ომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა
ჩვენ‚ კაცთა‚ მოგვცა ქვეყანა‚ გვაქვს უთვალავი ფერითა
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.

ჰე‚ ღმერთო ერთო‚ შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა
შენ დამიფარე‚ ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა
მომეც მიჯნურთა სურვილი‚ სიკვდიდმდე გასატანისა
ცოდვათა შესუბუქება‚ მუნ თანა წასატანისა.

ვის შვენის‚ – ლომსა‚ – ხმარება შუბისა‚ ფარ-შიმშერისა
– მეფისა მზის თამარისა‚ ღაწვ ბალახშ-თმაგიშერისა‚ –
მას‚ არა ვიცი‚ შევმართო შესხმა ხოტბისა შერისა?
!
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს‚ მართ მიშერისა.

თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული
ვინცა ისმინოს‚ დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა
ქება წარბთა და წამწამთა‚ თმათა და ბაგე-კბილისა
ბროლ-ბალახშისა თლილისა‚ მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვივისა ლბილისა.

აწ ენა მინდა გამოთქმად‚ გული და ხელოვანება‚ –
ძალი მომეც და შეწევნაშენგნით მაქვს‚ მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს‚ ტურფადცა უნდა ხსენება;
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

მო‚ დავსხდეთ‚ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი;
მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე‚ რუსთველმან გავლექსე‚ მისთვის გულლახვარსობილი
აქამდის ამბვად ნათქვამი‚ აწ მარგალიტი წყობილი.

მე‚ რუსთველი‚ ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი:
ვის მორჩილობს ჯარი სპათა‚ მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი;
დაუძლურდი‚ მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი
ანუ მომცეს განკურნება‚ ანუ მიწა მე სამარი.

ესე ამბავი სპარსული‚ ქართულად ნათარგმანები
ვით მარგალიტი ობოლი‚ ხელისხელ საგოგმანები
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი‚ საქმე ვქმენ საჭოჭმანები
ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები.

თვალთა‚ მისგან უნათლოთა‚ ენატრამცა ახლად ჩენა;
აჰა‚ გული გამიჯნურდა‚ მიხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ‚ ხორცთა დაწვა კმარის‚ მისცეს სულთა ლხენა.
სამთა ფერთა საქებელთა ლამის‚ ლექსთა უნდა ლევნა.

რაცა ვისცა ბედმან მისცეს‚ დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს‚ მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს
არცა ვისგან დაეწუნოს‚ არცა სხვასა უწუნობდეს.

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი‚
საღმრთო‚ საღმრთოდ გასაგონი‚ მსმენელთათვის დიდი მარგი‚
კვლა აქაცა ეამების‚ ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის‚ შაირია ამად კარგი.

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა‚
მობურთალსა – მოედანი‚ მართლად ცემა‚ მარჯვედ ქნევა‚
მართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა‚
რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა‚
რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა‚ დაუწყოს ლექსმან ძვირობა‚
არ შეამოკლოს ქართული‚ არა ქმნას სიტყვამცირობა‚
ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა‚ იხმაროს დიდი გმირობა.

მოშაირე არა ჰქვიან‚ თუ სადმე თქვას ერთი‚ ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი‚ ორი‚ უმსგავსო და შორი-შორი‚
მაგრა იტყვის: ~ჩემი სჯობსო`‚ უცილობლობს ვითა ჯორი.

მეორე ლექსი‚ ცოტაი – ნაწილი მოშაირეთა‚
არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა‚ გულისა გასაგმირეთა‚ –
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკლვენ‚ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ‚ სამღერელად‚
სააშიკოდ‚ სალაღობოდ‚ ამხანაგთა სათრეველად;
ჩვენ მათიცა გვეამების‚ რაცა ოდენ თქვან ნათელად.
მოშაირე არა ჰქვიან‚ ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

ხამს‚ მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს‚
ერთი უჩნდეს სამიჯნურო‚ ერთსა ვისმე აშიკობდეს‚
ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს‚ მას აქებდეს‚ მას ამკობდეს‚ 
– მისგან კიდე ნურა უნდა‚ – მისთვის ენამუსიკობდეს.

ჩემი აწ ცანით ყველამან‚ მას ვაქებ‚ ვინცა მიქია;
ესე მიჩს დიდად სახელად‚ არ თავი გამიქიქია!
იგია ჩემი სიცოცხლე‚ უწყალო ვითა ჯიქია;
მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს‚ მიქია.

ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა‚
ძნელად სათქმელი‚ საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო‚ მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების‚ თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან‚
ენა დაშვრების‚ მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი‚ რომელნი ხორცთა ხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ‚ თუ ოდენ არ სიძვენ‚ შორით ბნდებიან.

მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა‚
მით რომე შმაგობს მისისა ვერმიხვდომისა წყენითა;
ზოგსა აქვს საღმრთო სიახლე‚ დაშვრების აღმაფრენითა‚
კვლა ზოგთა ქვეუც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს‚ მართ ვითა მზეობა‚
სიბრძნე‚ სიუხვე‚ სიმდიდრე‚ სიყმე და მოცალეობა‚
ენა‚ გონება‚ დათმობა‚ მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს‚ აკლია მიჯნურთ ზნეობა.

მიჯნურობა არის ტურფა‚ საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა‚ არ სიძვისა დასადარი:
იგი სხვაა‚ სიძვა სხვაა‚ შუა უზის დიდი ზღვარი‚
ნუვინ გარევთ ერთმანერთსა‚ გესმის ჩემი ნაუბარი?

ხამს მიჯნური ხანიერი‚ არ მეძავი‚ ბილწი‚ მრუში‚
რა მოშორდეს მოყვარესა‚ გაამრავლოს სულთქმა‚ უში‚
გული ერთსა დააჯეროს‚ კუშტი მიხვდეს‚ თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული‚ ხვევნა-კოცნა‚ მტლაში-მტლუში.

მას ცოცხალი ნუ ელევის‚ რაცა პირველ შეუყვარდეს‚
ნუცა ლხინსა აუზვავდეს‚ ნუცა ჭირსა შეუზარდეს‚
მისთვის დასთმოს ყველაკაი‚ მისთვის ველთა გამოვარდეს‚
ნურა გავა‚ სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.

ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
დღეს ერთი უნდეს‚ ხვალე სხვა‚ სთმობდეს გაყრისა თმობასა;
ესე მღერასა ბედითსა ჰგავს‚ ვაჟთა ყმაწვილობასა.
კარგი მიჯნური იგია‚ ვინ იქს სოფლისა თმობასა.

არს პირველი მიჯნურობა არდაჩენა‚ ჭირთა მალვა‚
თავისწინა იგონებდეს‚ ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
შორით ბნედა‚ შორით კვდომა‚ შორით დაგვა‚ შორით ალვა‚
დასთმოს წყრომა მოყვრისაგან‚ მისი ჰქონდეს შიში‚ კრძალვა.

ხამს‚ თავისსა ხვაშიადსა არვის თანა ამჟღავნებდეს‚
არ ბედითად "ჰა–ჰაი" ზმიდეს‚ მოყვარესა აყივნებდეს‚
არსით აჩნდეს მიჯნურობა‚ არასადა იფერებდეს‚
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს‚ მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

მას უშმაგო ვით მიენდოს‚ ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
რათამეღა ასახელოს‚ რა სიტყვითა მოაყივნოს?
რა გავა‚ თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

მიკვირს‚ კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
ვინცა უყვარს‚ რად აყივნებს მისთვის მკვდარსა‚ მისთვის წყლულსა?!
თუ არ უყვარს‚ რად არა სძულს? რად აყივნებს‚ რაცა სძულსა?!
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა‚ გულსა.

თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს‚ ტირილსა ემართლების;
სიარული‚ მარტოობა შვენის‚ გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს‚ მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების;
არ დააჩნდეს მიჯნურობა‚ სჯობს‚ თუ კაცთა ეახლების.  
 
 

იყო არაბეთს როსტევან‚ მეფე ღმრთისაგან სვიანი‚
მაღალი‚ უხვი‚ მდაბალი‚ ლაშქარმრავალი‚ ყმიანი‚
მოსამართლე და მოწყალე‚ მორჭმული‚ განგებიანი‚
თვით მეომარი უებრო‚ კვლა მოუბარი წყლიანი.

სხვა ძე არ ესვა მეფესა‚ მართ ოდენ მარტოდ ასული‚
სოფლისა მნათი მნათობი‚ მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული‚ გონება და სული‚
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

მისი სახელი – თინათინ‚ არს ესე საცოდნარია!
რა გაიზარდა‚ გაივსო‚ მზე მისგან საწუნარია.
მეფემან უხმნა ვაზირნი‚ თვით ზის ლაღი და წყნარია‚
გვერდსა დაისხნა‚ დაუწყო მათ ამო საუბნარია.

უბრძანა: "გკითხავ საქმესა‚ ერთგან სასაუბნაროსა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს‚ დაამჭნაროსა‚
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
მზე ჩაგვისვენდა‚ ბნელსა ვსჭვრეტთ‚ ღამესა ჩვენ უმთვაროსა. 

 
 
Make a Free Website with Yola.