"რუსთაველს აქებენ, როგორც ათეისტური იდეების მატარებელს. მას ხოტბას უძღვნიან, როგორც პანთეისტ-მატერიალისტს. მას ადიდებენ, როგორც დემოკრატიის მებაირახტრეს! ...აქებ-ადიდებენ მას, ვითარცა ქართული ეკლესიიდან განდევნილსა და დევნილს! განსაკუთრებით გუნდრუკს უკმევენ იმისთვის, რომ იგი თურმე "თანამედროვეობას", კომუნისტთა ხანას "ეხმაურება" და სხვა კიდევ რამდენი უხამსობა, უმსგავსობა, მდარობა, ღნიოშობა, ფინთ-ფუნთობა". - წერდა ვიკტორ ნოზაძე ჟურნალ "კავკასიონის" XI ნომერში, რომელიც მთლიანად რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავს მიეძღვნა.
თავის პუბლიცისტურ სტატიაში "დანტე - რუსთაველი (700–800)" იგი ასოციაციურ პარალელს ავლებს ორი გენიოსის უმნიშვნელოვანეს საიუბილეო თარიღებს შორის, რომელიც იმ ბოლო ხანებში აღინიშნა და რუსთველის ფენომენის "ოფიციალური საბჭოური" ხედვის სადემონსტრაციოდ, მოზრდილ ამონარიდს იმოწმებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგის - გივი ჯავახიშვილის საიუბილეო სიტყვიდან. აი, ისიც:
"მიმდინარე წელს ვიზეიმებთ გენიალური ქართველი პოეტის... დაბადების 800 წლისთავს. ქართველი ხალხი უდიდესი მადლიერებით აღნიშნავს, რომ რუსთაველის იუბილე კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა მთავრობის შეუნელებელი ზრუნვისა ჩვენი ქვეყნის ხალხთა (!!!) კულტურის შემდგომი აღმავლობისა და გაფურჩქვნისთვის. ეს მნიშვნელოვანი საერთო-სახალხო ღონისძიება შესაძლებლობას მოგვცემს მთელ მსოფლიოს ვუჩვენოთ არა მარტო რუსთაველის სიდიადე, არამედ ის გრანდიოზული ძვრები და წარმატებებიც, ქართველმა ხალხმა რომ მოიპოვა საბჭოთა ხელისუფლების წლებში ეროვნული კულტურის დარგში".
კიდევ ერთი ამონარიდი, ამჯერად გაზეთ "კომუნისტიდან" (1966 წლის 31 ივლისი):
"და ახლა, როცა ნათელი კომუნისტური ჰუმანიზმი ყველა ქვეყნის ადამიანებს მოუწოდებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ქვეყნად ბედნიერებისა და მშვიდობისთვის ბრძოლისკენ, საზეიმოდ ჟღერს რუსთაველის სიტყვები "ბოროტსა სძლია კეთილმან, - არსება მისი გრძელია"-ო".
პოემის ამ სტრიქონთან ვიკტორ ნოზაძეს ერთბაშად სამი ძახილის ნიშანი დაუსვამს და დიდსულოვნად მიუწერია: რომ "ამ სიტყვებს განმარტება არ ესაჭიროება"!
… ისევ დავუბრუნდეთ რუსთაველის დაბადებიდან 800 წლისთავს, რომელიც დიადი საბჭოთა ქვეყნისა და საფრანგეთის ქართველობას მართალია, გულმხურვალედ, მაგრამ მაინც ცალცალკე გადაუხადია!..
ალექსანდრე ბარამიძის ცნობით, როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზის ქართულ ემიგრაციას (ვიკტორ ნოზაძის თაოსნობით) ეს მოვლენა საგანგებოდ და ძალზე მაღალ დონეზე აღუნიშნავს. ზეიმში მონაწილეობა მიუღია საფრანგეთის როგორც ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს, ისე ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირსაც.
ცნობილი რუსთველოლოგის პირად არქივში, ვიკტორ ნოზაძის სხვა წერილებთან ერთად, ინახება მის მიერ გამოგზავნილი საუცხოოდ გაფორმებული მოსაწვევი ბარათიც 1966 წლის 20 ნოემბერს პარიზში ჩატარებული საზეიმო საიუბილეო სხდომისა, პროგრამითურთ, ქართულ და ფრანგულ ენებზე.
