ყმამან უთხრა: "ეგე საქმე ამას ჰგავსო‚ არა სხვასა:
ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა‚
უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა‚
ზედ მიადგა‚ ჩაჰყიოდა‚ ტირს‚ იზახის ვაგლახ-ვასა.

ეგრე უთხრა: «ამხანაგო‚ იყავ მანდა‚ მომიცდიდე‚
წავალ თოკთა მოსახმელად‚ მწადსო‚ თუმცა ამოგზიდე».
მას ქვეშეთსა გაეცინნეს‚ გაუკვირდა მეტად კიდე‚
შემოჰყივლა: «არ გელოდე‚ სად გაგექცე‚ სად წავიდე?»

აწ‚ დაო‚ შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა‚
რასაცა მიზამ‚ შენ იცი‚ შენ ხარ წამალი ხელისა‚
სხვად უღონოა უშენოდ ჩემი აპყრობა ხელისა‚
თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკრვა თავისა მრთელისა!"

ქალმან უთხრა: "მომეწონა‚ ყმაო‚ შენი ნაუბარი.
ხარ უცილოდ კარგი ვინმე‚ მოყმე‚ ბრძენთა საქებარი;
ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი‚
რაცა გითხრა‚ მომისმინე‚ გიპოვნია საძებარი.

იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვნების;
თვით თუ არ გითხრობს‚ არ ითქმის‚ არვისგან დაიხსოვნების;
მოილოდინე‚ მოვიდეს‚ რაზომცა დაგეყოვნების‚
დადუმდი‚ ვარდსა ნუ აზრობ‚ ცრემლითა ნუ ითოვნების!

გითხრა‚ თუ ცოდნა გწადიან მისისა შენ სახელისა:
ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
მე ასმათ მქვიან‚ რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა‚
სულთქმა სულთქმისა ბევრისა‚ მაშა თუ არ ერთხელისა.

ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა‚ მემაჯანსა‚
ვჭამ‚ გლახ‚ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა‚
აწვე მოვა‚ არა ვიცი‚ თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

ამას გვედრებ‚ მოიცადო‚ თავი სხვაგან არსად არო;
რა მოვიდეს‚ შევეხვეწო‚ ნუთუ ვით რა მოვაგვარო‚
ერთმანერთსა შეგამეცნნე‚ თავი შენი შევაყვარო‚
თვით გიამბოს საქმე მისი‚ საყვარელსა გაახარო".

ქალსა ყმამან მოუსმინა‚ დამორჩილდა‚ დართო ნება.
ამას ზედა მოიხედნეს‚ ხევით ესმა ჩხაპუნება;
მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს‚ შუქთა მოვანება‚
უკურიდნეს‚ აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

ქალმან უთხრა: "ყმაო‚ ღმერთმან მოგცა ჟამად‚ რაცა გინა‚
მაგრა თავი უჩინოქმენ‚ დამალული იყავ შინა;
იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა;
ნუთუ ვით რა მოვაგვარო‚ შენი ნახვა არ ეწყინა".

ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა.
იგი ყმა ცხენსა გარდახდა‚ შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
ატირდეს მაღლად ცრემლითა‚ ზღვათაცა შესამალითა‚
ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

ამარტისფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.
დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;
შეჰხსნა‚ შეიღო აბჯარი‚ ცხენიცა შეიყვანა მან;
დადუმდეს‚ ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა‚ ტყვე‚ სარკმლით ნააზატები.
მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;
მას ზედა დაჯდა იგი ყმა‚ სულთქვამს ჭირმონამატები‚
სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა‚
ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა‚ შეუქნელისა;
მიუპყრა‚ ერთი ახლიჩა‚ – ქმნაა საქმისა ძნელისა‚ –
ძალი არ ჰქონდა‚ დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

ცოტად მიწვა‚ მიიძინა‚ თუცა ყოლა ვერა მეტი;
შეკრთა‚ დიდნი დაიზახნა‚ წამოვარდა ვითა რეტი‚
იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი‚ თავსა კეტი.
ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენაჭვრეტი.

"რად დაჰბრუნდი? – მოახსენა‚ – მითხარ‚ რაცა წაგეკიდა!"
მან უბრძანა: "მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა‚
ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი‚ ბარგი მძიმედ აეკიდა‚
იგი მინდორს ნადირობდა‚ დაეფანჩა მარეკი‚ და-.

სევდად მეცა კაცთა ნახვა‚ ცეცხლი უფრო გავიალე‚
არ მივეო ახლოს შეყრად‚ თავი ჩემი შევიწყალე‚
მათგან მწყრალი შემოვბრუნდი‚ ტყესა შიგან დავიმალე".
თქვა: "ნუთუმცა უკუმრიდა‚ რა გათენდეს‚ წავალ ხვალე".

