დაიბადა 1893 წლის 17 ოქტომბერს, საჩხერის რაიონში, მოძველი ივანე ნოზაძისა და ოლღა გაფრინდაშვილის ოთხშვილიან ოჯახში. დედმამიშვილთაგან მარო შედარებით ადრე გარდაცვლილა, ვიკტორსა და გიორგის, უკვე ემიგრაციაში ჩარჩენილებს, შეუტყვიათ თავიანთი მესამე ძმის – პალიკოს (პავლე ნოზაძე – 20-30-იანელებისთვის კარგად ნაცნობი პოეტი-ფუტურისტი) 37- ში გაქრობის (შესაძლოა, უცხოეთში ძმათა გადახვეწის გამოც!) ამბავი.
სიყმაწვილე: ზემო იმერეთის დაბრეცილი ტყიანი ფერდობები, ქუთაისის ქართული გიმნაზია, ჯერ კიდევ მოზარდობისდროინდელი სოციალურ-დემოკრატიული გატაცებები, პარტიული გაზეთისთვის შესრულებული რაღაც დავალებები; მისთვის ყოველმხრივ სანიმუშო პიროვნების – იოსებ ოცხელის ლიტერატურულ წრე და იქ შესრულებული მოწაფური თარგმანებით დაძეძგილი თომა მთავრიშვილის წიგნის მაღაზიაში დაბეჭდილი ხელისგულისოდენა წიგნაკები...
მაშინ აღებული კალამი ხელიდან აღარ გაუგდია. მეტიც, ამის გამო ერთგვარი სახუმარო გამონათქვამიც შემორჩა: ასეთი ბუნება მაქვს, მელანი რომ არ მქონდეს, ალბათ, ჩემივე სისხლით დავწერდიო.
იმ ბედნიერი ყმაწვილობის მონატრება უკვე ხანდაზმულობის დაღვინებულ მოგონებებშიც ილექება... მემუარებს იოსებ ოცხელის სახელი დაარქვა, კაცისა, რომელთანაც შინაგანი სიახლოვე ყველაზე მძაფრმა ცხოვრებისეულმა შთაბეჭდილებებმაც ვერ გაუხუნა. მის ცხოვრებაში ასეთი ეპიზოდიც იყო: მისულა ნოე რამიშვილთან და განათლების მინისტრის ამხანაგის კანდიდატურად შეუთავაზებია იოსებ ოცხელი... დაუთანხმებია კიდეც, მაგრამ თავად იოსებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო უთქვამს უარი და სხვათა შორის, ამის მერე მალევე გარდაცვლილა.
1913 წელი. გიმნაზიის ოქროს მედლით კურსდამთავრებული მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ზოგი ცნობით, იურიდიული) ფაკულტეტის პირველკურსელი ხდება. ერთბაშად მოძალებული რევოლუციური განწყობილებანი, არალეგალურ საქმიანობაში მოხალისეობა...
1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველსავე ტალღას ჩამოჰყვა საქართველოში. სოციალ-დემოკრატთა გაზეთ "ერთობაში" დაიწყო თანამშრომლობა. "მოსკოველის" ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია, რომლებშიც თავის ადუღებულ რევოლუციურ შთაბეჭდილებებს რამდენადმე მოუძებნა გასაქანი და კალაპოტი.
მალე ქუთაისში გაგზავნეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად, თბილისში უკან მობრუნებულს, საკმაოდ ახალგაზრდას, სოლიდური გაზეთის – "საქართველოს რესპუბლიკის" რედაქტორობა ჩააბარეს.
ეს უკვე 1919-20 წლებია, როცა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვა ნიჭიერ 69 ახალგაზრდასთან ერთად, ევროპული განათლების მისაღებად საზღვარგარეთ მიემგზავრება. ახალბედა ხელისუფლების გათვლა მარტივია: ქვეყნის მმართველობით სტრუქტურათა სათანადო დონეზე ამოქმედებას კარგი საუნივერსიტეტო განათლებით, ძლიერი ინტელექტითა და ევროპული რაციონალიზმით აღჭურვილი ახალი ძალა სჭირდება!.
