ლევან გიგინეიშვილი

"ვეფხისტყაოსნის" მთავარი თემა, ლაიტმოტივი არის სიყვარული, მიჯნურობისა თუ მეგობრობის სახით. პოემაში ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანი და არსებითია, რომ ჩრდილავს სხვა თემებს და მკითხველმა მათ შესაძლოა ნაკლები ყურადღება მიაქციოს, ან ვერც კი შეამჩნიოს ისინი. ამ ნაშრომში სწორედ ერთ ასეთ, ჩრდილში დარჩენილ თემაზე ვისაუბრებ. ვფიქრობ, რომ ინდოეთის მეფის, ფარსადანის კარზე გათამაშდა პოლიტიკური ინტრიგა, რომელშიც პოემის პროტაგონისტები – ნესტანი და ტარიელი მთავარ როლებს თამაშობენ.
მე შევეცდები ვაჩვენო ცხადი მაგალითებით, რომლებიც ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიან, თუ სინამდვილეში რა მოხდა ინდოეთის სამეფო კარზე და რა დარჩათ დღემდე შეუმჩნეველი რუსთველოლოგებს. აქვე შევნიშნავ, რომ ამ შეუმჩნევლობის მთავარი მიზეზი თვით რუსთაველია,
რომელიც ამ ინტრიგასთან დაკავშირებულ ეპიზოდებში, მეჩვენება რომ, უკიდურესად დაძაბულ,
ვნებებითა და ინტრიგებით აღსავსე მოვლენებს ერთგვარად ნიღბავს ამა-თუ-იმ საქციელის მთავარი მოტივის უკანა პლანზე გადაწევით და ყურადღების სხვა მოტივებზე გამახვილებით. შესაძლოა, რუსთაველი შეგნებულადაც გვთავაზობდეს ჩვენ, მკითხველებს, ამგვარ გამოცანებს, რათა აღმოჩენის სიხარულიც განვიცადოთ.
მივყვეთ ამ დრამატული მოვლენების განვითარებას.

*     *     *
თავისი თავგადასავლის მოყოლას ტარიელი შემდეგი ამბით იწყებს: ინდოეთი შვიდ სამეფოდ
ყოფილა დანაწილებული. მათგან ექვსი ეკუთვნოდა ფარსადანს, მეშვიდე
კი - ტარიელის მამას, სარიდანს. როდესაც სარიდანი ხანში შევიდა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი
სამეფო ფარსადანის სამეფოსთვის შეეერთებინა, რაც მეფობის დათმობას ნიშნავდა; ფარსადანმა მას მთავარსარდლობა უბოძა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად რუსთაველი რაღაც უცნაურ მოწყენილობას ასახელებს:
სარიდანს
"ხალვა მოსძულდა,შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.
თქვა: "წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,
ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები",
ბრძანა: "წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები".
დამეთანხმებით, მართლაც უცნაური მიზეზია: სარიდანი ამბობს, რომ მიაღწია ყველაფერს, რისი მიღწევაც შეეძლო: მტრებს სძლია, საზღვრები გაამაგრა, მტრებს მისი ეშინიათ, "მორჭმით" ზის და მას არაფერი ემუქრება; და, უცებ, ამ ყველაფერს თმობს იმ მიზეზით, რომ თურმე მოიწყინა და "კაეშანთა ჯარები" შემოაწვა. ნუთუ ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მეფობაზე უარი თქვა და საკუთარი სისხლით და ოფლით მონაგარი სხვა მეფეს გადაულოცო? ვფიქრობ, აქ ყველაფერი არ არის ნათქვამი. როდესაც ადამიანი რაღაც დიდს მიაღწევს და მაინც მოწყენილია, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მას კიდევ უფრო მეტის მიღწევა სურს. გვახსენდება ალექსანდრე მაკედონელის მაგალითი: როდესაც ალექსანდრეს უთხრეს, რომ არის ქვეყნები, რომლებიც მას არ დაუპყრია, მან ამოიოხრა და თქვა:"`მაშ რაღა არის ჩემი სამეფოო". კი მაგრამ, თუ სარიდანს მართლაც მეტის მიღწევა სურდა, რატომ ჩააბარა ფარსადანს თავისი სამეფო და თვითონ კი ინდოეთის ამირბარი ანუ ადმირალი გახდა? იქნებ პოემაში ამ კითხვაზე აშკარა პასუხის პოვნა თუ არა, მისი შეთხზვა მაინც იყოს შესაძლებელი, ცხადია, შეძლებისდაგვარად თავად პოემის ტექსტზე დაყრდნობით. ამისთვის კი საჭიროა ზემოთ მოყვანილი სტროფის შემდეგ წავიკითხოთ, რომ თურმე "ძე არ ესვა მეფესა (ე.ი. ფარსადანს) და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა, ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა, მეფემან თქვა:
"შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა".
