შეეკაზმა მეფე‚ შეჯდა‚ ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს‚ ალყად გარე შემოჰკრვიდეს‚
ზეიმი და ზარი იყო‚ სპანი ველთა დაჰფარვიდეს;
ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

უბრძანა: "მონა თორმეტი მოდით‚ ჩვენ თანა ვლიდითა‚
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით‚ ისარსა მოგვართმიდითა‚
ნაკრავსა შეადარებდით‚ ნასროლსა დასთვალვიდითა!"
დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშმიუწდომელი:
ირემი‚ თხა და კანჯარი‚ ქურციკი მაღლად მხლტომელი.
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს‚ ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.
მიჰხოცდეს და მიესროდეს‚ მინდორს სისხლსა მიასხმიდეს‚
რა ისარი დაელივის‚ მონანიყე მიართმიდეს.
მხეცნი‚ მათგან დაკოდილნი‚ წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

იგი ველი გაირბინეს‚ ჯოგი წინა შემოისხეს‚
დახოცეს და ამოსწყვიდეს‚ ცათა ღმერთი შეარისხეს‚
ველნი წითლად შეეღებნეს‚ ნადირთაგან სისხლი ისხეს.
ავთანდილის შემხედველთა: "ჰგავსო ალვას‚ ედემის ხე".

იგი მინდორი დალიეს‚ მართ მათგან განარბენია‚
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა ტყენია.
ნადირნი ტყესა შეესწრნეს‚ სადა ვერა რბის ცხენია.
იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს‚ რაზომცა მხნენია.

ერთმანერთსა‚ თუ: "მე გჯობო"‚ სიცილით ეუბნებოდეს‚
ამხანაგობდეს‚ ლაღობდეს‚ იქით და აქათ დგებოდეს.
მერმე მოვიდეს მონანი‚ რომელნი უკან ჰყვებოდეს‚
უბრძანეს: "თქვითო მართალი‚ ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს!"

მონათა ჰკადრეს: "მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
მეფეო‚ ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით‚
აწვეცა დაგვხოც‚ ვერა ჰგავ‚ – ვერათ ვერ მოგეხმარებით‚ 
- ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია‚
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა‚ რაც ოდენ შეუტყორცია‚
თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია".

მეფესა ესე ამბავი უჩს ვითა მღერა ნარდისა‚
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა‚
აქვს მიჯნურობა ამისი‚ ვითა ბულბულსა ვარდისა‚
სიცილით ლაღობს‚ მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
ლაშქართა შექმნეს მოდენა‚ მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
ახლოს უთქს მონა თორმეტი‚ უმხნესი სხვათა მხნეთასა.
თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

 
 

ნახეს‚ უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა‚
შავი ცხენი სადევითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა‚
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა‚ გულსა მდუღრად ანატირსა.

მას ტანსა კაბა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავისა‚
ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა‚
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;
ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

მეფემან ბრძანა: "ვინ არის უცხო პირად და ტანადო?"
უბრძანა ერთსა მონასა: "წადი ფიცხლად და ჯანადო‚
«გიბრძანებს‚ – უთხარ‚ – ვერა გცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო‚
ვინცა ხარ‚ მოდი წინაშე შენ ჩვენგან მონაყვანადო!»`

წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად‚
თავჩამოგდებით მტირლისა‚ არ ჭვრეტით მოლიზღარისად‚ –
მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა‚ ჰგია გიშრისა ღარი სად‚ –
ახლოს მივიდა‚ მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

ვერა ჰკადრა საუბარი‚ მონა მეტად შეუზარდა‚
დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით‚ თუცა გული უმაგარდა;
მოახსენა: "გიბრძანებსო",ახლოს მიდგა‚ დაუწყნარდა.
იგი ტირს და არა ესმის მისგან‚ გაუუმეცარდა.

მის მონისა არა ესმა სიტყვა‚ არცა ნაუბარი‚
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი‚
უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი‚
ცრემლსა სისხლი ერეოდა‚ გასდის‚ ვითა ნაგუბარი.

სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან.
ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
არცა დააგდო ტირილი‚ არცა რა გაიგონა მან‚
არცა გახლიჩნა ბაგენი‚ თავი – ვარდისა კონამან.

რა პასუხი არა გასცა‚ მონა გარე შემობრუნდა‚
როსტანს ჰკადრა: "შემიტყვია‚ იმას თქვენი არა უნდა;
თვალნი მზეებრ გამირეტნა‚ გული მეტად შემიძრწუნდა‚
ვერ ვასმინე საუბარი‚ მით დავყოვნე ხანი მუნ‚ და"

მეფე გაჰკვირდა‚ გა-ცა-წყრა‚ გული უც მისთვის მწყრომარე‚
გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე‚
უბრძანა: "ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე‚
მიდით და აქა მომგვარეთ‚ ვინ არის იქი მჯდომარე!"

