ვუკოლ ბერიძე

დარბაზს მივე‚ მეფე ბრძანებს: "ამის მეტსა ნუ იქ‚ აბა!"
ცხენსა შემსვა უკაპარჭო‚ წელთა არა არ შემაბა‚ 
შეჯდა‚ ქორნი მოუტივნა‚ დურაჯები დაინაბა‚
მშვილდოსანნი გასაგანნა‚ იტყოდიან: "შაბაშ‚ შაბა!"
სტროფში აღწერილია ნადირობა. ძველად ორგვარი ნადირობა იცოდნენ: ქორ-შევარდნითა და ისრით. პირველგვარი ნადირობა იმით იყო საგულისხმო, რომ აქ იარაღის, ამ შემთხვევაში მშვილდ-ისრის ხმარებას ადგილი არ ჰქონდა; სტროფში სწორედ ამგვარ ნადირობაზეა ლაპარაკი: "ცხენსა შემსვა უკაპარჭო‚ წელთა არა არ შემაბა‚ შეჯდა‚ ქორნი მოუტივნა"...
,,გასაგანნა" - მიზანში სროლა დააწყებინაო - ამბობს დ. ჩუბინაშვილი. ქორ-შევარდენებით ნადირობისას მონადირეს სროლასთან არა აქვს საქმე. ამიტომ განმარტება უნდა მოიხსნას. სამიზნოდ დარაზმაო - გადმოგვცემს პროფ. იუსტ. აბულაძე, რომელიც აწარმოებს ამ სიტყვას გასაგნება სახელისაგან. სადავო სიტყვა, რომ გასაგნება-საგან იყოს ნაწარმოები, მაშინ ნამყო ძირითადში გვექნებოდა არა გასაგანნა, არამედ განასაგნა, ან გაასაგნა, ე.ი. საგნად (სამიზნედ) აქცია. რაც დიდი შეუსაბამობა და უაზრობა გამოვა: თითქოს მეფემ მშვილდოსნები სასროლ მიზნებად ჩაამწკრივა მაშინ, როდესაც ისინი, მშვილდოსნები, მეფეს ქება-დიდებას ასხამდნენ და იტყოდიან: შაბა, შაბა, ე.ი. ვაშა, ვაშაო. 
გასაგანნა - მხოლოდ გასაგანვა - გასაგნვა სიტყვისგან შეიძლება იწარმოოს. ეს იქნება საგნით, საგნის საშუალებით რაიმე მოქმედების ჩადენა, სწორედ ისე, როგორც მაგ., ჯოხით - გაჯოხვა, ისრით - გაისრვა, ხანჯლით - გამოხანჯლვა, თოკით - გათოკვა, ჩარხით - გაჩარხვა და სხვ.
საგანი აქ ისარს აღნიშნავს.
მიჯნურობა არის ტურფა‚ საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა‚ არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა‚ სიძვა სხვაა‚ შუა უზის დიდი ზღვარი‚
ნუვინ გარევთ ერთმანერთსა‚ გესმის ჩემი ნაუბარი?
მიჯნურობა ძნელად გასარკვევი ცნებაა, მაგრამ მაინც უნდა განიმარტოს. ამ მიზნით პოეტმა მიმართა ე.წ. განმარტების არაპირდაპირს, ირიბ ხერხს:
ამოსავალად სიძვა - ცნება აიღო და იგი იგულისხმა, როგორც ყველასათვის ცნობილი, ყველასათვის გაგებული. ამასთანავე, ირიბი განმარტება რომ უფრო დამაჯერებელი იქნეს, ერთგვარი სიტყვების მობილიზაციითა და თავმოყრით ნათელყო მიჯნურობის ბუნება და ხასიათი.
მიჯნურობა სხვა რამეა‚ არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა‚ სიძვა სხვაა‚ შუა უზის დიდი ზღვარი.
აქ სიტყვათა განმეორება მკაფიოდ გამოჰყოფს შესადარებელ ერთეულებს და ამით მიჯნურობის ცნებაც ნათლად გვევლინება.
ამავე მიზნით შოთამ იშვიათი, პოეტური ხერხი მოიხმო: მიჯნურობა სიძვას რომ არ შეიძლება შეედაროს, უარყოფითი ნაწილაკი "არ" დასადარის წინ კი არ დასვა, არამედ სიძვის წინ:
არ სიძვისა დასადარი. ამით მკითხველის ყურადღება განსაკუთრებულად სიძვა სიტყვას მიაპყრო: მიჯნურობა სწორედ სიძვას უპირისპირდება. მიჯნურობა სწორედ არაა სიძვა. შუა უზის დიდი ზღვარი - ეს თქმა ახლაც ცოცხალია, იხმარება მაშინ, როდესაც უნდათ გამოხატონ ძირითადი სხვაობა ორ მოვლენას შორის, როდესაც საერთო საზომი მათ შორის არ შეიძლება მოინახოს.