"ჩვენ პირველნი ვართ ევროპაში გამოგზავნილნი, – წერდა ინგლისში უკვე სტუდენტის სტატუსით მცხოვრები ამავე სტატუსის მქონე შალვა ქიქოძეს  – აშკარად, თავის სულიერ ტყუპისცალს. –  "ჩვენ პირველნი ვართ, "აღმდგარ საქართველოს" შვილები, მისი ღარიბი ჯიბით წამოსულნი, პირველნი ვართ, რომელნიც პირველნივე უნდა დავბრუნდეთ საქართველოში... ჩვენ არ ვეკუთვნით ჩვენს თავს. ჩვენ ვეკუთვნით საქართველოს და ვაი იმას, ვისაც ეს არ ესმის; ვაი იმას, ვისაც ეს ვერ წარმოუდგენია; ვაი მას, ვინც ცარიელი დაბრუნდება და ვერაფერს მოუტანს მას".
არ გახსენდებათ თერგდალეული ჭაბუკი ილიას განწყობილებები? ის უზარმაზარი სულიერ-ინტელექტუალური და ზნეობრივი ენერგია, რომელიც აუცილებლად მამულის გამაცოცხლებელ დიდ ეროვნულ მუხტად უნდა გარდაქმნილიყო?!
აი, კიდევ ერთი ამონარიდი ამ წერილიდან: "რუსეთში ყოფნის დროს (გულისხმობს მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტობის ხანას – ნ.ხ.) მე ვგრძნობდი ქართველ ხალხს, ვიცნობდი ქართველ დემოკრატიას, მე ვგრძნობდი საქართველოს, როგორც ასეთს და, გაჭირვების ჟამს, ჯოჯოხეთური მდგომარეობის დროს, ვიგრძენი და შევიყვარე იგი და იცი, როგორ შევიყვარე? შევიყვარე ავადმყოფურად, შევიყვარე ისე, როგორც ჭლექიანმა მზე... … საქართველოდან წამოსვლის შემდეგ რაღაც მოსწყდა გულს, მოსწყდა და ისე მძიმედ დაეცა, რომ შემაძრწუნა. მოვშორდი საქართველოს, ვნახე ევროპა და ამან უფრო დამიწყლულა სული. განა ლონდონის ცა რომ სტირის, ესაა სავალალო ჩემთვის! სავალალო და სამწუხარო ისაა, რომ ევროპით ვიგრძენი ჩვენი სამშობლოს უბედურება."
ასეთი იყო სულიერი მდგომარეობა სამშობლოს სიდუხჭირით დაღონებული ახალგაზრდა კაცისა, რომელიც, რამდენიმე ამხანაგთან ერთად, თავიდან ლონდონს ჩავიდა და მალე იძულებული გახდა, რომ ბერლინში გადაბარგებულიყო.
მალე კი უსამშობლობა დაიწყო: ახალმა საქართველომ, რომელსაც უკვე კომუნისტური ერქვა, საზღვარი გადაურაზა ყველას, ვინც ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს წითელ ფერებში ვერ ხედავდა!
ასე რომ, არჩევანზე არც შეიძლებოდა ყოფილიყო ლაპარაკი. იყო მხოლოდ არადანი.
არადანს ემიგრანტობა ერქვა, შესაძლოა, – მსოფლიო მოქალაქეობაც. მაგრამ ეს მაინც იყო თავისებური ზნეობრივი არჩევანი და ვიკტორ ნოზაძემაც, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პატრიოტული მოსაზრებებით ევროპას თავშეფარებული სხვა ქართველებივით, საუნივერსიტეტო განათლების დასრულებისთანავე, პარიზში დაიდო ბინა. შინაგანად კი აქტიური მზადება დაიწყო იმ ერთი მშვენიერი დღისთვის, როცა სამშობლოში კვლავ დაბრუნდებოდა.
მისი ცხოვრების ეს პერიოდი, ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომამდე გაგრძელებული, ჯერ კიდევ სამშობლოში გამოკვეთილი ჟურნალისტური და პოლიტიკური მისწრაფებების გაღრმავების წლებია.