ქალსა ცრემლი გადმოსცვივდა ასნაკეცი‚ ბევრისბევრად;
მოახსენა: "მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად‚
არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;
მას მაგითა ვერას არგებ‚ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია‚
ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია‚
გეახლოს და არ გაშმაგდე‚ თუცა ჭირი არ გაკლია.
შენ მოჰკვდე და იგი წახდეს‚ ესე შენთვის რა მადლია?"

უბრძანა: "დაო‚ ეგეა მსგავსი შენისა გულისა‚
მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!
ვის ძალუც პოვნა კაცისა‚ თვით სოფლად არმოსრულისა?
ჩემი ლხინია სიკვდილი‚ გაყრა ხორცთა და სულისა.

ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაბადა‚
სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!
ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი‚ ანუ ვინმცა შეეცადა?
შენგან კიდე ხორციელი‚ დაო‚ მივის არასადა".

ქალმან ჰკადრა: "არ გამიწყრე‚ ვიშიშვი და ვიაჯ დია;
რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია‚
ვერ დავმალავ‚ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია.
არა ვარგა უსაზომო‚ თავი ზომსა გარდგიხდია.

მისი მძებნელი იყომცა ჭკუითა მეტისმეტითა;
შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ ცნობითა რეტითა;
სჯობს‚ ერთი კაცი იახლო‚ ილხენდე მისით ჭვრეტითა.
ვით იადონი არ მოჰკვდე ბულბულოს თესლთა კვნეტითა".

ყმამან უთხრა: "რას მენუკევ‚ არა ვიცი‚ გამიცხადე!
კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!
ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა‚ მემცა რას ვეცადე!
განაღამცა გავნადირდი‚ თავი ასრე გავიხადე".

ქალმან კვლა ჰკადრა: "გაგსაჯე მეტითა შეგონებითა‚
მაგრა თუ კაცი მოგგვარო‚ მოგყვეს თავისა ნებითა‚
იგი გეახლოს‚ ილხენდე მისითა შემეცნებითა‚
ფიცე‚ არ მოჰკლა‚ არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა!"

მან უბრძანა: "თუ მიჩვენებ‚ ვნახავ‚ დიდად გავიხარებ‚
სიყვარულმან მისმან‚ ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ‚
არას უზამ უგემურსა‚ არათ ოდეს გავამწარებ;
რაცა ჩემგან ეამების‚ ვაამებ და შევიყვარებ".

ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
"არ ეწყინაო"‚ უამბობს‚ არს მისად მაგულვანებლად‚
ხელი მოჰკიდა‚ მოჰყვანდა‚ ვით მთვარე მოსავანებლად;
იგი რა ნახა ტარიელ‚ თქვა მზისა დასაგვანებლად.

გამოეგება ტარიელ‚ მართებს ორთავე მზე დარად‚
ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად‚
რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგ იყო ხედ არად‚
ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა‚ სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!

მათ აკოცეს ერთმანერთსა‚ უცხოობით არ დარიდეს‚
ვარდსა ხლეჩდეს‚ ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს‚
ყელი ყელსა გარდააჭდვეს‚ ერთმანერთსა აუტირდეს‚
ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი‚ თუცა ლალად ღირდეს.

მობრუნდეს‚ ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა‚
ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა.
ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა:
"თავთა ნუ დაჰხოცთ‚ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა!"

ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული‚ არ დაზრული;
ყმასა უთხრა: "მესწრაფების‚ მითხარ შენი დაფარული‚
ვინ ხარ‚ ანუ სით მოსრულ ხარ‚ სადაური‚ სით მოსრული?
მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ‚ ვარ მისგანცა განწირული".

ავთანდილ გასცა პასუხი‚ სიტყვები ლამაზებია:
"ლომო და გმირო ტარიელ‚ ვის თავი გინაზებია‚
მე ვარ არაბი‚ არაბეთს არს ჩემი დარბაზებია‚
მიჯნურობითა დამწვარ ვარ‚ ცეცხლი უშრეტი მგზებია.

მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;
თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია.
თუცა არ მიცნობ‚ გინახავ‚ თუ ვითა გეაზრებია‚
გახსოვსცა‚ ოდეს დაჰხოცე მონები არსაპყრებია?

შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი‚ ჩვენ ზედა გარდგეკიდენით‚
პატრონი ჩემი გაგიწყრა‚ ჩვენ ხაფად წაგეკიდენით‚
გიხმეთ‚ არ მოხვე‚ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით‚
შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
მეფე შეჯდა‚ დაგვეკარგე‚ კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ‚
ვითა ქაჯი დაგვემალე‚ მონებიცა დავაფეთეთ‚
ამან უფრო დაგვაშმაგნა‚ თავი სრულად გავაშეთეთ.

ჭმუნვა შეექმნა‚ თქვენც იცით‚ ხელმწიფე ნებიერია.
მოგნახეს‚ გძებნეს ყოველგან‚ მათ რუკა დაუწერია‚
ვერ ნახეს შენი ნახული ვერცა ყმა‚ ვერცა ბერია;
აწ გამომგზავნა‚ რომელსა ვერ მზე ჰგავს‚ ვერ ეთერია.




 
 
 
Make a Free Website with Yola.