(გულისათვის").
ახლა ნესტანის ავანტიურისტულ გეგმას შევხედოთ; მართლაც, გენიალური რამ მოიფიქრა: უთხრა ტარიელს, რომ მოკლას ხვარაზმშა; ჩემთვის ცხადია, რომ, ნესტანის აზრით, ეს შექმნის ცასუს ბელლი–ს ხვარაზმის სახელმწიფოსთან და ხვარაზმის მეფე დიდი ჯარით წამოვა ინდოეთის წინააღმდეგ; ასეთ დროს ფარსადანი ვერ გაბედავს მთავარსარდალს დაუპირისპირდეს და პირიქით, შეეხვეწება მას: მოდი, ინდოეთი გადავარჩინოთ ხვარაზმელებისგან ერთიანი ძალებითო; ტარიელმა ნესტანის სიყვარულზე კრინტი არ უნდა დაძრას, მხოლოდ პატრიოტული მოტივები დაასახელოს ხვარაზმშის ძის მოკვლის მიზეზად და კიდევ ის, რომ თავად მიიჩნევს თავს ტახტის მემკვიდრედ; ინდოეთისთვის ასეთ საბედისწერო ჟამს მეფე მას ტახტზე უარს ვერ ეტყვის, ხოლო ტარიელის გამეფების მერე ნესტანის ცოლად მოყვანას წინ ვერავინ ვეღარ აღუდგება. ასე რომ, შორსმჭვრეტელი ნესტანი ინაღდებს, როგორც ტარიელის ქმრობას, ისე ინდოეთს იხსნის გარდაუვალი შინაომისაგან ტარიელისა და ფარსადანის მომხრეებს შორის. ტარიელი ამ გეგმის მხოლოდ იარაღია, მან უნდა მოკლას ხვარაზმშა და ეს არის და ეს. ავანტიურის
საბოლოო მიზანს ნესტანი ასე ხედავს: "მე და შენ დავჯდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლთა სიძე-რძლობასა".
ხვარაზმშა ჩამოდის და ფარსადანი ყველაფერს შვრება იმისათვის, რომ ტარიელი უკიდურესად დაიახლოვოს, გამორჩეულ პატივში ჰყავდეს, ოჯახის წევრად აგრძნობინოს თავი, მაგრამ ამავე დროს ისიც ცხადად და მკაფიოდ დაანახოს, რომ ნესტანისადმი რომანტიკული გრძნობები უნდა
საბოლოოდ ამოიძირკვოს გულიდან. მაგალითად, ფარსადანი ეუბნება ტარიელს: შენ ნუ გაეგებები მომავალ ხვარაზმშას, იქ მსახურები მივიდნენ, მე და შენ კი აქ შევხვდეთო – ანუ ტარიელს ლამის
თავის თანასწორად სახავს და ყველაზე აღმატებულ მსახურთაგანაც კი (მეფის ქვემოთ კი ყველა მსახურია) გამოაცალკევებს; ამით ცდილობს ასიამოვნოს ტარიელის შელახულ თავმოყვარეობასა და პატივმოყვარეობას და თავიც დაიზღვიოს ახალგაზრდა ამბიციური კაცის მოულოდნელი ქმედებებისაგან. ფარსადანი შინაურულად ეუბნება ტარიელს:
"...ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია,
გადავუხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია";
ანუ კვლავ ამბივალენტობა: ერთის მხრივ, ტარიელს ანიჭებს ლამის სამეფო სტატუსს, რადგან ნესტანს მის "დად" ასახელებს, მეორეს მხრივ კი სიტყვით "და" სპობს ტარიელის რომანტიკულ–პოლიტიკურ ამბიციას და სიტყვების თამაშითაც ქარაგმულად ეუბნება ამას: "ვითა დასა, სრულია",
ანუ სრულყოფილი ქორწილი გადავუხადოთ შენს დას, ნესტანსო; მაგრამ ამავე დროს შეაგონებს, რომ ეს ქორწილი "დასასრულია", დასასრული ტარიელის თავხედური ფანტაზიებისა ნესტანისა და ინდოეთის დაუფლებაზე. ტარიელი საქორწინო მომზადების დავალებებს პირნათლად ასრულებს და იღლება კიდეც ამ სამსახურში. ისეთი განცდა რჩება, რომ, მიუხედავად ნესტანისთვის მიცემული პირობისა და მასთან ერთად მოფიქრებული გეგმისა, ტარიელი კვლავ ორჭოფობს და ფეხს ითრევს ხვარაზმშას მოკვლისაგან. ამიტომ არის, რომ დასაძინებლადაც მიდის. ტარიელს ძილს ნესტანი არ დააცლის, რომელიც გამოაფხიზლებს მას თავისი მორიგი საყვედურით: ისევ მომატყუე, არა? ისევ გამწირე მეც და ჩვენი სიყვარულიცო? აი, ეს ბოლო წვეთი იყო ტარიელის თავმოყვარეობისთვის – "ქალი ომსა რაგვარ მაწვევს?" – და მანაც არ დაახანა, შეუვარდა მცირე რაზმით ხვარაზმშას და (გაგახსენებთ, რომ ხვარაზმშასთან დაკავ- შირებული ეპიზოდები კინო-სცენარს ეკუთვნის), სწორედ მაშინ, როცა ის შუაგულ ორგიაში იყო ჩაბმული, ფეხებში სწვდა და თავი ბოძზე მიუხალა. (1)
ეს კატასტროფა იყო მეფე ფარსადანისათვის. იგი ფარისევლურად იქცევა და თავს ისე აჩვენებს, რომ მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ ტარიელს ნესტანი ჰყვარებია: "თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა
შემაგებინე". ტარიელი კი პასუხობს იმას, რაც ნესტანმა დააბარა:
"მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!"
........
"იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია!
– ერთიღა მე ვარ მემკვიდრე – ყველაი თქვენ მოგხვდომია:
ამოსწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია,
დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია;
ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არმართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!"
შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!"
აქ ყველაფერია ნათქვამი; სხვათა შორის, ისიც, რომ უსამართლობაა ინდოეთის წესების მიხედვით ქალის გამეფება; რომ ამიტომაც მთელს ინდოეთში ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე არის ტარიელი და აქამდე მას ამაში არც არავინ ეცილებოდა ("დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია"). ტარიელს, სავარაუდოდ მეტი მომხრე შეიძლება ჰყავდეს ინდოეთში, ვიდრე ფარსადანს, ამ უკანასკნელის არაპოპულარული გადაწყვეტილების გამო: ნესტანს, ტახტის მემკვიდრეს უქმრობს ხვარაზმშას, გადამთიელს, მაშინ როდესაც არის რეალური და კანონიერი კანდიდატი – ტარიელი, თანაც როგორი კანდიდატი: ძლევამოსილი მხედარი, ხატაეთის ომის ტრიუმფატორი.
ფარსადანი მართლაც გამოუვალ მდგომარეობაშია. ნესტანის წინდახედული გეგმა თითქოს დაუბრკოლებლად სრულდება, მაგრამ აქ ხდება უკიდურესად დრამატული, დაუგეგმავი, ყოვლისწამლეკავი მოვლენები, რასაც მოჰყვება ნესტანის იდუმალი გადაკარგვა და პოემის მთელი შემდგომი პერიპეტიები, რაც უკვე სცილდება ჩვენს მიერ განხილული პოლიტიკური ინტრიგისა და კინოსცენარის ფარგლებს.
კვლავ ვიტყვი, რომ მთელ ამ ინტრიგას პოემის ზემოთ განხილულ პასაჟებში მეტ-ნაკლები სიცხადით ვხედავ და ვფიქრობ, რომ პოლიტიკური მოთამაშეების ნამდვილი განზრახვები ტარიელის მონათხრობში ხშირად ევფემისტური გამოთქმებითაა შენიღბული, ასე რომ, მკითხველმა თავად უნდა დაძაბოს გონება და სტრიქონებს შორის ამოიცნოს ისინი. თუ ამას არ გააკეთებს, დიდი პოლიტიკური ვნებათღელვის მთელი სივრცე მისთვის უხილავი დარჩება. ევფემიზმებისა და სხვაგვარი შერბილება-შენიღბვის მიზეზად რუსთაველს შეიძლება ის ჰქონდა, რომ ის სინამდვილეში საუბრობდა საქართველოს სამეფოში მომხდარ რეალურ პოლიტიკურ მოვლენებზე (2)ანუ საკმაოდ სახიფათო თემაზე. ამიტომაც ავტორმა უცხო ქვეყნებში, ზღაპრულ- ეგზოტიკურ გარემოში გადაიტანა მოქმედება, თუმცა კი, არც ისე ძალიან შენიღბა, რომ თანამედროვეებს გასჭირვებოდათ მისი მინიშნებების ამოცნობა.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემმა მიგნებებმა ისეთი ენთუზიაზმი გამიჩინა, ვშიშობ, ვაითუ მე თვითონ აღმოვჩნდი მათ ტყვეობაში და აღარ გავუწიე ანგარიში ჟანრისა და ეპოქის სპეციფიკას, კერძოდ კი იმას, რომ "ვეფხისტყაოსანი" შუა საუკუნეების სარაინდო-სატრფიალო ეპოსია და არა, ვთქვათ, თანამედროვე პოლიტიკური დეტექტივი. მაგრამ მამხნევებს ილია ჭავჭავაძე, რომელსაც უთქვამს, რომ მართალი ის კი არ არის, ვინც სიმართლეს ამბობს, არამედ ის, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ რასაც ამბობს, სიმართლეა.