საპოლიტიკო კრებული "ორნატი", ასევე საპოლიტიკო გამოცემები – გაზეთი "თეთრი გიორგი", ჟურნალები – "ქართლოსი", "მამული" და რაც მთავარია, "კავკასიონი" – დიდფორმატიანი სახელოვნებო-სამეცნიერო ყოველთვიური გამოცემა, რომელიც იმჟამინდელი ქართული ემიგრანტული პარტიულ-პოლიტიკური პრესის ურთიერთდაპირისპირებულობის ზღვაში დაღვინებული პუბლიცისტური სიტყვის, თავისუფალი შემოქმედების თავისებურ კუნძულად აღიქმებოდა.
ამ შემოქმედებითმა წამოწყებამ, რომლის სათავეებთან, ახალგაზრდებთან ერთად, ექვთიმე თაყაიშვილიც მდგარა, უზარმაზარი შინაგანი ენერგია შექმნა ქართული ემიგრაციის არა მარტო ეროვნულ-მენტალური თვითმყობადობის შესანახად, არამედ მის სულიერ-ფსიქოლოგიურად გადასარჩენადაც. თავიდან კრებული გამოიცემოდა ვიკტორ ნოზაძის, ისიდორე მანწკავასა და ედუარდ პაპავას საერთო მონდომებითა და მოთავეობით. მერე და მერე კი, რიგ გარემოებათა გამო, ერთადერთ უღალატო ჭირისუფლად ვიკტორ ნოზაძეღა შერჩა. ის, ვინც სიცოცხლის ბოლომდე მისი არა მარტო რედაქტორი და ერთადერთი სალიტერატურო თანამშრომელი იყო, არამედ მთელი სარედაქციო-საგამომცემლო რუტინის ერთადერთი შავი მუშაც.
ასე მოხდა: პოლიტიკური და სულიერი თავშესაფრის ძიების ის წლები ჩამთავრდა ისე, როგორც უნდა ჩამთავრებულიყო და პოლიტიკური განხიბვლებითა თუ უკუსვლებით დაღლილმა ინტელექტმაც დაივანა იქ, სადაც უნდა დაევანა.
ეს იყო მეცნიერება – ძველ ქართულ ფოლიანტთა კვლევა, ქართული სულისა და ხასიათის გამძლეობის ყველაზე დიდი საიდუმლოს მიგნება და იქ ბერივით დაყუდება.
ეს უკვე მეცნიერის ცხოვრების ის პერიოდია, როცა იმხანად ძალზე წარმატებული ბიზნესმენის – ავთანდილ მერაბიშვილის ტაქტიანი მიპატიჟებით (ფაქტობრივად, 1962 წლამდე) იგი ომის შედგომ ყოველმხრივ დაძაბუნებულ და მშიერ ევროპას საცხოვრებლად ამ თვალსაზრისით, შედარებით უზრუნველყოფილ სამხრეთ ამერიკაში გაერიდება. თანაც, ისევ წითელი სამყაროსგან თავდახსნაა საჭირო: სტალინმა სხვადასხვა გარემოებათა გამო, სამშობლოს გარეთ დარჩენილ "თავის მოქალაქეთა" დაბრუნება ლამის მთელ ევროპას მოსთხოვა და მათ შორის, საფრანგეთსაც, სადაც ომის შემდგომ უფრო სოციალისტური ორიენტაციის მმართველობაა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ სამხრეთ ამერიკაში ცხოვრების წლებში მოახერხა თავის რუსთველოლოგიურ ნაღვაწთა უმეტესი ნაწილის წიგნად ქცევა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ცხოვრების ეს პერიოდი დიდი მეცნიერისთვის ყოველდღიური უსახსრობისგან შედარებით დაცული და შემოქმედებითად ძალზე ნაყოფიერია.
