ავთანდილცა სულთქვნა მწარედ‚ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
ასმათ ვანი გაამრავლნა‚ ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
მერმე სულად მოაქცია‚ ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
თქვა: "ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!"

ზე წამოჯდა ფერმიხდილი‚ აყოლებდა თვალთა რეტად.
ვარდი სრულად შექმნილ იყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად‚
დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად.

ავთანდილს უთხრა: "ისმენდი‚ ცნობა მიც თუცა ხელისა‚
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა:
ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა‚ მის შენგან შეუყრელისა.
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე‚ ასრე დარჩომა მრთელისა!

ასმათის ნახვა მეამა‚ ჩემგან დად საესავისა.
წიგნი რა ვნახე‚ მომართვა ესე საბამი მკლავისა.
მკლავსა შევიბი მაშინვე‚ მოვიხსენ რიდე თავისა‚
იგი უცხო და ღარიბი‚ მტკიცისა რასმე შავისა".

 
 

"მიუწერე: «მზეო‚ შუქი შენი‚ შენგან მონაფენი‚
გულსა მეცა‚ გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი‚
სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!

მაშინ‚ ოდეს დამარჩინე‚ სულთა სრულად არ გამყარე‚
აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
სამხრე შენი მომივიდა‚ შემოვიბი მკლავსა გარე‚
რომე მართებს სიხარული‚ ეგზომიმცა რა ვიხარე?!

განაღამცა ვიწინაშე‚ აჰა რიდე‚ რომე მთხოვე;
ყაბაჩაცა ასეთივე‚ ამისებრი ვერა ვპოვე;
დაბნედილსა ნუ დამაგდებ‚ მიშველე რა‚ მარგე‚ მოვე;
სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!»

ქალი ადგა‚ გამეყარა. დავწევ‚ ამოდ დამეძინა‚
მაგრა შევკრთი‚ საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
გამეღვიძა‚ აღარა მყვა‚ სულდგმულობა მომეწყინა‚
ღამე ასრე გავათენე‚ მისი ხმაცა არ მესმინა.

დილასა ადრე სრას მიხმეს‚ დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
ავდეგ‚ ვცნა მათი ამბავი‚ წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
ვნახე‚ ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა;
რა მივე‚ მითხრეს დაჯდომა‚ წინაშე დავჯე სკამითა.

გვიბრძანეს‚ თუ: «ღმერთმან ასრე დაგვაბერნა‚ და-ცა-გვლია;
ჟამი გვახლავს სიბერისა‚ სიყმაწვილე გარდგვივლია;
ყმა არ მოგვცა‚ ქალი გვივის‚ ვისგან შუქი არ გვაკლია‚
ყმისა არსმა არა გვგავა‚ ამად ზედა წაგვითვლია.

აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ‚
რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი‚ სახედ ჩვენად გამოვსახოთ‚
სამეფოსა ვაპატრონოთ‚ სახელმწიფო შევანახოთ‚
არ ამოვსწყდეთ‚ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ».

ვთქვით: «თქვენი ძისა არასმა გულსა ვით მიეფარების‚
მაგრა კმა ჩვენად იმედად‚ ვინ მზესა დაედარების;
ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ‚ მას დიდად გაეხარების‚
სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით‚ მაგას რა მოეგვარების».

დავიწყეთ რჩევა საქმისა‚ გული მიც‚ თუცა მელია;
ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის‚ არსათქმელია!»
მეფემან ბრძანა: «ხვარაზმშა‚ ხელმწიფე ხვარაზმელია‚
თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ‚ მისებრი არრომელია».

რომე პირველვე დაესკვნა‚ მათ ესე შეეტყვებოდა;
ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს‚ სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა‚
ოდენ დავმიწდი‚ დავნაცრდი‚ გული მი და მო კრთებოდა.

დედოფალმან თქვა: «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი‚
მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!»
შეცილებამცა ვინ ჰკადრა‚ რათგან თვით იყო მნდომელი!
მოწმობა დავრთე‚ დაესკვნა დღე ჩემი სულთამხდომელი.

გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი:
არს ერთი ქალი საძეო‚ არ კიდეგასათხოელი‚
თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ‚ სხვასა ნუღარას მოელი».

კაცი მოვიდა‚ აევსო ჯუბაჩითა და რიდითა‚
გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან‚ ჩვენ რომე ვინატრიდითა!
თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა!»

კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად‚
დავედრეს‚ თუ: «ნუ აყოვნებთ‚ მოდით ჩვენად ნაბრძანებად».
მე მაშვრალი‚ ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად‚
გულსა სევდა შემეყარა‚ ვიწყე ჭირთა მოპოვნებად.

მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
ასმათის მონა შემოდგა‚ მე ვჯე ლაღი და ჯანი სად‚
წიგნი მომართვა‚ ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად‚
ადრე მოდიო‚ გიბრძანებს‚ დაუყოვნებლად ხანისად».

