ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა‚
სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა;
შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვამკრთალითა‚
მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა‚
ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა;
ასმათს უხმო‚ მოიუბნეს‚ ქალი მოდგა‚ მითხრა ყურსა:
«აწ წადიო‚ ვერას გითხრობს»‚ მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

ასმათ გამომყვა‚ წამოვე‚ ფარდაგი გამოვიარე‚
ვთქვი: «საწუთროო‚ ვის წეღან გული დარმანთა მიარე‚
მაშინ მოგეცა იმედი‚ ლხინი რად გამიზიარე?»
გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

ასმათ ლხინსა მიქადებდა‚ ჩავიარეთ შიგან ბაღი;
მითხრა: «ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი‚
სიმძიმილის ერდო დახაშ‚ სიხარულის კარი აღი!
სირცხვილი აქვს საუბრისა‚ მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი».

მე უთხარ: «დაო‚ შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;
ზენაარ‚ სულთა ნუ გამყრი‚ ამბვითა შრეტდი ამ ალსა‚
ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა!
თუ რას სცნობ ჩემთვის‚ არა ვეჭვ მე შენგან‚ არ‚ დანამალსა».

შევჯე‚ წამოვე‚ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;
საწოლს შემოვე‚ ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა‚
ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
ღამე მერჩია‚ მეწადა არგათენება დილისა".


 
 

ხატაეთს მყოფნი მოვიდეს‚ მათგან მოსლვისა დრონია‚
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
«არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი‚ არც ციხეუმაგრონია‚
ვინ არის თქვენი ხელმწიფე‚ ჩვენ ზედა რა პატრონია?!»

მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა‚ რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე‚ ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენმიერსა!»

უბრძანე წვევა ლაშქართა‚ გავგზავნე მარზაპანია.
იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია‚
შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხპანია‚
ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი‚ კლდე‚ კაპანია.

ფიცხლა მოვიდეს‚ არ ექმნა მათ შინა ხანდაზმულობა;
აღლუმი ვნახე‚ მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა‚
სიჩაუქე და სიკეთე‚ კეკლუცად დარაზმულობა‚
ტაიჭთა მათთა სიმალე‚ აბჯრისა ხვარაზმულობა.

ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ-შავითა‚
დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა‚
თავსა ვტიროდი‚ ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
«მზე თუ არ ვნახო‚ არ ვიცი‚ ვიარო ვითა და ვითა!»

შინა მოვე‚ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა‚
თვალთა‚ ვითა საგუბარი‚ ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
«ბედი ჩემი უბედური‚ – ვთქვი‚ თუ‚ – ჯერთცა ვერ გამეფდა!
ხელმან ვარდი რად იხელთა‚ რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?»

მონა შემოდგა‚ მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;
ასმათის წიგნი მომართვა მე‚ მეტად შეჭირვებულსა‚
ეწერა: «გიხმობს შენი მზე შენ‚ მისთვის მოსურვებულსა‚
მოდი‚ სჯობს მანდა ტირილსა‚ საქმესა ბედით-ვებულსა».

ვითა მართებდა‚ ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!
შეღამდა‚ წავე‚ ბაღისა მე კარი შევიარეო;
სად ასმათ პირველ მენახა‚ მუნვე ჩნდა მდგომიარეო‚
სიცილით მითხრა: «წამოვლე‚ მოგელის ლომსა მთვარეო».

შემავლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა;
გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქმონავანითა‚
ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა‚
საკრძალავი და ღარიბი‚ უცხო პირითა‚ ტანითა.

შევე‚ წავდეგ ნოხთა პირსა‚ მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად‚
გულსა ბნელი გამინათლდა‚ ზედა ლხინი ადგა სვეტად.
მას ბალიში შემოეგდო‚ მზისა შუქსა სჯობდა მეტად‚
ჩემგან პირსა იფარვიდა‚ აიხედნის წამის ჭვრეტად.

