აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ‚ როსტანს წინა დაწერილსა;
შენ შეგვედრებ‚ დაგიჭიროს‚ ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
მოვკვდე‚ თავსა ნუ მოიკლავ‚ სატანასგან ნუ იქ ქმნილსა‚
ამას ზედა იტირებდი‚ დაიდებდი თვალთა მილსა!"

დაჯდა წერად ანდერძისა‚ საბრალოსა საუბრისად:
"ჰე‚ მეფეო‚ გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად;
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად;
შემინდვე და წამატანე მოწყალება ღმრთაებრისად.
ვიცი‚ ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა!
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ‚ პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
«სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა‚ მერმე სულსა».
რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა‚
მე რად გავწირო მოყვარე‚ ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქ‚ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით‚ მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
წაგიკითხავს‚ სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან‚ ვით აქებენ? ცან‚ ცნობანი მიაფერენ.
«სიყვარული აღგვამაღლებს»‚ ვით ეჟვანნი‚ ამას ჟღერენ.
შენ არ ჯერ ხარ‚ უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!
ვინ დამბადა‚ შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად;
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად‚
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს‚ ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად‚
იგი გაჰხდის წამისყოფით ერთსა ასად‚ ასსა ერთად.
რაცა ღმერთსა არა სწადდეს‚ არა საქმე არ იქმნების.
მზისა შუქთა ვერმჭვრეტელი ია ხმების‚ ვარდი ჭნების;
თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვდინების;
მე ვით გავსძლო უმისობა‚ ან სიცოცხლე ვით მეთნების!
რაზომცა სწყრები‚ შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა‚
სადა გინდ ვიყო‚ რა მგამა‚ ყოფამცა მქონდა ნებისა!
არას გარგებს სიმძიმილი‚ უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება‚ ჭირთა თმენა‚
არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად‚
გარდამხდეს და შემოვიქცე‚ აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლამრავლად;
მას რა ვარგო‚ დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.

ლოცავს‚ იტყვის: "მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო‚
ზოგჯერ მომცემო პატიჟთა‚ ზოგჯერ კეთილთა მზათაო‚
უცნაურო და უთქმელო‚ უფალო უფლებათაო‚
მომეც დათმობა სურვილთა‚ მფლობელო გულისთქმათაო!
ღმერთო‚ ღმერთო‚ გეაჯები‚ რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა‚
შენ დაჰბადე მიჯნურობა‚ შენ აწესებ მისსა წესსა‚
მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა‚
ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა‚ მისგან ჩემთვის დანათესსა!
ღმერთო‚ ღმერთო მოწყალეო‚ არვინ მივის შენგან კიდე‚
შენგან ვითხოვ შეწევნასა‚ რაზომსაცა გზასა ვვლიდე;
მტერთა ძლევა‚ ზღვათა ღელვა‚ ღამით მავნე გამარიდე!
თუღა დავრჩე‚ გმსახურებდე‚ შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე".
რა ილოცა‚ ცხენსა შეჯდა‚ მალვით კარნი გაიარნა‚
შერმადინცა დააბრუნვა‚ თუცა ვამნი ადიადნა;
მონა ტირს და მკერდსა იცემს‚ საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
პატრონისა ვერამჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

აწ ამბავი სხვა დავიწყო‚ – ყმასა წავჰყევ წამავალსა‚ –
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულგამწყრალსა;
რა გათენდა‚ ქუში ადგა‚ ჰგავს‚ თუ ადენს პირით ალსა‚
ხმობა ბრძანა ვაზირისა‚ მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული‚
როსტან უთხრა: "არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული.
მაწყინე და გამარისხე‚ ვერ დავიღე დიდხან სული‚
აზომ რომე გაგათრიე შენ ვაზირი გულისგული.
თუღა გახსოვს‚ რად უნდოდა‚ ისრე ავად რად გაგხადე?
მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;
ესეგვარსა ნუოდეს იქ‚ საქმე ხოლე გაიცადე‚
აწ მითხარ‚ თუ რას იტყოდი‚ თქვი და სიტყვა გააკვლადე!"




