მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით‚ დაყმუნვებული‚
უბრძანა: "რა გჭირს‚ რა იცი‚ რად მოხვე შეჭირვებული?"
მან ჰკადრა: "არა ვიციო‚ მართ ვარ თავისა ვებული‚
მართალ ხართ‚ მომკლათ‚ რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს;
მეშინიან‚ თუცა შიშსა მოციქული არ დარიდობს.
აწ ავთანდილ გეთხოვების‚ მოაჯეობს‚ არ წამკიდობს‚
უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს".

რაცა იცოდა‚ ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა‚
კვლა მოახსენა: "რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა‚
თუ რაგვარ მყოფი მინახავს‚ თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
მართალ ხართ‚ თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა".

რა მეფემან მოისმინა‚ გაგულისდა‚ გაავცნობდა‚
ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა‚ შემხედველთა შეაშთობდა;
შეუზახნა: "რა სთქვი‚ შმაგო‚ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
ავსა კაცსა ურჩევნია‚ ავსამცა რას ადრე სცნობდა!

ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.
მაგის მეტი რა ვინ მიყოს‚ თუ არ მომკლას მუხთლად‚ ღადრად!
შმაგო‚ ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!
აგრე შმაგი არ ვაზირად‚ არა ვარგ ხარ არცა სხვად რად!

ხამსცა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს‚
ოდენ სიტყვა უმეცრული უმეცრულად დაიყბედნეს?!
მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!
შენ თუ მოგკლა‚ სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!"

კვლა უბრძანა: "თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი‚
თავმან ჩემმან‚ თავსა მოგკვეთ‚ არად უნდა ამას ცილი!
წა‚ უკუდეგ‚ ავი‚ შმაგი‚ უმეცარი‚ შლეგი‚ წბილი!
შაბაშ სიტყვა‚ შაბაშ კაცი‚ შაბაშ საქმე‚ მისგან ქმნილი!"

დადრკა‚ სკამნი შემოსტყორცნა‚ ჰკრნა კედელსა‚ შეალეწნა;
დააცთუნნა‚ მაგრა მისთვის აალმასნა‚ არ აძეწნა:
"ვით მიამბე წასლვა მისი‚ ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!"
ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

ვაზირმან‚ გლახ‚ გამორიდნა‚ მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს‚
გამოძრწა და გამომელდა‚ გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
შეის ხასობს‚ გაის ქუშობს‚ ენა ასრე მოაყივნებს‚
მტერი მტერსა ვერას ავნებს‚ რომე კაცი თავსა ივნებს.

თქვა: "ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
რად მოვღორდი‚ რად დავბნელდი‚ ნეტარ‚ ვინღა გამითენოს!
ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს‚
ჩემნი დღენი მასმცა ადგან‚ რაძი ვითა გაისვენოს!"

ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;
ავთანდილს უთხრა დაღრეჯით‚ პირითა გამქუშავითა:
"მადლი რა გკადრო‚ აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა‚
ვა‚ კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა!"

ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს‚ თუცა ცრემლსა არ იწურვებს:
– მიკვირს‚ რად სცალს წყლიანობად‚ რად არ გულსა შეიურვებს! –
"ვინ არ მისცემს ქადებულსა‚ მოურავსა მოიმდურვებს‚
თქმულა: «ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს».

ვით გამხადა‚ რა მიბრძანა‚ არ ეგების ჩემგან თხრობა:
რა სიავე‚ რა სირეგვნე‚ რა შლუობა‚ რა შმაგობა!
მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ‚ აღარა მიც თავსა ცნობა;
ესე მიკვირს‚ რად არ მომკლა‚ მისცა თურე ღმერთმან თმობა.

მეცა ვიცოდი‚ რაცა ვქმენ‚ ცთომით არ წამკიდებია;
ვიაზრე‚ გამიწყრებოდა‚ ჭმუნვა მით გამდიდებია;
განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!
შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს‚ ჭირი არ გამცუდებია".

ყმამან უთხრა: "შენი წყრომა მეცა განა დამიმძიმდა‚
მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? – გაიცინნა‚ გა-ცა-ღიმდა‚ –
შენ ადიმი გაგიმეშდა‚ არ თუ მეში გიადიმდა.
რა აქიმი დასნეულდეს‚ მისთვის ვინმცა გააქიმდა!"

მოახსენა კვლა ვაზირმან: "მე რა გინდა წამეკიდოს‚
მოიწყრომებს‚ შე-ცა-მინდობს‚ ნუთუ გული გაიწმიდოს;
შენ რასა იქ‚ ესე მითხარ‚ ჩემი ჭმუნვა გაიდიდოს!
ხამსცა‚ კაცმან სასიკვდილოდ თავსა არა არ დარიდოს!`

ყმამან უთხრა: "აღარწასლვა არ ეგების ჩემგან აროს.
იადონი მაშინ მოკვდეს‚ ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
ხამს‚ უძებნოს ცვარი წყლისა‚ მისთვის თავი ყოვლგან აროს‚
ვერ უპოვოს‚ რა ქმნას‚ ანუ გული რითა დაიწყნაროს!

უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა‚ ვერცა წოლასა‚
მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ‚ მათ თანა რბოლასა;
ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

მოვახსენებ ერთხელ კვლაცა‚ აწ რაზომცა მეფე წყრების‚
ნუთუ გაბრჭოს‚ გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;
არ გამიშვებს‚ გავიპარვი‚ რა იმედი გარდმიწყდების‚
მე თუ მოვკვდე‚ ჩემი კერძი სოფელიცა გარდიფხვრების!`

მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი‚
უმასპინძლა‚ ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი‚
მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა‚ მოყმენი და თუნდა ბერნი.
გაიყარნეს‚ ყმა წავიდა‚ სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან‚
სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან‚ ნიადაგ მიუმცთარომან‚
სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან.
კაცი გაგზავნა ვაზირისასა‚ ესე ყველაი მისთვის არო მან.

შესთვალა‚ თუ: "რაცა გმართებს‚ ვით მოგცე და ვით გაქონო‚
ვალთა შენთა გარდსახდელად რა ნაცვალი მოვიგონო?
თუღა დავრჩე‚ შენთვის მოვკვდე‚ თავი ჩემი დაგამონო‚
სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო‚ შეგიწონო".

მე ვითა ვთქვა უებრობა‚ სიკეთე და ქება მისი!
კაცი იყო საქმისაცა შესაფერი‚ შესატყვისი;
ასრე უნდა მოხმარება‚ გავიდოდეს ვისცა ვისი.
ოდეს კაცსა დაეჭიროს‚ მაშინ უნდა ძმა და თვისი.

 
 

ერმადინს ეტყვის‚ უბრძანებს პირმზე‚ ნათელთა მფენელი:
"ესე დღე არის იმედი‚ ჩემი გულისა მლხენელი‚
შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი`.
მქებრად ამბვისა მათისა ხამს მკითხველი და მსმენელი.

იტყვის: "როსტან არ გამიშვა‚ არცა სიტყვა მომისმინა;
მან არ იცის‚ რათა ვინ-ა და სულდგმული ვისგან ვინ-ა;
უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე‚ ნუცა შინა!
რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

თუცა მისი არგაწირვა ჩემგან მტკიცობს‚ არ სათუობს‚ –
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს‚ –
გული‚ მისი უნახავი‚ ტირს და სულთქვამს‚ ვაებს‚ უობს‚
ლხინსა არას არ იახლებს‚ ჰკრთების‚ კუშტობს‚ ვახშობს‚ ქსუობს.

სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ‚ ნდომა სიახლისა‚ სიშორისა ვერმოთმენა‚
მიცემა და არას შური‚ ჩუქებისა არმოწყენა‚
გავლენა და მოხმარება‚ მისად რგებად ველთა რბენა.

რადღა ვაგრძელებ სიტყვასა‚ ჟამია შემოკლებისა!
აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.
რასაცა გვედრებ‚ ისმენდი‚ ვირე დრო გქონდეს ხლებისა;
შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე‚
სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე;
სახლი ჩემი შეინახე‚ სპათა ჩემთა ეთავადე‚
სამსახური აქამდისი‚ კვლა გავლენა გააკვლადე!

მტერთა ჩემთა ენაპირე‚ ძალი ნურა მოგაკლდების‚
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს‚ ორგულიმცა შენი კვდების!
შემოვიქცე‚ შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;
პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების".

ესე ესმა‚ ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;
მოახსენა: ~მარტოობით ჭირსა რადმცა შეუშინდი!
მაგრა რა ვქმნა‚ უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!
წამიტანე სამსახურად‚ მოგეხმარო‚ რადცა გინდი.

ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი!
ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი!
დაკარგულსა გიგონებდე‚ რა ვიქმნები აქა ფლიდი?`
ყმამან უთხრა: ~ვერ წაგიტან‚ რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი.

შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა‚
მაგრა საქმე არ მოხდების‚ ჟამი ასრე დამემტერა!
ვის მივანდო სახლი ჩემი‚ შენგან კიდე ვინმც მეფერა?!
გული დადევ‚ დაიჯერე‚ ვერ წაგიტან ვერათ‚ ვერა!

თუ მიჯნური ვარ‚ ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;
არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?
გაჭრა ხელია მიჯნურთა‚ რად სცალს თავისა ბერებად!
ასრეა ესე სოფელი‚ შესჯერდი კვლა შეჯერებად!

რა მოგშორდე‚ მახსენებდი‚ სიყვარული ჩემი გქონდეს;
არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა‚ თავი მონად მომიმონდეს.
ხამს‚ მამაცი გაგულოვნდეს‚ ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
მძულს‚ რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

მე იგი ვარ‚ ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად‚
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე‚ გაუშვივარ‚ დავდგე მე რად!
მას თუ დავსთმობ‚ სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?

 
 
 
Make a Free Website with Yola.