სამ დღე ვიარე‚ მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.
კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა‚
ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა‚
რა შეგეყარო‚ მაშინ სცნა კვლა ძღვნობა ამისთანისა».

კვლაცა ეთქვა: «მართალია აზომ ჩემი მონახსენი‚
მე თვით წინამოგეგებვი‚ მესწრაფების ნახვა შენი».
მოვახსენე: «დია ღმერთო‚ ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი‚
ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი‚ ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი!»

მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;
კვლა მოციქულნი მოვიდეს‚ სალამად არ დამრიდესა;
წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
«შენსა ნახვასა მეფენი‚ – თქვეს‚ – მართლად ინატრიდესა».

მითხრეს: «მეფე მოგახსენებს‚ მეცა შენ კერძ ვიარები‚
სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები».
მოციქულნი დავაყენენ‚ ხარგა დავდგი‚ არ მაზრები‚
მეტად ამოდ უალერსე‚ ერთგან დაწვეს ვით მაყრები.

კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:
ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა‚ მოდგა‚ მალვით მეუბნების:
«დიდი მაცო თქვენი ვალი‚ ჩემგან ძნელად გარდიხდების‚
გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების.

მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.
თქვენი მესმა საღალატო‚ საცნობელად გამოვვარდი;
მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი‚ პირი ვარდი‚
ყველასავე მოგახსენებ‚ გამიგონე‚ დამიწყნარდი!

რომე ცუდად არ მოღორდე‚ ისი კაცნი გღალატობენ‚
ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი‚ ასრე ფიცხლად მით გიხმობენ‚
აწვე თავსა არ ეწევი‚ ფათერაკსა შეგასწრობენ.

მეფე ცოტათა გეგებვის‚ ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
მალვით ჩაიცმენ აბჯარსა‚ მიენდო‚ მით გეთნევიან;
კვამლსა შეიქმან‚ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.
რა ერთსა გცემდენ ათასნი‚ ეგრეცა მოგერევიან».

მას კაცსა ამოდ ვეუბნე და მადლსა გარდვიხდიდია:
«რომე არ მოვკვდე‚ შემოგზღო‚ შენ ამას ინატრიდია;
აწ ამხანაგთა არ გიგრძნან‚ წადი‚ მათ თანა მიდია‚
თუ დაგივიწყო‚ უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!»

არვის გავანდვე სულდგმულსა‚ დავმალე ვითა ჭორია.
რაცა იქმნების‚ იქმნების‚ ყოვლი თათბირი სწორია!
მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი‚ გზა თუცა შორია‚
შევსთვალე: «ფიცხლად წამოდით‚ მოგრაგნეთ მთა და გორია!»

მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შეუთვალე:
«რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი‚ მოდი‚ მოვალ მეცა მალე».
ნახევარ დღე სხვა ვიარე‚ ჭირსა თავი არ ვაკრძალე, –
განგებაა‚ დღესცა მომკლავს‚ ქვემცა სადა დავიმალე?!

ქედსა რასმე გარდავადეგ‚ მინდორს მტვერი დავინახე;
ვთქვი‚ თუ: «მოვა რამაზ მეფე‚ ჩემთვის უდგამს თუცა მახე‚
ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი‚ შუბი ახე».
მაშინ უთხარ სპათა ჩემთა‚ სახე დიდი დაუსახე.

ვთქვი‚ თუ: «ძმანო‚ ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან‚
მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან?
ვინცა მოკვდეს მეფეთათვის‚ სულნი მათნი ზეცას რბიან.
აწ შევებნეთ ხატაელთა‚ ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!»

უბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა‚ ჯავშან-ქაფითა‚
რაზმი დავაწყვე‚ მივმართე‚ წავე დიდითა სწრაფითა;
მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

მივეახლენით‚ შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა;
კაცი მოვიდა‚ მომართვა მეფისა მოციქულობა;
ეთქვა‚ თუ: «ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არორგულობა‚
აბჯრითა გხედავთ‚ შეგვქმნია აწ ამად გულნაკლულობა».

შევსთვალე‚ თუ: «მეცა ვიცი‚ რაცა ჩემთვის გაგიგია;
თქვენ რასაცა სთათბირობდით‚ არ იქმნების‚ არ‚ იგია!
ბრძანეთ‚ მოდით‚ შემებენით‚ ვითა წესი და რიგია!
მეცა თქვენად დასახოცლად ხრმალსა ხელი დამიგია».

რა მივიდა მოციქული‚ კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
კვამლი შექმნეს ლაშქართათვის‚ დამალული გაამჟღავნეს;
სამალავით გამოვიდეს‚ თავნი ორგნით აქარავნეს‚
შექმნეს რაზმი მრავალკეცი‚ თუცა‚ ღმერთო‚ ვერა მავნეს.

შუბი ვსთხოვე‚ ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
ერთსა წავსწყდი უტევანსა‚ წავგრძელდი და წავე გრძელად.
მათ ურიცხვი რაზმი ეწყო‚ წყნარად დგეს და აუშლელად.