უბრძანა‚ თუ: «მოახსენე‚ ასმათ‚ დაჯდეს‚ ამირბარსა!»
მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.
დავჯე‚ მივეც გულსა ლხინი‚ საწუთროსა დამგმობარსა;
მიკვირს‚ სულნი რადღა მიდგან‚ ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

მიბრძანა: «ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა‚
მზემან გაყრითა დაგაჭნე‚ ვითა ყვავილი ბარისა:
დაგსჯიდა დენა ცრემლისა‚ ნარგისთა ნაგუბარისა‚
მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა‚
მაგრა მეტად უარეა არათქმა და ჭირთა მალვა:
მე თუ ზეპირ მიცინია‚ ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
ძოღან ქალი გამოვგზავნე‚ ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

ერთმანერთისა‚ მას აქათ‚ რაცა ორთავე ვიცითა‚
აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;
ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.
გეცრუო‚ ღმერთმან მიწა მქმნას‚ ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

წა‚ შეები ხატაელთა‚ ილაშქრე და ინაპირე;
ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს‚ მორჭმულმანცა ჩემ კერძ ირე!
მაგრა რა ვქმნა‚ კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?
გული მომეც გაუყრელად‚ ჩემი შენთვის დაიჭირე!»

მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად‚
მაგრა რათგან დამარჩინე‚ არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად‚
შენ სინათლედ თვალთა ჩემთა‚ მიჩნდე მზეებრ სანახველად‚
აწ შევება ხატაელთა‚ მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

აწ რასაცა მე მაღირსებ‚ ხორციელი არა ღირსა;
მოწყალება იჩქითია ღმრთისა‚ ამად არა მკვირსა;
შენთა შუქთა შემომადგამ‚ ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა‚
შენი ვიყო‚ სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».

ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა‚
მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:
«უშენოსა მოწონება ვისიმცაო გულსა მიცა‚
ღმერთი მომკლავს‚ ამას იქით თავსა ვეტყვი‚ ამას ვსწვრთიცა».

დავყავ ხანი მას წინაშე‚ ერთმანერთსა ვეუბნენით‚
ვჭამეთ ამო ხილი რამე‚ სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით‚
მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით.
მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

მეძნელებოდა სიშორე მისი‚ ბროლ-ბალახშ-მინისა.
მე გამიახლდა სოფელი‚ მქონდა სიმრავლე ლხინისა;
ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა‚
აწ მიკვირს‚ მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!`

 
 

დილასა შევჯე‚ უბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა!»
სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა.
ლომმან მივმართე ხატაეთს‚ ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა‚
უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი‚ არ გაივლიდეს გზობასა.

დავაგდე ზღვარი ინდოთა‚ მევლო პაშტაი ხანია;
რამაზის კაცი მემთხვია‚ ვინ ხატაეთის ხანია‚
მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
«ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი‚ ინდოთა‚ თხანია».

მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი‚
მითხრეს: «გკადრებს: «ნუ ამოგვწყვედ‚ არის შენგან არსაქმნელი‚
ზენაარი გამოგვიღე‚ მით გვაბია ყელსა წნელი‚
მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი‚ შვილნი‚ საქონელი.

რაცა შეგცოდეთ‚ შეგვინდვე‚ თვით ჩვენვე შეგვინანია;
თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ‚ აქა ნუ მოვლენ სპანია;
ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს‚ რისხვით არ დაგვტყდენ ცანია:
შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი‚ მოგყვენ ცოტანი ყმანია!»

გვერდსა დავისხენ ვაზირნი‚ ვიუბნეთ‚ გავიზრახენით;
მითხრეს‚ თუ: «ხარო ყმაწვილი‚ ბერნი მით გკადრებთ‚ გლახ‚ ენით:
არიან მეტად მუხთალნი‚ – ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით‚ –
არამცა მოგკლეს ღალატად‚ არამცა ვივაგლახენით!

ჩვენ ამას ვარჩევთ‚ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა‚
ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ‚ სცნობდენ ამბავსა კაცითა;
გულმართლად იყვნენ‚ მიენდვე‚ აფიცე ღმრთითა და ცითა‚
არ დაგმორჩილდენ‚ შერისხდი რისხვითა კვლადაკვლაცითა!»

მეკეთა ესე თათბირი‚ ვაზირთა ნავაზირები;
შევსთვალე: «რამაზ მეფეო‚ ვცან შენი დანაპირები;
სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე‚ დაგვიდგამს ვერ ქვითკირები;
ლაშქართა დავყრი‚ ცოტათა წამოვალ‚ შენ კერძ ვირები».

მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი‚ ქველანი‚
თანაწამომყვეს‚ წა-ცა-ვე‚ დავყარენ სპანი ყველანი‚
დავვედრე: «სადა მე მევლოს‚ ვლენით იგივე ველანი‚
ახლოს მომდევდით‚ მიშველეთ‚ გიხმობ‚ თუ მინდენ შველანი».

 
 
 
Make a Free Website with Yola.