ვარდი‚ მის მზისა გაყრილი‚ უფრო და უფრო ჭნებოდა‚
გულსა უთხრის‚ თუ: "დათმეო"‚ ამად არ დია ბნდებოდა.
უცხო-უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა‚
მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა‚ მათ თანაემოყვრებოდა.

მუნ ეძებს‚ ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად;
უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი – სადებლად თავისად;
თქვის: "საყვარელო‚ მოგშორდი‚ გული შენ დაგრჩა‚ ვთქვა ვისად?
შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად".

ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო‚ სრულად მოიარა‚
ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არე არა‚
მაგრა იგი მის ამბვისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა‚ მეტად მქისსა‚
თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს‚ ვერას შვილსა ადამისსა‚ –
იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა‚ –
დღე და ღამე იგონებდის საყვარელსა მასვე მისსა.

მას მიხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა‚
გამოჩნდა მუნით მინდორი‚ სავალი დღისა შვიდისა.
მის მთისა ძირსა წყალი დის‚ არად სანდომი ხიდისა‚
ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

ზედ წაადგა‚ შეექცევის‚ დროთა‚ დღეთა ანგარიშობს;
თვენი ესხნეს ორანიღა‚ ამად სულთქვამს‚ არა იშობს;
"ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს! – კვლა ამისთვის გულმოშიშობს‚ –
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის‚ თავსა ახლად ვერვინ იშობს".

საგონებელი შეექმნა‚ დადგა საქმისა მრჩეველად‚
თქვა: "თუ დავბრუნდე‚ ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა‚ ვიყავ რად დღეთა მლეველად;
მისი ვერა ვცნა ჭორადცა‚ ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?

თუ არ დავბრუნდე‚ საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი‚
რომელსა ვეძებ‚ ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი‚
დრო გარდაუწყდეს შერმადინს‚ მიხვდენ ღაწვისა ბანანი‚
მივიდეს‚ ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი‚

უამბოს ჩემი სიკვდილი‚ თვით ჩემგან დავედრებული‚
მათ შექმნან გლოვა-ტირილი‚ ქმნან საქმე გამწარებული‚
მერმე მივიდე ცოცხალი მე‚ სხვაგან სადმე რებული!"
ამას იგონებს ტირილით გონებაშეიწრებული.

იტყვის: "ღმერთო‚ სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
მე ეზომნი სიარულნი კიდე რად‚ გლახ‚ გამიცუდენ?
გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ‚ ჭირნი დააბუდენ;
დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს დავიყუდენ".

კვლაცა იტყვის: "დათმობა სჯობს"‚ და თავსავე ეუბნების:
"დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები‚ გული ჩემი ნუ დადნების‚
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ‚ ცრემლი ცუდად მედინების‚
განგებასა ვერვინ შესცვლის‚ არსაქმნელი არ იქმნების.

ყოვლნი არსნი ცათქვეშეთნი ერთობ სრულად მომივიან‚
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს‚ რომელთაცა ქაჯად თქვიან.
აწ ტირილი არას მარგებს‚ ცუდად ცრემლნი რასა მდიან?"

მთით ჩამოვიდა ავთანდილ‚ გავლნა წყალი და ტყენია‚
მინდორს აცორვებს ტაიჭსა‚ შეჟღრენით მონაწყენია.
გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია‚
ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

მობრუნვება დააპირა‚ სულთქვნა‚ მერმე ივაგლახა‚
მას მინდორსა დაემართა‚ გზა თვალითა გამოსახა;
თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა‚
მხეცნი იყვნეს საშინელნი‚ მაგრა არა შეუზახა.

თუცა მხეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესით-ა‚
ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა‚
ისრითა მოკლა ნადირი‚ როსტომის მკლავუგრძესითა‚
შამბისა პირსა გარდახდა‚ ცეცხლი დააგზო კვესითა.

ცხენსა მისცა საძოვარი‚ ვირე წვადი შეიწოდეს;
ექვსნი რამე ცხენოსანნი‚ ნახა‚ მისკენ მოვიდოდეს;
თქვა‚ თუ: "ჰგვანან მეკობრეთა‚ თვარა კარგი რამც იცოდეს!
აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს".

ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი‚ მათკე მივა მხიარული.
ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული‚
თავსა იყო დაკოდილი‚ შეებნიდა სისხლსა გული‚
ტიროდეს და იჭირვოდეს‚ ცოტა ედგა მას‚ გლახ‚ სული.

უყივლა‚ თუ: "ძმანო‚ ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!"
მათ მიუგეს: "დაგვიწყნარდი‚ გვიშველე რა‚ ცეცხლნი ავსენ‚
ვერა გვარგო‚ მოგვიმატენ‚ ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ‚
სატირელნი მოგვიტირენ‚ ღაწვნი შენცა დაიმხავსენ!"