რას ვიგებთ აქედან? იმას, რომ ფარსადანის სამეფოსთვის უზარმაზარი სატკივარი იყო, თუ ვის დარჩებოდა სამეფო, რადგან მეფეს შვილი არ ჰყავდა. ასეთ დროს გადასცა მას სარიდანმა თავისი სამეფო და ქვეშევრდომადაც დაუდგა. ფარსადანმა ვერ გაითვალისწინა, თუ რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა და ზედმეტი ფიქრის გარეშე სიხარულით მიიღო სარიდანის შემოთავაზება. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რა და ის, რომ სარიდანს, მას მერე, რაც იგი ამირბარი გახდა, შეეძინა ვაჟი
("ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა").
სარიდანს რომ ვაჟი სამეფოს გადაცემამდე ჰყოლოდა, ფარსადანი ალბათ მეტი წინდახედულობით მოეკიდებოდა ამ საქმეს და იქნებ უარიც კი ეთქვა შემოთავაზებაზე, რადგან ფარსადანის ვაჟი მეფობის ყველაზე რეალური მემკვიდრე შეიძლება გამხდარიყო და ინდოეთის სამეფო ტახტს სარიდანის შთამომავლები დაიკავებდნენ. მართლაც, ტარიელი იყო სამეფო გვარის ანუ ფარსადანის ტოლი და სწორი ("თვით ჩემივე გვარი არსა"), ამდენად, შესაფერისი კანდიდატი სამეფო ტახტზე. შესაძლოა, სარიდანის მეუღლე უკვე დაორსულებულიც კი იყო, როდესაც სარიდანმა ფარსადანს თავისი სამეფო გადასცა. იქნებ სარიდანის განზრახვას, რომლის შესახებაც რუსთაველი არაფერს ამბობს, ხორცი შეესხა იმით, რომ გაჩნდა ტარიელი, მთელი ინდოეთის მომავალი მემკვიდრე! მის შემდეგ ფარსადანს, ვინ იცის, თვალიც აეხილა სარიდანის ჩანაფიქრზე, მაგრამ სხვა რა დარჩენოდა, ბედს უნდა შეგუებოდა და ტარიელზე ეთქვა: "შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა", "შვილად", ანუ ტახტის მემკვიდრედ.
ის, რომ ფარსადანს მემკვიდრედ ტარიელის დასახელებას მხოლოდ აუცილებლობა კარნახობდა, მაშინ გამოჩნდა, როცა თვითონ ეყოლა შვილი. იმის მიუხედავად, რომ ფარსადანს ასული შეეძინა და არა ვაჟი, მეფემ მაშინვე განიზრახა მისი - ნესტან-დარეჯანის გამეფება; ეს კი, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგებოდა ინდოელთა წესს, რომლის მიხედვითაც ტახტის მემკვიდრე მამაკაცი უნდა ყოფილიყო. (ამას ცხადყოფს ტარიელის სიტყვები, რომლებსაც ის მოგვიანებით წარმოთქვამს,
"ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია,
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!"
ვფიქრობ, ნესტანის გამეფება ფარსადანმა სხვებისგან ფარულად გადაწყვიტა: გარეგნულად ყველაფერი ძველებურად დარჩა: სარიდანს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რომ ეჭვი გასჩენოდა, ტარიელი ხომ კვლავ სასახლეში იზრდებოდა:
`თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა,
დღისით ვიყავ მის წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა".
თუმცა გარკვეული წინააღმდეგობა თუ ფარული უთანხმოება, ვფიქრობ, მაინც მჟღავნდება ტარიელის სიტყვებში, რომლებსაც ის ცოტა ხნით ადრე ამბობს:
"იგი (ნესტანი)] ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა;
მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,
მამისავე ხელთა მიმცეს, რა შევიქმენ იმა ზომსა..."