"პროგრამა მრავალფეროვანია. გარდა ზეიმის საპატიო თავმჯდომარის, ქართული ეროვნული მთავრობის განათლების მინისტრის ნოე ცინცაძისა, საიუბილეო სხდომაზე მოხსენებებით გამოსულან: დოქტორი ვიკტორ ნოზაძე, აღმოსავლეთ ენათა ინსტიტუტის პროფესორი გიორგი შარაშიძე, ალექსანდრე მანველიშვილი, ალექსანდრე შათირიშვილი, "ვეფხისტყაოსნის" იტალიურ ენაზე მთარგმნელი, პროფესორი შალვა ბერიძე, პოეტი გიორგი გამყრელიძე, არქიტექტორი ალექსი კობახიძე, გრიგოლ რობაქიძე (ჩანს, მისი ნაწერი წაიკითხეს, რადგან თავად მწერალი 1962 წელს გარდაიცვალა).
ღონისძიება დაუგვირგვინებია კონცერტს, იქაური ქართველობის შემოქმედებით ძალთა მონაწილეობით და ასევე "კავკასიონის" საგანგებო (1966 წ. XI) ნომერსაც, რომელიც ვიკტორ ნოზაძემ მთლიანად ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას მიუძღვნა.
ეს არის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა და მწერალთა სამეცნიერო-პუბლიცისტური და ლიტერატურულმხატვრული შემოქმედების ძალზე საინტერესო ნაზავი, რომელშიც გამოირჩევა ვ. ნოზაძის მეთაური საიუბილეო წერილი და "ვეფხისტყაოსნის" ამა თუ იმ ადგილის განმარტებისთვის ასევე, ნოზაძისეული ათზე მეტი რუსთველოლოგიური ხასიათის დაკვირვება.
ჟურნალის ამ ნომერში საკმაოდ საყურადღებო წერილებით არიან წარმოდგენილნი – აკაკი პაპავა, რაჟდენ არსენიძე, ალექსანდრე შათირიშვილი, ალექსანდრე მანველიშვილი, დავით ვაშაძე, გიორგი წერეთელი და მიხა მწყემელი. ჟურნალში დაბეჭდილია რუსთაველისადმი მიძღვნილი ლექსებიც – გიორგი გამყრელიძის, ევტიხი აბულაძისა და გიორგი ყიფიანისა.
და რაც არანაკლებ გულთან მისატანია, წმინდა ადამიანური, ქრისტიანული თვალსაზრისით... პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმ დილით რუსთაველის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს!..
ალბათ, ამას ყველაზე ნაკლებად უნდა ეწოდოს ნიშნისმოგება, სავარაუდოა, რომ "კავკასიონის" საიუბილეო ნომერში ვიკტორ ნოზაძე ამ სიტყვებს უფრო გულდაწყვეტით წერდა:
"მხოლოდ გონებაშერყეულს შეუძლია წარმოიდგინოს ან გიჟს შეიძლება დაესიზმროს, რომ რუსთაველის იუბილის დღეს: საქართველოს პატრიარქი ეფრემ II ზეიმზე მყოფთა თანდასწრებით მიბრძანდება სიონის ტაძარში, შეასრულებს წირვას და რუსთაველის ხოტბაშესხმას ბრძანებს. მხოლოდ შექანქალებულსა და შექანებულს შეუძლია ინატროს, რომ საბრალო ქართველი ეპისკოპოსები მივლენ თავის სამრევლო ტაძარში და რუსთაველს გუნდრუკს უკმევენ. მაგრამ პარიზში, ღატაკ ქართულ ეკლესიაში მამა ილია სწირავს და გადაიხდის პანაშვიდს, ხოლო ქართული გუნდი გალობას იტყვის".
