მე წავიდე‚ მოვიარო‚ ვილაშქრო და ვინაპირო‚
თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო‚
მორჩილქმნილთა გავახარო‚ ურჩი ყოვლი ავატირო‚
ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა‚ არ სალამი დავაძვირო".

მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა‚
ებრძანა: "ლომო‚ არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა‚
აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა.
წა‚ მაგრა მომხვდეს‚ რაღა ვქმნა‚ თუ სიშორისა გრძელობა!"

ყმა შევიდა‚ თაყვანისსცა‚ მადლი რამე მოახსენა:
"ხელმწიფეო‚ მიკვირს‚ ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა!
აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა‚
პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!"

მეფე ყელსა მოეხვია‚ გარდაკოცნა ვითა შვილი;
სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი‚ არ გაზრდილი!
ყმა ადგა და წამოვიდა‚ მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
როსტან მისთვის აატირა გონიერი გული‚ ლბილი.

გამოემართა ავთანდილ‚ მოყმე მხნე‚ ლაღად მავალი.
ოც დღე იარა‚ ღამეცა დღეს ზედაწართო მრავალი.
იგია ლხინი სოფლისა‚ იგია ნივთი და ვალი.
არ მისცილდების თინათინ მისი მას‚ ვისგან სწვავ ალი.

რა მოვიდა‚ სიხარული შიგან გახდა სამეფოსა;
მოეგებნეს დიდებულნი‚ ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა;
იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა;
მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა;
გარე კლდე იყო‚ გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა;
ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა‚
გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

უბრძანა: "აჰა‚ შერმადინ‚ ამად მე შენგან მრცხვენიან‚
ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან‚ გაგივლენიან‚
მაგრა არ იცი აქამდის‚ რანიცა ცრემლნი მდენიან!
მე ვისგან მქონდეს პატიჟნი‚ აწ მასვე მოულხენიან.

მე მოუკლავ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა‚
ცხელი ცრემლი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა‚
ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა‚
აწ მიბრძანა საიმედო‚ ამად მხედავ მხიარულსა.

მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა‚
მოხვიდე‚ სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა‚
ქმარი არ მინდა უშენო‚ მომხვდეს ხისაცა რგულისა!»
მომცა წამალი გულისა‚ აქამდის დადაგულისა.

პირველ‚ ყმა ვარ‚ წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად‚ –
ხამს მეფეთა ერთგულობა‚ ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად‚ –
მერმე‚ ცეცხლი დაუვსია‚ აღარა მწვავს გულსა მურად.
ხამს‚ თუ კაცი არ შეუდრკეს‚ ჭირს მიუხდეს მამაცურად.

ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა‚
ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად‚ თავადად ჩემთა სპათასა‚
ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა.

ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი‚ ჰპატრონობდი‚
დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი‚
წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ‚ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი‚
აქა სადმე არყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე‚
აქათ სამ წელ მომიცადე‚ ხვაშიადი შემინახე‚
მე ნუთუმცა შემოვბრუნდი‚ ალვა ჩემი არ დაჭნა ხე‚
არ მოვბრუნდე‚ მომიგლოვე‚ მიტირე და მივაგლახე!

მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია‚
აცნობე ჩემი სიკვდილი‚ – იყავ მართ ვითა მთრვალია‚ –
მიხვდა-თქო საქმე‚ რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.
გლახაკთა მიეც საჭურჭლე‚ ოქრო‚ ვერცხლი და რვალია!

მაშინ უფრო მომეხმარე‚ ამისგანცა უფრო მხნედრე;
ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდი ზედა-ზედრე!
მეტად კარგად დამიურვე‚ სული ჩემი შეივედრე‚
ზრდანი ჩემნი მოიგონენ‚ გული შენი მოიმდედრე!"

რა მონამან მოისმინა‚ გაუკვირდა‚ შეეზარა‚
თვალთათ, ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა‚
მოახსენა: "უშენომან გულმან რამცა გაიხარა!
ვიცი‚ რომე არ დასდგები‚ მაგას გიშლი ამად არა.

«ჩემად ნაცვლად დაგაგდებო»‚ – ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
რაგვარა ვქმნა პატრონობა‚ რამც გიფერე‚ რამც გიგვანე?
შენ მარტოსა გიგონებდე‚ მემცა მიწა ვიაკვანე!
სჯობს‚ ორნივე გავიპარნეთ‚ წამოგყვები‚ წამიტანე!"

