გული კრულია კაცისა‚ ხარბი და გაუძღომელი‚
გული – ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო‚ ლხინთა მნდომელი‚
გული – ბრმა‚ ურჩი ხედვისა‚ თვით ვერას ვერ გამზომელი‚
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი‚ ვერცა პატრონი რომელი!"

რა გულსა უთხრა გულისა‚ სიტყვანი საგულისონი‚
მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი‚
მის მზისა მკლავსა ნაბამნი‚ მათ კბილთა შესატყვისონი‚
პირსა დაიდვა‚ აკოცა‚ ცრემლი სდის‚ ვითა ბისონი.

რა გათენდა‚ კაცი მოვა მომკითხავი‚ დარბაზს მხმობი.
ყმა წავიდა ლაღი‚ ნაზი‚ ნაღვიძები‚ ძილნაკრთობი.
ერთმანერთსა ეჯარვიან‚ დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
მეფე მინდორს ეკაზმოდა‚ მოემზადა დაბდაბ-ნობი.

მეფე შეჯდა‚ მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა!
ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა‚
მზესა ქორნი აბნელებდეს‚ ძაღლთა რბოლა მიდამოდა;
მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

ინადირეს‚ შემოიქცეს მხიარულნი‚ მინდორს რულნი;
შეიტანნეს დიდებულნი‚ თავადნი და სპანი სრულნი;
დაჯდა‚ დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი‚
ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა‚ მომღერალნი იყვნეს რულნი!

ყმა ახლოს უჯდა მეფესა‚ ჰკითხვიდა‚ ეუბნებოდა;
ბაგეთათ გასჭვირს ბროლ-ლალი და კბილთათ ელვა ჰკრთებოდა.
ახლოს სხდეს ღირსნი‚ ისმენდეს‚ შორს ჯარი დაიჯრებოდა‚
უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა.

ყმამან რაცა არვის უთხრის‚ კითხვად ვინმცა გაუპირდა?
მართალა‚ თუ საუბარსა აძვირებდა‚ ძვირად ღირდა;
სმა გარდახდა‚ გაიყარნეს‚ ყმა წავიდა‚ მი-ცა-სჭირდა‚
ვეღარ გასძლო‚ გული მისი აუჩუქდა‚ აუტირდა.

ყმა მივიდა გულმოკლული‚ ცრემლი ველთა მოედინა.
მართ მისივე სიყვარული უარებდა თვალთა წინა.
ზოგჯერ ადგის‚ ზოგჯერ დაწვის‚ ხელსა რადმცა დაეძინა!
რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

წევს‚ იტყვის: "გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო?
მოგშორდი‚ ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო‚
შენთა მჭვრეტელთა ნიშატო‚ ვერმჭვრეტთა სავაგლახეო‚
ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ‚ ნეტარმცა სიზმრივ გნახეო!"

ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;
კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
არ დავთმოთ‚ რა ვქმნათ‚ სევდასა‚ მითხარ‚ რა მოუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან‚ ჭირიცა შევიწყნაროთა".

კვლა იტყვის: "გულო‚ რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება‚
სჯობს სიცოცხლისა გაძლება‚ მისად თავისა დადება‚
მაგრა დამალე‚ არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება‚
ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!"

 
 

რა გათენდა‚ შეეკაზმა‚ ყმა გავიდა ადრე გარე;
იტყვის: "ნეტარ‚ მიჯნურობა არ დამაჩნდეს‚ და-მცა-ვფარე!"
დათმობასა ეაჯების გულსა: "შენ რა მოუგვარე!"
ცხენსა შეჯდა‚ წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

ვაზირმან ცნა‚ გაეგება: "ჩემსა მზეა ამოსრული‚
ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!"
მიეგება‚ თაყვანისსცა‚ ჰკადრა სრულსა ქება სრული.
ხამს სტუმარი სასურველი‚ მასპინძელი – მხიარული.

ყმა გარდასვა მასპინძელმან‚ არ ღაფალმან‚ ავმან‚ უქმან;
ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
ყმამან სახლი გაანათლა‚ ვით სამყარო მზისა შუქმან;
თქვეს: "სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან".

დაჯდა‚ მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს‚
მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს‚
სულთქმა ბევრი აათასეს‚ აღარა თუ აერთხელეს.
გაყრა ბრძანეს‚ გაიყარნეს‚ ჯალაბობა გაათხელეს.

რა ჯალაბი გაიყარა‚ ყმა ვაზირსა ეუბნების‚
ეტყვის: "შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;
რაცა გწადდეს საურავი‚ მეფე იქს და შენ გეთნების‚
გააგონენ ჭირნი ჩემნი‚ მკურნე‚ რაცა მეკურნების!

მის ყმისა ცეცხლი მედების‚ წვა მჭირს მისისა მწველისა;
მკლავს სურვილი და ვერნახვა ჩემისა სასურველისა;
მას ჩემთვის სულნი არ შურდეს‚ შეზღვა ხამს შეუზღველისა;
ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა‚ უშურველისა.

მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა‚
მუნვე დარჩა‚ დათმობაცა მას თანავე დაება‚ და-;
რათგან დასწვავს მოახლეთა‚ ღმერთსა მზედცა დაებადა!
მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

ოდეს წამოვე‚ შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:
«კვლა მოვალ‚ გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;
შენსა მე ვეძებ ნათელსა‚ შენ ხარ გულითა ბნელითა»;
ჟამია ჩემგან წასლვისა‚ მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

ყოველსავე მართლად გითხრობ‚ არ სიტყვასა საკვეხელსა.
მიმელის და ვერ მისრულ ვარ‚ ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
ვერ გაუტეხ ზენაარსა‚ ვერ გავსწირავ ხელი ხელსა‚
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა‚ ფიცთა გამტეხელსა!

