იგი ვნახე‚ დავებნიე‚ გონებანი გამიშმაგნა;
შორით უხმე: «რაშიგან ვართ‚ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?»
მან საბრალოდ შემომტირნა‚ ძლივ სიტყვანი გამოაგნა‚
მითხრა: «ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა».

ახლოს მივე‚ კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!»
კვლა საბრალოდ ამიტირდა‚ კვლა მოედვა ამით ალი‚
დიდხან სიტყვა ვერა მითხრა‚ მისთა ჭირთა ნაათალი‚
მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

მერმე მითხრა: «მოგახსენებ‚ ესე რადმცა დაგიმალე?
მაგრა ვითა გაგახარნე‚ შენცა აგრე შემიწყალე:
ნუ მაცოცხლებ‚ ნუ დამარჩენ‚ შემიხვეწე‚ შემიბრალე‚
დამხსენ ჩემსა საწუთროსა‚ ღმერთსა შენსა მიავალე!»

მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა‚
მეფესა ესმა‚ აიჭრა‚ მართ მისგან გასატკივარდა‚
შენ დაგიზახნა‚ «მიხმეთო»‚ – ხმამაღლად გახმამყივარდა;
მოგნახეს‚ შინა ვერ გპოვეს‚ მით მეფე გამოჩივარდა.

ჰკადრეს : «აქა აღარ არის‚ კარნი სადმე გაუვლიან».
მეფე ბრძანებს: «ვიცი‚ ვიცი‚ მეტად კარგად შემიგნიან:
მას უყვარდა ქალი ჩემი‚ სისხლნი ველთა მოუღვრიან‚
რა ნახიან ერთმანერთი‚ არშეხედვა ვერ დათმიან.

აწ‚ თავმან ჩემმან‚ მას მოვჰკლავ‚ ჩემად დად ვინცა მადესა!
მე ღმრთისა უთხარ‚ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!
მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს‚ რა უქადესა?
თუ დავარჩინო‚ ღმერთი ვგმო‚ მისად პატიჟად მზად ესა!»

მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის‚
და თუ ფიცის‚ არ გატეხის‚ მასვე წამსა დაამტკიცის.
«ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა‚ ვინცა იცის‚
მან უამბო დავარ ქაჯსა‚ ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

დავარს‚ დასა მეფისასა‚ უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
«თავი ფიცა ძმამან შენმან‚ არ დაგარჩენს‚ იცის ერმან».
მან აგრე თქვა: «უბრალო ვარ‚ იცის ღმერთმან სახიერმან!
ვისგან მოვკვდე‚ ვისთვის მოვკვდე‚ მიიხვედროს იგი ვერ მან».

პატრონი ჩემი აგრევე იყო‚ წამოხვე შენ ოდეს;
შენეულნივე რიდენი ებურნეს‚ ტურფად შვენოდეს.
დავარ მოსთქმიდა სიტყვათა‚ რომელნი არა მსმენოდეს:
«ბოზო‚ შენ ბოზო‚ რად მომკალ? ვეჭვ‚ შენცა არა გლხენოდეს!

როსკიპო‚ ბოზო დიაცო‚ საქმრო რად მოაკლვევინე‚
ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე?
არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი‚ რა გიყავ‚ რა გაქნევინე?
აწ‚ ღმერთსა უნდეს‚ ვერ მიხვდე‚ ვის ესე დააშლევინე!»

ხელი მიჰყო‚ წამოზიდნა‚ თმანი გრძელნი დაუფუშნა‚
დაალება‚ დაალურჯა‚ მედგრად პირნი მოიქუშნა.
მან პასუხი ვერა გასცა‚ ოდენ სულთქვნა‚ ოდენ უშნა‚
ქალმან შავმან ვერა არგო‚ ვერცა წყლულნი დაუშუშნა.

რა დავარ გაძღა ცემითა‚ მისითა დალურჯებითა‚
წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა‚
მათ კიდობანი მოჰქონდა‚ ეუბნეს არ აჯებითა‚
მას შიგან ჩასვეს იგი მზე‚ ჰგავს‚ იქმნა დარაჯებითა.

მან უთხრა: «წადით‚ დაკარგეთ მუნ‚ სადა ზღვისა ჭიპია;
წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე‚ ვერცა ლიპია»;
მათ გაეხარნეს‚ ხმამაღლად იყივლეს: «იპი‚ იპია».
ესე ვნახე და არ მოვკვე‚ არა მგავს არცა სიპია.

ზღვითკე გაარნეს სარკმელნი; მაშინვე გაუჩინარდა.
დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს‚ ვინ არ და-!

ვირე მომკლვიდეს‚ მოვკვდები‚ სიცოცხლე გასაწყინარდა».
დანა დაიცა‚ მო-ცა-კვდა‚ დაეცა‚ გასისხლმდინარდა.

რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე‚ ლახვარდაუსობელსა!
აწ იგი მიყავ‚ რა მმართებს ამისსა მახარობელსა!
ზენაარ‚ დამხსენ სიცოცხლე სულთადგმადაუთმობელსა!»
საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა‚ დაუშრობელსა.

მე უთხარ: «დაო‚ რად მოგკლა‚ ანუ რა შენი ბრალია? –
რამცა ვქმენ ნაცვლად‚ თვით რომე მისი ჩემ ზედა ვალია! –
აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ‚ სად კლდე და წყალია».
სრულად გავქვავდი‚ შემექმნა გული მართ ვითა სალია.