ვისია ეგ თქმა: შოთასია და შემდეგ ხალხში გადავიდა, თუ ხალხის იყო და შოთამ აიღო მისგან? ორსავე შემთხვევაში დიდი თქმაა და ვ.ტ-ის უთუოდ ხალხურობის დამამტკიცებელია.
ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;
კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
არ დავთმოთ‚ რა ვქმნათ‚ სევდასა‚ მითხარ‚ რა მოუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან‚ ჭირიცა შევიწყნაროთა".
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან‚ ჭირიცა შევიწყნაროთა - ეს ადგილი უთუოდ ეხმაურება ბიბლიას, იობის წიგნს. ცნობილია იობის ვნებანი. ცოლმა ვერ მოითმინა წამება ქმრისა და ურჩია მას: შენ მტკიცე და ურყევი ხარ შენს უბიწობაში, ჰგმე უფალი და მერმე მოკვდიო.
მაშინ იობმა უთხრა: რად ვითარცა ერთი უგუნურთაგანი იტყვი, უკეთუ კეთილი შევიწყნაროთ ხელისაგან უფლისა, ბოროტი არა მოვითმინოთა? (იობ. 2,10).
გზა არ წავა თავსა წინა‚ სიცოცხლე‚ გლახ‚ ვით გათნიო?
ამიკლებს და ანუ მომკლავს: "ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!
რად არ მუნვე გაიგონე‚ რად ხარ შმაგი აგეთიო?!"
სჯობს სიკვდილი აკლებასა‚ ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.
გზა - აქ: სიცოცხლე.
გზა არ წავა თავსა წინა‚ სიცოცხლე‚ გლახ‚ ვით გათნიო - სიცოცხლე არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო ე.ი. სიცოცხლეს თავისი ბუნებრივი მსვლელობა, თავისი ბუნებრივი გზა აქვს, იგი დროზე ადრე არ გათავდება და რატომ დაგითმო, რატომ შემოგწირო იგი შენ!
მობრუნდეს‚ ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა‚
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
"თავთა ნუ დაჰხოცთ‚ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა!"
ა. მოსულიერდნენ; ტარიელმა ხელი დაუჭირა ავთანდილს.
ბ. ერთად დასხდნენ და დიდხანს იტირეს ცხარე ცრემლით.
გ. სულსაუღებდა - აჩუმებდა.
ასმათი მათ აჩუმებდა:
დ. თავს ნუ მოიკლავთ. თქვენი სიკვდილით მზეს ნუ დააბნელებთ.
ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა - თქვენი სიკვდილით მზეს ნუ დააბნელებთ. ხალხური წარმოდგენაა გადმოცემული მზისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ, უეჭველად წარმართული. 
ამ წარმოდგენით ადამიანის სული მზის ნაწილია, ადამიანის სიკვდილით მისი წილი მზისა ბნელდება. ეს წარმოდგენა უკანასკნელ დრომდე ცოცხლობდა ხალხში. ამის ანარეკლია ხალხში დარჩენილი ,,დღეს მზე დაბნელდა ჩემია", ე.ი. მე მოვკვდი, ან ჩემიანი ვინმე მოკვდა.
ამა დღემან დამავიწყა‚ გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური‚ იგი იქმნას‚ რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს‚ ათასჯერმცა მინა მინდა;
შენ გეახლო სიკვდილამდის‚ ამის მეტი არა მინდა!`
ავთანდილმა მოისმინა ტარიელის ამბის ჯერ მხოლოდ დასაწყისი, გაიგო მისი ჭირი და, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თავისი არსებით უყვარს თინათინი, ჩრდილავს ამ სიყვარულს.
იაგუნდი აქ ახალი ძალაა, ეს ძალა ძმადნაფიცობა, მეგობრობა, გამტანობაა მარადიული. მასთან შედარებით სიყვარული ამ ეტაპზე მინადაა დასახული. მინდა რომ ათასჯერ მინად გადაიქცეს, ათასჯერ რომ გამინდეს, ათასჯერ რომ შეიმატოს თავისი სიკეთე, იგი მაინც ვერ შეედრება იაგუნდს, ე.ი. ძმადნაფიცს, მეგობრობას. მის წინაშე ქედს იხრის სიყვარული, იგი განზე დგება, გზას უთმობს მეგობრობას.
