მიხაი ზიჩი
1827-1906

 

უნგრელი ფერმწერი, გრაფიკოსი.
1846 წელს იმოგზაურა იტალიაში. 1847 წლიდან ცხოვრობდა პეტერბურგ-
ში. 1881-82 წწ. იმოგზაურა კავკასიაში, ცხოვრობდა თბილისში.
განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაში. ილუსტრირებული აქვს შექსპირის, გოეთეს, ჰიუგოს, დიუმას, ბაირონის, პეტეფის, ლერმონტოვისა და სხვათა ნაწარმოებები.
"ვეფხისტყაოსნის" 1888 წლის გამოცემის ტექსტის დამდგენი კომისიის
თხოვნით, დაიწყო მუშაობა პოემის დასურათებაზე (უსასყიდლოდ). ასასახი ეპიზოდების ვიზუალურ-კომპოზიციური
გააზრების მიზნით, 1882 წელს თბილისსა და ქუთაისში დადგა
კოსტიუმირებული ცოცხალი სურათები.
ზიჩი იმდენად გაიტაცა პოემის მაღალმა იდეურ-მხატვრულმა ჟღერადობამ, რომ დაკვეთილი 14 ილუსტრაციის ნაცვლად შექმნა 34 სურათი, რომელთაგან 27 შევიდა ე.წ. ქართველიშვილისეული "ვეფხისტყაოსნის" 1888 წლის გამოცემაში. ეს იყო პოემის პირველი
ილუსტრირებული გამოცემა ევროპულ დონეზე.
მოგვიანებით მიხაი ზიჩიმ ილუსტრაციების დედნები ალბომად შეკრა და ქართველ საზოგადოებას უძღვნა წარწერით: "ქართველ ხალხს ჩემი
სიმპათიისა და გულითადი ერთგულების ნიშნად" (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
სამხატვრო აკადემიის სკვერში დგას ზიჩის ქანდაკება (გადატანილია 9 აპრილის სახელობის ბაღში), თბილისში არის მიხაი ზიჩის ქუჩა 

 

საქართველოში ყოფნის დროს ზიჩი განუწყვეტელ კონტაქტში იმყოფებოდა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტზე მომუშავე კომისიის წევრებთან (ტექსტი მზადდებოდა 1888 წლის, ე.წ. "ქართველიშვილისეული" გამოცემისათვის), მათი დახმარებით მხატვარი ცდილობს კარგად გაეცნოს პოემის შინაარსს, ამზადებს ესკიზებს, ხატავს ნატურიდან თავისივე დადგმულ ცოცხალ სურათებს, ეძებს შესაფერ ტიპებს. 

უჩა ჯაფარიძის ტყუპი ძმები – ლადო და გრიშა სწავლობდნენ მოსკოვში, მათ სტუდენტობისას შექმნეს შოთა რუსთაველის პორტრეტი. ძმებმა პოეტი ავთანდილის მსგავსი ჭაბუკის სახით წარმოადგინეს, სრულიად ახალი ინტერპრეტაციით. აი, რას წერს თავის მოგონებებში ამის შესახებ ლადო ჯაფარიძე:
"1912 წელს მე და გრიგოლმა დავამთავრეთ ჩვენი ძიებანი შოთა რუსთაველის..."

სერგო ქობულაძე
1909–1978 

გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, ფერმწერი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1958), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1958). გარდაცვალების შემდეგ (1979) მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1935-37 წლებში შეასრულა "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები. 1946 წელს გააფორმა შალვა მშველიძის ოპერა "ამბავი ტარიელისა", რისთვისაც, 1947 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია. მისი საუკეთესო ილუსტრაციებია: "შექსპირის ტრაგედიები"; "იგორის ლაშქრობის ამბავი". "ქართული ხალხური ზღაპრები". 1961 წელს მოხატა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო დეკორატიული ფარდა. ჰქონდა გამოფენები ვენეციასა (1956) და ლონდონში (1957).
ქობულაძის ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, სურათების ეროვნულ (თბილისი) და ტრეტიაკოვის (მოსკოვი) გალერეებში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა. 