1 – ხვარაზმშასთან დაკავშირებულ ჩემი სცენარისთვის იმის მტკიცების საფუძველს, რომ ტარიელი რაღაც გარყვნილ სცენას შეესწრო, მაძლევს მისი სიტყვები: "იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით", ანუ სათქმელადაც კი მზარავს, თუ როგორ იწვა ის ყმაო და, მართალია, უსისხლოდ მოვკალი, მაგრამ ღირსი იყო სისხლიც გამომედინაო: "თუმცა ხმდა სისხლთა დადენით". იმ ავბედით კარავში რომ სასიძოს თავისი ქცევით თუ წოლის მანერით ამის საფუძველი არ მიეცა ტარიელისთვის, ჩემთვის სრულიად აუხსნელი ხდება ახალგაზრდა ამირბარის ამგვარი ნიშნისმოგებითი და სასტიკი სიტყვები საწყალი, უდანაშაულო უფლისწულის მიმართ.

2 – ის, რომ მსგავსი ინტრიგები და ძალაუფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ვნებათღელვა იმდროინდელი საქართველოსთვის უცხო ხილი არ იყო, ამისთვის თვალებდათხრილი, დასაჭურისებული და ამით დაღუპული დემნა უფლისწულის გახსენებაც კმარა.

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.