რაც შეეხება მის შემდგომ საცხოვრებელ მისამართებს... ჩვენი მუხლმოუღლელი ქართველი ალბათ, ერთხანს ესპანეთსაც (1960წ.) უნდა შეეზიხნოს, სანამ საბოლოოოდ (1963 წლიდან) ისევ საფრანგეთში დაფუძნდება. უკვე ასაკდატყობილი მეცნიერის ბოლო მისამართი კი ლევილია, საყვარელი ძმის – გიორგის ოჯახი, სადაც მას, ნივთიერად მისგან შეძლებისდაგვარად, უზრუნველყოფილსა და პარიზის მთელი ქართველობისგან მორალურად მხარდაჭერილს, მუშაობისთვის ნორმალური და ყოველმხრივ წამახალისებელი პირობები ექმნება.
ლევილის ქართული მამული ძმები ნოზაძეების უკანასკნელი პერიოდის საცხოვრისია, ქართული სტამბაც ამ მამულის ერთ-ერთ შენობაში ჰქონიათ მოწყობილი. მოგეხსენებათ, ლინოტიპზე ტექსტის აწყობა უმძიმესი სამუშაოა, ესეც ვიკტორზე იყო, მაგრამ ამ მძიმე შრომას ძმის ოჯახთან სიახლოვე უმსუბუქებდა.
სამუშაო ოთახი მეორე სართულზე ჰქონია მოწყობილი. ჩავიდოდა თუ არა, სტამბაში ზუსტად ორ წუთში ხვდებოდა. ოთახის ფანჯარა ხევისკენ დაფერდებულ უმშვენიერეს დაბლობს გადაჰყურებდა თურმე, რომლის იქითაც ტყიან გორაკებსაც კარგად დაინახავდი.
ოთახში ორი პაწია გალია ჰქონია, შიგ ჩასმული ორი წყვილი ჩიტით, რომელთაგან ერთი იაპონური ბულბულებისა ყოფილა. ამ ჩიტების ჟღურტულში, კალმის წრიპინსა და ფურცლების შრიალში ჩამყუდროებას არაფერი ერჩივნა თურმე. "იდგა შრიალი წიგნისმიერიო" – ამას მხოლოდ გალაქტიონი თუ იტყოდა.
იმ მხარეს, საითაც ვიკტორის ოთახი ყოფილა, შენობას ფანჯარაზე ზარი ჰქონია მიმაგრებული, ქვედა სართულამდე დაშვებული ბაწრით. ეს ბაწრიანი ზარი ყოფილა ოჯახის უღალატო მეკავშირე: ძმა-რძალი მისით ატყობინებდა თურმე მუდამ წიგნებში თავჩარგულ მეცნიერს, ჩამობრძანდი, სადილის ან ვახშმის დროაო.
"აქ, ლევილში, ქართველთა სახლია. მიწაც აქვს. მოხუცნი მიწაზე მუშაობით ერთობიან. მწვანილიც არ გვაკლია... მე ამჟამად ისევ ვეფხისტყაოსანზე ვმუშაობ, სანამ ციურიხში არ დამიძახებენ (1969 წლის 16 იანვარს თბილისში გაგზავნილი ბარათიდან)".
აი, ასეთივე ინფორმაციის შემცველი მეორე ეპისტოლარული ფრაგმენტიც:
"რასაკვირველია, სტამბაში მუშაობა დიდ დროს მართმევს. დიდ დროს მართმევს აგრეთვე ციურიხში მუშაობაც, მაგრამ როგორ ვთქვა უარი, როდესაც ციურიხელი ქალები თავდადებულად ემსახურებიან ქართულ საქმეს. ისე, როგორც ძველად ქართველი ქალები მონასტერში ღმერთს ემსახურებოდნენ და ქართულ წიგნებზეც ზრუნავდნენ" (დიომიდე ცქვიტინიძისადმი მიწერილიდან).
"ციურიხელი ქალები" ცნობილი შვეიცარიელი ქართველოლოგები – ლეა ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი არიან, კიტა ჩხენკელის გარდაცვალების მიუხედავად, რომ ვერ შელევიან ქართულ-გერმანული ლექსიკონის რვეულების გამოცემას. მით უფრო, რომ პირველი ექვსი რვეულის გამოცემას ცხადი გაუხდია, თუ როგორ საჭიროებდა ამ ნაშრომს ქართული ლექსიკოლოგია.