ვფიქრობთ, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ პარიზის ქართულ ემიგრაციას და უპირატესად, ვიკტორ ნოზაძეს ყურადღებიდან არ გამოჰპარვიათ არც "ვეფხისტყაოსნის" დაწერის 750-ე წლისთავი. ამ მოვლენას რუსთველოლოგმა 1937 წელს ჟურნალ "ქართლოსის" საგანგებო XI-XII ნომერი მიუძღვნა, რომელშიც დ. ჯარიჭაშვილის, ივ. ჯავახიშვილის, პ. ინგოროყვას, კ. ჭიჭინაძის, პ. ცინცაძის, მ. გოგიბერიძის, ვ.ბერიძის, დ. ჯანელიძისა და სხვათა წერილების გვერდით, თავად მისი უბრწყინვალესი ნარკვევიც – "ვეფხისტყაოსანი" – ეროვნობის კავშირი" არის დაბეჭდილი.
ამავე კონტექსტში შეიძლება მოვიხსენიოთ 1968 წლის 14 იანვარს ჩატარებული საჯარო-საზეიმო კრება, რომლითაც პარიზის ქართველობას თბილისის უნივერსიტეტის დაარსების 50 წლისთავი აღუნიშნავს. ამ ღონისძიებაზე დასასწრები "მოსაწვევი ბარათიც", ისიც ვიკტორ ნოზაძის გამოგზავნილი, აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძის პირად არქივში ინახება.
ასევე პარიზიდან გამოხმაურებია ილიას დაბადების 100 წლისთავსაც; ჟურნალ "ქართლოსის" 1937 წლის VIII ნომრით, რომელშიც გიორგი ჟურულის უაღრესად მნიშვნელოვანი მოგონების ("ილიასთან შორი-ახლოს დგომით") პირველ ნაწილთან ერთად, საკუთრივ მისი შესანიშნავი პუბლიცისტური წერილიც ("ილია ჭავჭავაძე") იბეჭდება.
ვიკტორ ნოზაძე იმ იშვიათ კალმოსანთაგანია, რომლის სამეცნიერო-პუბლიცისტური მემკვიდრეობის შეფასებაც ალბათ, უპირველეს ყოვლისა, მის მრავალრიცხოვან ფსევდონიმში გარკვევას საჭიროებს. ამ თვალთახედვით, შეუფასებელია მეცნიერის ძმის – გიორგი ნოზაძის დამსახურება. პირველს სწორედ მას მოუძიებია და შეუსწავლია დიდი მჩხრეკელის ბიბლიოთეკაში "შეკინძულ-შენახული" მისი ბეჭდური გამოცემანი, დაუდგენია ჟურნალ-გაზეთებში გაფანტული წერილების ავტორობა და შესაბამისად, აღუდგენია ფსევდონიმებიც, მაგალითად: ბ. ვარდანი, ბ. ბებურიშვილი. ვერიკო სოსანი, მოძველი, ნიკრისელი, თამაზ ჩილაია, ლიკსუსი, დონაური და სხვა, რომლებსაც მოგვიანებით, დაემატა გურამ შარაძის მიერ მოძიებულებიც (თამარ ვარდანიძისა, მკითხველი, ან. ქვლივიძე). ამ ფსევდონიმებით არის ხელმოწერილი საკმაო ნაწილი ვიკტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური, საისტორიო, სალიტერატურო თუ საპოლიტიკო ნაწერებისა, რომლებიც წიგნაკების, ბროშურებისა თუ სტატიების სახით სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში.
ესაა: "ვეფხისტყაოსანი – ეროვნობის კავშირი" (1938წ.), "გამოგებანი ვეფხისტყაოსნისა" (1971წ.), "კაცი ვარ, ადამიანი, ვეფხისტყაოსნის მიხედვით" (1981წ.), "ილია ჭავჭავაძე" (1937წ.), "საქართველო კავკასიაში და მისი გეზი" (1939წ.), "პარიზის" ადამიანის მუზეუმში" (1939წ.), "ბრძოლა მესხეთის გამო" (1939წ.), "ნაპოლეონი და საქართველო"; ასევე, დაუბეჭდავი თხზულებები: "გარდასულ ჟამთა საქმენი და ამბავნი" (1958წ.), "ვაჟა-ფშაველა" (მცირე მოგონება, 1962წ.), "იოსებ ოცხელი" (მოგონება, 1967წ.), "ლტოლვილთა საძვალენი" (1971წ.) და სხვა.
