მე გარდასრულ ვარ‚ სიბერე მჭირს‚ ჭირთა უფრო ძნელია‚
დღეს არა‚ ხვალე მოვკვდები‚ სოფელი ასრე მქმნელია;
რაღაა იგი სინათლე‚ რასაცა ახლავს ბნელია?!
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ‚ ვისგან მზე საწუნელია!"

ვაზირთა ჰკადრეს: "მეფეო‚ რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
ვარდი თუ გახმეს‚ ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა:
მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფაფერობა.
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

მაგას ნუ ჰბრძანებთ‚ მეფეო‚ ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია‚
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
ხმდა განაღამცა საქმნელად‚ რაცა თქვენ გულსა გლმობია:
სჯობს და მას მიეც მეფობა‚ ვისგან მზე შენაფლობია!

თუცა ქალია‚ ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ‚ იცის მეფობა‚ უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია‚ ძუ იყოს‚ თუნდა ხვადია".

ავთანდილ იყო სპასპეტი‚ ძე ამირსპასალარისა‚
საროსა მჯობი ნაზარდი‚ მსგავსი მზისა და მთვარისა‚
ჯერთ უწვერული‚ სადარო ბროლ-მინად საცნობარისა;
მას თინათინის შვენება ჰკლვიდის‚ წამწამთა ჯარისა.

გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;
რა მოშორდის‚ ვერმჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერნაკლულად;
ნახის‚ ცეცხლი გაუახლდის‚ წყლული გახდის უფრო წყლულად.
საბრალოა‚ სიყვარული კაცსა შეიქს გულმოკლულად!

რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა‚
ავთანდილს მიხვდა სიამე‚ ვსება სჭირს მის სოქალისა;
თქვა: "ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა‚
ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი‚ ფერგამქრქალისა!"

არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:
"თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე‚ მისმან მშობელმან;
მან გაანათლნეს ყოველნი‚ ვით მზემან მანათობელმან.
მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან‚ შემამკობელმან!"

მოვიდეს სრულნი არაბნი‚ ჯარი გამრავლდა ხასისა:
ავთანდილ პირმზე‚ სპასპეტი ლაშქრისა ბევრათასისა‚
ვაზირი სოგრატ‚ მოახლე მეფისა დასთა დასისა;
მათ რომე დადგეს საჯდომი‚ თქვეს: "უთქმელია ფასისა!"

თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა‚
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა‚
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზემხედველითა.

უკუდგეს და თაყვანისსცეს მეფემან და მისთა სპათა‚
დალოცეს და მეფედ დასვეს‚ ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა‚
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.
ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს‚ ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა‚
ამად ტირს‚ ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;
მეფე სწვრთის: "მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა‚
ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა".

უბრძანა: "ნუ სტირ‚ ასულო‚ ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს‚ ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი‚
აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა‚ იყავ წყნარი და ცნობილი!

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების‚
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს‚ იგი თვით ების‚ ვინ ების.
უხვად გასცემდი‚ ზღვათაცა შესდის და გაედინების.

მეფეთა შიგან სიუხვე‚ ვით ედემს ალვა‚ რგულია;
უხვსა მორჩილობს ყოველი‚ იგიცა‚ ვინ ორგულია;
სმა-ჭამა – დიდად შესარგი‚ დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ‚ შენია‚ რაც არა‚ დაკარგულია!"

ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა‚
ყურსა უპყრობდა‚ ისმენდა‚ წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქს‚ მეტად მოილხინებდა;
თინათინ მზესა სწუნობდა‚ მაგრა მზე თინათინებდა.

მოიხმო მისი გამზრდელი‚ ერთგული‚ ნაერთგულევი‚
უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე‚ შენგან დანაბეჭდულევი‚
მომართვი ჩემი ყველაი‚ ჩემი ნაუფლისწულევი!"
მოართვეს‚ გასცა უზომო‚ უანგარიშო‚ ულევი.

მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა‚
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: "ვიქ საქმესა‚ მამისაგან სწავლებულსა‚
ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა!"

უბრძანა: "წადით‚ გახსენით‚ რაცა სად საჭურჭლენია!
ამილახორო‚ მოასხი რემა‚ ჯოგი და ცხენია!"
მოიღეს‚ გასცა უზომო‚ სიუხვე არ მოსწყენია.
ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი‚ მართ ვითა მეკობრენია.

ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა‚ ვითა ნათურქალსა‚
მას ტაიჭსა არაბულსა‚ ქვენაბამსა‚ ნასუქალსა‚
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა‚ ზეცით ნაბუქალსა;
არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

დღე ერთ გარდახდა პურობა‚ სმა-ჭამა იყო‚ ხილობა‚
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.
მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.
"ნეტარ‚ რა უმძიმს‚ რა სჭირსო?" – შექმნეს ამისი ცილობა.

