნდა იყოს.
მაგრამ, ჩემი აზრით, სხვა მიზეზიც არსებობს რუსთაველის მატიანეში მოუხსენიებლობისა. "ვეფხისტყაოსნის" ავტორმა არა მარტო სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების, არამედ ესთეტიკის სფეროშიც იმდენად გაუსწრო თავის დროს, რომ მისი პოემა მე-12 საუკუნეში ვერანაირად ვერ იქნებოდა თავიდან ბოლომდე გატაცებით საკითხავი წიგნი ("ამირანდარეჯანიანის" ან "ვისრამიანის" მსგავსად). "ვეფხისტყაოსნის" ბევრი ადგილი ერთობ მოსაწყენი მოეჩვენებოდა მაშინდელ მკითხველს.
რა მოსწონდათ იმ დროს? რა და — რაინდების თავგადასავლები და სასიყვარულო ინტრიგები. ესენი "ვეფხისტყაოსანშიც" არის - მკითხველი ხომ უნდა მიიზიდო (არ მინდა ვთქვა, მიიტყუომეთქი!), დღეს მსგავსი ხერხით იზიდავს მკითხველს უმბერტო ეკო, რომელიც თავისი რომანებისთვის დეტექტივის ფორმას ირჩევს და მასობრივი მკითხველისთვის უსაყვარლესი ამ ჟანრის მეშვეობით უსერიოზულესი საკითხების დამუშავებას ახერხებს. რუსთაველიც სინამდვილეში საგმირო-სარაინდო თხზულებას კი არა, ფსიქოლოგიურ რომანს გვთავაზობს, მე-19 საუკუნის ესთეტიკურ პრინციპებს მიახლოებული მანერით შესრულებულ ნაწარმოებს. მასაც უსერიოზულესი საკითხები აინტერესებს: ადამიანის ადგილი სამყაროში, ადამიანთა ქცევების მოტივები, აინტერესებს თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართების პრობლემა ("არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა"; "არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა, არ იხმარებ, რა ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა"), აინტერესებს ცხოვრება მთელი მისი მრავალფეროვნებით, წინააღმდეგობრიობებით ("ღმერთმა ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს", "ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად", "ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი", "რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია").
ყველაზე მოსაწყენი კი იმდროინდელი მკითხველისთვის, უთუოდ ის ეპიზოდი იქნებოდა, რომელსაც "პოვნა ავთანდილისგან დაბნედილის ტარიელისა" ჰქვია. აქ რუსთაველი ავთანდილს ურთულესი ამოცანის წინაშე აყენებს: მან ცხოვრებას უნდა დაუბრუნოს განადგურების პირას მისული მეგობარი, რომელიც მისტიციზმშია გადავარდნილი, სიცოცხლეზე ხელი აუღია და სატრფოსთან იმქვეყნად შეყრის ოცნებასღა შეუპყრია. ამ ამოცანას რუსთაველი სწორუპოვარი ოსტატობით, უდიდესი დამაჯერებლობით წყვეტს. მეგობრებს შორის მძაფრი კამათი იმართება. ავთანდილის იერიშებს მედგრად იგერიებს ტარიელი, მის თეზებს ანტითეზებით უპასუხებს, არგუმენტს - კონტრარგუმენტით. ავთანდილი ძალზე მობილურია. გავიხსენოთ, რა ოსტატურად ახერხებს იგი ტარიელის "დამუშავებას", რაც ეტაპობრივად ხორციელდება ადამიანის, კერძოდ, რაინდის ფსიქოლოგიის სრული გათვალისწინებით. პირველი ეტაპი — პირდაპირი იერიში: "ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ" - ცდილობს ავთანდილი გონს მოიყვანოს მეგობარი. ტარიელის პასუხია: "ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა".
ავთანდილის მოწოდებას: "რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა", ტარიელი ასე იგერიებს: "ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს".
