ვიკტორ ნოზაძე (1893–1975 წწ.)

მისი სახელი, სახელი უცხოეთის არაერთი ქვეყნის მეცნიერთათვის ანგარიშგასაწევი ქართველი მკვლევარისა და პუბლიცისტისა, შემთხვევის წყალობით შეიტყო ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ!...
XX საუკუნის 50-იანი წლები: მოსკოვის ლენინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა. უცხოეთიდან მიღებული ლიტერატურის გაცხრილვა-გადარჩევის (უმთავრესად, პოლიტიკურ-იდეოლოგიური ნიშნით!) საკმაოდ არადელიკატური საბჭოური პრაქტიკა და ბიბლიოთეკის დაკომპლექტების სექტორში მომუშავე ერთადერთი ქართველი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს საქმე სწორედ იმხანად მოსკოვში სამუშაოდ მივლინებული მკვლევარისთვის _ მაშინ სულ ახალგაზრდა რევაზ ბარამიძისთვის ჩაებარებინა.
ასე "ცენზურაგაუვლელად" ჩაუვარდა ქართულ ხელს ბუენოსაირესში (1954 წელს) დასტამბული "ვეფხისტყაოსანის განკითხვანი", "ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება"; თვალის ერთი დაკვრითაც, უნიკალური ქართული წიგნი, რომლის გარეკანზე წაწერილი გვარ-სახელი - "ვიკტორ ნოზაძე" ქართულ საბჭოთა რუსთველოლოგიას მაშინ არაფერს ეუბნებოდა!..
ასეთი იყო უფლის ხელით მოწყობილი ეს შემთხვევა; თბილისამდე კონსპექტური ჩანაწერების სახით (ბატონი რევაზ ბარამიძის დამსახურება!) ჩამოღწეულმა იმ გამოკვლევამ მაშინ საქართველოს ათწლეულების წინათ გასხვადპურებული თავისი შვილი აპოვნინა!..
ყოველ ერს ჰყავს გამორჩეული შვილები, რომელთა მსოფლმხედველობრივ ენერგიასა თუ ზნეობაში აისახება ის საუკეთესო, რაც მის მენტალობასა თუ სულიერ-ინტელექტუალურ ბუნებაში ნამდვილი და თვითნაბადია.
ათწლეულთა განმავლობაში სამშობლოს მოწყვეტილი თვალსაჩინო რუსთველოლოგი ვიკტორ ნოზაძე ერთ-ერთი გამორჩეულია მათგან, ვისაც, უკვე XX საუკუნის პირველივე ათწლეულებიდან, უნდა ვუმადლოდეთ ქართული მეცნიერების ფაქტობრივად, ნახტომისებურ განვითარებას.
როგორც მეცნიერული დამოკიდებულებების ნიმუში, ვფიქრობთ, ეს პიროვნება უთუოდ ძვირფასი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც იცის, ქართული სალიტერატურო აზროვნების მწვერვალებთან მიახლებას მკვლევარისგან რამოდენა შინაგანი კულტურა, სიმამაცე და თვითდისციპლინა სჭირდება. საერთოდაც, თუკი შეიძლება არსებობდეს ადამიანი-სიმბოლო, ნამდვილად ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას ამ მეცნიერის სახელსა და პიროვნულ მრავალმხრივობას, სამეცნიერო შრომის რუტინულ უშეღავათობას, დაჟინებულობასა და პედანტობამდე მისულ პროფესიულ პატიოსნებას შორისაც.
მას პატივს სცემდნენ, როგორც უძლიერეს პუბლიცისტს, მარტოხელა ენთუზისტ გამომცემელსა და საგაზეთო-საჟურნალო საქმის ორგანიზატორს. მან ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის ფაქტობრივად, ლომის არჩივი შრომა გასწია; ემიგრანტ პოლიტიკოსს, რომლის პოზიციათა მართებულობა-უმართებულობა მარტოოდენ პატიოსან ქვეყნისშვილობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე აიგებოდა; მაგრამ, ეს არ უშლიდათ ხელს, მასში, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვეძებოთ დიდი მეცნიერი, ვისი ნამუშაკევიც ალბათ, მხოლოდ მაღალპოეტური გამოკვლევების რანგში უნდა განიხილებოდეს; ის, ვინც თავისი ზღვარდაუდები ინტელექტუალობითა და აზროვნების დიაპაზონით რუსთველის პოეტურ ხატთა წაკითხვა-გააზრების იმ დრომდე შექმნილი აბსოლუტურად ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია!