ეს სტროფი ორნაირად შეიძლება გავიგოთ: ერთი, რომ მეფემ ნესტანი მეფობის ღირსად ჩათვალა, ტარიელი კი მამას დაუბრუნა. ამგვარ წაკითხვას ეწინააღმდეგება ზემოთ მოყვანილი ციტატა, რომელიც პოემის ტექსტში ამ სტროფს მოსდევს, და რომლის თანახმად ტარიელი დღედაღამ მეფე ფარსადანთანაა ("გამიშვებდის არცა ძილსა"). მეორენაირად ეს სტროფი ასე შეიძლება წავიკითხოთ:
როგორც ("ვით") თავის ასულს ხედავდა ფარსადანი მეფობის ღირსად, ისე ტარიელიც ჩათვალეს მამის საქმის, ამირბარობის ღირსად და შემძლედ, ამიტომაც გასაწრვთნელად მამას მიაბარეს. პირველი წაკითხვის სისწორის შემთხვევაში, უდავოდ ნათელი გახდებოდა, რომ ფარსადანი აშკარად აცხადებს, რომ ტარიელი აღარ არის ტახტის მემკვიდრე. მაგრამ ამგვარ წაკითხვას, ვფიქრობ, საფუძველს აცლის პოემის ტექსტში ზემოთ მოყვანილი სტროფების თანმიმდევრობა. მეორე წაკითხვის მიხედვით კი, ტარიელს ამირბარობისთვის ამზადებენ ისე, რომ ამით სულაც არ აპირებენ – აშკარად მაინც – მის ჩამოცილებას სამეფო ტახტისგან. თუმცა მეორე წაკითხვაშიც, შეიძლება ამოვიკითხოთ ფარსადანის განზრახვა – "მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა
ქმნისა მწთომსა...".
სარიდანი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოესწრო თავისი გეგმის აღსრულებას: ტარიელის გამეფებას. სარიდანის სიკვდილის შემდეგ ფარსადანს, ალბათ, გაუადვილდებოდა თავისი დაპირების გადათქმა ("შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა"). თანაც მას შეეძლო თანდათან უფრო აშკარა გაეხადა თავისი ჩანაფიქრი - გაემეფებინა ნესტანი. ტარიელი მთელი წელი გლოვობდა მამის გარდაცვალებას. რის შემდეგაც მას მეფემ მიუგზავნა დიდგვაროვნები, რომელთა პირით სთხოვა გლოვის დასრულება და მამის სახელო - ამირბარობა უბოძა: "შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა
მისვე საურავისა".
ეს უდიდესი პატივი, რომელიც თექვსმეტი წლის ტარიელს ხვდა წილად, ჩემი აზრით, ემსახურებოდა ფარსადანის გეგმას, რომ ტარიელი თანდათან ჩამოეცილებინა ნესტანის გზიდან; ვინ იცის, იქნებ ამირბარობა გარკვეული კომპენსაცია უნდა ყოფილიყო ტარიელისთვის. შესაძლოა, ტარიელი ხვდებოდა ამას და შეძლებისდაგვარად შეეწინააღმდეგა კიდეც ფარსადანის ნებას:
"ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად,
არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანისვეც ამირბარად";
ცხადია, აქ ტარიელი გულწრფელად ამბობს, რომ მისი ურჩობა თავმდაბლობით არის გამოწვეული, მაგრამ, თუ ჩემს ინსინუაციას რაიმე საფუძველი გააჩნია, ეს თავმდაბლობა ხელს არ აძლევდა ფარსადანს, და სწორედ ამიტომაც "არ მოეშვენ" ტარიელს. ახლა ცოტა შევისვენოთ, გადავხედოთ ინტრიგის პირველ ნაწილს და მოვემზადოთ მისი განვითარებისთვის.

*    *    *

მაშ ასე, ტარიელი ამირბარია და როგორც ჩანს, სარიდანის ოცნებას, მისი შვილი მთელ ინდოეთზე გამეფდეს, ასრულება აღარ უწერია. და აი, ამ დროს ტარიელი მოულოდნელად დაინახავს ნესტანს
და მისდამი სიყვარულით დასნეულდება. სიყვარული სიყვარულად, მაგრამ აქ საქმე ეხება სამეფო ტახტის მემკვიდრის სიყვარულს, რაც ნიშნავს, რომ თუ ეს გრძნობა გასცდა პლატონური "შორით
ბნედის" საზღვრებს და საყვარელი ქალის ცოლად მოყვანის გეგმად იქცა, სასიძო ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ მას, უნდა-არ უნდა, გამეფებაზე მოუწევს ფიქრი. ტარიელი, როგორც ნამდვილი მიჯნური, რომელიც "ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს", ძალ ღონეს არ იშურებს, რომ დამალოს სიყვარული. მაგრამ ტარიელის მიერ სიყვარულის მალვას სხვა მიზეზიც აქვს, კერძოდ იმის შიში, რომ, ვაითუ, ნესტანის სიყვარულის გამო სასახლეში გამოჩენაც კი აუკრძალონ:
"ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ,
აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ".
