მათი მესმა‚ დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა‚
ნავი ვსთხოვე მენავეთა‚ მით ვიყივლე მე ერთხელ «ვა»‚
ზღვასა შევე‚ მომეგება მეომარი ვითა ღელვა‚
სწადდა‚ მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს‚
იქით და აქათ მომიხდეს‚ ერთგნით ვერ მომერეოდეს‚
არ მომწურვოდეს წინანი‚ ზურგით მესროდეს მე ოდეს‚
ხრმალსა მივენდვე‚ გამიტყდა‚ ისარნი დამელეოდეს.

მომეჯარნეს‚ ვეღარა ვქმენ‚ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე‚
ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე‚ ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;
თანამყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს‚ დამრჩეს მუნვე‚
ვინცა მდევდა‚ ვერ შემომხდა‚ მიუბრუნდი‚ მივაბრუნვე.

აწ იგი იქმნას‚ რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!
ვეჭვ‚ ჩემი სისხლი არ შერჩეს‚ ძალი შემწევდეს ქადილსა!
ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა‚
უხმობ ყვავთა და ყორანთა‚ მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!»

ამა ყმამან შემიკვეთა‚ გული მისკენ მიმიბრუნდა.
მოვახსენე: «აჩქარება შენი ყოლა არა უნდა‚
მეცა თანა წამოგყვები‚ დაიხოცნენ იგი მუნ‚ და-!
ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!»

ესეცა უთხარ: «ამბავი ჩემი არ გაგეგონების‚
უფრორე წყნარად გიამბობ‚ თუ ჟამი ჩვენ გვექონების».
მან მითხრა: «ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!
დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების».

მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა‚ მაგრა ცოტასა;
გამოეგებნეს ლაშქარნი‚ ისხმიდეს მისთვის ოტასა‚
პირსა იხოკდეს‚ გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა‚
ეხვეოდიან‚ ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.

კვლა მოვეწონე‚ ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი;
შემასხმიდიან ქებასა: «მზეო‚ შენ ჩვენთვის იდარი!»
მივედით‚ ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი‚
ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი".

 
 

"მოჯობდა‚ ომი შეეძლო‚ ხმარება ცხენ-აბჯარისა;
დავკაზმეთ ნავი-კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;
კაცი ხმდა‚ მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!
აწ გითხრა ომი მოყმისა‚ მებრძოლთა დამსაჯარისა.

მათი მესმა დაპირება‚ ჩაბალახთა ჩამობურვა;
ნავი წინა მომეგება‚ არა ვიცი‚ შვიდი თუ რვა.
ფიცხლა ზედა შევეჯახე‚ მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
ქუსლი შევეც‚ დაუქციე‚ დაიზახნეს დიაცურ «ვა».

კვლა სხვასა‚ მივე‚ მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა‚
ზღვასა დავანთქენ‚ დავხოცენ‚ ომიმცა რაღა აგესა!
სხვანი გამექცეს‚ მიმართეს მათ-მათსა საქულბაგესა‚
ვინცა მიჭვრეტდეს‚ უკვირდა‚ მაქებდეს‚ არ მაძაგესა.

ზღვა გავიარეთ‚ გავედით‚ შემოგვიტიეს ცხენია‚
კვლა შევიბენით‚ შეიქმნნეს ომისა სიმარცხენია.
მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე‚ იგი ალვისაც ხენია.

თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა‚
ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს‚ იგი ასრე ასაპყარნა‚
მოიტანნა მხარდაკრულნი‚ ერთმან ორნი არ დაყარნა‚
მათნი ყმანი გაამტირლნა‚ მისნი სპანი ამაყარნა.

მათნი ლაშქარნი გაგვექცეს‚ ვეცენით‚ გა-ცა-ვფანტენით;
ფიცხლად წაუღეთ ქალაქი‚ არ თავნი გავაზანტენით;
ქვითა დავლეწეთ წვივები‚ ჩვენ იგი გავანატენით.
მომკალ‚ თუ ლარი დალიოთ ან აკიდებით‚ ან ტენით.

ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა‚
თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა‚
მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;
ჩემი თქვეს‚ თუ: «ღმერთსა მადლი‚ ვინ ალვისა ხენი ასხნა!»

მივედით‚ მოქალაქეთა ზარი ჩნდა‚ რომე ზმიდიან‚
აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;
მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან‚
გვითხრობდეს: «მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!»

ლაშქარი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთმეფობით‚
თვით თავსა მათსა – მონად და ჩემსა ყველასა – სეფობით;
დაღრეჯით ვიყავ‚ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდსა მკრეფობით‚
ჩემი ვერ ცნიან ამბავი‚ მუნ იყო არ იეფობით".

 
 

"დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით‚
ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით;
ფრიდონ მითხრა: «გითხრობ რასმე‚ – ვთამაშობდით‚ ცხენსა ვსხედით‚
– 
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით».