ეს განუსაზღვრელი გამტანობა და ერთგულება მეგობრისა ახასიათებს მთელ ნაწარმოებს, მაგრამ აქ მეგობრობა სწორედ ქალისადმი დაუცხრომელი და ამაღელვებელი სიყვარულითაა გამოწვეული. ავთანდილი რომ ტარიელისათვის ასე გადაეგო, მას რომ გარდამეტებული გრძნობა მეგობრობისა ჩაესახა ტარიელისადმი ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავადაა ავთანდილი შეპყრობილი სიყვარულით და მეორეც, და უპირატესად, იმიტომ, რომ ტარიელი მიჯნურია გაშმაგებამდე: "მაგრა წესია, მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების".
საბოლოოდ სიყვარულია მთავარი ძალა, რომელიც მეგობრობას, ძმადნაფიცობას ასაზრდოვებს.
კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა,
აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა,
კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა.
ომის, ბრძოლის დროს ჩვეულებრივია სიმღერა, მუსიკა, მაგრამ აქ აღსანიშნავია კივილი. ეს ერთგვარი მაგიური შეძახებაა, ძალის შემმატებელი ბრძოლის დროს. ახლაც ცნობილია ჩვენში მარულას დროს შეკივლება ცხენისადმი, როგორც გამამხნევებელი სიგნალი.
ესე ამბავი სპარსული‚ ქართულად ნათარგმანები‚
ვით მარგალიტი ობოლი‚ ხელისხელ საგოგმანები‚
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი‚ საქმე ვქმენ საჭოჭმანები‚
ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები.
ნები - თავდაპირველად ხელისგულია. ხელი - ბევრ რასმე დაედვა საფუძვლად, ხელი ბევრის რისიმე აღმნიშვნელია. უწინარეს ყოვლისა, ძალის, უფლების (რა ხელი აქვს ჩემზე და მისთანანი). ამგვარადვეა ნებიც. განვიხილოთ მის მნიშვნელობათა განვითარების მხოლოდ ერთი ხაზი.
ნები - ხელისგულია. რას ნიშნავს: "დამ(ა)რთოს ნები"?
როდესაც ორ ადამიანს შორის რაიმე საქმე იყო გასარიგებელი, საქმე წყდებოდა, დასტურდებოდა ხელის ჩამორთმევით, როდესაც ერთი ხელის ნები დაერთვის მეორე ხელის ნებს. აქედან: ნების დართვა. ანდა: ნებად რთვა, უკანასკნელ: ნებართვა. დამართოს
ნები - დამრთოს, მომცეს ნება.
მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან‚
იშვებენ‚ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა‚ რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა‚ თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან!
სტროფი საგულისხმოა იმით, რომ არკვევს ტარიელის შეხედულებას ქვეყნისა (საწუთროს) და ადამიანის ურთიერთობის შესახებ. ზოგი მკვლევარი იმ აზრის იყო, რომ ტარიელი უაღრესად პასიური არსებაა, არავითარ აქტიურობას არ იჩენს, ცხოვრების მიმდინარეობას მიჰყოლია, გულზე ხელებდაკრეფილია. სტროფი სულ წინააღმდეგს ამბობს: ვინც საწუთროს მიენდობა, ის მცირე ხანს მხოლოდ ილხენს, საბოლოოდ საწუთრო მაინც უღალატებს. ამიტომ თითოეული ადამიანი უნდა მოიქცეს ბრძენთა წესისამებრ. საწუთროს უნდა შეებრძოლოს, მისი მდინარების წინააღმდეგ უნდა წავიდეს.
ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ-შავითა‚
დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა‚
თავსა ვტიროდი‚ ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
"მზე თუ არ ვნახო‚ არ ვიცი‚ ვიარო ვითა და ვითა!"
დროშა სახელმწიფო ხელისუფლების ნიშანია. დროშის ნაწილებიც: თავი ანუ ტარი, ალამი და ზორტი, რომლითაც ალამი მიმაგრებულია ტარზე.
საქართველოში დროშა სხვადასხვაგვარი იყო: მეფის, მთავარსარდლისა, ერისთავთ-ერისთავის და მისთ. სხვადასხვა დროს დროშა სხვადასხვა ფერისა იყო. XII-XIII ს. მეფის დრო- შას ალამი წითელ-შავი ჰქონია. გალაშქრების წინ მეფე გამოიტანდა დროშას, დალოცავდა და გადასცემდა ამირსპასალარს. (შდრ. ისტ. და აზმ.).