ახლოს მივე‚ შემომხედნეს‚ «შმაგიაო»‚ ესე თქვესა.
მუნ მივმართე მკლავმაგარმან‚ სად უფროსი ჯარი დგესა;
კაცს შუბი ვჰკარ‚ ცხენი დავეც‚ მართ ორნივე მიჰხდეს მზესა;
შუბი გატყდა‚ ხელი ჩავყავ: «ვაქებ‚ ხრმალო‚ ვინცა გლესა!»

შიგან ასრე გავერიე‚ გლონის ჯოგსა ვითა ქორი‚
კაცი კაცსა შემოვსტყორცი‚ ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი‚ ჩემგან განატყორცი‚ ბრუნავს ვითა ტანაჯორი‚
ერთობ სრულად ამოვსწყვიდე წინაკერძი რაზმი ორი.

ერთობილნი მომეხვივნეს‚ მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
ვჰკრი რასაცა‚ ვერ დამიდგნის‚ სისხლსა მჩქეფრსა ამოვღვრიდი;
ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.
სითცა ვიყვი‚ გამექციან‚ მათ შეჰქმნია ჩემი რიდი.

საღამოჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:
«ნუღარა სდგათ‚ წაედითო‚ კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:
მოვა მტვერი საშინელი‚ შეგვაშინნა ამად ამან‚
ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან‚ ბევრმან სპამან».

ჩემნი ლაშქარნი‚ რომელნი წამომეტანნეს მე არა‚
რა ეცნა წამოსრულ იყვნეს‚ ღამეწამორთვით ეარა;
ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა‚
გამოჩნდეს‚ სცემდეს ტაბლაკსა‚ ბუკმან ხმა გააზეარა.

იგი ნახეს‚ გასაქცევლად გაემართნეს‚ შევჰკივლენით;
ველნი‚ ჩვენგან ნაომარნი‚ ომითავე გარდავვლენით.
რამაზ მეფე ჩამოვაგდე‚ ერთმანერთსა გავეხრმლენით‚
მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით‚ არ მოვკლენით.

უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა‚
დაუწყეს პყრობა‚ ჩამოყრა შეშინებულთა‚ ძლეულთა;
ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილმკრთალთა‚ ღამეთეულთა;
ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა‚ მართ ვითა სნეულთა.

მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.
ხელსა ხრმლითა დავეკოდე‚ წყლულად მიჩნდა‚ არ ნაღებად;
ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად‚
ვერ იტყვიან ვერმიმხვდარნი ქებასაცა მოხსენებად.

ერთსა კაცსა ეყოფოდეს‚ დიდებანი რომე მჭირდეს;
ზოგთა შორით დამლოციან‚ ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
რომელთაცა გავეზარდე‚ დიდებულნი ამიტირდეს‚
ჩემგან ხრმლითა განაკვეთნი ნახნეს‚ მეტად გაუკვირდეს.

გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი‚ ალაფი ავაღებინე‚
ერთობ სავსენი მოვიდეს‚ თავიცა ვალაღებინე;
სისხლსა მებრძოლთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე‚
არ ვჰბრძოლე‚ კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.

რამაზს ვარქვი: «შემიგნია საქმე შენი სამუხთალე‚
აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე‚
სიმაგრეთა ნუ ამაგრებ‚ ყველა ხელთა მომათვალე‚
თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?»

რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე‚
ერთი ჩემი დიდებული მომეც‚ ზედა მაპატრონე‚
ციხოვანთა გაუგზავნო‚ საუბარი გამიგონე‚
ხელთა მოგცემ ყველაკასა‚ განაღამცა შენ გაქონე!»

მივეც ერთი დიდებული‚ თანა სპანი წავატანენ‚
ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ‚
ხელთა მომცნეს სიმაგრენი‚ ომნი ასრე შევანანენ‚
საჭურჭლენი სიმრავლითა რასმცა ვითა დავაგვანენ!

მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
ქვეყანა ჩავსხი‚ უბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად‚
მზემან არ დაგწვენ‚ იცოდით‚ დაგყარენ გაუგვალავად».

საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის‚ კიდისკიდე;
უცხოფერთა საჭურჭლეთა‚ დავშვრები‚ თუ მოვსთვალვიდე;
ერთგან ვნახენ საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე‚
თუმცა ნახენ‚ სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!

ვერა შევიგენ‚ რა იყო ანუ ნაქმარი რაულად!
ვისცა უჩვენი‚ უკვირდის‚ ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
არცა ლარულად ჰგდებოდა მას ქსელი‚ არ ორხაულად;
სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა‚ ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

იგი საძღვნოდ მისად დავსხენ‚ ვისი შუქი მანათობდა;
მეფისათვის დავარჩიე‚ საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
ჯორ-აქლემი ათჯერ ასი‚ – ყველაკაი წვივმაგრობდა‚ –
ატვირთული გაუგზავნე‚ ამბავსამცა კარგსა სცნობდა".

 
 

წიგნი დავწერე: «მეფეო‚ სვემცაა თქვენი სვიანად!
მე ხატაელთა მიმუხთლეს‚ – თუცა მათ ეცა ზიანად‚ –
ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
მეფე შევიპყარ‚ მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად».

 
 
 
Make a Free Website with Yola.