ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქ‚ ღონე სხვა რა მოვიგვარო»;
თავსა უთხარ: «ნუ მოგიცავ‚ გონებაო მრავალგვარო!»
მედვა გული მხეცისაებრ‚ ათასჯერცა მინდორს ვარო‚
ვისმცა მივეც თავი შენი‚ შენვე რადმე არ წამგვარო?!»

სულთა ვჰყიდდი გულისათვის‚ კოშკი ამად გამებაზრა;
იგი წვიმა და-რე-ნელდა‚ რომე პირველ ვარდი აზრა;
ვნახე‚ ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
მიბრძანა‚ თუ: «ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა‚ ორგულობასა‚
უარის ქმნასა ღმრთისასა‚ ამისთვის – არმადლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ‚ სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა».

მოლმობიერდა‚ მომიტკბა გამწყრალი‚ გამქისებული‚
ანუ მზე იყო ქვეყანად‚ ან მთვარე პირგავსებული;
ახლოს დამისვა‚ მაღირსა აქამდის არღირსებული;
მეუბნებოდა‚ დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.

მიბრძანა‚ თუ: «გონიერი ხამს არასდროს არ აჩქარდეს‚
რაცა სჯობდეს‚ მოაგვაროს‚ საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა‚ ვაÎ თუ მეფე გაგიმწარდეს‚
შენ და იგი წაიკიდნეთ‚ ინდოეთი გარდაქარდეს!

კვლა თუ სიძე შემოუშვა‚ მე შემირთოს‚ იყოს ასდენ‚
ერთმანერთსა გავეყარნეთ‚ ძოწეულნი გაგვიფლასდენ‚
მათ მორჭმულთა მოივლინონ‚ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ‚
ესე ამბვად არ ეგების‚ რომე სპარსნი გაგვიხასდენ».

მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს‚ შევიგნა მათი მარობა‚
უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხოცნე‚ შეეძლოს აღარას არ სახმარობა!»

მიბრძანა‚ თუ: «ხამს დიაცი დიაცურად‚ საქმედედლად‚
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ‚ ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს‚ სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად!
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

ასრე ქმენ‚ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო‚
მიპარვით მოკალ სასიძო‚ ლაშქართა ნუ მოირთაო‚
მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც‚ ზროხათა‚ ვითა ვირთაო‚ –
დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?

იგი რა მოჰკლა‚ ეუბნე პატრონსა‚ ჩემსა მამასა‚
ჰკადრე‚ თუ: «სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა‚
ჩემია მკვიდრი მამული‚ არ მივსცემ არცა დრამასა‚
არ დამეხსნები‚ გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!»

ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული‚ ნუცა ნდომა‚
ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;
ქმნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა‚ შემოკვდომა‚
ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა‚ შეგვფერობდეს ერთგან სხდომა».

ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა‚
ჩემთა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
მერმე ავდეგ წამოსავლად‚ მან დამიწყო ქვე-ქვე წვევა‚
მწადდა‚ მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება‚ შემოხვევა.

ხანი დავყავ‚ გავეყარე‚ მაგრა გავხე ვითა ხელი.
ასმათ წინა ჩამომიძღვა‚ ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
ჭირი ბევრჯელ ვიათასე‚ ლხინი ჩემი ვაერთხელი‚
მერმე წასლვა არა მწადდა‚ ამად მივალ არფიცხელი".

 
 

"მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო»‚ მოსლვა გვახარა‚
მაგრა თუ ღმერთი რას უზამს‚ არა იცოდა‚ გლახ‚ არა;
მეფესა მიხვდა სიამე‚ არ სიტყვა ივაგლახა რა‚
მიბრძანა‚ ახლოს მიმისვა‚ «მოდიო»‚ თავი დახარა.

მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
გარდავიხადოთ ქორწილი‚ ხამს ვითა დასა‚ სრულია;
კაცნი გავგზავნნეთ‚ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია‚
უხვად გავსცემდეთ‚ ვავსებდეთ‚ სიძუნწე უმეცრულია».

მე გავგზავნენ ყოვლგან კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;
სასიძოცა მოგვივიდა‚ იყვნეს ხანსა არდამზმელნი;
შიგნით ჩვენნი გაეგებნეს‚ გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია‚
გამოისვენოს სიძემან‚ დაყოს ცოტაი ხანია;
მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია‚
შენ აქა ნახე‚ კმარიან აქა ნახვისა კმანია».

მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე‚ გარდახდა‚ დღე‚ ჰგვანდა‚ არს აღვსებისა‚
შეიქმნა გასლვა შიგანთა‚ ჯარია მუნ ხასებისა‚
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად‚ დას-დასებისა.

