აჩინნა კაცნი‚ სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს‚
უბრძანა: «ძებნეთ ყოველგან‚ რაცა ვის მისი გსმენოდეს».
მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ‚ პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს.
უმისოდ ლხინი მინახავს‚ ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა‚
მითხრა‚ თუ: «მცთარ ვარ აქამდის‚ ვერ მივხვდი გასაგონოსა:
ხარ დიდი მეფე ინდოთა‚ რა ვით ვინ მოგაწონოსა!
ვინ არის კაცი‚ რომელმან თავი არ დაგამონოსა?!»

რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მცნობელნი‚
ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი‚
ვერა ვერ ეცნა‚ ვერ იყვნეს ვერას ამბვისა მბობელნი‚
მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი.

მე ფრიდონს უთხარ: «ესე დღე ვითა მესაზაროების‚
ამისად მოწმად ღმერთი მყავს‚ სათქმელად მეუცხოების;
უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების‚
დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა‚ მით გული ჭირსა მოების.

მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი‚
ვეღარ ვიქმნები‚ გამიშვი‚ ვარ ფარმანისა მთხოველი!»
ფრიდონს რა ესმა‚ ატირდა‚ სისხლითა მოერწყო ველი;
მითხრა‚ თუ: «ძმაო‚ დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!»

თუცა დია მოიჭირვეს‚ ვერცა ეგრე დამიჭირეს;
მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს‚
მეხვეოდეს‚ მაკოცებდეს‚ ატირდეს და ამატირეს:
«ნუ წახვალო‚ დაგაწამოთ‚ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!»

ეგრე უთხარ: «თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების‚
მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების;
ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ‚ თქვენცა დია გებრალების‚
ნუვინ მიშლით‚ არ დავდგები‚ არცა ვისგან დამეშლების».

მერმე ფრიდონ მოიყვანა‚ მიძღვნა ესე ჩემი ცხენი‚
მითხრა: «ხედავ პირი მზისა‚ თქვენ‚ საროსა‚ ეგეც ხენი‚
ვიცი‚ მეტი არა გინდა‚ ძღვენნი რადმცა გავკიცხენი?
თვით ამანვე მოგაწონნეს სახედრობა-სიფიცხენი».

ფრიდონ გამომყვა‚ წავედით‚ ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ‚ ზახილით გავიყარენით.
სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად‚ არ ენით.
გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

ფრიდონისით წამოსრულმან‚ წავე ძებნად‚ კვლა ვიარე‚
რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა‚ ზღვათა გარე‚
მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;
გული სრულად გამიშმაგდა‚ თავი მხეცთა დავადარე.

ვთქვი‚ თუ: «ჩემი აღარაა სიარული‚ ცუდი ცურვა‚
ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!»
მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა:
«ვიცი‚ რომე დამირჯიხართ‚ დია გმართებს ჩემი მდურვა.

აწ წადით და მე დამაგდეთ‚ ეტერენით თავთა თქვენთა‚
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა‚ თვალთა ჩემთა მონადენთა!»
რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა‚
მითხრეს: «ჰაი–ჰა‚ რასა ჰბრძანებ‚ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა‚ ნუ უფალსა!
ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა‚ სატურფალსა!»
თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არღაფალსა.

ვეღარ გავგზავნენ‚ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი‚
მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი;
სახლად საყოფნი მიმიჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.
გავიჭერ‚ სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ‚ დევთა შეეკაფნეს‚
შემოვები‚ ამოვსწყვიდენ‚ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს;
მათ მონანი დამიხოცნეს‚ ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
საწუთრომან დამაღრიჯა‚ ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

აჰა‚ ძმაო‚ მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;
ხელი მინდორს გავიჭრები‚ ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები‚
– 
ესე ქალი არ დამაგდებს‚ არს მისთვისვე ცეცხლნადები‚ –
ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს‚
ამად მიყვარს ტყავი მისი‚ კაბად ჩემად მომინახავს;
ესე ქალი შემიკერავს‚ ზოგჯერ სულთქვამს‚ ზოგჯერ ახავს;
რათგან თავი არ მომიკლავს‚ ხრმალი ცუდად მომიმახავს.

მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
მას დაკარგულსა ვიგონებ მე‚ სიცოცხლისა მთმენები;
მას აქათ ვახლავ ნადირთა‚ თავსა მათებრვე მხსენები;
სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან‚ ვარ სიკვდილისა მქენები".

პირსა იცა‚ გაიხეთქა: ღაწვი ვარდი აიხეწა‚
ლალი ქარვად გარდაიქცა‚ ბროლი სრულად დაილეწა;
ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე‚ წა-;
მერმე ქალმან დაადუმა‚ მუხლმოყრილი შეეხვეწა.

ტარიელ უთხრა ავთანდილს‚ ასმათის დადუმებულმან:
~შენ ყველაკაი გაამე მე‚ ვერას ვერ ამებულმან;
გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლეგაარმებულმან‚
აწ წადი‚ ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან`.

ავთანდილ უთხრა: ~მე შენი გაყრა არ მომეთმინების;
თუ გაგეყრები‚ თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.
მართალსა გითხრობ‚ ამისი კადრება ნუ გეწყინების‚
შენ ვისთვის ჰკვდები‚ მაგითა მას არა არ ელხინების.