პირდაპირი (სწორხაზოვანი) იერიში უშედეგოდ მთავრდება. ტარიელს ნესტანის პოვნის იმედი აღარ აქვს, უმისოდ კი სიცოცხლე არ შეუძლია, სატრფოსთან საიქიოს კვლავშეყრის იმედიღა შერჩენია და სიკვდილისკენ მიილტვის ("აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა (საიქიოს. — ლ. ბ.) შევიყარენით"). მოკლედ, ტარიელი ღრმა დეპრესიაშია (`დეპრესიას ახასიათებს აზროვნებითი პროცესებისა და მოძრაობის შენელება, გუნება-განწყობის დაქვეითება... თვითმკვლელობის დაუძლეველი სურვილი~, — ვკითხულობთ "ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში").
და აქ ავთანდილი ჩინებულ ფსიქოთერაპევტად გვევლინება.
ნახეთ ახლა რას მოიმოქმედებს! წარუმატებელი პირდაპირი იერიშის შემდეგ იგი ცვლის ტაქტიკას. თავს ისე აჩვენებს მეგობარს, თითქოსდა ხელს იღებს მისი დაყოლიების მცდელობაზე: კი, ბატონო, იყოს ნება შენი, მე ჩემთვის, შენ შენთვის, სამშობლოში მელოდებიან, დიდხანს აღარ შეგაწყენ თავს, ოღონდ ერთ რამესა გთხოვ და ნუ გამაწბილებ, ამაზე მაინც ნუ მეტყვი უარს: ცხენზე შეჯექი, ერთხელ დაგინახო ისეთი, როგორიც მახსოვხარ და მერე "მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საწადელი" (ატყუებს! - სიბრძნე სიცრუისა!).
ეს ისეთი თხოვნაა, ამაზე უარის თქმა მეტისმეტი უმადურობა იქნებოდა, ყოველგვარ ზღვარს გადასული, და ტარიელი უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა ცხენზე ამხედრებულს გაეცილებინა მეგობარი.
ავთანდილმა ცხენი მოჰგვარა, "წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა" (რა კარგად იცის ადამიანის ფიზიოლოგია! - "იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა" - ეს კომენტარი ძალიან საჭიროა: იგი ხაზს უსვამს, რომ ავთანდილი ინტუიციურად კი არ მოქმედებს, არამედ მიზანმიმართულად - იცის რას და რისთვის აკეთებს).
ამით მთავრდება ტარიელის დეპრესიიდან გამოყვანის ის ეტაპი, რომელსაც შეიძლება ფიზიოლოგიური ეტაპი ვუწოდოთ. ახლა მეორე - ეთიკური - ეტაპი იწყება.
ამ ეტაპის დასაწყისში ავთანდილი ერთი შეხედვით გაუგებარ სვლას აკეთებს: თითქოსდა უადგილო რამეს ეკითხება ცოტათი მომჯობინებულ მეგობარს: "ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული" (ტარიელი სატრფოს სახსოვრად ოქროს სამხრეს დაატარებს თან, რომელიც ნესტანმა ასმათის ხელით გამოუგზავნა, როცა სიყვარულში წერილობით გამოუტყდა).
აღშფოთდა ამის გამგონე ტარიელი, ეგ რა მითხარი, რა მოისმინა ჩემმა ყურმაო, უკმეხად მიუგო მეგობარს ("არსასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა"), ამისი ფასი რა გამაჩნია, ესღა შემრჩა ნესტანისაგან, ეს მისეული სამხრეა "ჩემი სიცოცხლე (...), მჯობი ყოვლისა სოფლისა...".
აი, სწორედ ეგ მინდოდა მეთქმევინებინა შენთვისო, - შესძახა ავთანდილმა ("ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა"). რაკი ეგა თქვი, ახლა ჩემიც გაიგონეო: ეგ უსულო სამხრე თუ ასე გეძვირფასება, ასმათმა რაღა დაგიშავა, ისიც ხომ მისგან დაგრჩა ("მისი ნაჭვრეტი (...), მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა"), უპატრონოდ, ბედის ანაბარა მიგიტოვებია ტყე-ღრეში, დაილია ქალი შენზე დარდითო ("აღარად გინდა ასმათი, - ნახე მართალი ბრჭობილი!", "გლახ, დაგიგდია, არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!").
