რა ყველაი დავიურვე‚ ხატაეთით გავემგზავრე‚
წამოვიხვენ საჭურჭლენი‚ სახელმწიფო დავიავრე‚
ვერ მოვეყავ აქლემითა‚ აზავრები ვააზავრე‚
მოვირჭვენ და მოვივლინე‚ რაცა მწადდა‚ აგრე ვყავ-რე.

ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
ინდოეთს მივე‚ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
რა ქება მითხრა‚ არ ითქმის‚ ჩემგან სათქმელად წბილია.
ხელი გამიხსნა‚ შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა‚
საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
მიალერსებდა‚ მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

მას ღამით ვსხედით ნადიმად‚ მუნ ამოდ გავიხარენით‚
დილასა ქალაქს შევედით‚ მოედნით ავიყარენით;
მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით‚ შემოჯარენით‚
დღეს ხატაელი მიჩვენეთ‚ ტყვენიცა შემომგვარენით!»

რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან‚ ვითა შვილი სააკვანე‚
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე‚
ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე!

მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა‚ უალერსა‚
ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
ცისკრად მიხმეს‚ მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
«შეუნდობო ხატაელსა‚ მას აქამდის შენამტერსა».

მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა‚
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონეგაცუდებულსა!»
რამაზს უბრძანეს: «იცოდი‚ გაგგზავნი შეწყალებულსა‚
მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენ წინა გაწბილებულსა!»

ხარაჯა დასდვეს‚ შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია‚
კვლა ხატაური ათასი‚ სხვა სტავრა‚ სხვა ატლასია.
მერმე ყველაი დამოსა‚ იგი და მისი ხასია‚
შეწყალებული გაგზავნა‚ უყო რისხვისა ფასია.

ხატაელმან დაუმადლა‚ დადრკა‚ მდაბლად ეთაყვანა‚
მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.
თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო‚ მაშინ მომკალ მეცა განა!»
წავიდა და ყველაკაი მისი თანაწაიტანა.

მოვიდა კაცი მეფისა‚ ცისკრობს‚ არ დანაღამია;
ებრძანა: «რა შენ გაგყრივარ‚ მას აქათ თვეო სამია‚
მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია‚
არ დამაშვრალ ხარ‚ წავიდეთ‚ თუცა დაშრომის ჟამია».

შევეკაზმე‚ დარბაზს მივე‚ დამხვდა ჯარი ავაზისა‚
შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა‚
მეფე ქვე ჯდა შეკაზმული‚ შვენებითა მსგავსი მზისა;
გაეხარნეს მისლვა ჩემი‚ ტურფისა და ლამაზისა.

იდუმალ ცოლსა ეუბნა‚ მართ ჩემგან უცოდნელია:
«ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია‚
მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული‚ რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად‚ ქმენ‚ არა საზოზღნელია!

აწ მითქვამს საქმე უშენოდ‚ შენცა ცან ესე მცნებული:
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელდებული‚
ვინცაღა ნახავს‚ აწ ნახოს‚ აჰა ხე‚ ედემს ხებული‚
გვერდსა დაისვი‚ ორნივე სრას დამხვდით‚ მოვალ შვებული!»

მოვინადირეთ მინდორი‚ ძირი მთისა და გორისა;
იყო სიმრავლე ძაღლისა‚ შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით‚ ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.
აღარ იბურთეს‚ დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი‚ შუკა და ბანი.
ომგარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;
ფერმიხდილგვარად ვშვენოდი ვარდი‚ ცრემლითა ნაბანი‚
ვინცა მიჭვრეტდის‚ ბნდებოდის‚ – მართლად არს‚ არ კატაბანი.

რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა‚
იგი მეხვივნეს‚ მშვენოდეს‚ ვახელებ გულსა ხელთასა.
მეფე გარდახდა‚ დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა‚
შევხედენ‚ დავჰკრთი ელვასა ღაწვთასა მზებრ ნათელთასა.

მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი‚
ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა‚ დას-დასად‚ უბან-უბანი;
სრულად ნათლითა აევსო სახლი‚ შუკა და უბანი‚
მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

ნაომარსა‚ დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
დედოფალი საჯდომთაგან ადგა‚ წინამომეგება‚
ვითა შვილი გარდამკოცნა‚ ღაწვი ვარდი დამილება‚
მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით‚ თუმცა მტერი შე-ღა-გება».

