პროექტი 2007 წელს დაიწყო.
საწყის ეტაპზე იდეის ავტორების (მანანა კარტოზია, შავლეგ შავერდაშვილი) და მათი გუნდის ამოცანა ორი ძირითადი მიზნის განხორციელებას გულისხმობდა. პირველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობის განახლება, ხოლო მეორე - მის მიერ დდგენილი აკადემიური ტექსტის გამოცემა.
მუშაობისას სხვა იდეებიც გაჩნდა და, საბოლოო ჯამში, 2009 წელს საქართველოს საზოგადოებამ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო – ხუთტომეული, რომელიც უშუალოდ პოემისა და მცირე ლექსიკონის გარდა, შედგება ბიბლიოგრაფიის (1712–2009 წ.წ.), ძველი და ახალ ილუსტრაციების, პოემის პროზაულ ვერსიებისა და, რაც მთავარია, ერთგვარ ენციკლოპედისგან, რომელიც მეტ–ნაკლებად ამომწურავად იხილავს შოთა რუსთაველის, როგორც პიროვნებისა და შემოქმედის, და მისი გენიალური პოემის არა ერთ ასპექტს. 
ასევე, მასში თავმოყრილია საინტერესო საარქივო მასალა, ფოტო და სხვა მონაცემები, რაც თვალნათლივ ცხადჰყოფს, რომ ჩვენი ერისთვის და, ზოგადად, კაცობრიობისათვის, "ვეფხისტყაოსანი" უფრო მეტია, ვიდრე უკვდავი პოემა.
პროექტი ჩვენ და "ვეფხისტყაოსანი" გრძელდება.
XXI საუკუნეს თავისი სტანდარტები აქვს და ელექტრონული ვერსიის შექმნა აუცილებლად მიგვაჩნია. მით უფრო, რომ კომპიუტერისა და ინტერნეტის მომხმარებლთა რიცხვი განუხრელად იზრდება და შოთა რუსთველისა და მისი ქმნილების ამ გზით პოპულარიზაცია ძალზე აქტუალურია.  აღსანიშნავია, რომ ბეჭდურ გამოცემათაგან განსხვავებით, ვებრესურსი  ცოცხალი ორგანიზმია – აქ შესაძლებელია პერიოდული განახლება, მოქმედებს ინტერაქტიური გარემო, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ პასიური მომხმარებელი იყოს, არამედ ჩაერთოს პოლემიკაში, თავად შექმნას განსახილველი თემა, დასვას საკითხი, განახორციელოს იდეა. გარდა ამისა, განზრახული გვაქვს ყოველ თქვენგანს, ვინც "ვეფხისტყაოსანმა" და შოთას სამყარომ შთაგაგონათ,  გაგიხსნათ თქვენი შემოქმედების სადემონსტრაციო სივრცე.

კოტე ნიშნიანიძე  

 

 ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.