მეტმან ზარმან გამაშმაგა‚ მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
გულსა უთხარ: «ნუ მოჰკვდები‚ არას გარგებს ცუდი წოლა‚
გიჯობს გაჭრა ძებნად მისად‚ გავარდნა და ველთა რბოლა.
აჰა ჟამი‚ ვისცა გინდა ჩემი თანაწამოყოლა!»

შევე‚ ფიცხლად შევეკაზმე‚ ცხენსა შევჯე შეკაზმული;
ას სამოცი კარგი მოყმე‚ ჩემსა თანა ხანდაზმული‚
წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული‚
ზღვის პირს მივე‚ ნავი დამხვდა‚ მენავემან მნახა ზმული.

ნავსა შევჯე‚ ზღვასა შევე‚ ზღვასა შიგან გავალაგდი‚
არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;
მოველოდი‚ არა მესმა‚ შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი‚
რომე სრულად მომიძულვა‚ ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

რომე დავყავ წელიწადი‚ თვე თორმეტი გამეოცა‚
მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;
თანამყოლი ყველაკაი ამომიწყდა‚ დამეხოცა‚
ვთქვი‚ თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ‚ რაცა სწადდეს‚ აგრე ვყოცა».

ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა‚ მით გამოვე ზღვისა პირსა
გული სრულად გამიმხეცდა‚ არ უსმენდი არც ვაზირსა;
ყველაკაი დამეფანტა‚ დარჩომოდა რაცა ჭირსა.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე‚ მისგან განაწირსა!

ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი‚
ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.
მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი‚
ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი".

 
 

"ღამით მევლო‚ მოვიდოდი‚ ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
გვანდა‚ ქალაქს ვეახლენით‚ ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
არ მეამის კაცთა ნახვა‚ მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
მუნ გარდავხე მოსვენებად‚ დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

ხეთა ძირსა მივიძინე‚ მათ მონათა ჭამეს პური;
მერმე ავდეგ სევდიანი‚ მიღამებდა გულსა მური:
ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური‚
ველთა ცრემლი ასოვლებდა‚ თვალთა ჩემთა მონაწური.

ზახილი მესმა. შევხედენ‚ – მოყმე ამაყად ყიოდა‚
შემოირბევდა ზღვის პირ-პირ‚ მას თურე წყლული სტკიოდა;
ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს‚ სისხლი ჩამოსდიოდა‚
მტერთა ექადდა‚ წყრებოდა‚ იგინებოდა‚ ჩიოდა.

ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა‚ აწ ესე მე მითქს რომელი‚
მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული‚ მწყრომელი;
მონა მივსწიე‚ მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი;
შევსთვალე: «დადეგ‚ მიჩვენე‚ ლომსა ვინ გაწყენს‚ რომელი?»

მას მონასა არა უთხრა‚ არცა სიტყვა მოუსმინა;
ფიცხლა შევჯე‚ ჩავეგებე‚ მე ჩაუსწარ‚ ჩავე წინა‚
უთხარ: «დადეგ‚ გამაგონე‚ შენი საქმე მეცა მინა!»
შემომხედნა‚ მოვეწონე‚ სიარული დაითმინა.

გამიცადა‚ ღმერთსა ჰკადრა: «შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!»
მერმე მითხრა: «მოგახსენებ‚ აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
იგი მტერნი გამილომდეს‚ აქანამდის რომე ვითხენ‚
უკაზმავსა მიღალატეს‚ საჭურველნი ვერ გარ ვითხენ».

მე უთხარ: «დადეგ‚ დაწყნარდი‚ გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა».
თანა წამომყვა‚ წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.
მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა‚
ისრის პირნი ამოუხვნა‚ დაკოდილნი არ ატკივნა.
მერმე ვჰკითხე: «ვინ ხარ‚ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?»
საამბობლად დამირიგდა‚ თავი მისი გაამჩივნა.

პირველ მითხრა: «არა ვიცი‚ რა ხარ‚ ანუ რას გამსგავსო?
ანუ ეგრე რამ დაგლია‚ ანუ პირველ რამ გაგავსო?
რამან შექმნა მოყვითანედ‚ ვარდ-გიშერი რომე რგავსო?
ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო?

მულღაზანზარის ქალაქი‚ ახლოს მე მაქვსო რომელი‚
ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს‚ მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
ესე საზღვარი ჩემია‚ სადა ხარ გარდამხდომელი‚
ცოტა მაქვს‚ მაგრა ყოველგნით სიკეთემიუწდომელი.

მამის ძმა და მამა ჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს‚
ზღვასა შიგან კუნძულია‚ – ჩემად წილად მას იტყოდეს‚ –
თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა‚ ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
მათვე დარჩა სანადირო‚ არ მივსცემდი‚ მომერჩოდეს.

დღეს გამოვე ნადირობას‚ ზღვისა პირსა ვინადირე‚
მუნა გასლვა მომნდომოდა‚ მით მრეკალი არ ვახშირე;
სპათა უთხარ: «მომიცადეთ‚ მოვიდოდე მეცა ვირე!»
ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

ნავითა გავე‚ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა‚ ვთქვი: «ჩემთა რად დავრიდო‚ და-?»
დამეძაბუნნეს‚ სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა‚
ვნადირობდი და ვიზახდი‚ ხმა ჩემი არ უდიდოდა.

მართლად იჯავრეს‚ წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა!
გამომაპარნეს ლაშქარნი‚ გზანი შემიკრნეს ნავითა‚
თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა‚
ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად თავისა მკლავითა.

 
 
 
Make a Free Website with Yola.