ვიკტორ ნოზაძე ამ დროს უკვე 70 წლისაა. ციურიხში თავისი სტუდენტობის მეგობრის საფლავის მოსანახულებლად ჩასული, იგი ხვდება ამ ქალბატონებსაც და უნებური მოზიარე ხდება იმ პრობლემებისაც, ამ საშვილიშვილო საქმეში კიტა ჩხენკელის მოულოდნელმა გამოკლებამ თითოეულს რომ შეუქმნა. გამომგზავრების წინ კი, ყველას გასაოცრად აცხადებს, თუ თქვენთვის მისაღებია, მე შემოგეშველებით ლექსიკონის დასრულებაშიო.
ანუ ეს ასაკოვანი ადამიანი ყოველი რვეულის გამოცემის წინ ჩადიოდა ციურიხში და შვეიცარიელ ქალბატონებს საბოლოო რედაქტირებისთვის ავტორიტეტულ კონსულტაციას უწევდა. ეს იყო ძალზე საჭირო და ქმედითი დახმარება. ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის ერნსტ რიშის თქმით, ვ. ნოზაძემ არა მარტო დიდი დრო და ენერგია შესწირა თავისი მეგობრის მიერ წამოწყებულ უმნიშვნელოვანეს საქმეს, არამედ თავისი მონაწილეობით გარკვეული პრესტიჟულობაცა და სიმძიმეც შესძინა. მისი დამსახურებაა ამ საერთო მოწადინების შედეგი: ნაშრომის ძალზე მაღალი სამეცნიერო-ლექსიკოლოგიური დონე…
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ერთი რამაც შეიძლება ითქვას: 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს ლიტერატურულ პრესაში გამოქვეყნდა რამდენიმე წერილი, რომელიც ვიკტორ ნოზაძეს შვეიცარიიდან გამოუგზავნია. მათში კარგად ჩანს, თუ რაოდენ პირნათლად ირჯებოდა დიდი მეცნიერი თავისი მეგობრის – კიტა ჩხენკელის ხსოვნისათვის საქმით პატივის მისაგებად. 
აკაკი პაპავას სწერს: "სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა, რა მისჭირდის, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა"-ო და ადრესატმა ზუსტად იცის, რომ ეს ნოზაძისეული, "ორიგინალური" ფრაზაა, რუსთაველის სიტყვა, ბუნებრივადაა გამჯდარი "მჩხრეკელის" ცნობიერ-ყოფიერში. მისი ყოველდღიურობაც სხვა არაფერია, თუ არა ბუმბერაზი წინაპრის მაღალსიტყვიერებით გატაცება; ასოციაციურადაც მუდამ "ვეფხისტყაოსნის" სახე-ხატებით არის დატვირთული!
მიხეილ ქავთარაძე იგონებს მეცნიერის ცხოვრებას ომის დროინდელ ბერლინში, როცა "ვეფხისტყაოსნის" პოეტურმეტყველებასთან ყოველწამიერი მიახლების იდილიას ალბათ, მხოლოდ საჰაერო განგაში ამღვრევდა. ერთხელაც, მორიგი ასეთი განგაშის დროს, ვიკტორს უარი უთქვამს თავშესაფარში წასვლაზე და ორივენი შინ დარჩენილან, მაგიდაზე გადაშლილ სამუშაოებში თავჩარგულები. მერე კი, როცა სინათლეც გამოურთიათ, დამდგარან გამოღებულ ფანჯარასთან და ცის თვალიერება დაუწყიათ. პროჟექტორებით თვითმფრინავებს ეძებდნენ თურმე და სინათლეებით დასერილ ცაზე შიგადაშიგ მნათი ტყვიებიც ციმციმებდა. ერთ ყუმბარმშენს განათებული არე გადაუჭრია და უცებვე გაუჩინარებულა სწორედ მათი სახლის წინ მდგარი მაღალი შენობის უკან. აბა, თუ მეტყვი, "ვეფხისტყაოსანის" რომელ ადგილს გაგონებს ეს ამბავიო. შოთას პოემაში საჰაერო ბრძოლების ამბებს რა უნდაო და მიხეილს, რა თქმა უნდა, ვერაფერი უთქვამს. ზიჩის ილუსტრაციებით მაინც გაიხსენეო.. და ბოლოს ისევ თავად გაუმხელია თავისი გამოცანა-რებუსის პასუხი: შინაარსითაც და მოქმედებითაც ამის მსგავსი სურათია – ფატმანის მონა ზანგი წერილით ხელში ქაჯეთისაკენ რომ მიფრინავსო. სწორედ ეგაა: …ფრიდრიჰშტრასეზე როგორი ნესტანიც ზის, ამერიკელ ზანგებსაც ისეთი წერილები მიაქვთო.