მე ვჰკითხევდი‚ ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:
«დღე ერთ მწადდა ნადირობა‚ შევჯე ამა ჩემსა ცხენსა‚ –
ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა‚ –
აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა‚ იქით განაფრენსა.

ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი‚ წავსდგომოდი ამა გორსა;
ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე‚ თუცა შორსა‚
ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალუც მისსა სწორსა;
ვერად ვიცან‚ გონებასა გავეკვირვე ამად ორსა.

ვთქვი: «რა არის‚ რას ვამსგავსო‚ მფრინველია ანუ მხეცი?»
ნავი იყო‚ გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი;
წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი‚
მთვარე უჯდა კიდობანსა‚ ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.

ამოძვრეს ორნი მონანი‚ შავნი მართ ვითა ფისანი.
ქალი გარდმოსვეს‚ სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.
მას რომე ელვა ჰკრთებოდა‚ ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
მან გაანათლა ქვეყანა‚ გაცუდდეს შუქნი მზისანი!

სიხარულმან ამაჩქარა‚ ამათრთოლა‚ და-ცა-მლეწა‚
იგი ვარდი შემიყვარდა‚ რომე თოვლსა არ ეხეწა;
დავაპირე შეტევება‚ ვთქვი: «წავიდე მათკე მე‚ წა-‚
ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!»

ცხენი გავქუსლე‚ იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა‚
ვეღარ მიუსწარ‚ გამესწრნეს‚ რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
ზღვის პირსა მივე‚ შევხედენ‚ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა‚
გამშორვებოდეს‚ წამსლვოდეს‚ ამისთვის დავეწვი ალსა».

ესე მესმა ფრიდონისგან‚ მომემატა ცეცხლთა სიცხე‚
ცხენისაგან გარდავიჭერ‚ თავი სრულად გავიკიცხე‚
ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე.
უთხარ: «მომკალ‚ უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე?!»

ესე ჩემგან გაუკვირდა‚ ფრიდონს უცხოდ ეუცხოვა‚
მაგრა მეტად შევებრალე‚ ტირილითა მესათნოვა;
თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა‚
ვითა შვილი დამადუმა‚ მემუდარა‚ შემეპოვა.

«ვაგლახ მეო‚ რა გიამბე ფათერაკად‚ მცთარმან‚ შმაგად!»
მოვახსენე: «ნურა გაგვა‚ ნუ ინავღლი მაგას მაგად!
იგი მთვარე ჩემი იყო‚ მით მედების ცეცხლი მდაგად;
აწ გიამბობ‚ რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად».

ფრიდონს უთხარ ყველაკაი‚ ჩემი თავსა გარდასრული.
მან მითხრა‚ თუ: «რას ვიტყოდი მოცთომილი‚ გაბასრული!
შენ‚ მაღალი ინდოთ მეფე‚ ჩემსა რადმე ხარ მოსრული‚
სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს‚ სრაცა სრული».

კვლაცა მითხრა: «ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს‚
მას ლახვარსა მოაშორვებს‚ თუცა პირველ გულსა უხებს‚
იგი მოგვცემს წყალობასა მისსა‚ ზეცით მოგვიქუხებს‚
ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს‚ არაოდეს შეგვაწუხებს».

წამოვედით ნატირებნი‚ სრას დავსხედით თავისწინა;
ფრიდონს უთხარ: «ჩემი შემწე შენგან კიდე არავინ-ა‚
ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა‚
მაშა‚ რათგან შეგემეცნე‚ ამის მეტი რად რა მინა?

არ ავი გესვა მოყვარე‚ ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად‚
ენა‚ გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:
რა მოვაგვარო‚ რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
თუ ვერას ვარგებ‚ ვიქმნები ვერდამყოფელად წამისად».

მან მითხრა: «ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი?
მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი?
ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი.

ესე ქალაქი გზა არის ნავთა‚ ყოველგნით მავალთა‚
შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა;
აქა მოგესმის წამალი‚ შენ რომე დაუწვავ ალთა.
ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა ამაგა ჭირთა და ვალთა!

ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი‚ რომელთაცა კვლა უვლია‚
მოგვინახონ იგი მთვარე‚ ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
მუნამდისცა მოიჭირვე‚ – გონებამან არ დაგლია.
ყოლა ჭირი არ ეგების‚ თუმცა ლხინმან არ დასძლია».

კაცნი იხმნა მასვე წამსა‚ ესე საქმე დავიურვეთ‚
უბრძანა‚ თუ: «ნავებითა წადით‚ ზღვა-ზღვა მოიცურვეთ‚
მოგვინახეთ‚ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
თავთა ჭირი უათასეთ‚ რადმც უშვიდეთ‚ რადმცა ურვეთ?»

 
 
 
Make a Free Website with Yola.