ამ პუბლიკაციებში, უპირველეს ყოვლისა, დიდი ერუდიტი და ანალიტიკოსი ილანდება; ასევე, მოყვრის პირში მზრახველი, მოუსყიდველი მეცნიერიც, რომელსაც ჭეშმარიტების სახელით საკმაოდ პრინციპული და უკომპრომისო ბრძოლებიც გადაუხდია.
ამ თვალსაზრისით, ყურადღებად ღირს თავად ნოზაძის რეაქცია ჟურნალ "კავკასიონში" გამოქვეყნებულ (ფსევდონიმით "კახაბერი") აკაკი პაპავას შესანიშნავ წერილზე "მადლიანი მჩხრეკელი", რომელიც მის რუსთველოლოგიურ დამსახურებებს ეძღვნება. წერილის ავტორი, სხვასთან ერთად, გამორჩეულ პატივს მიაგებს ნოზაძის ახალგამოსულ მონუმენტურ ნაშრომს "ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება" და თავისი ქათინაურებისთვის მეტი საბუთიანობის მისაცემად, არც ვიღაც უცნობი თბილისელის საუცხოო ლექსის ("პატივცემულ ვიკტორს, რუსთაველის დიდ მოამაგეს") დამოწმება ავიწყდება; მიუხედავად წერილიდან წამოსული ყოველმხრივ დადებითი იმპულსებისა, მისთვის პრინციპულად მიუღებელ რუსთველოლოგიურ თვალთახედვათა გამო, ნოზაძეს უმკაცრესი კომენტარებით გადაუჭრელებია ეს წერილი და საერთოდაც, მომაკვდინებელი განაჩენი გამოუტანია პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური კონცეფციისთვის, რომლის ორთოდოქსალური მიმდევარიც იყო აკაკი პაპავა.
რა შეიძლება ვიცოდეთ მის პირადულზე? მხოლოდ ის, რომ გონებით, განცდითა თუ ცხოვრების წესით, თითქმის ყოველწამიერად, მარტოოდენ თავის ხელთუქმნელ განძზე – რუსთაველის წიგნზე იხარჯებოდა; საბოლოოდ ის იქცია დედადაც, მამადაც და არარსებულ ცოლ-შვილადაც!
შინაგანად სულ საქართველოში დაბრუნების მოლოდინით ცხოვრობდა და მუდამ ქართულ გარემოში მოსაგვარებლად მიაჩნდა საკუთარი დაოჯახების საკითხიც; უცხოტომელი არ გაუკარებია, ქართველსაც ვერ მისწვდა და დარჩა ასე, დღენიადაგ თავისი სათაყვანებელი დიდი შემოქმედის პოეტური ხილვებით გარემოცული და თავგზაარეული.
უკვე 82 წლისას სიკვდილი ჯერ ისევ შემოქმედებითი დაუხარჯველობის ასაკში წამოეწია.
აი, როგორ იგონებს ამ ამბავს ერთი მისი ახლობელი: 1975 წლის შუა აპრილი იყოო... "წავედი, ვნახე. თბილებში გახვეული ლინოტიპს უჯდა, ძლივს ლაპარაკობდა... ვუთხარი, ვიკტორ, თუ გინდა, რომ საქმე განაგრძო, საჭირო დროსაც უნდა გაჩერდე-მეთქი. ისევ წიგნის დასრულების აუცილებლობა ახსენა ( მეჩქარება, ხომ უნდა დავასრულო ბოლოს და ბოლოს ეს წიგნიო), მაგრამ დაუმატა: მართლა ცუდად ვარ, რამოდენიმე წუთის სამუშაო დამრჩა და მერე დავწვებიო".
ორიოდე დღეში კი ქალაქ არპაჟონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 23 აპრილს გრძნობა დაუკარგავს და ისეც თავზარდაცემული ახლობლები სრულ სასოწარკვეთილებაში ჩაუგდია: სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარეც სალინოტიპო ფრანგულ ტერმინებს აბოდებდა თურმე. 24-ში გარდაცვლილა – რვა დღეში! დარდად გაჰყვებოდა, რომ არ დასცალდა თავისი VI ტომის – "მიჯნურთმეტყელების" აწყობა-აკინძვა.