ლევან ცუცქირიძე
დ. 1929 წ.

ფერმწერი, გრაფიკოსი, მონუმენტალისტი.
საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2001).
1966 წელს გააფორმა "ვეფხისტყაოსანი". მისი საუკეთასო ილუსტრაციებია: ვაჟა-ფშაველას "პოემები", გოეთეს "ფაუსტი", იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება".
1981-1985 წლებში თბილისში მოხატა სიონის საკათედრო ტაძარი. საბავშვო წიგნის საერთაშორისო კონკურსზე მიღებული აქვს ანდერსენის სახელობის დიპლომი. 

ლორეტა შენგელია–აბაშიძე დ. 1948 წ. 

გრაფიკოსი, ფერმწერი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1996); დამსახურებული მხატვარი (1982); მონაწილეობდა პარიზის, ლონდონის, ბრატისლავის, თეირანის, თბილისის და სხვა გამოფენებში. გაფორმებული აქვს: სულხან-საბა ორბელიანის "იგავ-არაკები"; იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება"; შექსპირის პიესების ხუთტომეული; ძმები გრიმების ზღაპრები; გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი"; "ვეფხისტყაოსანი" – (2000);
სახვითი ხელოვნების ფესტივალის პრიზიორი (1996); ესტამპის გამოფენის გრანპრისა (1989) და პარიზის 58-ე საერთაშორისო გამოფენის ორდენისა და დიპლომის მფლობელი; მიღებული აქვს ჯილდო – "წლის საუკეთესო ნამუშევარი" (1982წ). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, გერმანიის, ბელგიისა და რუსეთის კერძო კოლექციებში 

ლადო გუდიაშვილი
1896–1980 

ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი; საქართველოს (1958), სსრკ (1972) სახალხო მხატვარი, სოციალისტური შრომის გმირი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965), შექმნა თბილისისადმი მიძღვნილი ციკლი, რომლის მთავარი პერსონაჟები კინტოები და ყარაჩოხელები არიან. 1919 წელს მოხატა რესტორანი "ქიმერიონი".
1934 წელს დაასურათა და გრაფიკულად გააფორმა "ვეფხისტყაოსანი", დაასურათა
აგრეთვე, სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისა", ქართველ და უცხოელ მწერალთა მრავალი წიგნი.
1946-1948 წლებში მოხატა ქაშუეთის ეკლესიის საკურთხეველი.
1922 და 1925 წწ. პარიზში, ხოლო 1960 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები.
ნამუშევრები დაცულია მადრიდის მუზეუმ "პრადოში", საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არის ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედანი და ქუჩა.

თამარ აბაკელია
1905–1953 

მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, ლენინის ორი ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით. 1937 წელს შეასრულა "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები. გაფორმებული აქვს ვაჟა-ფშაველას პოემები, კინოფილმები: "არსენა", "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი";
გამოფენებში მონაწილეობდა 1927 წლიდან; როგორც სცენოგრაფი მუშაობდა მარჯანიშვილის, რუსთაველის, ოპერისა და ბალეტის თეატრებში; დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არის თამარ აბაკელიას ქუჩა.

რუსუდან ფეტვიაშვილი
დ. 1968 წ. 

ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი; ღირსების ორდენის კავალერი;
საერთაშორისო პრემია "მშვიდობის ელჩის" ლაურეატი (2005);
ილუსტრირებული აქვს "ვეფხისტყაოსნის" (პარიზი, გამომცემლობა "პოფი", 1989; გამომცემლობა "ჰერმანი" 2006)
გამოცემები, შეასრულა წმინდა ოთხთავის მინიატურები სამების საკათედრო ტაძრისათვის; ჰქონდა პერსონალური გამოფენები საქართველოში, რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში. მისი ბიოგრაფია შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის ცნობარში: "XX საუკუნის მსოფლიოს 200 გამოჩენილი ადამიანი". 