ავთანდილ მიდგა‚ ეუბნა მათ კაცთა გულმდუღარეთა;
მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა:
"ჩვენ ვართო ძმანი სამნივე‚ – მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა‚ –
დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არემარეთა.

კარგი გვესმა სანადირო‚ ნადირობას წამოვედით‚
გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი‚ წყლისა პირსა გარდავხედით‚
სანადირო მოგვეწონა‚ თვესა ერთსა არ წავედით‚
ვხოცდით მხეცსა უზომოსა მინდორით და მთით და ქედით.

ჩვენ‚ სამთა ძმათა‚ ჩვენ თანა მესროლნი დავაწბილენით‚
მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
«მე უკეთ მოვჰკლავ‚ მე გჯობო»‚ სიტყვანი ვავაქილენით‚
ვერ გავაჩინეთ მართალი‚ ვისარჩლეთ‚ ვითაკილენით.

დღეს ავჰყარენით ლაშქარნი‚ სავსენი ირმის ტყავითა‚
ვთქვით: «გავაჩინოთ მართალი‚ ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა‚
თავსა ვეახლნეთ მარტონი‚ დავდგეთ მართ ოდენ თავითა‚
თვითდანახულსა მოვჰკლვიდეთ‚ ნუ ვისრით დამნახავითა!»

ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია‚
ლაშქართა წასლვა უბრძანეთ‚ მით არას მოაზრენია‚
მოვინადირეთ მინდორი‚ ისი ტყენი და ღრენია‚
დავხოცეთ მხეცი‚ მფრინველი არცა ზე გარდაგვფრენია.

ანაზდათ მოყმე გამოჩნდა კუშტი‚ პირგამქუშავია‚
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა‚ – მერანი რამე შავია‚ –
თავსა და ტანსა ემოსა გარეთმა ვეფხის ტყავია‚
ჯერთ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

უჭვრიტეთ‚ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით‚
ვთქვით‚ თუ: «მზეაო ქვეყანად‚ ნუ ვეუბნებით ცად ენით!»
მისი მოგვინდა შეპყრობა‚ ვჰკადრეთ და შევეცადენით‚
ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ‚ ცრემლისაცა დენით.

მე‚ უხუცესმან‚ უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;
ჩემმან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით;
ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა‚ უალლეთ ჩვენ ნებით‚
მივმართეთ‚ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

ბროლმან‚ ლალსა გარეულმან‚ ვარდნი თხელნი ანატიფნა‚
იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გააყიფნა:
არ აგვიხვნა‚ არცა დაგვსხნა‚ ყოლა არად ამოგვკრიფნა‚
მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

უმცროსსა ძმასა მივეცით‚ უფროსნი დავეზიდენით;
ხელი მოჰკიდა‚ «დადეგო»‚ ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო‚ ჩვენ ამად დავერიდენით‚
თავსა გარდაჰკრა მათრახი‚ ვნახეთ სისხლისა კი დენით.

მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა‚
ვითა მკვდარი უსულოქმნა‚ ვითა მიწა დაამიწა‚
მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა‚ მოაწიწა‚
თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი‚ კუშტი‚ ამაყი‚ წა-!

აღარ დაბრუნდა‚ წავიდა წყნარად და აუჩქარებლად‚
აგერა მივა‚ ნახეო‚ იგი მზეებრ და მთვარებლად".
შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად‚
ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

აჰა‚ მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არდათოვნა‚
რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეგზომი გარეთ ყოვნა.
კაცსა მიხვდეს საწადელი‚ რას ეძებდეს‚ მისი პოვნა‚
მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

უთხრა‚ თუ: "ძმანო‚ ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა‚
მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა‚
აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არსაადვილოსა‚ .
ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

ვითა მე მივხვდი წადილსა‚ ჩემსა გულისა ნებასა‚
აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა!"
უჩვენა მისი სადგომი: "მიდითო ნება-ნებასა"
ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი‚ მიეცით მოსვენებასა!`

ესე უთხრა და წავიდა‚ ცხენი გაქუსლა დეზითა‚
ვითა გავაზი გაფრინდა‚ არგაშვებული ხეზითა‚
ან მთვარე‚ მზისა შემყრელი‚ მზე სინათლითა ზეზითა.
დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

მიეწურა‚ იგონებდა‚ ახლოს შეყრა ვითა აგოს:
"საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!
ხამს‚ თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს‚
არსიწყნარე გონებისა მოიძულოს‚ მოიძაგოს.

რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად‚
რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად‚
მივეწევი‚ შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად‚
ანუ მოვჰკლავ‚ ანუ მომკლავს‚ დაიმალვის მეტისმეტად".

ავთანდილ იტყვის: "ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?
რაცაღა არის‚ არ არის‚ თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
სადაცა მივა‚ მივიდეს‚ რამცა მოვლიდეს ზღუდენი‚
მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არდასამრუდენი".

 
 
 
Make a Free Website with Yola.