ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
ქარი, ველთა მონაქროლი, ლალისფერსა ვარდსა ზრვიდა;
"რად მიმეცო ამა ჭირსა?", ბედსა ამას უზრახვიდა.

იტყვის: "ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წასაწყმედსა,
მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, ჩემი სისხლი ჩემსა ქედსა!

მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა".

კვლა იტყვის: "მიკვირს ნავღელი კაცისა ჭკუიანისა,
რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა".

ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი,
ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე-ველი;
ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბვისა მცნეველი.

იტყვის: "ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე?
რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
გამკითხველო, გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე,
დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირი ამით გამილხინე!

 
 

ივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერშეცვლილი,
ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავეუკუყრილი;
თქვა: "უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი".

რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:
ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

ერთკერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული,
კვლა სხვაგნით – ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვედანარცხებული;
მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.
მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

თვალთა ახმადცა ზარედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
მიახლებოდა სიკვდილსა, მოშორვებოდა თმობასა.
ყმა სახელდებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,
ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!

ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა;
ეტყვის: "ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?"
მას არა დია შეესმის რეტსა, თვალდაუფახელსა.

ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა.
მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა!

უთხრა: "ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე".

ყმამან უთხრა: "რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
ვის უქნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

 
 
 
Make a Free Website with Yola.