უახლოესი მეგობარი და თანამშრომელი მიხეილ ქავთარაძე იხსენებს, რომ ამ სრულიად მოულოდნელ პიროვნებასა და მკვლევარს რუსთაველის პოემის მეცნიერული "ჩხრეკ" (ეს განსაზღვრა მარტოოდენ მისი კვლევის მახასიათებლად გამოდგება!), თავისი ცხოვრების ბერლინურ ხანაში, ომის მიწურულს დაუწყია. როგორც ირკვევა, არა მარტო "დროის მოსაკლავად", "ლოღიკური შემთხვევის" მარჯვე ხელშეწყობითაც: ხელთ ჰქონია "ვეფხისტყაოსნის" მარჯორი უორდროპისეული თარგმანი.
ის, რაც ამ მოღვაწე კაცმა ამის შემდგომ გააკეთა, მხოლოდ მისი შინაგანი ბუნებისა და მასშტაბის პიროვნებათაგან არის ხოლმე მოსალოდნელი! სწორედ ეს სრულიად უწყინარი "გონიერი თამაში" - ორიგინალისა და მისი ინგლისურენოვანი თარგმანის ინფორმაციულ-ტერმინოლოგიური თუ აზრობრივ-მხატვრული იდენტურობის დადგენა - ქცეულა იმ უნიკალურ მეცნიერულ "ჩხრეკად", რომელმაც რუსთველოლოგიას, პოემის ნოზაძისეულ აღქმათა მიუწვდომელ სამყაროსთან ერთად, "მეტყველებებად" მონათლული მისი სრულიად ორიგინალური მიგნებანიც აჩუქა.
მაგალითად, სწორედ ამ ძიება-ჩხრეკისას მიუქცევია ვიკტორ ნოზაძეს ყურადღება, რამოდენა ადგილი უკავია "ვეფხისტყაოსანში" ფერს ("ქართველისათვის რაობა "ფერით" ისაზღვრება: ყველა-ფერი, არა-ფერი" - გრიგოლ რობაქიძე) და მიუგნია კიდეც ამ მოვლენის გამომხატველი საოცრად ფერწერული სიტყვათშეთანხმებისთვის - "ფერთამეტყველება". ჩანს, ეს ქართულ ენაში სიტყვა "მეტყველები" გამოყენების ხასიათმაც უკარნახა, რაც მერე ისე მოსწონებია, რომ იმავე პრინციპით აუგია თავისი რუსთველიანას სხვა ნაშრომების დასათაურებანიც.
"ჩემი მიზანი იყო "ვეფხისტყაოსნის" განკითხვით ("განკითხვა ითქმის ცხადთა ოდენ ზესდა საქმეთა" - სულხან-საბა), ანუ განმარტებითა და გარჩევით ის მთავარი საკითხები ნა- თელმეყო, რომელთა თავის მოყრა ერთ დარგში შესაძლებელი გახდებოდა"-ო.
ეს, რა თქმა უნდა, თავმდაბლურად. რადგან მისი სამეცნიეროპუბლიცისტური მონაგარის სამზეოზე გამომტანის, მკვლევარის, სამშობლოში დამბინავებლისა და რედაქტორის - აკადემიკოს გურამ შარაძის თქმისა არ იყოს, ვიკტორ ნოზაძის "ტომების სათაურთა უბრალო ჩამონათვალითაც კი ცხადი ხდება,.. თუ როგორ ერთბაშად მდიდრდება ქართული საისტორიო, ფილოლოგიური და რუსთველოლოგიური მეცნიერება პირველხარისხოვანი შრომებით, რომლებიც სრულიად ახალ ფურცლებს გადაშლის ჩვენს ინტელექტუალურ ცხოვრებაში".
თავად მეცნიერს კი, წარმატებით გასრულებული თავისი ერთერთი რუსთველოლოგიური რვეულის ბოლოს თითქოს უმწიფარი მოწაფის თავდაუჯერებლობითაც მიუწერია: "ხოლო ეს ჩემი კნინი ნაღვაწი დეე იყოს მცირე არჩივად, რომელიც ქართული მეცნიერების ტაძარში მოწიწებითა, კრძალვითა და ბოდიშით შემაქვს"-ო.