ყმამან უთხრა: "მომისმინე‚ მართლად გითხრობ‚ არა ჭრელად:
რა მიჯნური ველთა რბოდეს‚ მარტო უნდა გასაჭრელად;
მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლო უვაჭრელად;
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

ვისმცა უთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა;
უშენოსა პატრონობა ვის მივანდო‚ ვინ იქს კარგა?
სანაპირო გაამაგრე‚ მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
კვლა ნუთუმცა შემოვიქეც‚ ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

განგებაა‚ სწორად მოჰკლავს‚ ერთი იყოს‚ თუნდა ასი;
მარტოობა ვერას მიზამს‚ მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
აქათ სამ წელ არ მოვიდე‚ მაშინ გმართებს გლოვა‚ ფლასი;
წიგნსა მოგცემ‚ გმორჩილობდეს‚ ვინცა იყოს ჩემი ხასი". 

 
 

დაწერა‚ თუ: "ჩემნო ყმანო‚ გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო‚
ერთგულნო და მისანდონო‚ ამას ზედა გამოცდილნო‚
თქვენ‚ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო‚ ვითა ჩრდილნო‚
წიგნი ჩემი მოისმინეთ‚ ყოვლნო ერთგან შემოხდილნო!

მიწაცა თქვენი ავთანდილ‚ ისმინეთ‚ გიწერ მე რასა:
თვით ვიქ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა‚
ცოტასა ხანსა ვარჩიე გაჭრა სმასა და მღერასა‚
პურად და საჭმლად მივენდვე ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი‚
დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი;
გემუდარები ამისთვის‚ ვარ თქვენი შემომხვეწელი‚
მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

მე შერმადინ დამიგდია‚ ჩემად კერძად პატრონობდეს‚
სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს;
ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს‚ ვარდს არ ზრვიდეს‚ არ აჭნობდეს‚
შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.

თქვენცა იცით‚ გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი;
ამას ასრე მორჩილობდით‚ არის ვითამც ავთანდილი‚
ბუკსა იკრას‚ აქნევინეთ ყოვლი საქმე‚ ჩემგან ქმნილი;
მე თუ დრომდის არ მოვიდე‚ გლოვა გმართებს‚ არ სიცილი".

ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა‚
წელთა ოქრო შემოირტყა‚ საღარიბოდ შეეკაზმა‚
ბრძანა: "მინდორს შევჯდებიო"‚ ლაშქარიცა დაერაზმა;
მასვე წამსა წამოვიდა‚ შინა ხანი არა დაზმა.

ბრძანა: "წადით ყველაკაი‚ აქა მემხრედ არვინ მინა".
მონებიცა მოიშორვა‚ თავი გაითავისწინა‚
მარტო გარე შემობრუნდა‚ შამბი შიგან გაირბინა.
მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ-ა.

იგი ველი გაირბინა‚ ლაშქართაგან გაეკიდა;
ვინმცა ნახა სულიერმან‚ ანუ ვინმცა წაეკიდა?
ვის მახვილი ვერას ავნებს‚ მისი მკლველი გაეკიდა;
მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.

რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს‚
იგი პირმზე ვეღარ პოვეს‚ პირი მათი იფერმკრთალეს‚
მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს‚
ყოვლგან რბოდეს საძებარად‚ ვინცა იყო უცხენმალეს.

შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები‚
უჩვენა იგი უსტარი‚ ამბავი მისი თქმულები.
რა მოისმინეს‚ ყველაი დარჩა გულდანაწყლულები;
თავსა იცემდეს‚ არ იყო გული უცრემლო‚ ულები.

ყოვლთა ჰკადრეს: "თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა‚
უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
განაღამცა გმორჩილობდით‚ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!"
იგი მონა აპატრონეს‚ ყველაკამან თაყვანისცა. 

 
 

ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი‚ ეზროს:
საბრალოა‚ ოდეს ვარდი დაეთრთვილოს‚ და-ცა-ეზროს.
ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს‚
იგი სადმე გაღარიბდეს‚ საყოფთაგან იაბეზროს.

ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა‚
დააგდო ზღვარი არაბთა‚ სხვათ ზღვართა არე იარა‚
მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა;
თქვა: "თუ მე მასმცა ვეახლე‚ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა".

ახალმან ფიფქმან დათოვა‚ ვარდი დათრთვილა‚ დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა‚ ზოგჯერ მიმართის დანასა;
თქვის: "ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა‚
მოვშორდი ლხინსა ყველასა‚ ჩანგსა‚ ბარბითსა და ნასა!" 

 
Make a Free Website with Yola.