წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი‚ –
დღისით და ღამით მაშვრალნი‚ არ საჭამადთა მჭამენი‚ –
არსადა ხანი არ დაყვეს‚ ერთნი თვალისა წამენი.
მათ თვალთათ ცრემლნი სდიოდეს‚ მინდორთა მოსალამენი.

დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი‚
კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს‚ ძირსა – წყალი ჩანადენი‚
წყლისა პირსა‚ არ ითქმოდა‚ შამბი იყო თუ რასდენი‚
ხე დიდრონი‚ თვალუწდომი‚ მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

მან ყმამან ქვაბსა მიმართა‚ გავლნა წყალი და ტყენია;
ავთანდილ ცხენსა გარდახდა‚ მონახნა დიდნი ხენია;
მას ზედა ჭვრეტად გავიდა‚ ძირსა დააბა ცხენია‚
მუნით უჭვრეტდა‚ იგი ყმა მივა ცრემლმინადენია.

რა ტყენი გავლნა მან ყმამან‚ მოსილმან ვეფხის ტყავითა‚
ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა‚
ატირდა მაღლად ცრემლითა‚ ზღვათაცა შესართავითა‚
იგი ყმა ცხენსა გარდახდა‚ ყელსა მოეჭდო მკლავითა.

იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა‚
ერთმანერთსა ეხვეოდეს – ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
იზახდიან‚ მოსთქმიდიან‚ მოსცემდიან კლდენი ხმასა.
ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

სული დაიღო მან ქალმან‚ დასთმო გულისა წყლულობა‚
ქვაბს შეიყვანა ტაიჭი‚ მოჰხადა აკაზმულობა‚
მას ყმასა შეჰხსნა‚ შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა;
შინა შევიდეს‚ მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

ავთანდილს უკვირს‚ "ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!"
გათენდა‚ ქალი გამოდგა‚ მოსილი მითვე ფერითა‚
შავსა აუდვა ლაგამი‚ სწმედდა რიდისა წვერითა‚
შეკაზმა‚ მოაქვს აბჯარი წყნარად‚ არ რამე ჩხერითა.

მის მოყმისა წესი იყო‚ მეტსა თურე არა ეჯდა.
ქალი ტირს და მკერდსა იცემს‚ თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
ერთმანერთსა მოეხვივნეს‚ აკოცა და ცხენსა შეჯდა;
ქალი‚ აგრე დაღრეჯილი‚ კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე‚ კაცისა‚
ულვაშაშლილი‚ წვერგამო‚ "ნუთუ მზეაო‚ – თქვა‚ – ცისა!"
ეყნოსა სული ალვისა‚ ქართაგან მონატაცისა;
ასრე უჩს მოკლვა ლომისა‚ მართ ვითა ლომსა – ვაცისა.

მასვე გზასა წამოვიდა‚ რომე გუშინ შეეარა‚
შამბი გავლო‚ გაეშორა‚ თავი მინდორს გააგარა.
ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით‚ მალვით ხესა მოეფარა‚
თქვა‚ თუ: "ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვაჯობინო?
ქალი შევიპყრა‚ მის ყმისა ამბავი ვაამბობინო‚
ჩემიცა უთხრა ყველაი‚ მართალი გავაბრჭობინო‚
მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა‚ არცა მას დავასობინო".

ჩამოვიდა‚ ცხენი ახსნა‚ მისგან ხესა გამობმული‚
ზედა შეჯდა‚ გაემართა‚ ქვაბი დახვდა კარგახმული:
მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე‚ ცრემლდასხმული‚
ეგონა‚ თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი‚ ბროლბაკმული.

ვერ იცნა‚ – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა‚ –
ფიცხლა გაიქცა‚ მიმართა ზახილით კლდესა და ხესა;
ყმა გარდაიჭრა‚ დააბა‚ ვითა კაკაბი მახესა;
ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა.

მას ყმასა თავი არ მისცა‚ ჭვრეტადცა ებილწებოდა‚
ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მი და მო ძრწებოდა‚
ტარიელს ვისმე უზახდა მწედ‚ თუცა არ ემწებოდა‚
ავთანდილ მუხლთა უყრიდა‚ თითითა ეხვეწებოდა.

ეტყოდა. "სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ‚ ადამიანი!
უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი‚
მისი რა მითხარ‚ ვინ არის ტანსარო‚ პირბაკმიანი‚
სხვად არას გიზამ‚ ნუ გეშის‚ ნუ ჰყივი აგრე ხმიანი".

ქალი ეტყოდა ტირილით‚ სარჩელი უგავს ბრჭობასა:
"თუ არ შმაგი ხარ‚ დამეხსენ; შმაგი ხარ‚ მოდი ცნობასა!
აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;
ცუდად ნუ სცთები‚ ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა!"

კვლა ეტყვის: "ყმაო‚ რა გინდა‚ ანუ მენუკევ მე რასა?
მაგა საქმესა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა.
შენ ერთხელ იტყვი‚ «მითხარო»‚ მე ასჯერ გითხრობ «ვერასა».
ვითა სიცილი ტირილსა‚ მიჯობს ვაგლახი მღერასა".

"ქალო‚ არ იცი‚ სით მოვალ‚ რა ჭირნი მომითმენიან‚
ოდითგან ვეძებ ამბავთა‚ ესე არვისგან მსმენიან;
შენ მიპოვნიხარ‚ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან‚
ვერ დაგეხსნები‚ მიამბე‚ ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!"