ამ ინტელიგენტური თავმოდრეკილობისა თუ შინაგანი დაუკმაყოფილების უკან უკვე ტომეულებად გამოცემული და გამოსაცემი თანამედროვეობისგან ფაქტობრივად, შეუფასებელი მეცნიერული შრომებია; "ვეფხისტყაოსანის განკითხვი" მთელი ათწიგნეული: "ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება" - გამოცემული ბუენოს აირესში, 1954 წელს (ამ წიგნის "უწყებულებაში მკითხველისადმი" ჩივის: რომ არა სავალალო ხელმოკლეობა და სხვა დაბრკოლებანი, ნაშრომთა გამოცემის თანმიმდევრულობა სრულიად სხვაგვარი მექნებოდაო); სამხრეთ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მილიონერისა და მეცენატის ავთანდილ მერაბიშვილის (მერაბაშვილის) ფინანსური ხელშეწყობით, სანტიაგო დე ჩილეში 1957-59 წლებში გამოცემული "ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება" (მისი წერა ვ. ნოზაძეს პარიზში (1933წ.) დაუწყია და მერე გარკვეული წყვეტილობით, ბერლინში, რუპოლდინგში, ბუეროს აირესსა და სანტიაგო დე ჩილეშიც გაუგრძელებია); "ვეფხისტყაოსანის მზისმეტყველება" და "ვეფხისტყაოსანის საზოგადოებისმეტყველება"; პარიზში 1963 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება" და "ვეფხისტყაოსანის" მიჯნურთმეტყველება" (1975წ.), რომლის ბოლო სამი ნაკვეთის აწყობა-დაბეჭდვაც აღარ დასცალდა და გამოიცა მხოლოდ მეცნიერის გარდაცვალების შემდგომ, ძმის – გიორგის მეცადინეობით.
ამ პარიზულ გამოცემებს აღარაფერი მოჰყოლია: ხელნაწერთა და სხვადასხვა დონეზე დამუშავებული მასალის სახით კი დარჩა "განკითხვანის" კიდევ ოთხი ნაშრომი: "ვეფხისტყაოსანის ზნეობათმეტყველება", "ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება", "ვეფხისტყაოსანის ბუნებისმეტყველება", დაწერილი 1947 წელს, რომელიც თავად მკვლევარს "ვარსკვლავთმეტყველებისთვის" ბოლოში დამატების სახით დაურთია (ასევეა შეტანილი ვიკტორ ნოზაძის საზოგადოების მიერ გამოცემულ მისი თხზულებების სრული კრებულის ათტომეულის მეორე ტომშიც – ნ.ხ.) და "ვეფხისტყაოსანის მსოფლმხედველობა" – თავად მჩხრეკელის გათვლით, "დასკვნა", რომელსაც "განკითხვათა" "განზრახული რიგი"უნდა დაესრულებინა.
ასე გამოიყურება ხელშეწყობას მოკლებული ( თუ არ ჩავთვლით ბიზნესმენ მერაბიშვილის ზემოთ ხსენებულ მეცენატობას) მარტოხელა მეცნიერის ნიჭის, ნებისყოფისა და საზოგადოებისთვის სრულიად დაუყვედრებელი ენთუზიასტური შრომის დიდი მონაგარი – შთამომავლობისთვის დატოვებული საკუთარი ხელით აწყობილ-დაბეჭდილი მონუმენტური სამეცნიერო-პუბლიცისტური მემკვიდრეობა;
ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვიკტორ ნოზაძე იყო ასევე თავისი ჟურნალების, განსაკუთრებით კი, "კავკასიონის" რედაქტორ-გამომცემელიც, უპირველესი ავტორიც, ლიტმუშაკიც, კორექტორიც, თვითნასწავლი ასოთამწყობ-მბეჭდავიცა და მოხალისე ექსპედიტორიც. პირდაპირი მნიშვნელობით, ასო-ასო ძერწავდა თავისი უზადო მეცნიერული და პუბლიცისტური შემოქმედების მთელ მონაგარს.
ამ განსაცვიფრებლად დისციპლინებულ და პროდუქტიულ მკვლევარს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწეს მთელი თავისი ხანგრ- ძლივი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი თავისთვის წუთიერი შანსიც კი არ მიუცია პირადი ცხოვრებისა და სენტიმენტებისთვის!