უსულო საგნის (სამხრის) და ცოცხალი ადამიანის (ასმათის) მახვილგონივრული შეპირისპირებით ავთანდილმა საწადელს მიაღწია - მეგობარს სინდისის ქენჯნა აღუძრა. მართალი ხარო, აღიარა ტარიელმა: "რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტისმეტად: საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად; მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად, რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად".
ამის მომდევნო სტროფი ასე მთავრდება:
"გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი".
არ არის ფსიქოლოგიური რომანის ფრაგმენტი?!
ჰოდა, ვინ იყო მე-12 საუკუნეში (გინდ საქართველოში და გინდ სხვაგან) ამგვარი ტექსტის დამფასებელი! შვიდი-რვა წლის ბავშვს, რომელსაც ზღაპრები ურჩევნია ყველა საკითხავს, მოაწონებთ ამას? ჰოდა, მე-12 საუკუნეში ესთეტიკურად ბავშვობის ასაკში იყო კაცობრიობა (ხაზს ვუსვამ: ესთეტიკურად და არა ინტელექტუალურად. ინტელექტის მხრივ მაშინდელი ადამიანი ახლანდელისგან დიდად არ გასხვავდება).
მატიანეში მოიხსენიებდნენ კი არა, საერთოდ როგორ მოაღწია ჩვენამდე, ისიც საკვირველია! ხოლო მოაღწია, უთუოდ, შთამბეჭდავი სალექსო ფორმის, არაჩვეულებრივი ხატოვანებისა და ურიცხვი აფორიზმის გამო ვინც რუსთაველის სკოლას გაივლიდა, საზოგადოებაში იოლად დაიმკვიდრებდა თავს. 
თანამედროვეთ "ვეფხისტყაოსნის" მიმართ უთუოდ ექნებოდათ ამბივალენტური, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, ის მათთვის მრავალმხრივ მიუღებელი, გამაღიზიანებელი, მაგრამ სასარგებლო, თანაც იდუმალებით აღსავსე ტექსტი იქნებოდა (ყოველთვის იდუმალებით აღსავსეა ტექსტი, რომელიც ბევრად უსწრებს თავის ეპოქას). ეს კი (წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და იდუმალება) ხელოვნების ქმნილებათა სიცოცხლისუნარიანობის მთავარი პირობაა.

 

დიმიტრი გულია

რუსთაველი ეკუთვნის იმ პოეტთა რიცხვს, რომელთა შემოქმედებას ახასიათებს გენიალური სისადავე. თითოეული სიტყვა აწონილია, ხილული, თითოეული სახე ზღვრულად ნათელი, არავითარი ზედმეტი, ხელოვნურად გართულებული. პოეტის იდეები კეთილშობილია, აზრი კრისტალურად წმინდა და ძლიერი. პოემის საერთო პოეტური სტილი მჭიდროდ არის დაკავშირებული კომპოზიციურ აგებულებასთან. პოემის ენა ხალხურია, მუსიკალური. ლექსის კეთილხმოვანება აღწევს საოცარ მომხიბვლელობასა და სილამაზეს. რითმები საოცრად ჰარმონიულია, ზუსტი. ამასთანავე, მათ არ ემჩნევათ ოდნავი დაჭიმულობა, ხელოვნურობა. სიტყვა წყაროსავით მონარნარებს, უდიდესი შინაგანი დაძაბულობით. პოეტის მიერ დიდი სიყვარულით, ღრმა წვდომით არის დახატული პოემის გმირები. ავტორს მათთვის არ დაუშურებია ყველაზე ნათელი საღებავები და ამიტომაც არის მათი სახეები ეგზომ დამაჯერებელი, მიმზიდველი ..."ვეფხისტყაოსანი" ამტკიცებს, რომ რუსთაველი იყო არა მარტო უნიჭიერესი პოეტი, არამედ ბრძენი, რომელიც აზროვნებით ბევრად წინ უსწრებდა თავისს დროსა. 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.