დღენი გამოხდეს‚ მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა‚
ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა‚ მინდორს თამაშად მავალთა;
დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დაიწყეს მოსლვა მრავალთა‚
მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

მათ ვერა მარგეს‚ მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა‚
სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა;
სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
გავიხსენ ფარვად პატიჟთა‚ არვისგან საეჭველისა.

ხელგახსნილი‚ სევდიანი‚ საწოლს ვიყავ თავისწინა;
ჩემი მონა შემოვიდა‚ შევხედენ‚ თუ თქვას: «რა მინა».
– «მონააო ასმათისი»‚ შემოყვანა უთხარ შინა.
გულსა შინა დაუზრახე: «რა მპოვაო‚ ანუ ვინ-ა?!»

მონამან წიგნი მომართვა‚ მე წავიკითხე ნებასა;
წიგნსა შევატყვე‚ ლამოდა შეყრისა მოსწრაფებასა;
პასუხად გავეც: «ჟამია‚ მართალ ხარ გაკვირვებასა;
მოვალ‚ თუ მიხმობ‚ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა».

გულსა ვარქვი‚ თუ: «ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ?
ამირბარი ვარ‚ ხელმწიფე‚ სრულად ინდონი მმონებენ;
აზრად შეიქმან‚ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ‚
თუ შეიგებენ‚ მე მათთა არეთა არ მარონებენ».

კაცი მოვიდა მეფისა: «სწადსო ამბვისა სმინება».
მოყვანა უთხარ; ებრძანა: «ქმნაცა სისხლისა დინება?»
მე ვჰკადრე: «ხელი გავიხსენ‚ დამიწყო მოჯობინება‚
წინაშე მოვალ‚ ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება».

დარბაზს მივე‚ მეფე ბრძანებს: «ამის მეტსა ნუ იქ‚ აბა!»
ცხენსა შემსვა უკაპარჭო‚ წელთა არა არ შემაბა‚
შეჯდა‚ ქორნი მოუტივნა‚ დურაჯები დაინაბა‚
მშვილდოსანნი გასაგანნა‚ იტყოდიან: «შაბაშ‚ შაბა!»

შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულდაღებულნი;
მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი‚ ღარიბად ქებულნი.
აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

ვეცდებოდი‚ არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;
ვიგონებდი‚ ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
ჩემნი სწორნი წავიტანენ‚ ჩემსა დავჯე‚ მთქვიან ალვად‚
შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:
«ქალი ვინმე იკითხავსო: «ინახვისმცა ამირბარი?»
ზეწარითა მოუბურავს პირი‚ ბრძენთა საქებარი».
ვარქვი: «საწოლს წაიყვანე‚ ჩემგან არის ნახმობარი».

ავდეგ‚ მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად;
შართი უთხარ: «ნუ ასდგებით‚ მოვალ ხანსა დაუზმელად»;
გამოვე და საწოლს შევე‚ მონა მოდგა კარსა მცველად.
გული მივეც თმობაქმნათა აუგისა საკრძალველად.

კარსა შევდეგ‚ ქალი წინა მომეგება‚ თაყვანისმცა;
მითხრა: «მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს‚ ვინცა ღირსმც-ა!»
გამიკვირდა‚ მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
ვთქვი: «არ იცის მიჯნურობა; თუმც იცოდა‚ წყნარად ზისმცა».

შევე‚ დავჯე ტახტსა ზედა‚ ქალი მოდგა ნოხთა პირსა‚
ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
ვარქვი: «მანდა რად ზი შენ‚ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?»
მან პასუხი არა მითხრა‚ ჩემთვის ჰგვანდა სიტყვაძვირსა.

მითხრა: «დღე ეგე სირცხვილად‚ მედების გულსა ალობა:
გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა‚
მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.
ამას თუ ღირს ვარ‚ ვერ ვიტყვი‚ მაკლია ღმრთისა წყალობა».

ადგა‚ მითხრა: «თქვენს კრძალვასა ჩემთვის ცნობა უბნევია;
ნუ მეჭვ‚ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია‚
ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია;
ამა წიგნმან გაგაგონოს‚ ჩემთვის ვისცა უქნევია".

 
 

იგნი ვნახე‚ მისი იყო‚ ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა;
მოეწერა მზისა შუქსა: «ნუ დაიჩენ‚ ლომო‚ წყლულსა!
მე შენი ვარ‚ ნუ მოჰკვდები‚ მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა.

ბედითი ბნედა‚ სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს‚ საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია‚
აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა ჩვენგან არ დასათმონია!

შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია‚
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხვდომია‚
ძოღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია‚
მანდა ყველაი მასმია‚ რაცა შენ გარდაგხდომია.

მართლად გითხრობ‚ მომისმინე ესე‚ რაცა მოგახსენე:
წა‚ შეები ხატაელთა‚ თავი კარგად გამაჩვენე!
გიჯობს‚ ცუდად ნუღარა სტირ‚ ვარდი კვლამცა რად დასტენე?
მზემან მეტი რაღა გიყოს‚ აჰა‚ ბნელი გაგითენე!»

ასმათი მეუბნებოდა უშიშრად‚ არ მეკრძალვოდა;
ჩემი რა გითხრა‚ რა ვიყავ‚ ლხინი რა დამეთვალვოდა!
გული მი და მო მიარდა‚ კრთებოდა და მემალვოდა;
მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა".

 
 

"თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: «მთვარეო‚ შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს‚ რაც არა შენი ფერია!
სიზმრად მგონია‚ დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია».

ასმათს უთხარ: «მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები;
ესე ჰკადრე: «რათგან‚ მზეო‚ ჩემთვის ნათლად აღმოხდები‚
აჰა‚ მკვდარი გამაცოცხლე‚ ამას იქით აღარ ვბნდები‚
რასაცაღა სამსახურსა‚ ვტყუვი‚ თუღა ვერიდები».

ასმათ მითხრა: «მე მიბრძანა‚ ესე ვქმნათო‚ ესე სჯობდეს:
ვინცა გნახოს‚ ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს‚
ჩემად ნახვად მოვიდოდეს‚ შენ ვითამცა გაშიკობდეს;
და-ცა-მვედრა: «ამირბარსა უთხარ‚ ასრე ნამუსობდეს!»

მეკეთა ესე თათბირი‚ სიბრძნე გულისა მისისა‚
მისი‚ მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა‚
ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
მან მითხრა: «არა არ მინდა‚ ვარ გამაძღარი ამითა».
ერთი აიღო ბეჭედი‚ მართ აწონილი დრამითა:
«ესე კმა ნიშნად‚ სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა».

ქალი ადგა‚ წამოვიდა‚ მე ლახვართა გულსა მრიდეს‚
ლხინმან ბნელი გამინათლა‚ დაშრტეს‚ ცეცხლნი რომე მწვიდეს;
შევე‚ დავჯე ნადიმადვე‚ ჩემნი სწორნი სადა სმიდეს‚
მხიარულმან საბოძვარი გავეც‚ ზამი გაადიდეს".


 
 

გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი;
მივსწერე: «მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი‚
ვინცა ურჩექმნას‚ იქმნების თავისა არმადლიერი.

ჩვენნო ძმანო და პატრონნო‚ თქვენგან არ გავიმწარებით;
ესე რა ნახოთ ბრძანება‚ აქამცა მოიარებით!
თქვენ თუ არ მოხვალთ‚ ჩვენ მოვალთ‚ ზედა არ მოგეპარებით.
სჯობს‚ რომე გვნახნეთ‚ თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით!»

კაცნი გავგზავნენ‚ მე გულსა უფრო მომეცა ლხინები‚
დარბაზს ვიშვებდი‚ დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის‚ რაცა ვინები‚
აწ ხელმქმნა‚ რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

პირველ გაჭრისა პირება‚ მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემ წინა ნადიმობანი‚
მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
ზოგჯერ შემცვიან სევდათა‚ ვთქვნი საწუთროსა გმობანი.

დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული‚
ვჯე და მასვე ვიგონებდი‚ არ მიეცა თვალთა რული;
წიგნი მქონდა საიმედო‚ ამად ვიყავ მხიარული;
კარის მცველმან მონა უხმო‚ უთხრა საქმე დაფარული.

– «მონააო ასმათისი»‚ საწოლს უთხარ შემოყვანა.
მოეწერა: «გიბრძანებსო»‚ ვისი მესვა გულსა დანა.
ლხინმან ბნელი გამინათლა‚ ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა.
წავე‚ მონა წავიტანე‚ რამცა უთხარ ამისთანა!

ბაღჩა შევვლე‚ არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;
ქალი წინა მომეგება მხიარული‚ მოცინარი‚
მითხრა: «ვაშად ამოგიღე‚ არ გასვია გულსა ნარი‚
მოდი‚ ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი!»

 
 
 
Make a Free Website with Yola.