ეს სამუშაო უმცროს ძმას – გიორგის გაუსრულებია, ასევე ქართულ ღირებულებებზე გადაგებულ კაცს, რომლის თანადგომა, თანამოაზრეობა და ძმური მზრუნველობა-პატრონობა მეცნიერს ღრმა სიბერემდე არ მოკლებია. თავისი სამეცნიერო-პუბლიცისტური მემკვიდრეობის ერთადერთ ჭირისუფლადაც ის დატოვა, შესანიშნავ მეუღლესთან ერთად, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე, ასევე ერთგული მზრუნველი და მოსარჩელე იყო მაზლის შეუფასებელი დანატოვარისა.
ასევე, გიორგიმ იზრუნა იმაზეც, რომ ეს უდიდესი ინტელექტუალური მემკვიდრეობა, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს დაენარჩუნებინა!.. ქართული ემიგრანტული კულტურის ცნობილ მკვლევარს გურამ შარაძეს, თავისი მონაწილეობით გასრულებულ- გამოცემულ "ვეფხისტყაოსანის მიჯნურთმეტყველების" ტომთან (VI) ერთად, მან უსახსოვრა ჩანაწერიც, რომელშიც ნახევრად დამუშავებული მასალა ("ვეფხისტყაოსნის სიბრძნისმეტყველება") და "სხვა დანარჩენიც" ჩაუტევია.
ალბათ, არც უნდა ვიდავოთ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც ახდენს ამ "დანარჩენი მასალის" პირობითი დასათაურებების მარტოოდენ ჩამონათვალიც: "ვეფხისტყაოსანის გონებათმეტყველება", "ვეფხისტყაოსანის სულთმეტყველება", "ვეფხისტყაოსანის მჭერმეტყველება", "ვეფხისტყაოსანის ფსიქოლოგიის მეტყველება", "ვეფხისტყაოსანის ნებათმეტყველება", "ვეფხისტყაოსანის საზოგადოების ცნებანი", "ვეფხისტყაოსანის ცნება-ცნობა", "ვეფხისტყაოსანის ესთეტიკა", "ვეფხისტყაოსანის ტანთმეტყველება" და "ვეფხისტყაოსანის გულთამეტყველება"..
ასეთი ყოვლისმომცველი და ყოვლისდამტევი იყო შთაგონება კაცისა, რომლის გარდაცვალების წლისთავზე მისი ნაამაგარი "კავკასიონი" წერდა (დავით ვაშაძე, "ჩვენი ვიკტორი", N8, 1976წ.) "მთელი შენი სიცოცხლე საქართველოს საქმეს შეალიე, შენ სხვა ცხოვრება არ გქონია, არ გეცალა პირადი ბედნიერებისათვის, შესანიშნავი გაკვეთილი დაგვიტოვე იმისა, თუ როგორ თავდადებით უნდა ემსახუროს ყოველი პატიოსანი ქართველი თავის წმინდა მოვალეობას. ვაჟკაცურად დაასრულე გზა ლამაზი, შინაარსიანი ცხოვრების".
აი, კიდევ ერთი ამონარიდი მისი გარდაცვალების შემდგომი მოგვიანო პუბლიკაციიდან: "ბ, ვიკტორ ნოზაძემ მთელი თავისი სიცოცხლე მოახმარა სამშობლოზე ფიქრს, ზრუნვას, ღირსეული მომავლის იმედს, ქართული კულტურის საზღვრების გაფართოებას, ამიტომ გვმართებს მისი გარდაცვალების ათი წლისთავზე ღმერთს შევევედროთ: უმრავლე საქართველოს ვ. ნოზაძის დარი შვილები, შრომის მოყვარე, გონებაგახსნილნი, განათლებულნი, მასავით ერთგული და უანგარო მსახურნი." – წერდა ჟურნალი "გუშაგი".
