1881 წლის ივლისში ზიჩი საქართველოში მოემგზავრება, რათა, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებების დასურათებაზე მუშაობასთან დაკავშირებით, ადგილზე გაეცნოს საჭირო მასალებს – საქართველოს ბუნებას, ტიპაჟს და სხვა.
საქართველოში ჩამოსული ზიჩი გაეცნო ქართული კულტურის მოწინავე წარმომადგენლებს, გაეცნო "ვეფხისტყაოსანსაც" – ქართული კულტურის ამ უდიდეს განძს. უცხოელი მხატვარი რუსთაველის დიდი თაყვანისმცემელი გახდა. ერთ-ერთ წერილში საქართველოდან იგი წერდა: "რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ახლაც ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენს ქართველთათვის - როგორც პოლიტიკური და მორალური წყარო".
საქართველოს ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისში - ამ დროს ხშირად იდგმებოდა ცოცხალი სურათები "ვეფხისტყაოსნიდან". საგულისხმოა, რომ უკვე 1882 წელს ეს ცოცხალი სურათები ზიჩის ხელმძღვანელობით იდგმება. ამის შესახებ არაერთ ცნობას გვაწვდის იმდროინდელი გაზეთი "დროება". ცოცხალი სურათების დადგმას დიდი მნიშვენელობა ჰქონდა ზიჩისათვის, როგორც მხატვრისთვის - ეჭვს გარეშეა, რომ ინტერესი წარმოდგენების დადგმის პროცესში დიდი იყო.
საქართველოში ყოფნის დროს ზიჩი განუწყვეტელ კონტაქტში იმყოფებოდა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტზე მომუშავე კომისიის წევრებთან (ტექსტი მზადდებოდა 1888 წლის, ე.წ. "ქართველიშვილისეული" გამოცემისათვის), მათი დახმარებით მხატვარი ცდილობს კარგად გაეცნოს პოემის შინაარსს, ამზადებს ესკიზებს, ხატავს ნატურიდან თავისივე დადგმულ ცოცხალ სურათებს, ეძებს შესაფერ ტიპებს. საქართველოდან გამგზავრებულ ზიჩის თან მიაქვს მდიდარი მასალა ილუსტრაციებზე მუშაობისათვის. 1885 წლის 10 იანვარს გაზეთი "დროება" იტყობინება, რომ "გამოჩენილი მხატვარი ზიჩი, რომელმაც ისეთი თავაზიანობით უსასყიდლოდ იკისრა "ვეფხისტყაოსნისათვის" სურათების ხატვა და რომელსაც გაეგზავნა სრული ფრანცუზული თარგმანი პოემის შინაარსის გასაცნობად, როგორც შევიტყვეთ, შესდგომია კიდეც ამ სურათების ხატვას".
უკვე 1888 წ. გაზ. "ივერიის" N54 ფურცლებზე ქვეყნდება ცნობა "ნაბეჭდი დასურათებული" "ვეფხისტყაოსნის" გამოსვლის შესახებ. 1888 წლის 17 აპრილიდან დაიწყო გაყიდვა ამ წიგნისა.
1888 წლიდან მოყოლებული ზიჩის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ცნობილია მხოლოდ, რომ მხატვრის ინიციატივით ბელა ვიკარმა თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" უნგრულ ენაზე და ის ზიჩის ილუსტრაციებით გამოიცა ბუდაპეშტში 1917 წელს. მიხაი ზიჩი გარდაიცვალა 1906 წელს.

მიხეილ ქვლივიძე
1966 წ.

 
Make a Free Website with Yola.