რა აქიმი დასნეულდეს‚ რაზომ გინდა საქებარი‚
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი;
მას უამბოს‚ რაცა სჭირდეს სენი‚ ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

რაცა გითხრა‚ მომისმინე‚ ბრძენი გეტყვი‚ არა ხელი:
ასი გმართებს გაგონება‚ არ გეყოფის‚ არ‚ ერთხელი;
კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულფიცხელი.
აწ მე მინდა ნახვა მისი‚ ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

იგი ვნახო‚ სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;
მოვახსენო‚ რაცა მეცნას‚ მეტი საქმე არა მიცო;
შენ გენუკევ‚ შემაჯერო‚ ღმერთი იღმრთო‚ ცაცა იცო‚
ერთმანერთი არ გავწიროთ‚ მაფიცო და შემომფიცო.

რომე აქათ არ წახვიდე‚ შენ თუ ამას შემეპირო‚
მეცა ფიცით შეგაჯერებ‚ არასათვის არ გაგწირო‚
კვლა მოვიდე შენად ნახვად‚ შენთვის მოვკვდე‚ შენთვის ვირო‚
ღმერთსა უნდეს‚ ვისთვის ჰკვდები‚ მისთვის აგრე არ გატირო".

მან მიუგო: ~უცხოსუცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები‚ იადონსა ვითა ვარდი;
რაგვარამცა დაგივიწყე‚ რაგვარამცა უკუმქარდი!
ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი‚ განაზარდი.

პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს‚ ტანი ვით ხოს‚
გული მინდორს არ გაიჭრეს‚ არ ირმოს და არცა ითხოს;
თუ გიტყუო‚ მოგაღორო‚ ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა‚ მითხოს!`

ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი‚
იაგუნდნი ქარვისფერნი‚ სიტყვაძვირნი‚ ცნობაშმაგნი;
შეუყვარდა ერთმანერთი‚ სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი‚
მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;
რა გათენდა‚ წამოვიდა‚ აკოცა და გაეყარა;
ტარიელს თუ ვით ეწყინა‚ რა ქმნას‚ ამას ვერ მიმხვდარა;
ავთანდილცა ჩატიროდა‚ შამბი შიგან ჩაიარა.

ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა‚ ზენარით ეუბნებოდა‚
მუხლთა უყრიდა‚ ტიროდა‚ თითითა ეხვეწებოდა‚
ადრე მოსლვასა ვედრებდა‚ მართ ვითა ია ჭნებოდა;
მან უთხრა: "დაო‚ უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

ადრე მოვალ‚ არ გაგწირავ‚ არას დავზამ შინა ხანსა‚
ოდენ სხვაგან არ წავიდეს‚ ნუსად არებს იმა ტანსა;
აქათ ორ თვე არ მოვიდე‚ ვიქ საქმესა დაუგვანსა‚
შეიგენით‚ მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა".

 
 

იგი‚ მუნით წამოსრული‚ სევდამანცა განა მოკლა!
პირსა იხოკს‚ ვარდსა აპობს‚ ხელი მისი გაამხოკლა;
სისხლსა‚ მისგან დადენილსა‚ მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.

მუნ მივიდა‚ სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს.
ნახეს‚ იცნეს; რაგვარაცა მართებს‚ აგრე გაეხარნეს.
შერმადინსცა ახარებდეს‚ ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
"მოვიდაო‚ აქანამდის ვისთვის ლხინნი გაგვემწარნეს!"

გაეგება‚ მოეხვია‚ ზედა დასდვა პირი ხელსა‚
აკოცებდა‚ სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა;
ესე თქვა‚ თუ: "ნეტარ‚ ღმერთო‚ ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა?
მე ვით ღირს ვარ ამას‚ რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!"

ყმამან მდაბლად მოიკითხა‚ ზედა დასდვა პირი პირსა;
უბრძანა‚ თუ: "ღმერთსა ვმადლობ‚ შენ თუ ჭირად არა გჭირსა!"
დიდებულთა თაყვანისსცეს‚ აკოცებდეს‚ ვინცა ღირსა‚
ზარსა სცემდეს‚ უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა.

მოვიდეს‚ სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული.
მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.
მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული‚ ლაღი‚ შვებული.
ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული.

შერმადინს უთხრა‚ უამბო ყოველი მისგან ნახული‚
ანუ ვით პოვა იგი ყმა‚ მისგანვე მზედ დასახული.
ავთანდილს ცრემლი უყოფდა‚ უბნობდა თვალდაფახული:
"უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული".

მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა:
"შენი წასლვა არვინ იცის‚ რაცა მითხარ‚ აგრე ვქმენა!"
მას დღე მუნით არ წავიდა‚ ინადიმა‚ გაისვენა‚
ცისკრად შეჯდა‚ გაემართა‚ დღე რა მზემან გაათენა.

არცაღა დაჯდა ნადიმად‚ არცა ქმნად კვლა ხალვათისა;
შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა‚
ფიცხლა წავიდა‚ სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
მას ლომსა შეყრა უხარის მის მზისა მოკამათისა.

შესთვალა: "მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით!
ამა საქმესა ვიკადრებ შიშით‚ კრძალვით და რიდობით:
მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით‚
აწ ვცან და გაცნევ ყველასა‚ მოვალ შვებით და მშვიდობით".

როსტევან – მეფე უკადრი‚ მორჭმული‚ შეუპოველი.
შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:
"ავთანდილ მოვა წინაშე‚ მის ყმისა ვისმე მპოველი".
ბრძანა: "ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი".

 
 
 
Make a Free Website with Yola.