ირაკლი თოიძე
1902–1985 

ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1980), საქართველოს (1970) და რუსეთის (1951) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე (1982), ქართული პლაკატის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ("დედასამშობლო გვიხმობს", 1941). ოთხჯერ აქვს მიღებული საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. 1937 წელს დაასურათა "ვეფხისტყაოსანი". 1950 წელს დაასურათა "საქართველოს ისტორია". შექმნა ქართველ კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია. პედაგოგად მუშაობდა მამის, მოსე თოიძის მიერ დაარსებულ სამხატვრო სტუდიასა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრების დიდი კოლექცია თავმოყრილია მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში. ირაკლი თოიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 

უჩა ჯაფარიძე
1906–1988 

ფერმწერი, საქართველოს (1946) და სსრკ (1963) სახალხო მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943), სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1958), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რექტორი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). შესრულებული აქვს ილია ჭავჭავაძის პოემის – "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" და შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები (1937). მისი შექმნილი პორტრეტები: "შოთა რუსთაველი", "უშანგი ჩხეიძე", "იოსებ იმედაშვილი" დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. უჩა ჯაფარიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 

ნათელა იანქოშვილი
1918–2007 

ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1976), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000), ღირსების ორდენის კავალერი (1996). უმთავრესად მუშაობდა პორტრეტებისა და პეიზაჟების ჟანრში.
"ვეფხისტყაოსნი" დაასურათა 1964-1966 წლებში (18 ილუსტრაცია). თბილისში არსებობს "ერთი მხატვრის – ნათელა იანქოშვილის მუზეუმი". დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 

დაიბადა თბილისში 1953 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. იყო თბილისის მხატვართა სახლის რესტავრატორი, თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის პედაგოგი. გაფორმებული აქვს ქუთაისის დრამატული თეატრის სპექტაკლი, "დონ ქრისტოფორო დე კასტელის ალბომი", თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლი – "აქ მატარებლებს თეთრად ათოვს", რამდენიმე ტელესპექტაკლი. მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში მოწყობილ გამოფენებში. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, პროფესორ კორნელი სანაძის სახელოსნო. 1985-86 წლებში იყო ჯგუფ "არქივარიუსის", შემდგომ ჯგუფ "მე-10 სართულის" წევრი.  აქტიურად მონაწილეობს ბერლინში, ბუდაპეშტში, პარიზში, მოსკოვში, პეტერბურგში, ნარვაში, ათენში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო აუქციონზე doyle (ნიუ-იორკი, 2004 წ.). არის მხატვარი ფილმებისა: "ახალი წელი",  "როდესაც ჩაიქროლებს, რაც ვერ ჩაივლის".
იყო  თბილისში გამართული თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბიენალეს კურატორი. ავტორი პროექტებისა: "ჩრდილში", "გენდერი" (თბილისი 2006). "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები გამოფინა თბილისში 2006 წელს ("თი-ბი-სი ბანკის" საგამოფენო დარბაზში) და 2007 წელს პარიზში. მისი ნამუშევრები ინახება თბილისის, მოსკოვის, ბერლინის, კიოლნის, ვაშინგტონის და პარიზის კერძო კოლექციებში, მუზეუმებსა და გალერეებში. 

დაიბადა 1936 წელს. საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის ეროვნული და გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურიატი, პროფესორი. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ- ფერმწერის კვალიფიკაციით. მთავარ მხატვრად მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის დარამატულ და ზაქარია ფალიაშვილის  ოპერისა და ბალეტის თეატრში, პარალელურად თანამშრომლობდა კინო-სტუდია  "ქართულ-ფილმთან". როგორც მხატვარი ილუსტრატორი, ავტორია ვრცელი გრაფიკულ-ფერწერული ციკლის  “კლასიკური ლიტერატურის ალბომი”. ალბომში მსოფლიო კლასიკოსებთან ერთად დასურათებულია ქართული ლიტერეტურის შედევრები." "ვეფხისტყაოსნის" 15 სურათი 1997-98 წლებში შეასრულა

ყველა უფლება დაცულია.
საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.