მურაზ მურვანიძე 

ორმოქმედებიანი ბალეტი "ვეფხისტყაოსანი" 1985 წელს დაიდგა პეტერბურგის მაშინდელი კიროვის სახელობის თეატრის სცენაზე. დამდგმელი ბალეტმაისტერი იყო ოლეგ ვინოგრადოვი, სსრ კავშირის სახალხო არტისტი, მუსიკის ავტორი ალექსი მაჭავარიანი. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ამ ბალეტს, ძალიან ლამაზი სანახაობა გამოვიდა, სამწუხაროდ, არ მაქვს სპექტაკლის ამსახველი ფოტოები. დადგმისთანავე ბალეტი წავიდა "ექსპო-86"-ზე, კანადაში. 1986 წელს ვანკუვერის საერთაშორისო გამოფენაზე მივიღე ოქროს მედალი, როგორც თეატრალურმა მხატვარმა. ამ ბალეტს დიდი აღიარება ჰქონდა, გავაერთიანეთ მთელი ქართული დიასპორა, 36000-იანი დარბაზი შეივსო. ბალეტში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ცეკვავდნენ: გალინა ლედენცევა, ელდარ ალიევი, ტატიანა არისკინა, ევგენი ნეფი.
ერთი ანეკდოტური ამბავი უკავშირდება "ვეფხისტყაოსნის" დადგმას. ავედი სარეჟისორო სამმართველოში, სადაც სტენდზე გამოიკრა სპექტაკლში შეყვანილ შემსრულებელთა გვარები, ვინ რა როლი უნდა შეასრულოს და ვხედავ წერია: რეზიმატოვი — ტირილენ, ანუ ტარიელი, მერე მოდიოდა ავტიმანდილ, ნევსტან, ტინტინატ და პირამიდონ, ანუ ფრიდონი. ისეთი ამბავი ავტეხე, გვარიანად შეფუცხუნდნენ. მოგეხსენებათ, რუსებს ძალიან უყვართ კითხვა და მთელი პეტერბურგიდან, სხვადასხვა ბიბლიოთეკებიდან მოიტანეს წიგნები და დაიწყეს კითხვა, მერე მივხვდი, რომ ნამეტანი მომივიდა. მეკითხებოდნენ სხვადასხვა თავში რა რას ნიშნავდა და მე აღარ მახსოვდა ბევრი დეტალი, იძულებული გავხდი მეც მათთან ერთად გადამეკითხა "ვეფხისტყაოსანი". ამ სპექტაკლით მოვიარეთ მთელი მსოფლიო.

მე ვფიქრობ, ჩვენმა დადგმამაც წამოაგორა ინტერესის ახალი ტალღა "ვეფხისტყაოსნის" მიმართ და მერე იყო თარგმანები, სხვადასხვა გამოცემები, მოკლედ, ჩვენმა სპექტაკლმა დიდი საქმე გააკეთა. სამწუხაროდ, ჩამოვიტანეთ თბილისში და კინწისკვრით გაგვყარეს აქედან, როგორ ხელყავით ჩვენი საუნჯე, როგორ შეიძლებოდა რუსთაველს ასე ფამილარულად მოქცეოდით, ჩვენი სათაყვანო ჰეროიკული გმირები ტრიკოებში რატომ გამოაწყვეთო... ვინოგრადოვს დიდი იმედი ჰქონდა, რომ რუსთაველის პრემიას მიიღებდა, მაგრამ პრემია კი არა, კინაღამ ანათემას გადაგვცეს. საერთაშორისო რეზონანსი განსხვავებული იყო, სპექტაკლმა, როგორც სანახაობამ, 1988 წელს პიკასოს პრემია – ოქროს ბალერინა მიიღო. პიკასოს პრემია მოვიპოვე ქართული შედევრისათვის, მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა, არაფრის გაგონება არ უნდოდათ, თბილისიდან ჩავედით თუ არა პეტერბურგში, სპექტაკლი მოიხსნა, არადა, შეიძლებოდა დღემდე დარჩენილიყო რეპერტუარში და მოევლო მსოფლიო, შთამბეჭდავი სანახაობა იყო, უზარმაზარი პანოები შევქმენი, 5000 კვ.მ-ზე წარმოდგენილი იყო ფერწერა, მოძრავი, ლაზერის სხივით გაკეთებული, მაშინ ლაზერის სხივი სიახლე იყო, სპეციალურად ხარკოვში წავედით ცალკეული დეტალების გასაკეთებლად. არადა, ის საოცარი დეკორაციები დაჭრეს და გააჩუქეს, ისეთი ფერწერა იყო, რაღაც განსაკუთრებული. მოვიდა თეატრში გერგიევი და ოსეთის თეატრს გადასცა ის დეკორაციები საჩუქრად. ახლა ვეხვეწები, რომ დამიბრუნონ, მაგრამ უარს მეუბნებიან. ამ დეკორაციებით ჩვენ უკვე 15 სპექტაკლი ვითამაშეთო... სადაც არ არის საჭირო, იქაც იყენებენ. სხვა რა გითხრათ, რამდენიმე კოსტუმის ესკიზი შემომრჩა, ნახეთ და თვითონ განსაჯეთ. 

WordPress plugin
 
ახლოს სანახავად ერთხელ დააწკაპუნეთ
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში
განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ  

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.