ყმა დაბნდა‚ რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;
ავთანდილსცა აეტირა‚ მისმან ცეცხლმან გულსა მურა;
ქალმან სულად მოაქცია‚ მკერდსა წყალი დააპკურა.
თქვა: "ისმენდი‚ მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.

მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.
შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი‚
მთვარისა მსგავსი‚ მზისაგან შვენებით ვერშეფრობილი;
მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი‚ წდობილი!

იგი ასრე მოიწიფა‚ მე შემეძლო შესლვა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა‚
მამასავე ხელთა მიმცეს‚ რა შევიქმენ ამა ზომსა;
ვბურთობდი და ვნადირობდი‚ ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

მეფემან სახლი ააგო შიგან საყოფი ქალისა:
ქვად ფაზარი სხდა‚ კუბო დგა იაგუნდისა‚ ლალისა‚
პირსა ბახჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა;
იგი მუნ იყვის‚ მედების ვისგან სახმილი ალისა.

დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;
ზოგჯერ კოშკს ჯდის‚ ზოგჯერ ბახჩას ჩამოვიდის‚ რა დგის ჩრდილი.
დავარ იყო და მეფისა‚ ქვრივი‚ ქაჯეთს გათხოვილი‚
მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;
ვერვინ ვხედევდით‚ შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;
ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან‚ იმღერდის ნარდითა;
მუნ იზრდებოდის ტანითა‚ გაბაონს განაზარდითა.

თხუთმეტისა წლისა ვიყავ‚ მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;
დღისით ვიყვი მას წინაშე‚ გამიშვებდის არცა ძილსა;
ძალად ლომსა‚ თვალად მზესა‚ ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა‚
სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

რა მინდორს შევჯდი‚ ზარითა ხმა იყვის ბუკთა ცემისა;
თანამყვის სპისა სიმრავლე‚ მსგავსი ფუტკრისა რემისა;
ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილი დგის თემისა და თემისა;
ვინ მნახის‚ ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.

მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან‚
მერმე ვიბურთი მოედანს‚ მინდორით შემოქცეულმან‚
შევიდი‚ შევქმნი ნადიმი‚ ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან‚
აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლბალახშრეულმან!

მამა მომიკვდა‚ მოვიდა დღე სიკვდილისა‚ ვიშისა;
ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;
მათ გაეხარნეს‚ ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;
ერთგულთა შექმნეს ვაება‚ მტერთა – ხსენება იშისა.

მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთროგაცუდებული‚
დღისით და ღამით ვვაებდი‚ ვერვისგან სულდაღებული;
გაყვანად ხასნი მოვიდეს‚ მითხრეს მეფისა მცნებული‚
ებრძანა: «შვილო ტარიელ‚ ნუ ხარ შავითა ღებული!

ჩვენ უფრო გვტკივის იგი‚ ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა».
ასი ებოძა საჭურჭლე‚ ებრძანა ახდა შავისა‚
ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:
«შენ გქონდეს ამირბარობა‚ ქმნა მისვე საურავისა!»

ავენთი‚ დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;
უკანის გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა;
გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა‚
შორს მომეგებნეს‚ მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს‚ პატივს მცემდეს ძისა დარად‚
მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;
ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.
არ მომეშვნეს‚ დავმორჩილდი‚ თაყვანისვეც ამირბარად.

თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა;
ვნაპირობდი‚ თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა.
ხალვად ვჯდი და ვიხარებდი‚ ზამი შევქმნი მღერა-სმათა;
სპათა ვმოსდი‚ ვნადირობდი‚ ქება თქვიან ჩემთა ქმნათა".

 
 

კვლა დაიწყო თქმა ამბვისა მან‚ რა ხანი მოიტირა:
"დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით‚ გვენადირა;
მიბრძანა‚ თუ: «ქალი ვნახოთ!» – ხელი ხელსა დამიჭირა.
მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?!

მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა‚
გამოუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;
მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
მრავლად იყო სარაჯები ვარდისწყლისა აბანოსა.
კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

ვიცოდი‚ სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა‚
მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;
ვერას ვხედევდი‚ ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.
ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

ასმათ ფარდაგსა აზიდნა‚ გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
ქალსა შევხედენ‚ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.
მოვიდა‚ მივსცენ დურაჯნი‚ მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.
ვაიმე‚ მას აქათ სახმილსა დაუწვავ ნიადაგულსა!

აწ წახდეს იგი ნათელნი‚ მზისაცა მოწუნარენი!"
მისი ვერ გასძლო ხსენება‚ დაბნდა და სულთქვნა მწარენი;
ყმა და ასმათი ტიროდეს‚ ხმას სცემდეს იგი არენი‚
ჭმუნვით თქვეს: "მკლავნი ცუდ ქმნილან‚ ვაჰ‚ გმირთა მემუქარენი!"