და საერთოდაც, ალბათ, არც უნდა ვიდავოთ, თუ ვიტყვით, რომ ვიკტორ ნოზაძისნაირი ქართველები, იქ, შორეულ ემიგრაციაში თავად საქართველოს განასახიერებდნენ. ვიკტორ ნოზაძე უმჯობესთა შორის უმჯობესი იყო – მსოფლმხედველობრივად, იდეალებით თუ კონკრეტული ნაღვაწით; მან საკუთარი ცხოვრებისა თუ მოღვაწეობის ამბავი სამშობლოსათვის, იდეისთვის, პროგრესისთვის თავგამეტებული მსახურების პრეცედენტად და ლეგენდად აქცია.
მისი მემკვიდრეობის სათანადო შესწავლა-აღიარების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ აქვს საქართველოს,… რადგან საბჭოთა რეჟიმის პირობებში ეს არცთუ თანმიმდევრულად ხერხდებოდა: მოგეხსენებათ, "რკინის ფარდის" იქით დაბადებული თუნდაც წმინდა მეცნიერული ჰიპოთეზების მოყვანა-დამოწმებას, მით უფრო, პოპულარიზებას, აკრძალვების დიად ეპოქაში ვერც მომწონებელი ეყოლებოდა და ვერც წამხალისებელი!
მაგრამ ჩანს, პარტიულ-იდეოლოგიური მიკერძოებებიდან შედარებით თავისუფალ ადამიანთა წრეში ყინული მაინც ლხვებოდა, რადგან დრო გადიოდა და ვიკტორ ნოზაძის მეცნიერულ თავისთავადობას, ინტელექტუალიზმს, მაღალპროდუქტიულობას, კვლევისა თუ აზროვნების არასტანდარტულობას ჩვენშიც თანდათან უჩნდებოდა სულ უფრო მეტი აშკარა თუ ფარული მცოდნე, თაყვანისმცემელი და პოპულარიზატორი.
1964 წლის 29 მაისი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო სესია. ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი – აკადემიკოსი ალექსანდრე ბარამიძე. მისი მოხსენება "ერთი ახალი რუსთველოლოგიური ნაშრომის შესახებ" რეალურად, სხვა არაფერია, თუ არა რეცენზია-წარდგენა ვიკტორ ნოზაძის ახალი მონუმენტური ნაშრომისა. ესაა დიდი მეცნიერის მორიგი "განკითხვა" – "ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება", რომელიც 1963 წელს პარიზშია გამოცემული.
60-იანი წლების საქართველო მენტალური თვალსაზრისით, ნამდვილად ვერაა ის გარემო, ქართული ემიგრაციის თუნდაც კულტურულ-ინტელექტუალური თვითრეალიზების გამო ტაშის დამკვრელად რომ გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან გამეტებულ სულ პატარა ქათინაურსაც გადახვეწილთათვის ოქროს ფასი ედება!.. ამიტომაც აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძის კეთილმოსურნე გამოხმაურებას "იქ" უყურადღებოდ, მეტიც,უემოციოდ ვერ ტოვებენ!
ეს ემოცია ჟურნალ "კავკასიონის" XI (რუსთაველის დაბადებიდან 800 წლის საიუბილეო) ნომერშიცაა დალექილი. კახაბერის ფსევდონიმით დაბეჭდილ თავის ვრცელ წერილში ("მადლიანი მჩხრეკელი") აკაკი პაპავა ვიკტორს ამ ამბავს სიამოვნებით აცნობებს და თბილისურ პრესაში გამოქვეყნებისთანავე, რეცენზიის მიწოდებასაც ჰპირდება. ამ წერილს ერთსტრიქონიანი მინაწერი აქვს, ვიკტორ ნოზაძისა, – მადლობელი ვარ ამ ცნობისთვისო.