ეს მოგონება ალბათ, უმჯობესთა შორის უმჯობესია მათგან, რომლებიც ვიკტორ ნოზაძის სულიერ ბუნებას, პირადულისა და ზოგადქართულის მთლიანობის მისეულ განცდას, ცხოვრების ხასიათსა თუ მსოფლმხედველობას გვიხატავს. ეს არის პორტრეტი ქართველისა, რომელსაც ბედმა თუ უბედობამ რუსთაველი და მისი პოეტური გენია მისცა წართმეულზე გაცილებით უფრო ხელშესახებ სამშობლოდ და მამულიშვილობის, ზნეობის, მაღალი სამეცნიერო პოტენციის, ადამიანური ფანტაზიის ერთადერთ, ყველაზე საიმედო ასპარეზად და თავშესაფრად უქცია.
"ებრაელებს აქვთ ერთი წესი: - წერდა თავის "არგენტინელ" მეგობრებს - თამარ და აკაკი პაპავებს. - პასექზე ერთმანეთს რომ მიესალმებიან, ეტყვიან ხოლმე, გაისათ იერუსალიმშიო. 2000 წელიწადია, იმეორებენ ამას და დღესაც ვერ ჩასულან იერუსალიმში! ჩვენ ოცდახუთი წელიწადია მხოლოდ ვიმეორებთ, გაისათ საქართველოშიო და ოცდახუთმა გაისმა ფუჭად ჩაიარა. ვინ იცის, კიდევ რამდენი ჩაივლის. მაგრამ სურვილი გაისისა მაინც უნდა გამოგითქვათ"!
პაპავებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ვიკტორ ნოზაძის ცხოვრებაში ერთ მშვენიერ დღეს მართლაც დადგა ეს "გაისი": სრულიად მოულოდნელად, თბილისში მიიწვიეს, თავისი სათაყვანებელი რუსთაველის 800 წლის იუბილეზე დასასწრებად!
ამ მიწვევის მიუღებლობის გამო სიმძიმილს მოგვიანებით მეგობარს გაუზიარებს ("წარმოგიდგენია, რა ბედნიერება იქნებოდა საქართველო ერთჯერ კიდევ მენახა! მახლას!"), მაგრამ რუსთველურად უმაგრდება იქ ჩასვლის ცდუნებას და ეტიკეტის სრული დაცვით, "თქვენგან გასაგებ მიზეზთა გამო თბილისს ვერ მოვალ და იუბილეს ვერ დავესწრები"-ო, ცივ უარს უდეპეშებს მოპატიჟეთ.
გაწბილების მიზეზს, კი მეგობარს წერილში ვითომცდა სასხვათაშორისოდ გაანდობს: "თბილისიდან ორჯერ მივიღე მიწვევის დეპეშა: მობრძანდით, იუბილეს დაესწარით, ბილეთსა და ვიზას მიიღებთ საბჭოთა კავშირის საელჩოშიო. პირველი დეპეშა იყო შედგენილი რუსულ ენაზე და ხელს აწერდა ირაკლი აბაშიძე, მარტო ეს რუსული დეპეშა იყო საკმარისი, რომ უარი მეთქვა! რუსთაველის იუბილეს მართავენ და რუსულად მწერენ დეპეშას" ( მეორედ ფრანგულენოვანი მიწვევა მიუღია, "საიუბილეო საორგანიზაციო კომიტეტის" ხელმოწერით)!