ერთმანერთისა‚ მას აქათ‚ რაცა ორთავე ვიცითა‚
აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;
ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.
გეცრუო‚ ღმერთმან მიწა მქმნას‚ ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
თავდაპირველად შვიდ ცას ანგარიშობდნენ: I იყო მთვარისა, II - ოტარიდისა, III - ასპიროზისა, IV - მზისა, V - მარიხისა, VI - მუშთარისა, VII - ზუალ-სატურნისა.
თითოეულ ცას თავისი სფერო, თავისი საფეხური ჰქონდა და ამის მიხედვით, ამა თუ იმ ცაზე ყოფნა სიკვდილის შემდეგ სათანადო ნეტარების აღმნიშვნელი იყო. ამის შემდეგ გამოგონილი იქნა ვარსკვლავთა ცა და კიდევ უვარსკვლავო, სფეროებისა და მნათობების მამოძრავებელი ცა. ეს ცა ყველაზე უმაღლესია. იქ მყოფი უაღრეს ნეტარებაშია. მეშვიდე ცასთან ერთად ქართულში მეტად იხმარება მეცხრე ცა. ასე რომ როცა ნესტანი ლაპარაკობს: ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა - ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენ გეცრუო, მაშინ მე უბედური ნეტარების ღირსი ნუმც ვყოფილვარო.
შიგან ასრე გავერიე‚ გლონის ჯოგსა ვითა ქორი‚
კაცი კაცსა შემოვსტყორცი‚ ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი‚ ჩემგან განატყორცი‚ ბრუნავს ვითა ტანაჯორი‚
ერთობ სრულად ამოვსწყვიდე წინაკერძი რაზმი ორი.
ტანაჯორი - ორ რასმე ნიშნავს. 1. ჯორის ერთგვარი ჯიშია, ბუნებით პატარა ტანისა, მაგრამ არაჩვეულებრივად წვივმაგარი; ძველად გამოიყენებოდა ხორბლის საფქვავად, წისქვილის ქვას გამოაბამდნენ და ირგვლივ ატარებდნენ. ქვა ბრუნავდა და ხორბალი იფქვებოდა. 2. ტანაჯორი ეწოდება აგრეთვე მწერს, რომელიც წყლის პირს იცის და მარად ბზრიალასებრ ბრუნავს. დასავლეთში მას გველწყერია ეწოდება. თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ჯორის ბრუნვა ერთობ ზანტია, ხოლო მწერის კი იშვიათად სწრაფი, სწორედ მეორეს უნდა მივცეთ უპირატესობა, რადგან ამ სტროფში შოთას დიდი ექსპრესია აქვს მოცემული: კაცი‚ ჩემგან განატყორცი‚ ბრუნავს ვითა ტანაჯორი.
უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა‚
დაუწყეს პყრობა‚ ჩამოყრა შეშინებულთა‚ ძლეულთა;
ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა‚ ღამეთეულთა;
ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა‚ მართ ვითა სნეულთა.
ბრძოლის დროს ჯარი ძილ-მკრთალია, ღამეთეულია. მათთვის ძილი ყველაზე უფრო სანატრელია და პოეტიც მწარე ირონიის დართვით გადმოგვცემს: ძილი უნდოდათ და კიდევაც დაიძინეს, მაგრამ უკვე სამარადისოდ, ე.ი. დაიხოცნენ.
მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია‚
გამოისვენოს სიძემან‚ დაყოს ცოტაი ხანია;
მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია‚
შენ აქა ნახე‚  კმარიან აქა ნახვისა კმანია».
საგულისხმოა სასახლის ეტიკეტი, რომლის ძალითაც ტარიელი არ უნდა გაეგებოს ხვარაზმშას. მას უფრო დაბალი რანგის ხალხი უნდა შეხვდეს, ტარიელმა კი სასახლეში უნდა მიიღოს. ამით მეფემ ტარიელი ხვარაზმშაზე უფრო მაღლა დააყენა. ტარიელი რომ არ გაგებებია ხვარაზმშას, ეს მომდევნო სტროფიდან ჩანს, სადაც ტარიელი ლაპარაკობს (უპირატესად) მესამე პირის პოზიციიდან: "შეიქმნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა..."

 

მორის ბაურა

"ვეფხისტყაოსანი" ისეთი ქართული ნაწარმოებია, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთსაც ერთნაირად გასცქერის და, მაინც, იგი წმინდა ეროვნული ხასიათისაა...
..."ვეფხისტყაოსანი" შედარებებისა და მეტაფორების მომხიბვლელი სიურპრიზებითაა სავსე

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.