ასმათმან წყალი დაასხა‚ ცნობად მოვიდა ტარია‚
დიდხან ვერა თქვა‚ სევდამან გული შეუპყრა‚ დარია;
დაჯდა და მწარედ სულთითქვნა‚ ცრემლი მიწასა გარია‚
თქვა: "ჩემგან მისი ხსენება‚ ვაჰმე‚ რა დიდი ზარია!

მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან‚
იშვებენ‚ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა‚ რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა‚ თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან!

დურაჯნი მივსცენ‚ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა‚
დავეცი‚ დავბნდი‚ წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა‚
რა სულად მოვე‚ შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:
გარემომრტყმოდეს ჯალაბნი‚ ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა‚
ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა‚
პირსა იხოკდეს ხელითა‚ ღაწვისა გამპობელითა.
მუყრნი მოასხნეს‚ სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

მე რა მნახა თვალახმული‚ მეფე ყელსა მომეხვია‚
ცრემლით მითხრა: «შვილო‚ შვილო‚ ცოცხალ ხარღა? სიტყვა თქვია!»
მე პასუხი ვერა გავეც‚ ვითა შმაგი შევკრთი დია‚
კვლა დავეცი დაბნედილი‚ გულსა სისხლი გარდმეთხია.

სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემომცვიდიან
მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი‚ ყოველნი იკითხვიდიან;
მტერდაცემული ვეგონე‚ არ ვიცი‚ რას ჩმახვიდიან.
სამ დღემდის ვიყავ უსულოდ‚ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი რაგვარია?
სამკურნალო არა სჭირს რა‚ სევდა რამე შემოჰყრია».
ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი‚ სიტყვა მცთარი წამერია.
დედოფალი‚ ზღვასა შეიქს‚ მას რომ ცრემლი დაუღვრია.

სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი‚ არცა მკვდარი;
მერმე ცნობა მომივიდა‚ მივხვდი რასმე მიუმხვდარი;
ვთქვი‚ თუ: «ჰაიჰაი‚ რაშიგან ვარ მე სიცოცხლეგარდამხდარი!»
თმობა ვსთხოვე შემოქმედსა‚ ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

ვთქვი‚ თუ: «ღმერთო‚ ნუ გამწირავ‚ აჯა ჩემი შეისმინე‚
მომეც ძალი დათმობისა‚ ცოტად ვითა აღმადგინე‚
აქა ყოფა გამამჟღავნებს‚ სახლსა ჩემსა მიმაწვინე!»
მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი‚ გული წყლული გავარკინე.

ზე წამოვჯე. მეფისასა კაცი დია მოვიდოდა‚
ახარებდეს: «წამოჯდაო»‚ დედოფალი გამორბოდა;
მეფე მორბის თავშიშველი‚ არ იცოდა‚ რას იქმოდა‚
იგი ღმერთსა ადიდებდა‚ სხვა ყველაი უჩუმოდა.

იქით და აქათ მომისხდეს‚ მახვრიტეს სახვრეტელია;
მე მოვახსენე: «პატრონო‚ გული აწ უფრო მრთელია;
ცხენსა შეჯდომა მწადიან‚ ვნახნე წყალნი და ველია».
ცხენი მომგვარეს‚ შე-ცა-ვჯე‚ მეფე ჩემ თანა მვლელია.

გამოვედით‚ მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;
ჩემსა მივე‚ დავაბრუნვე‚ მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
შინა მოვე‚ უარ გავხე‚ სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
ვთქვი‚ თუ: «მოვკვდე‚ ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა!»

ზაფრანისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან‚
გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
საწოლის მეკრე შემოდგა‚ მოლარე გაიყვანა მან;
ვთქვი‚ თუ: «რა იცის ამბავი‚ ნეტარ‚ ან იმან‚ ან ამან?»

«მონააო ასმათისი». – «რა იცისო‚ – ვარქვი‚ – ჰკითხე!»
შემოვიდა‚ სააშიკო წიგნი მომცა‚ წავიკითხე;
გამიკვირდა‚ სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
მისგან ეჭვი არა მქონდა‚ სევდად მაწვა გულსა მით ხე.

მე გამიკვირდა: «სით უყვარ‚ ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
მიუყოლობა არ ვარგა‚ დამწამებს უზრახობასა‚
ჩემგან იმედსა გარდასწყვედს‚ მერმე დამიწყებს გმობასა».
დავწერე‚ რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა. 

 
 
 
Make a Free Website with Yola.