მე დავშვერ‚ ვითა წესია საურავგარდახდილისა;
შინა წამოვე‚ მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა;
მონა მოვიდა‚ მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
«ადრე მოდიო‚ გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა».

ცხენისაგან არ გარდავხე‚ წავე ფიცხლად‚ დავმორჩილდი;
ქალი დამხვდა ნატირები‚ ვჰკითხე: «ცრემლსა რასა მილდი?»
მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
გაუწყვედლად ვით გამართლო‚ რაგვარადმცა გავვაქილდი?!»

შევედით‚ ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე;
მზე ვეღარას იქს მის მეტსა‚ მას გაენათლა რომ არე‚
წავდეგ‚ მიბრძანა: «რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე!
ანუ გამწირე‚ მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე!»

მე მეწყინა‚ აღარა ვთქვი‚ ფიცხლად გარე შემოვბრუნდი.
უკუვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს‚ არ მინდოდეს‚ ვისცა უნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევს‚ აგრე ვითა დავძაბუნდი!»
შინა მოვე‚ მოკლვა მისი დავაპირე‚ არ დავყმუნდი.

ასსა უბრძანე მონასა: «საომრად დაემზადენით!»
შევსხედით‚ გავვლეთ ქალაქი‚ არავის გავეცხადენით.
კარავსა შევე‚ იგი ყმა ვითა წვა‚ ზარმაც თქმად ენით‚
უსისხლოდ მოვკალ იგი‚ გლახ‚ თუცა ხმდა სისხლთა დადენით.

კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ‚ ჩავაკარაბაკე‚
ყმასა ფერხთა მოვეკიდე‚ თავი სვეტსა შეუტაკე.
წინამწოლთა დაიზახნეს‚ გლოვა მიხვდა საარაკე;
ცხენსა შევჯე‚ წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

ხმა დამივარდა‚ შეიქმნა ზახილი მოსაწევარი;
წამოვე‚ წევნა დამიწყეს‚ დავხოცე ჩემი მდევარი.
ქალაქი მქონდა მაგარი‚ მტერთაგან მოურევარი‚
მუნ შიგან შევე მშვიდობით: «ამოდ იგივე მე ვარი!»

კაცნი გავგზავნენ‚ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
«აქა მომართეთ‚ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა!»
არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა‚
ჩემი რა ცნიან‚ სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

ცისკრად ავდეგ‚ შევეკაზმე; რა გათენდა ღამე დილად‚
ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
ებრძანა‚ თუ: «ღმერთმან იცის‚ გამეზარდე ვითა შვილად‚
ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

ხვარაზშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
თუ ჩემი ქალი გინდოდა‚ რად არა შემაგებინე?
მე‚ ბერსა შენსა გამზრდელსა‚ სიცოცხლე მაარმებინე‚
დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!»

მე შეუთვალე: «მეფეო‚ ვარ უმაგრესი რვალისა‚
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა‚ თვით იცით‚ ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა‚
მე‚ თქვენმან მზემან‚ მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!

იცით‚ ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია‚ –
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე‚ – ყველაი თქვენ მოგხდომია:
ამოსწყდა მათი ყველაი‚ მამული თქვენ დაგრჩომია;
დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია.

ვერ გათნევ‚ თქვენმან კეთილმან‚ აწ ეგე არმართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმაშვილი‚ გიზის ერთაი ქალია‚
ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ‚ დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს‚ მე მერტყას ჩემი ხრმალია?!

შენი ქალი არად მინდა‚ გაათხოვე‚ გამარიდე
ინდოეთი ჩემი არის‚ არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს‚ მისით მასცა ამოვფხვრიდე‚
სხვას მეშველსა გარეგანსა‚ მომკალ‚ ვისცა ვინატრიდე!»"

 
 

"ესე კაცნი გამეგზავნნეს‚ გონებასა გავეშმაგე.
რომე მისი ვერა მეცნა‚ ამას უფრო დავედაგე.
მას ზღუდესა გარდავადეგ‚ მინდორთაკე რომე ვაგე‚
მესმა საქმე საშინელი‚ თუცა თავი ვერ წავაგე.

გამოჩნდეს ორნი ქვეითნი‚ მე მივეგებე წინარე‚
ქალი ჰყვა ერთსა მონასა: «ვცანმცა‚ თუ მოღმა ვინ არე».
თავგაგლეჯილი ასმათი‚ პირსა სისხლჩამომდინარე!
აღარ მიყივლა ღიმილით‚ არცაღა გამიცინა-რე.

 
 
 
Make a Free Website with Yola.