ქალმან უთხრა: "რას შეგესწარ‚ მე ვინ ვარ და ანუ შენო?
მზე არ მახლავს‚ შეგეტყვების‚ თრთვილო‚ ასრე მით მაწყენო!
გრძელი სიტყვა საწყინოა‚ ასრე მოკლედ მოგახსენო:
ვერასათვის ვერ გიამბობ‚ რაცა გინდა‚ იგი ქმენო!"

კვლაცა ჰკითხა ზენარობით‚ მიუყარნა მუხლნი წინა‚
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა‚ მუდარობა მოეწყინა‚
პირსა ზედა გაგულისდა‚ თვალთა სისხლი მოედინა‚
ადგა‚ თმათა წამოზიდნა‚ ყელსა დანა დააბრჯინა.

ეგრე უთხრა: "მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო‚
რაგვარა თუ ამატირო‚ ცრემლი ცუდად დამადინო?
გიჯობს‚ მითხრა‚ ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო"
თვარა‚ ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას‚ ვითა მოგაკვდინო!`

ქალმან უთხრა: "ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
თუ არ მომკლავ‚ არ მოვკვდები‚ მრთელი ვარ და მოუკლავი.
რად რა გითხრა‚ სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
კვლა თუ მომკლავ‚ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი".

კვლა ეტყვის: "ყმაო‚ რად მპოვე‚ ვინ მეუბნები მე‚ ვინო?
ეგე ამბავი ცოცხალსა ნებითა ვერ მათქმევინო!
მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო‚
ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.

ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია‚
მით რომე დამხსნი ტირილსა‚ შემშრების ცრემლთა ფონია;
ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი‚ მისთვისვე შემიწონია;
ვერ გიცნობ‚ ვინ ხარ‚ ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?"

ყმამან თქვა‚ თუ: "არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა‚
სხვასა რასმე მოგონება‚ სჯობს საქმისა გამორჩევა".
გაუშვა და ცალკე დაჯდა‚ ტირს‚ დაუწყო ცრემლთა ფრქვევა‚
ქალსა უთხრა: "გაგარისხე‚ აწ‚ ესე თქვი‚ ვით დავრჩე‚ ვა!"

ქალი დაუჯდა კუშტგვარად‚ ქუშობს‚ ჯერთ არ დამტკბარია;
ავთანდილ ქვე ზის ტირილად‚ აღარას მოუბარია;
ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.
კვლა იქით ქალი ატირდა‚ მისთვის გულნალმობარია.

ყმა მტირალი შეებრალა‚ ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა‚
მაგრა უჯდა უცხოს უცხო‚ არ ბაგენი აუბარნა;
ყმამან ცნა‚ თუ: "გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა".
ცრემლდენილი შეეხვეწა‚ ადგა‚ მუხლნი მიუყარნა.

უთხრა: "ვიცი‚ აღარ ვარგ ხარ შენ აწ ჩემად დასადობლად‚
გაგარისხე‚ დარჩომილ ვარ ღარიბად და ამად ობლად;
აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად‚
ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად.

თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე‚
მიჯნურისა შებრალება ხამს‚ ესეცა გაიგონე!
სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ‚ არვინ არის ჩემი ღონე;
სულთა მოგცემ გულისათვის‚ სხვა მეტიმცა რა გაქონე!"

რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება‚
გულამოხვინჩვით დაიწყო ასკეცთა ცრემლთა დინება‚
კვლა გაამრავლა ზახილით ტირილი‚ არგაცინება.
ავთანდლს ღმერთმან წადილი მისცა‚ გულისა ლხინება.

იტყვის‚ თუ: "ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების‚
ვისთვისმე ხელი უცილოდ‚ მას ცრემლი ემალმალების".
კვლა უთხრა: "დაო‚ მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
ესეცა იცი‚ სიკვდილსა თვით ეძებს‚ არ ეკრძალების.

ვარ მიჯნური‚ ხელი ვინმე‚ გაუძლებლად სულთა დგმისად‚
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად‚
ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულ ვარ სადა‚ მი-‚ სად!
გული თქვენი მიპოვნია‚ მისი შენად‚ შენი მისად.

მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე‚
მისთვის ხელმან‚ გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე.
ორისაგან ერთი მიყავ: ტყვემქმენ ანუ მააზატე‚
ან მაცოცხლე‚ ანუ მომკალ‚ ჭირი ჭირსა მომიმატე!"

ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
"ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი‚
აწ მოყვარე გიპოვნივარ‚ დისაგანცა უფრო დესი.

მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე‚
არ ეგების‚ ამას იქით თუცა თავი არ გამონე‚
არ შენ მოგეც თავი ჩემი‚ დაგაბნიე‚ დაგაღონე;
შენთვის მოვკვდე‚ ამისებრი მემცა საქმე რა ვიღონე!

აწ რაცა გითხრა‚ თუ ამა საქმესა დამმორჩილდები‚
რასაცა ეძებ‚ მიხვდები‚ უცილოდ არ ასცილდები;
თუ არ მოისმენ‚ ვერ ჰპოვებ‚ რაზომცა ცრემლსა მილდები‚
მოგხვდების მდურვა სოფლისა‚ მოჰკვდები‚ გა-ცა-სწბილდები".

 
 
 
Make a Free Website with Yola.