თუმცა კი, კაცი ბჭობდაო... ამ რეცენზიის გამოქვეყნების თარიღამდე ცოცხალს არც ერთს მიუღწევია: თავისი ემიგრანტობის უძვირფასეს მეგობარზე  – ვიკტორ ნოზაძეზე დაწერილი ეს სტატია კალმის უკანასკნელი მონასმი გამოდგა აკაკი პაპავასთვის... მართალია, ვიკტორ ნოზაძემ ამ ცნობის მერე მთელი 11 წელიწადი იცოცხლა, მაგრამ, სამაგიეროდ, მიუხედავად თავისი ძალზე მაღალი სამეცნიერო რეპუტაციისა, თბილისელმა აკადემიკოსმა 23 წლის მერე ძლივს მოიპოვა რეცენზიის გამოქვეყნების ("ლიტერატურულ საქართველოში") პატივი: საკმაოდ შეკვეცილი მოცულობითა და ბოდიშივით მინაწერით, რომელშიც მკითხველს აუწყებდა, რომ დიდი ქართველი რუსთველოლოგი, რომელსაც დღენიადაგ გაუსაძლის ხელმოკლეობაში უხდებოდა ცხოვრება და მუშაობა, 12 წლის წინათ, 82 წლისა, ხანმოკლე ავადმყოფობით, ემიგრაციაში გარდაიცვალა!..
მაგრამ ჯერ ისევ 60-იანი წლებია და ჩანს, თავად ემიგრანტი მეცნიერიც მეტ-ნაკლებად უთამამდება ზოგიერთი თბილისელი ნაცნობ-მეგობრის კეთილგანწყობას, რადგან სულ უფრო მეტად ეშურება, მათი მეშვეობით მაინც შეივსოს უცხოეთში მისთვის ძნელად მისაწვდომი საკვლევი მასალისა თუ ქართულ აკადემიურ გამოცემათა დეფიციტი.
"საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტი... სრულ უმწეობას განიცდის. მას იმის საშუალებაც მოკვეთილი აქვს, რომ ან უნივერსიტეტს, ან რომელიმე საკვლევ ინსტიტუტს, თუ მის თანამშრომელს, ან რომელიმე მეცნიერს შეეკითხოს წერილობით და სთხოვოს ამა თუ იმ ამონაწერის მიღება... ყოველი ასეთი ცდა სამარისებული სიჩუმით გვირგვინდება და შესაძლოა – დიდი უსიამოვნებითაც ადრესატისთვის.. აი, ამ პირობებში უხდება ჩვენს ემიგრანტ მკვლევარს მუშაობა", – წერდა აკაკი პაპავა ჟურნალ "კავკასიონში" (XI, 1966წ. გვ. 141) და ეს სრული სიმართლე იყო!
ეს საჭიროება საკვლევ-საძიებო მასალისა და სიფრთხილე მასთან მიმოწერისთვის თბილისელ მეგობართა სავარაუდო გაკიცხვის გამო, ვიკტორ ნოზაძის თითქმის ყველა წერილშიც კრთება. "სხვა საკითხთა გამოც იქნებ მომეწერა თქვენთვის, მაგრამ არ მსურს უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ"; "...ამ მიზეზისა გამო, ბევრთან მიწერ-მოწერა აღარა მაქვს, რადგან მეშინია, ჩემმა წერილებმა არავის ავნოს", – წერს მეცნიერი ცნობილ თბილისელ პედაგოგს დიომიდე ცქვიტინიძეს, რომელიც მას შეძლებისდაგვარად, საქართველოში გამოცემული წიგნებით ამარაგებდა.
ამასვე ადასტურებს აკადემიკოსი ალექსანდრე ბარამიძეც. მეცნიერის გარდაცვალების შემდგომ გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში"გამოქვეყნებულ მოგონებაში ("მიმოწერა ვიკტორ ნოზაძესთან") იგი გვიმხელს: "ჩვენი მიმოწერა ათი წელიწადი გაგრძელდა, უკანასკნელი წერილი მისგან მივიღე 1971 წელს, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი შემდეგდროინდელი წერილები ჩემამდის არ აღწევდა. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით ვიცი, რომ ყადაღა დაედო ჩემს სახელზე გამოგზავნილ "კავკასიონს" (XI ნომრის შემდეგ)." და შემდგომ ამისა, დასძენს: "თუ დავაკვირდებით ჩვენს მიმოწერას, შეუმჩნეველი არ დარჩება, რომ მხოლოდ ზოგიერთი წერილია საქმიანი შინაარსის მქონე, უმრავლესობა კი საახალწლო მოკითხვის ბარათებია. საქმე ისაა, რომ ვ. ნოზაძემ კარგად იცოდა თავისი "ოდიოზურობის" ამბავი და ფრთხილობდა, ვნება არ მიეყენებინა ვინმესთვის".