რაცა გითხრა‚ ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე‚ მიედ სრასა;
თავმან მისმან‚ – ფიცით გეტყვი შენ‚ ვაზირსა‚ ოსტასრასა‚ –
არ შემიპყრობს‚ არ დავდგები‚ თუ შემიპყრობს‚ მაქნევს რასა?
მიშველე რა‚ გული ცეცხლმან არ დამიჭრას‚ არცა სრასა!

ჰკადრე: «ვინ გაქოს ყოველმან პირმან არმეუზრახემან!
ვითა ვიშიშვი‚ გაცნობოს ღმერთმან‚ ნათელთა სახემან!
მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა‚ ალვისა სახემან‚
გული წამსავე წამიღო‚ – ვერათ ვერ შევინახე‚ – მან.

აწ‚ მეფეო‚ უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების;
გული მას აქვს‚ უგულოსა აქა ხელი რა მეხდების?
თუ რას ვარგებ‚ პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების;
ვერას ვარგებ‚ გულსა დავსდებ‚ ჩემი ფიცი არ გატყდების.

წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს‚ არ დაჭმუნდეს;
თავსა ჩემსა გაგებული იქმნას‚ რაცა ღმერთსა უნდეს;
მანვე ქმნას და გამიმარჯვდეს‚ თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
არ მოვბრუნდე‚ თქვენმცა სუფევთ‚ მტერი თქვენი დაძაბუნდეს!»"

კვლა პირმზე ეტყვის ვაზირსა: "მე სიტყვა შევამცირეო‚
წა‚ ესე ჰკადრე მეფესა‚ შე-ვინ-ვიდოდეს ვირეო;
მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო‚
ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო".

ვაზირმან უთხრა სიცილით: "ქრთამი შენ გქონდეს შენია!
შენგან კმა ჩემად წყალობად‚ რომე გზა გაგიჩენია.
მაგას რა ვჰკადრებ მეფესა‚ რაცა აწ თქვენგან მსმენია‚
ვიცი‚ უცილოდ ამავსებს‚ შოება არსაწყენია.

თავმან მისმან‚ მუნვე მომკლავს‚ ვეჭვ‚ წამიცა არ წამაროს!
შენი ოქრო შენვე დაგრჩეს‚ მე‚ გლახ‚ მიწა მესამაროს;
მომკალ‚ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!
არ ითქმის და ვერცა ვიტყვი‚ რა გინდა ვინ მისაგმაროს.

გზა არ წავა თავსა წინა‚ სიცოცხლე‚ გლახ‚ ვით გათნიო?
ამიკლებს და ანუ მომკლავს: «ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!
რად არ მუნვე გაიგონე‚ რად ხარ შმაგი აგეთიო?!»
სჯობს სიკვდილი აკლებასა‚ ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

თუ მეფეცა გაგიშვებდეს‚ თვით ლაშქარნი რად მოღორდენ?
რად გაგიშვან‚ რად დაღორდენ‚ ანუ მზესა რად მოშორდენ?
შენ წახვიდე‚ მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ‚ გაგვისწორდენ.
ეგე ასრე არ იქმნების‚ ვითა ჩიტნი არ გაქორდენ".

ყმა ატირდა‚ ცრემლით უთხრა: "ხამს‚ თუ დანა გულსა ვიცი;
ჰე‚ ვაზირო‚ შეგეტყვების‚ სიყვარული არ თურ იცი;
ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი?
თუ გინახავს‚ უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

მზე დაბრუნდა‚ არა ვიცი‚ მზესა რა ცა დააბრუნვებს!
აწ უშველოთ‚ გვიჯობს‚ იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს‚
ჩემი ჩემებრ არვინ იცის‚ რა მამწარებს‚ რა მატკბუნვებს;
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

მეფე ანუ მისნი სპანი‚ ნეტარ‚ ხელსა რასა მხდიან!
აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.
სჯობს‚ წავიდე‚ არ გავტეხნე‚ კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
ჭირნი‚ მისგან უნახავნი‚ დია‚ ვისმე გარდუხდიან?

აწ‚ ვაზირო‚ მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?
რკინა‚ ჩემი მონაცვალე‚ ხამს‚ გაცვილდეს‚ არ გატინდეს;
ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა‚ ჯეონიცა თვალთათ მდინდეს‚
მომეხმარე‚ ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

არ გამიშვებს‚ გავიპარვი‚ წავალ მათგან შეუგებლად;
ვითა მნუკევს‚ ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.
ვიცი‚ ჩემთვის არას გიზამს‚ თუ არ უნდი გასაძებლად;
თქვი‚ რა გინდა წაგეკიდოს‚ თავი დადევ საწამებლად!`

ვაზირმან თქვა: ~შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების‚
ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა‚ სოფელიცა გაქარდების;
ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა‚ ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ვიტყვი‚ მოვკვდე‚ არა მგამა‚ ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების!"

რა ვაზირმან ესე უთხრა‚ ადგა‚ დარბაზს გაემართა.
მეფე დახვდა შეკაზმული‚ პირი მზეებრ ეწაღმართა.
შეუშინდა‚ საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა‚
დაყრით დადგა‚ იგონებდა არ საქმეთა საომართა.

 
 
 
Make a Free Website with Yola.