კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით‚ არმხიარულად;
მეფემან ჰკითხა: "წასრულა მზე დაუდგომლად‚ მთვარულად?"
მან მოახსენა ყველაი‚ ვით წასრულიყო და რულად:
"მზე აღარ მზეობს ჩვენ თანა‚ დარი არ დარობს დარულად!"

რა მეფემან მოისმინა‚ დაიზახნა მეტისმეტნი;
პირსა ხოკით‚ წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი‚
მოსთქვამს‚ იტყვის: "ვაჰ‚ გაზრდილო‚ ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!
სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

თუ თავი შენი შენ გახლავს‚ ღარიბად არ იხსენები‚
მაგრა მე რა ვქმნა‚ გაზრდილო‚ აწ სახლად მმართებს სენები!
გამაღარიბე‚ დამაგდე‚ გულსა‚ გლახ‚ ვისთვის ენები?
შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

ოდეს გნახავ მხიარულსა‚ ნადირობით შემოსრულსა‚
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა‚ ტანსა მჭევრსა‚ ჯავარსრულსა‚
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა‚ სასმენელად მე მას რულსა‚
აწ უშენოდ რა‚ გლახ‚ უყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

ვიცი‚ არ მოგკლავს შიმშილი‚ რაზომცა დია ირები:
შენ შენი მშვილდი დაგარჩენს‚ შენთა ისართა პირები‚
ნუთუ კვლა ღმეთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები‚
მაგრა‚ თუ მოვკვდე‚ გაზრდილო‚ ვისგანღა დავიტირები?"

ზარი გაისმა‚ შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა‚
დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა‚
იგლეჯს და იცემს ყველაი‚ ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
თქვეს: "ბნელი გვმართებს დღეკრულთა‚ რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!"

რა მეფემან დიდებულნი ნახნა‚ სულთქმით შემოსტირნა‚
უთხრა: "ხედავთ‚ მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!
რა ვაწყინეთ‚ რა შევსცოდეთ‚ რად დაგვყარნა‚ რად გაგვწირნა!
სპანი‚ მისგან დაჭირულნი‚ ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?"

ყოვლნი ტიროდეს‚ მოსთქმიდეს‚ მერმე დაწყნარდეს გვიანად.
მეფემან ბრძანა: "იკითხეთ‚ მარტოა ანუ ყმიანად?"
მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად‚ სირცხვილიანად‚
ანდერძი ჰკადრა‚ ატირდა‚ სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

მოახსენა: "საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი‚
დგეს მონანი ნატირებნი‚ დაეგლიჯა თმა და წვერი‚
იგი მარტო გაპარულა‚ ყმა არ ახლავს‚ არცა ბერი,
მე თუ მომკლათ‚ მემართლებით‚ სიცოცხლე მჭირს შეუფერი!"

რა ანდერძი წაიკითხეს‚ კვლა იტირეს დიდი ხანი;
მერმე ბრძანა: "მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი‚
ვამლოცველნეთ დავრდომილნი‚ ობოლნი და ქვრივნი სხვანი‚
შევეწივნეთ‚ მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!"

 
 

თვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
მივა და მიტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა.

რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელყვის გაძრვად ენისად,
მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად,
ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,
რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

თქვა: "ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს,
რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,
თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

თქვა: "ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს,
რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,
თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
თავსა მოვიკლავ, მე თუმცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა,
მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცხლისა სმენასა,
მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!`

იტყვის: "ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მიანი;
მაშინ ვერ გავსძლე სიახლე, აწ სიშორესა ვინანი".

ამას მოსთქმიდის, იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის,
დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის;
რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

მთვარესა ეტყვის: "იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!"

ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
მას თანართვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,
კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.

მარტო მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდინი,
შეწვის, ჭამის და წავიდის პირმზე, გულმარიხიანი,
იტყვის: "დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!"

აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომგვარსა.
ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა.
ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების;
ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.

ყმა ქალსა ეტყვის: "პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?"
ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
იტყვის: "რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა".

ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
ქალსა ეტყვის: "აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!
ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!

ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბვად სმენია:
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლმოდებულსა:
«მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა».
მიბრძანა: «მოღამნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მას ქადებულსა.

მას ზენაარსსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები;
თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები,
ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები».

ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბე დისა.
მსჯის გამრავლება ხელქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა.
დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!

ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
«ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».
აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
თუღა მონახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია".

ყმამან უთხრა: "უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად,
მაგრა გაბრჭე, რა მიქნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,
მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები, ველთა ვვლი სად.

ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალისფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვშორდი, ვერ ვიახლენ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,
გამოპარვით წამოსლვითა ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა მათნი გულნი შევაურვენ.

პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი,
მას უორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,
მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი.

ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
არა უტყუე, მოსრულ ვარ მგზავრი ღამით და დღისითა;
აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,
ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.

დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,
არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა გავადადრო;
წავალ, ვძებნი, ანუ ვჰპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
თვარა, ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!"

 
 
 
Make a Free Website with Yola.