თავად უცხო ქვეყნის ხიზანს კი, ალბათ, ამ ორმხრივი შინაგანი დისკომფორტის "საკომპენსაციოდაც", ორივე ამ მოკეთისთვის საახალწლო ნობათების გამოგზავნაც არ ავიწყდება. ესაა "პეკანი" – საფოსტო კონვერტშივე ჩაყრილი რამდენიმე სამხრეთამერიკული კაკალი, თავშეკავებული თხოვნით: თუ ერთი ბეწო მიწა გაგაჩნიათ, ჩაფალით, იქნებ გაიხაროს, თუ არადა, მიირთვით. ესეც ხომ "კავკასიონი" არ არის, რომ ვერ მიიღოთო...
…ასე შეიტყობდა თითოოროლა თბილისელი გულშემატკივარი ამბებს სადღაც შუაგულ ევროპასა თუ სამხრეთ ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეცნიერისას, რომელსაც, "გულის გადასაყოლებლად და საწუთროს ბედითობის დასავიწყებლად", დღენიადაგ ჩარგული ჰქონია თავი "ვეფხისტყაოსანში".
მარტო მუშაობდა და თავისზე ბედნიერ კაცს ვერ პოულობდა თურმე, თუ მცირე ფულად სახსარს მაინც მოიპოვებდა წიგნების ან ჟურნალის გამოსაცემად. მით უფრო, რომ ქველმოქმედებას იმ წლებში გარკვეულწილად, ტრადიციის დატვირთვაც ჰქონია ქართულ ემიგრაციაში და რამდენადაც თავად ემიგრანტებსაც მოუყოლიათ, არ ჰკლებია ფანტაზიაცა და ორიგინალურობაც. მაგალითად, არგენტინელ ქართველთა საშობაო-საახალწლო, ნინოობისა თუ 26 მაისობის საზეიმო თავყრილობებს აუცილებლად თან ხლებია თავშესაქცევი აუქციონებიც, თავისი მხიარული შესაწირავებით – შემწვარი გოჭებით, კონიაკებითა და სხვა ამგვარებით, რომლებიც თურმე დიდი სიცილ-კისკისით იყიდებოდა. ამონაგებ თანხას კი ზოგჯერ არგენტინის ქართველთა სათვისტომოს პირველ თავმჯდომარეს ბატონ ნოზაძესაც არგუნებდნენ, როგორც რედაქტორს ჟურნალისა `მამული~, რომელიც არგენტინაში 1951- 53 წლებში გამოიცემოდა.
ძალიან ყვარებია, რუსთველური შაირით თავისი ცხოვრებისეული ბატალიების მოყოლა თუ გაწყობა; საკუთარი უსამშობლობა-უთვისტომობის, ხიზნობისა და მარტოხელობის რუსთველის ლექსით ჩამოქნა... ამ პატარა ეპისტოლარულ შედევრებს მისი პირადი მიმოწერის გადაკითხვისასაც ვპოულობთ. სად აღუფხვრი სადით ძირსაო... მართლაც, ვის კარზე არ მიუყენებია იღბალსა თუ უფრო უიღბლობას. მოსკოვში სასწავლებლად გამგზავრებისას, რას წარმოიდგენდა პატარა ზემოიმერულ სოფელში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი თუ გაუჩნდებოდა მოსკოვზე გაცილებით შორეული მისამართებიც.
ყმაწვილკაცობიდანვე გაიხლართა ცხოვრების ლაბირინთებში. სად აღარ გადაისროლა ბედმა მდევარმა, სად არ გაუჩინა დროებითი ბუდე და თავშესაფარი. საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ინგლისი, ესპანეთი, ბრაზილია, არგენტინა, ჩილე... თვალისმომჭრელად ჭრელი და ეფექტურია ვიკტორ ნოზაძის ცხოვრების გეოგრაფია, თუმცა კი, მეორე მხრივ, რუტინულია დღის რეჟიმი თავისი სათაყვანებელი პოემის გმირებივით, მუდამჟამს ველად გაჭრილი ზეგარდმო ნიჭით მადლცხებული კაცისა.

 

გაგრძელება 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.