თავსა ზის პირმზე ავთანდილ‚ მჭვრეტთაგან მოსანდომია‚
სპათა სპასპეტი‚ ჩაუქი‚ ვითა ვეფხი და ლომია;
ვაზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია.
თქვეს‚ თუ: "რა უმძიმს მეფესა‚ ანუ რად ფერი ჰკრთომია?"

თქვეს‚ თუ: "მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა‚
თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა".
ავთანდილ თქვა: "სოგრატ‚ ვჰკითხოთ‚ გვითხრას‚ ვინმცა შეგვეცილა?
ვჰკადროთ რამე სალაღობო‚ რასათვისმცა გაგვაწბილა?"

ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა‚
თითო აივსეს ჭიქები‚ მივლენ ქცევითა წყნარითა‚
წინა მიუსხდეს მუხლმოყრით‚ პირითა მოცინარითა.
ვაზირი ლაღობს ენითა‚ წყლიანად მოუბნარითა:

"დაგიღრეჯია‚ მეფეო‚ აღარ გიცინის პირიო.
მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო‚
ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარხშირიო;
ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?"

რა მეფემან მოისმინა‚ გაცინებით შემოხედნა‚
გაუკვირდა: ვით მკადრაო‚ ან სიტყვანი ვით გაბედნა?!
"კარგა ჰქმენო"‚ – დაუმადლა‚ ბრძანებანი უიმედნა‚ –
"ჩემი ზრახვა სიძუნწისა‚ ტყუვის‚ ვინცა დაიყბედნა!

ეგე არ მიმძიმს‚ ვაზირო‚ ესეა‚ რომე მწყენია:
სიბერე მახლავს‚ დავლიენ სიყმაწვილისა დღენია;
კაცი არ არის‚ სითგანცა საბრძანებელი ჩვენია‚
რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.

ერთაი მიზის ასული‚ ნაზარდი სათუთობითა;
ღმერთმან არ მომცა ყმაშვილი‚ – ვარ საწუთროსა გმობითა‚ –
ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად‚ ანუცა მობურთლობითა;
ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობით".

ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა‚
თავმოდრეკით გაიღიმნა‚ გაცინება დაუშვენდა‚
თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.
მეფე ჰკითხავს: "რას იცინი‚ ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?"

კვლა უბრძანა: "თავსა ჩემსა‚ რას იცინი‚ რა დამგმეო?"
ყმამან ჰკადრა: "მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო‚
რაცა გკადრო‚ არ გეწყინოს‚ არ გარისხდე‚ არ გასწყრეო‚
არ გამხადო კადნიერად‚ არ ამიკლო ამაზეო".

უბრძანა: "რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!"
ფიცა მზე თინათინისა‚ მის მზისა მოწუნარისა.
ავთანდილ იტყვის: "დავიწყო კადრება საუბნარისა:
ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა‚ თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენ წინა მშვილდოსანია;
ნაძლევი დავდვათ‚ მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია;
მოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა უკუთქმანია.
გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!"

მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე‚
სიცილით უთხრა ავთანდილს: "შვილად გზრდი‚ მით შემეკადრე;
იცი‚ არ გიწყენ‚ გაზრდილო‚ მით შემომიხვე ზედადრე:
თუ არ გასწბილდე‚ მაჯობო‚ ბედი გეყოფის ბედადრე.

მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა.
ბრძანე‚ ვისროლოთ‚ ნუ იქო შედრეკილობა-კლებასა.
კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა‚
მერმე გამოჩნდეს მოედანს‚ ვისძი უთხრობდენ ქებასა!"

ავთანდილცა დამორჩილდა‚ საუბარი გარდასწყვიდეს‚
იცინოდეს‚ ყმაწვილობდეს‚ საყვარლად და კარგად ზმიდეს‚
ნაძლევიცა გააჩინეს‚ ამა პირსა დაასკვნიდეს:
"ვინცა იყოს უარესი‚ თავშიშველი სამ დღე ვლიდეს!"

მონადირეთა უბრძანა: "მინდორნი მოიარენით‚
დასცევით ჯოგი ნადირთა‚ თავნი ამისთვის არენით!"
ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: "მოდით და მოიჯარენით!"
გაყარეს სმა და ნადიმი; მუნ ამოდ გავიხარენით.

დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი‚
ძოწეულითა მოსილი‚ პირად ბროლბალახშოსანი‚
პიროქრო რიდე ეხვია‚ შვენოდა ქარქაშოსანი‚
მეფესა გასლვად აწვევდა‚ მოდგა თეთრტაიჭოსანი.

 

 
Make a Free Website with Yola.