შეურაცხყოფილი დარჩა! როგორც ქართველი და როგორც რუსთაველის მკვლევარი! ამას ხომ მომფიქრებელი სჭირდებოდა, რომ ქართველი რუსთველოლოგი დიდი რუსთაველის სამშობლოში რუსულ (ან თუნდაც ფრანგულ) ენაზე დაწყობილ-გაბრტყელებული ფრაზებით დაეპატიჟებინათ!
სწორედ ეს ჰქონდა ცხოვრების ყველაზე დიდ სინანულად: მთელი სიცოცხლე წაუვიდა ქართულ მიწაზე ფეხის დადგმის მოლოდინში, მაგრამ როცა ამის შესაძლებლობა მიეცა, ვერაფრით აჯობა თავის თავმოყვარეობას თუ უჯიათობას. ეს უფრო თვითდასჯა იქნებოდა სამშობლოსგადაჩვეული კაცისა, რომელსაც ალბათ, ვინ მოსთვლის, რამდენი უოცნებია, რომ ერთი დღით მაინც ჩაესუნთქა საქართველოს ცისა და მიწის სურნელი!
მეორე “კნინი” ადამიანური გულისდაწყვეტაც საქართველოს უკავშირდება... ვაშინგტონელმა ძველმა ამხანაგმა - მ. დადიანმა გამოუგზავნა გაზეთ "ზარია ვოსტოკის" ამონაჭერი პუბლიკაცია, ტიპური "წითელი" სათაურით - "სახელოვანი გზა ქართული საბჭოური მეცნიერებისა"; სტატიას ხელს აწერდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. დახედვისთანავე მოხვედრია თვალში საკუთარი გვარი!... საკმაოდ უკადრის - ღვარძლიან კონტექსტში! ბუენოს აირესში გამოცემული "განკითხვის" მისეულ წინასიტყვაობაში გამოთქმული მოსაზრების კომენტარის სახით: "... ამ ნახევრად კეთილსულოვან ნათქვამს (ვიღაც უცხოელი მეცნიერისას, რომელსაც ბატონ ნიკოსთან გასაუბრებისას საბჭოთა მეცნიერთა მიღწევები და პროდუქტიულობა ცოტა არ იყოს, გაუქილიკებია - ნ.ხ.) შეიძლება დავუპირისპიროთ ბოროტად მსუნთქავი თქმა ვინმე ვ. ნოზაძისა"-ო.
"ბოროტად მსუნთქავი თქმა"-ო... დიახ, სწორედ ასე ეწერა! ამ საკმაოდ მტრულ და არსებითად, წერილის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილ კომენტარს, რა თქმა უნდა, უპასუხოდ ვერ დატოვებდა, მაგრამ ქართულ საბჭოთა პრესას მაშინ არც ისეთი თავზეხელაღებული რედაქტორები ჰყავდა, სადღაც საფრანგეთში ჩაკარგული ემიგრანტი რუსთველოლოგის გაწბილებაში პრობლემა რომ დაენახათ.
რაც შეეხება "განკითხვანის"  ხსენებულ წიგნში დასტამბულ ფრაზას, რომელსაც მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი ასე გაუღიზიანებია, იგი ასეთია: "საქართველოში ჯერ იმ აზრამდე არ მისულან, რომ საჭიროა ვეფხისტყაოსანის მეცნიერული გამოცემა; მაგრამ ასეთი მძიმე მუშაობისთვის ეტყობა, იქ არავის სცალია"-ო.
ერთი სიტყვით, იმდენიც – არაფერი!
თუმცა კი განწყობილება, რომელიც ქართული საბჭოთა მეცნიერების წარმომადგენელს "ბოროტად მსუნთქავ თქმად" მოუნათლავს, არსებობს და მის კვალს დიდი მკვლევარის სხვა ნაწერებშიც გადააწყდებით. მაგალითად, იგი მიიჩნევს, რომ რუსთაველის პიროვნებისა და მისი პოეტური გენიის მნიშვნელობის ზედაპირული, როგორღაც უფრო ტრანსპარანტული აღქმა, სერიოზული პრობლემაა საფუძვლიანად იდეოლოგიზებული ქართული საბჭოთა მეცნიერებისა და მათ შორის, რუსთველოლოგიისაც.

 

დასასრული 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.