მონანი მიდგეს‚ მივიდეს‚ გახდა აბჯრისა ჩხარია;
მაშინღა შეკრთა იგი ყმა‚ ტირს‚ მეტად გულმდუღარია‚
თვალნი მოარნა ყოველგნით‚ ნახა ლაშქრისა ჯარია‚
ერთხელ ესე თქვა: "ვაჰმეო"‚ სხვად არას მოუბარია.

თვალთა ხელი უკუივლო‚ ცხელნი ცრემლნი მოიწურნა‚
ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა‚ მკლავნი გაიმამაცურნა‚
ცხენსა შეჯდა‚ – მონათამცა საუბარნი რად იყურნა! –
სხვასა მხარსა გაემართა‚ მათი ჭირი არ განკურნა.

მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.
მან‚ გლახ‚ იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:
ჰკრა ერთმანერთსა‚ დახოცნა თავსა ხელაუპყრობელად‚
ზოგსა გარდაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.

მეფე გაწყრა‚ გაგულისდა‚ ლაშქარნიცა შეუზახნა;
მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა‚ არცა ნახნა‚
რაზომნიცა მიეწივნეს‚ ყველა მკვდართა დაასახნა‚
კაცი კაცსა შემოსტყორცა‚ როსტან ამად ივაგლახნა.

შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად‚
ტაიჭი მიუქს მერანსა‚ მიეფინების მზე ველად‚
შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანამდეველად.

რა ცნა‚ მეფე მოვიდაო‚ ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა‚
მასვე წამსა დაიკარგა‚ არ უნახავს თვალსა ჩვენსა‚
ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;
ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

კვალი ძებნეს და უკვირდა ვერპოვნა ნაკვალევისა‚
აგრე კვალწმიდად წახდომა კაცისა‚ ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს‚ სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
მეფემან ბრძანა: "ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა".

ბრძანა: "ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება‚
ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება‚
სიკვდილამდის დამაწყლულა‚ ვერვის ძალუც განკურნება.
მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება".

ესე თქვა და შემობრუნდა‚ დაღრეჯილი წამოვიდა‚
არცაღა ჰკრა ასპარეზსა‚ ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა‚ სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
ზოგთა თქვეს‚ თუ: "მართალია"‚ ზოგი‚ ღმერთო‚ უზრახვიდა.

მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი‚ დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა‚ ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა‚ ჯალაბი ჩანს არდაჯრილი.
გაბედითდა სიხარული‚ ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა;
ადგა და კარსა მივიდა‚ ჰქონდა მზისაცა ცილობა‚
მოლარე იხმო‚ უბრძანა: "ძილია თუ ღვიძილობა?"
მან მოახსენა: "დაღრეჯით ზის‚ სჭირსო ფერშეცვლილობა.

ერთიღა ახლავს ავთანდილ‚ წინაშე უზის სკამითა;
უცხო ყმა ვინმე უნახავს‚ ასრე დაღრეჯით ამით-ა".
თინათინ ბრძანა: "აწ წავალ‚ შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა‚
მიკითხოს‚ ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა".

ხანი გამოხდა‚ იკითხა: "ნეტარ‚ რასა იქს ქალიო‚
ჩემი ლხინი და ჯავარი‚ ჩემი სოფლისა წყალიო?"
მოლარე ჰკადრებს: "მოვიდა აწყაღა ფერნამკრთალიო‚
დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალი".

უბრძანა‚ თუ: "წადი‚ უხმე! უმისობა ვით გავსძლეო?
მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ‚ მამისა სიცოცხლეო?
მოდი‚ ჭმუნვა გამიქარვე‚ გულსა წყლულსა მეწამლეო‚
გითხრა ჩემი სამიზეზო‚ მე თუ ლხინთა რად დავლეო»".

თინათინ ადგა‚ მივიდა‚ მიჰყვა მამისა ნებასა‚
უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა‚
მამამან გვერდსა დაისვა‚ აკოცებს ნება-ნებასა‚
უბრძანა: "მახლავ რად არა‚ რად მელი მოყვანებასა?"

ქალმან ჰკადრა: "ხელმწიფეო‚ დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს‚
ვინმცა გნახა კადნიერად‚ რაზომ გინდა ამაყობდეს!
თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!
კაცმან საქმე მოიგვაროს‚ ვეჭვ‚ ჭმუნვასა ესე სჯობდეს". 

 
Make a Free Website with Yola.