ჩვენ ერთსღა დავამატებდით: პიროვნულ, მით უფრო ასეთ მასშტაბის პიროვნულ ნაღვაწთა შეფასებას ასევე დიდი მასშტაბები და გადმოსახედები სჭირდება; მაგრამ არის ის, რაც, ჩვენი სტანდარტული ადამიანური თვალსაწიერიდანაც იოლი დასანახი, მისახვედრი და შესაცნობია: ვიკტორ ნოზაძე მეცნიერული მოღვაწეობისა თუ კვლევის სრულიად განსხვავებული კულტურის შემომტანი, გნებავთ, ინტელექტუალური ცხოვრების სრულიად ახლებური სტერეოტიპის დამამკვირებელია ქართულ სივრცეში! ეს იყო მოღვაწე, რომელმაც თავისი სამოცწლიანი თავაუღებელი და უმწიკვლო გარჯით, ქარ- თული კულტურა - ისტორიოგრაფია, პოლიტიკა, პუბლიცისტიკა, საგამომცემლო საქმე – უაღრესად საინტერესო ღირებულებებით დატვირთა; ხოლო ქართველ ხალხს დაუტოვა უდიდესი მემკვიდრეობა, რომლის სათანადო აღნუსხვა-დაფასება უკვე საკუთრივ მისი ეროვნული კეთილსინდიერებისა და თავმოყვარების საქმეა! ბედისწერას ათასგვარი იდუმალი სვლებიც აქვს.. 1993 მისი წელი იყო  – შემოდგომაზე, ოქტომბრის 17-ში დიდ მეცნიერს დაბადებიდან 100 წელი უსრულდებოდა! მაგრამ საქართველო ძმათა სისხლიანი ანგარიშსწორებებით იყო შეპყრობილი და სიცოცხლეშივე დავიწყებული შვილი როგორ მოაგონდებოდა?!
2003 ისევ მისი საიუბილეო წელი იყო და სხვამ თუ არავინ, "ვიკტორ ნოზაძის საზოგადოებამ", იმავე, ნოზაძეთა საგვარეულო კავშირმა, – ფაქტობრივად, დიდი რუსთველოლოგის სახლიკაცობამ ითავა, საზოგადოებისთვის ჯეროვნად შეეხსენებინა ვიკტორ ნოზაძის სახელი, მაგრამ ეს ენთუზიაზმიც ქვეყანაში აგორებულ რევულუციურ ეიფორიაში ჩაიკარგა შემდეგი საიუბილეო თარიღი – 115 წელი, უკვე 2008 წლის ოქტომბერში, რუსეთ-საქართველოს საომარი დაპირისპირების გამო აღარავის ახსოვდა.
ვიღაც აუცილებლად იტყვის, დაბედება უიღბლობამაც იცისო...… თუმცა, "ვიკტორ ნოზაძის საზოგადოების" თავმჯდომარე
ბატონი გაიოზ ნოზაძე იხტიბარს არ იტეხს და საზოგადოების ეგიდითა თუ მოგვარეთა შემოწირულობებით, არა მარტო დიდი მეცნიერის თხზულებათა სრულ კრებულს (ათტომეულს) გამოსცემს, მის მშობლიურ სოფელ მოძვში სახლ-მუზეუმის აშენება- მოწყობის იდეასაც ეჭიდება. ამ საკითხზე კულტურის სამინისტროდან გარკვეული მხარდაჭერაც გამოუთხოვია; იმედოვნებს, რომ დიდი რუსთველოლოგის დაბადებიდან 120 წლისთავის (2013 წელს) საკადრისად აღნიშვნა მაინც მოუხერხდება მისი ღვაწლის პატივისმცემელ ქართველ საზოგადოებას.
საფრანგეთში, ლევილის ქართული სასაფლაოს ზღუბლზე კი წარწერაა, ალბათ, თავისებური სალამი, აწ უკვე გარდასულებისა,
ვისაც აქ, პარიზთან სულ ახლოს პატარა საქართველო გაუჩენია და უსულდგმულებია:
"ამ სამარხში განისვენებს დევნილ ქართველთ ძვლების გროვა, უმოწყალოდ განწირულნი – დრომ უდროოდ დაიგლოვა".
ვიკტორ ნოზაძეც იმ საქართველოს ნაწილია და იმ მიღმიეთიდანაც ჩვენთან – ოდესღაც გადაჭრილ საკუთარ ფესვებთან – დაბრუნებას ეშურება!

ნინო ხარაზიშვილი

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ 

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.