მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა‚
მაშინ ვარ მქმნელი საქმისა‚ მის შენგან მონდომილისა».
სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.
არ გიკვირს‚ გავსძლე ვერჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა;
თურქნი ვნახენ‚ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;
მათრახითა ჩამოგეგდო‚ ერთი მკვდართა დაგესახა;
მათ მასწავლეს‚ ძმა რომელთა სულმობრძავი სამე, გლახ‚ ა".

ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი‚
იტყვის: "მახსოვს ეგე საქმე‚ თუცა არის ადრინდელი;
ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;
მით ვტიროდი‚ მომეგონა მე‚ გლახ‚ ჩემი წამწყმედელი.

რას მაქნევდით‚ რა გინდოდა‚ ერთმაერთსა რითა ვჰგვანდით?!
თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით‚ ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით‚ გაჰგულვანდით‚
აწ ვეჭვ‚ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა წაიტანდით.

მოვიხედენ‚ მომეწია; რა პატრონი შენი ვნახე‚
ხელმწიფობით შემებრალნეს‚ ამად ხელი არ შევახე‚
თვალთა წინა გამოვექეც‚ მეტი არა შეუზახე.
ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!

კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა‚ დაწამწამება‚
მას გავექცევი‚ ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება.
მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება‚
ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

აწ ვაშად მოხვე‚ – მეამა ნახვა შენისა პირისა‚ –
ტანად სარო და პირად მზე‚ მამაცად მსგავსი გმირისა!
მაგრა გარჯილ ხარ‚ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!"

ავთანდილ უთხრა: "ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა?
მაგისად ნაცვლად რამც გიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!
სახე ხარ მზისა ერთისა‚ ზეცით მნათისა ზენისა‚
რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

ამა დღემან დამავიწყა‚ გული ჩემი ვინ დაბინდა;
დამიგდია სამსახური‚ იგი იქმნას‚ რაცა გინდა;
იაგუნდი ეგრეცა სჯობს‚ ათასჯერმცა მინა მინდა;
შენ გეახლო სიკვდილამდის‚ ამის მეტი არა მინდა!"

ტარიელ უთხრა: "მე შენი გული აწ მემხურვალების;
მიკვირს‚ თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!
მაგრა წესია‚ მიჯნური მიჯნურსა შეებრალების‚
შენ საყვარელსა გაგყარო‚ ესე რათ გენაცვალების!

წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად‚ პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ‚ შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს‚ გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
მე თუ ვიტყვი‚ დამწვავს ცეცხლი ცხელი‚ შემიქს ალად‚ მურად".

ასმათ უთხრა: "ლომო‚ ცრემლით მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა‚ რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ‚ ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების‚
ცნას მიზეზი შენთა წყლულთა‚ ქმნას‚ რა ღონე აეგების.

მეხვეწებოდა‚ ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;
ნუ ყოსო ღმერთმან‚ გაძლება მემცა ვით მივეც ენასა!
თუ რას სცნობს‚ ვეჭო ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.
არს უკეთესი‚ რაცაღა სწადს განგებასა ზენასა".

ამას დაყმუნდა ტარიელ‚ დამწვარი, დაავლებული;
ასმათს უბრძანა: "მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
რად არა იცი‚ უწამლო არს ლები ესე ლებული!
კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი‚ ცრემლითა დავალებული.

კაცმან ვით პოვოს‚ ღმრთისაგან რაცა არდანაბადია!
მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია;
კვლა გზასა მიკრავს‚ მიჭირავს‚ მითქს ბადე დანაბადია;
აწ ხელთა‚ ნაცვლად ლხინისა‚ ჩალა მაქვს და ნაბადია.

მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთით მზითა
ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა:
პირველ‚ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა‚
კვლა ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა".

ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმან იძმოს ანუ და-ცა-იდოს‚
ხამსო‚ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს;
ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს‚ თუ მეორე არ წაწყმიდოს!
შენ ისმენდი‚ მე გიამბობ‚ რაცა გინდა წამეკიდოს".

ასმათს უთხრა: "მოდი‚ მოჯე‚ თანა წყალი მოიტანე‚
დაბნედილსა მაპკურებდი‚ გული მითა გარდამბანე;
მკვდარი მნახო‚ დამიტირე‚ სულთქმა გაათანისთანე‚
მე სამარე გამითხარე‚ აქა მიწა მიაკვანე!"

ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა‚ მხარნი ამოყარნა;
ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით‚ დიდხან შუქნი არ ადარნა;
ვერ გაახვნა სასაუბროდ‚ მან ბაგენი გაამყარნა‚
მერმე სულთქვნა‚ დაიზახნა‚ ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

მოსთქვამს: "ჰაიჰაი‚ საყვარელო‚ ჩემო‚ ჩემთვის დაკარგულო‚
იმედო და სიცოცხლეო‚ გონებაო‚ სულო‚ გულო‚
ვინ მოგკვეთა‚ არა ვიცი‚ ხეო‚ ედემს დანერგულო!
ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა‚ გულო‚ ასჯერ დადაგულო?!"
 
 

"სმენდი‚ მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა‚
საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა!
იგი‚ ვინ ხელმქმნა‚ მოველი მისგან აროდეს ლხენასა‚
ვისგან შეუცავ სევდასა‚ სისხლისა ღვართა დენასა.

ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა‚ თვით იყო მპყრობელი‚
უხვი‚ მდიდარი‚ უკადრი‚ მეფეთა ზედა მფლობელი‚
ტანად ლომი და პირად მზე‚ ომად მძლე‚ რაზმთა მწყობელი.

მამა ჩემი ჯდა მეშვიდედ‚ მეფე მებრძოლთა მზარავი‚ –
სარიდან ერქვა სახელად‚ – მტერთა სრვად დაუფარავი;
ვერვინ ჰკადრებდის წყენასა‚ ვერ ცხადი‚ ვერცა მპარავი;
ნადირობდის და იშვებდის საწუთროგაუმწარავი.

ხალვა მოსძულდა‚ შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: «წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები‚
ყოვლგნით გამისხმან‚ მორჭმით ვზი‚ მაქვს ზეიმი და ზარები»;
ბრძანა: «წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები».

ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა‚
შესთვალა: «შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;
აწ მე მწადს‚ თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა‚
სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა».

ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბვისა მცნობელმან.
შესთვალა: «ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან‚
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან‚ ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
აწ მოდი‚ ასრე პატივგცე‚ ვითა ძმამან და მშობელმან».

ერთი სამეფო საკარგვად‚ უბოძა ამირბარობა.
თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა.
მეფედ რა დაჯდა‚ არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა;
სხვად პატრონია‚ მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

თვით მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
თქვა: «ჩემებრი ამირბარი‚ ნაძლევი ვარ‚ ვისმცა ჰყავსა!»
ლაშქრობდის და ნადირობდის‚ აძლევდიან მტერნი ზავსა.
მას არა ვჰგავ ასრე‚ ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა‚
ჭმუნვა ჰქონდა‚ ჟამი იყო‚ მით აეხვნეს სპანი ზარსა.
ვაი‚ კრულია დღემცა იგი‚ მე მივეცი ამირბარსა!
მეფემან თქვა: «შვილად გავზრდი‚ თვით ჩემივე გვარი არსა».

მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად‚
საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად‚
ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
მოვიწიფე‚ დავემსგავსე მზესა თვალად‚ ლომსა – ნაკვთად.

ასმათ‚ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა‚
მზესა მე ვსჯობდი შვენებით‚ ვით ბინდსა – ჟამი დილისა;
იტყოდეს ჩემნი მნახავნი: «მსგავსია ედემს ზრდილისა».
აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

მე ხუთისა წლისა ვიყავ‚ დაორსულდა დედოფალი.
ესე რა თქვა‚ ყმამან სულთქვნა‚ ცრემლით ბრძანა: "შობა ქალი".
დაბნედასა მიეწურა‚ ასმათ ასხა გულსა წყალი;
თქვა: "მაშინვე მზესა ჰგვანდა‚ აწ მედების ვისგან ალი!

წიგნი წიგნსა ეცემოდა‚ დედოფალი ოდეს შობდა‚
მოციქული – მოციქულსა‚ ინდოეთი სრულად სცნობდა;
მზე და მთვარე განცხრებოდეს‚ სიხარულით ცა ნათობდა;
ყოვლი არსად შემოსრული მხიარულად თამაშობდა.

ქება არ ითქმის ენითა‚ აწ ჩემგან ნაუბარითა.
ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;
ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალგვარითა.
საჭურჭლე გასცეს‚ აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

საშობელი გაიყარა‚ ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.
უყვარდით და სწორად უჩნდით მეფესა და დედოფალსა.
აწ ვახსენებ‚ ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა".


 
 
 
Make a Free Website with Yola.