შევჯე‚ წავე‚ ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
ბაღჩა შევვლე‚ კოშკი დამხვდა‚ ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
ვნახე‚ ვსჭვრეტდი ნატირებად‚ ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით‚
დამიმძიმდა‚ არა ვჰკითხე‚ ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

იგი ვნახე დაღრეჯილი‚ ესე მეტად დამიმძიმდა.
ვითა წინას შემომცინის‚ აღარ ეგრე გამიღიმდა.
ყოლა სიტყვა არ მომიგო‚ ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა‚
ამით უფრო დამაწყლულა‚ არა წყლულთა მიაქიმდა.

ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა‚
შინა კოშკად შემიყვანა‚ ფარდაგსაცა ამიზიდნა.
შევე‚ ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა‚
გულსა შუქნი შემომადგნა‚ მაგრა გული არ დამიდნა.

იყო არნათლად ნათელი‚ ფარდაგსა შემომდგომელი;
ებურა მოშლით პიროქრო‚ მე მივეც რიდე რომელი;
მითვე მწვანითა‚ უებრო‚ მიწოლით ტახტსა მჯდომელი‚
ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი‚ ელვათა მკრთომელი.

ქვე წვა‚ ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული‚
არცა მზე ჰგვანდა‚ არც მთვარე‚ ხე ალვა‚ ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორსგვარად გულსა მე ლახვარხებული;
მერმე წამოჯდა წარბშერჭმით‚ გამწყრალი‚ გარისხებული.

მიბრძანა: «მიკვირს‚ რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა‚
გამწირავი და მუხთალი‚ შენ‚ გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა‚ მი-‚ ცისა!»
ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?»

ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ‚ თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
რა შეგცოდე‚ რა მიქნია უცნობოსა‚ ფერნამკრთალსა?»
კვლაცა მითხრა: «რას გეუბნო მტყუანსა და შენ მუხთალსა?
დიაცურად რად მოვღორდი? მე დაუწვავ ამით ალსა.

შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილ ხარ სავაზიროდ‚ შენი რთულა ამას ნება‚
შენ გასტეხე ფიცი ჩემი‚ სიმტკიცე და იგი მცნება‚
ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!

გახსოვს‚ ოდეს ჰაი–ჰა ზმიდი‚ ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს‚
მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს?
მამაცისა სიცრუესა‚ ნეტარ‚ სხვანი რამცა ჰგვანდეს!
რათგან დამთმე‚ მეცა დაგთმობ‚ ვინძი უფრო დაზიანდეს!

ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა‚
ეგრეც მე მაქვს პატრონობა‚ უგზოს ვლიდენ‚ თუნდა გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების‚ წა‚ მომცთარ ხარ მოსაცეთსა‚
აზრნი შენნი შენვე გგვანან‚ მტყუანსა და შენ აგეთსა!

ცოცხალ ვიყო‚ შენ ინდოეთს‚ ღმერთო‚ ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა‚ ხორცთა შენთა სული გაჰყო!
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო‚ ცათამდისცა ხელი აჰყო!»`
ესე სიტყვა დაასრულა‚ ყმა ატირდა‚ სულთქვნა‚ აჰყო.

თქვა: "რა მესმა ესე მისგან‚ მეიმედა მეტისმეტად‚
კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
აწ დავკარგე ; რად არ გიკვირს‚ რად ცოცხალ ვარ‚ რად ვარ რეტად?
ვაჰ‚ სოფელო უხანოო‚ რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!

შევხედენ‚ ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე‚
ავდეგ‚ ავიღე‚ ღმრთისა და მერმე მე მათი მქებარე‚
ვჰკადრე‚ თუ: «მზეო‚ დაგიწვავ‚ ჩემიცა დაწვი მზე ბარე!
რათგან არ მომკალ‚ პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

რომე გკადრებ‚ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია‚
ცამცა მრისხავს‚ მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
თუ მაღირსებ გაკითხვასა‚ ავი არა არ მიქნია».
მან მიბრძანა: «რაცა იცი‚ თქვიო»‚ თავი დამიქნია.

კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ‚ მზეო‚ შენთვის ფიცი გამეტეხოს‚
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს‚ ტანი მეხოს‚
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე‚ რა ლახვარი გულსა მეხოს?

მე მეფეთა დარბაზს მიხმეს‚ შექმნეს დიდი ვაზირობა.
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა‚ ვერ დავშლიდი‚ დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა უთხარ: «მიემოწმე‚ ჟამად გიჯობს გულმაგრობა».

მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე‚ რათგან იგი ვერ მიმხვდარა!
არ იცის‚ რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?
ტარიელ არს მემამულე‚ სხვასა მართებს არად არა;
ვის მოიყვანს‚ არა ვიცი‚ ანუ იგი ვინ მომცდარა?

 
 
 
Make a Free Website with Yola.