თინათინს ჰკადრა შერმადინ‚ ნათელსა მას უღამოსა:
"ავთანდილ მოვა წინაშე‚ გკადრებს ამბავსა ამოსა".
იგი მით აკრთობს ელვასა‚ მზისაგან უთამამოსა‚
მას საბოძვარი უბოძა‚ მისი ყველაი დამოსა.

მეფე შეჯდა‚ გაეგება ყმასა‚ მუნით მომავალსა;
ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.
მიეგება‚ მოეგება მხიარული გულმხურვალსა‚
დიდებულთა ჯარისაგან ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.

რა მიეახლა‚ გარდახდა ყმა‚ თაყვანისსცა მეფესა;
აკოცა როსტან‚ მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;
გულმხიარულნი‚ შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;
მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

მას ავთანდილ თაყვანისსცა‚ ლომთალომმან მზეთამზესა.
მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.
პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთაზესა‚
სახლ-საყოფი არა მართებს‚ ცამცა გაიდარბაზესა!

მას დღე დასხდეს ნადიმობად‚ გაამრავლეს სმა და ჭამა;
ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს‚ ვითა შვილსა ტკბილი მამა.
მათ ორთავე აშვენებდა‚ ფიფქსა – თოვნა‚ ვარდსა – ნამა.
უხვად გასცეს საბოძვარი‚ მარგალიტი‚ ვითა დრამა.

სმა გარდახდა‚ თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;
დიდებულნი არ გაუშვნეს‚ ყმა დაისვეს ახლოს წინა;
მეფე ჰკითხავს‚ იგი ჰკადრებს‚ რაცა ჭირი დაეთმინა‚
მერმე მისი‚ უცნობოსა‚ რა ენახა‚ რა ესმინა.

"მას ვახსენებდე‚ ნუ გიკვირს‚ თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა‚
ვინ უნახავქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;
ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა‚ შორს მყოფი‚ ახ‚ ის-ა!"

რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან‚
ქაცვი ლეწამმან‚ ზაფრანი იმსგავსოს ფერად მინამან.
ავთანდილ‚ მისმან მხსენებმან‚ ღაწვი ცრემლითა მინა მან‚
წვრილად უამბო ამბავი მან‚ მისმან მონასმინამან:

"ქვაბნი ომითა წაუხმან‚ სახლად აქვს დევთა სახლები‚
საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები‚
ვეფხისა ტყავი აცვია‚ ცუდად უჩს სტავრა-ნახლები‚
აღარა ნახავს სოფელსა‚ ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები".

რა დაასრულა ამბავი‚ საქმე მისისა ჭირისა‚
ნახვა მის მზისა ნათლისა‚ მის‚ თვალად არდუხჭირისა‚
ეამა ქება ვარდისა‚ ბროლისა განაჭვირისა:
"ეგე კმა სიმხნე სიმხნისად‚ რადღა ხარ მომხვეჭი რისა!"

გამხიარულდა თინათინ ამა ამბვისა სმენითა.
მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არმოწყენითა‚
კვლა საწოლს დახვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა:
მისლვა ებრძანა‚ ეამა‚ თქმა არ ეგების ენითა.

ყმა წავიდა მხიარული‚ ლმობიერი‚ არ გამწყრალი‚
ლომი, მინდორს ლომთათანა, მინდორს რული‚ ფერნამკრთალი‚
ყმა სოფლისა ხასიათი‚ ჯავარსრული‚ მრავალწყალი‚
მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული‚ არნადევრი‚
წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი‚
ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი‚ წარბი ტევრი.
მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა‚ ხამს‚ აქებდეს ენა ბევრი!

ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა;
სხენან სავსენი ლხინითა‚ ორთავე შესატყვისითა;
უბნობენ ლაღნი‚ წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა;
უთხრა: "ჰპოვეა‚ პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?"

ჰკადრა: "რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა‚
ხსოვნა არა ხამს ჭირისა‚ ვით დღისა გარდასრულისა.
ვპოვე ხე‚ ტანი ალვისა‚ სოფლისა წყლითა რწყულისა‚
მუნ პირი‚ მსგავსი ვარდისა‚ მაგრა აწ ფერნაკლულისა.

მუნ სარო‚ მსგავსი ვარდისა‚ ვნახე‚ მისჭირდა‚ მი-‚ ნები;
იტყვის: «დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები».
მით ვიწვი‚ რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები".
მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან‚ მისგან მონასმინები.

სიარულსა მისგან ძებნად‚ სრულ პატიჟთა მოსთვლის‚ ჭირსა;
მერმე ჰკადრა‚ საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
"საწუთრო და სოფელს ყოფა‚ კაცი უჩსო‚ ვით ნადირსა‚
ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს‚ ტირსა.

ნუ მკითხავ‚ ქება რა გკადრო‚ ჩემგან რა გაგეგონების?
მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების;
თვალი მჭვრეტელი‚ ვით მზისა ციაგსა‚ დაეღონების;
ვარდი შექმნილა ზაფრანად‚ აწ ია შეიკონების!"