ახლოს დამისვეს ადგილსა‚ მუნ‚ სადა მეამებოდა.
პირისპირ მიჯდა იგი მზე‚ გული ვისთვისცა კვდებოდა.
მალვით უჭვრეტდი‚ მიჭვრეტდა‚ სხვად არას მეუბნებოდა;
თვალნი მოვსწყვიდნი‚ სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

შეიქმნა სმა და პურობა‚ მსგავსი მათისა ძალისა;
სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
ჯამი და ჭიქა – ყველაი ფეროზისა და ლალისა.
არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა.
რა შემომხედნის‚ შევხედნი‚ ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა!

დააგდეს მღერა მუტრიბთა‚ «სულეთო!»‚ თავი ხარიან;
მიბრძანეს: «შვილო ტარიელ‚ ვით გითხრათ‚ ვით გვიხარიან?!
ნეტარძი გვაქვსო‚ მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
მართალან შენნი მჭვრეტელნი‚ არ ცუდად იმკვეხარიან.

აწ თუცა გვმართებს შემოსა‚ ვის მორჭმით მოგივლენიან‚
არ შეგმოსთ‚ მაგა კაბათა არ აგხდით‚ ტურფად გშვენიან;
აწ გქონდეს ასი საჭურჭლე‚ ვის შუქნი მოგიფენიან‚
თვით შეიკერე‚ რაცა გწადს‚ ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან!»

მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
თაყვანისვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
მაკოცეს‚ ადგეს ორნივე‚ თვით იგი მზენი მზეთანი;
რა გასცეს‚ ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

კვლაცა დაჯდა მხიარული‚ მოიმატა სმა და მღერა;
კვლა გაგრძელდა ნადიმობა‚ ბარბითთა და ჩანგთა ჟღერა.
დედოფალი წამოვიდა‚ შეეყარა მწუხრსა დღე რა.
ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

ავიყარენით‚ მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
საწოლს შემოვე‚ შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
მეგონებოდის‚ მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა".

 
 

"მონა მოვიდა‚ მიამბო ამბავი მან მართალიო:
«თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო».
მაშინვე ვიცან‚ ავიჭერ‚ ჩქარ-ჩქარად გულგამკრთალიო;
მოვიდა‚ ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალიო.

მე ვისთვის ვკვდები‚ მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
აღარ მიუშვი‚ ვაკოცე‚ ქმნადღა თაყვანისცემისად;
ხელი მოვჰკიდე‚ დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად‚
ვჰკითხე‚ თუ: «ნეტარ‚ მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?

მიამბე მისი ამბავი‚ სხვად ნურას მეუბნებია!»
მითხრა‚ თუ: «გკადრებ მართალსა‚ აწ ჩემგან არსათნებია‚
დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია‚
აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია»".

 
 

წიგნი მომართვა‚ ჩავხედენ‚ პირისა თემთა მთენისა‚
ეწერა: «ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.
ომგარდახდილი შვენოდი‚ შენატევები ცხენისა‚
არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა‚
შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი‚ მაშა მომკლავ უშენოსა‚
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩა-ბაღად უშენოსა‚
შენმან მზემან‚ თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!

თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა‚ მაგრა ცუდად არ იდენო‚
ამას იქით ნუღარ იდენ‚ გულსა ჭირნი არიდენო;
შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ‚ არ იდენო;
რომე წეღან მოგეხვივნეს‚ იგი ჩემთვის არიდენო.

იგი მე მომცენ რიდენი‚ რომელნი წეღან გშვენოდეს‚
რა მნახო‚ შენცა გეამოს‚ შენეულითა‚ მშვენოდეს;
ესე სამკლავე შეიბი‚ თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს‚
ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს».

აქა მხეცქმნილი ტარიელ ტირს‚ ჭირი ეათასების;
თქვა: "მე მაქვს სამხრე‚ რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!"
იგი შეიხსნა‚ მოიღო‚ თვალვით არ დაიფასების‚
პირსა დაიდვა‚ და-ცა-ბნდა‚ ქვე მკვდართა დაედასების.

ასრე წვა‚ რომე არს‚ ჰგვანდა‚ მკვდარი სამარის კარისა‚
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა‚ მართ გულსა გარდნაკარისა;
ასმათს სდის ღვარი სისხლისა‚ ღაწვთაგან ნახოკარისა‚
კვლა წყალსა ასხამს‚ უშველის‚ ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

 
 
 
Make a Free Website with Yola.