წვრილად ჰკადრა‚ რა იცოდა – რა ნახულად‚ რა ნასმენად:
"ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად‚ მენად;
ქალი ახლავს სასურველად‚ სულთა დგმად და ჭირთა თმენად".
ვაჰ‚ სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!

ქალსა რა ესმა ამბავი‚ მიხვდა წადილი ნებისა‚
განათლდა პირი მთვარისა‚ ვით ნათლად ნავანებისა;
იტყვის: "რა უთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა‚
რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?"

ყმა ეტყვის: "ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა?
მან ჩემთვის დაწვა თავისა დადვა‚ არდასაწვავისა;
დრო დამიც ჩემგან მისლვისა‚ მითქვამს დადება თავისა‚
მზე შემიფიცავს თავისა‚ ჩემგან მზედ სახედავისა.

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არდამრიდად‚
გული მისცეს გულისათვის‚ სიყვარული – გზად და ხიდად;
კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად‚
აჰა‚ მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად‚ თავი ფლიდად!"

მზე ეტყვის: "მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:
პირველ‚ შენ მოხვე მშვიდობით‚ მპოვნელი დაკარგულისა‚
მერმე‚ ზრდა სიყვარულისა გაქვს‚ ჩემგან დანერგულისა‚
ვპოვე წამალი გულისა‚ აქამდის დადაგულისა!

საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
აქამდის ჭირი ჩემ ზედა‚ აწ ესე ლხინი უხვდების‚
რათგან შვება აქვს სოფელსა‚ თვით რად ვინ შეუწუხდების?

შენ არგატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა‚
ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა‚
ჩემი თქვი‚ რა ვქმნა ბნელქმნილმან‚ მზე მიმეფაროს‚ მი-‚ ცისა?"

ყმამან ჰკადრა:"სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა‚
ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა‚
ცუდი არის სიყვარული‚ ქვეით კოცნა‚ მზისა წვერვა‚
თუ გეახლო‚ ერთხელ ვაჰ და‚ რა მოგშორდე‚ ათასჯერ ვა!

ვაჰ თუ გავიჭრა‚ გაჭრილსა სადა‚ გლახ‚ დამწვავს სამ ალი!
გული ძეს საგნად ისრისა‚ მესრის საკრავად სამალი;
დღე სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;
მალვა მწადს‚ მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

მესმა თქვენი ნაუბარი‚ გავიგონე‚ რაცა ჰბრძანე;
ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს‚ ეკალთამცა რად ვეფხანე?!
მაგრა‚ მზეო‚ თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე‚
სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე!"

ყმა ტკბილი და ტკბილქართული‚ სიკეთისა ხელისმხდელი‚
ამას ზედა ეუბნების‚ ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
ქალმან მისცნა მარგალიტნი‚ სრულქმნა მისი საწადელი‚
ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

რა სჯობს‚ რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს‚
ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს‚ მორწყოს‚ ახიოს‚
მისსა მჭვრეტელსა ალხინოს‚ ვერმჭვრეტსა ავაგლახიოს!
ვაÎ მოყვარისა გაყრილსა‚ ახი ოს ეყოს‚ ახი ოს!

მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა.
ყმა წამოვიდა გაყრილი‚ მივა გულითა რეტითა.
მზე ტირს სისხლისა ცრემლითა‚ ზღვისაცა მეტისმეტითა.
იტყვის: "ვერ გაძღა სოფელი‚ ვა΂ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!"

ყმა წავიდა სევდიანი‚ მკერდსა იცემს‚ ამად ილებს‚
რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს;
რა ღრუბელი მიეფარვის‚ მზე ხმელეთსა დააჩრდილებს‚
მის მოყვრისა მოშორვება კვლა აბინდებს‚ არ ადილებს.

სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
იტყვის: "მზე ჩემგან თავისა კმა დასადებლად აღარად;
მიკვირს‚ თუ გული ალმასი შავმან წმწამმან დაღა რად!
ვირე ვნახვიდე‚ სოფელო‚ მინდი სალხინოდ აღარად!

ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრწყო‚ დამრგო‚ მახია‚
დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა‚ დანასა მახია‚
დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა‚ მახია.
აწყა ვცან‚ საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!"

ამას მოსთქვამს‚ ცრემლსა აფრქვევს‚ ათრთოლებს და აწანწარებს‚
გულამოსკვნით‚ ოხრვა-სულთქმით მიხრის ტანსა‚ მიაწარებს.
საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს‚
ვაჰ‚ საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს‚ აზეწარებს!

ყმა მივიდა‚ საწოლს დაჯდა‚ ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების‚
მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა‚ არ მოსწყდების;
ვით მწვანვილსა თრთვილისაგან‚ პირსა ფერი მოაკლდების.
ხედავთ‚ ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების!

საწოლს მჯდომმან პირსა ცემით ბროლი ბღუჯოს‚ ვარდი კონოს;
გულსა იდებს‚ იტყვის: "კაცმან ჭირი ლხინსა შეაწონოს;
ლხინმან სძლიოს‚ გაძლება ხამს‚ ჭირი სთმოს და ჟამთა მონოს.
ვინ ქონება არ იმადლოს‚ მას სხვა ღმერთმან რა აქონოს!

 
 
 
Make a Free Website with Yola.