აქ ტარიელი, ჩემი აზრით, მეტი რომ არ შეიძლება, ისე დაუფარავად მიანიშნებს საქმის არსზე: ის მძლავრი პოლიტიკური ფიგურაა, ამირბარი ანუ ინდოეთის მთავარსარდალი (1) და, თუ ის ნესტანის სიყვარულსაც გაბედავს, ამით დაუფარავად განაცხადებს პრეტენზიას ინდოეთის ტახტზეც. ამიტომ, როგორც კი ამ სიყვარულის შესახებ ფარსადანი შეიტყობს, იგი ყოველნაირად შეეცდება ნესტანს დააშოროს ტარიელი, და თუ ის თავისას მაინც არ დაიშლის, ვშიშობ, რომ ამირბარი შეიძლება სამეფოდანაც გააგდონ, ან, იქნებ უარესიც. ერთი სიტყვით, ტარიელი მიჯნურობის წესის დაცვისა თუ სიფრთხილის გამო მოქმედებას არ იწყებს. მოქმედებას იწყებს ნესტანი. და საგულისხმო ისაა, რომ ნესტანი მაშინვე ხვდება ყველაფერს: კერძოდ იმას, რომ მისი და ტარიელის სიყვარული, თუ მას მომავალი უწერია, დაკავშირებულია მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებასთან: ინდოეთის სამეფო ტახტზე ფარსადანის მემკვიდრესთან ერთად სარიდანის
შთამომავალიც ავა. ამიტომ პირველსავე წერილში, სადაც ტარიელს უმჟღავნებს სიყვარულს, ნესტანი პოლიტიკაზე იწყებს საუბარს:
"ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა, მიჯურობა გგონია?
სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათი ჯავრი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!"
როგორც ვხედავთ, ნესტანი ტარიელს მოუწოდებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მქონე საგმირო საქმეებისაკენ, რომელთა გარეშეც მათი სიყვარული თურმე იქნება ამაო, უსარგებლო ("ბედითი") ტანჯვა და "სიკვდილი". აქ ნესტანი არაფერს ამბობს იმაზე, რომ ტარიელს ფარსადანთან დაპირისპირება შეიძლება მოუწიოს. არადა ეს დაპირისპირება, ჩემი აზრით, მომდევნო მოვლენებში საკმაოდ ცხადი გახდება.
ტარიელი ხატაეთში მიდის საომრად და წინასწარ ფარსადანის სახელით ემუქრება ხატაელებს. მაგრამ ნიშანდობლივია, რომ თავად ფარსადანთან არ ათანხმებს ამ სადამსჯელო კამპანიას. ურჩი ვასალური ქვეყნის ხელახალი დამორჩილების საქმე დასრულდა ახალგაზრდა სარდლის ტრიუმფით, რომელსაც თავად ტარიელი ასე აღწერს:
"
ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;
ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
რომელთაცა გავეზარდნე დიდებულნი ამიტირდეს..."
ვფიქრობ, ეს სწორედ ის დიდებულები უნდა იყვნენ, რომლებიც ტარიელს სამეფოდ ზრდიდნენ და სარიდანის "ჩანაფიქრს" ემხრობოდნენ. ტარიელი დასძენს: "მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე", ანუ ამაყად ამბობს, რომ მოქმედებდა არა ვინმეს კარნახით, არამედ, როგორც თვითონ სურდა, სუვერენულად; ამბობს, რომ "მოირჭვნა" და "მოივლინა", ანუ მტერს ძლია, დიდება შეიძინა და ძლევამოსილ სარდლად მოევლინა ინდოეთს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტარიელმა ეს გამარჯვება ფარსადანის დაუკითხავად მოიპოვა, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს სუბორდინაციის დარღვევასთან, რომელიც ავისმომასწავებელი შეიძლება გახდეს ფარსადანისთვის, მით უმეტეს, თუ ის ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავსაც შეიტყობს. ინდოეთის დედაქალაქში კი, ხალხი უკვე მზად არის, აღტაცებით შეეგებოს ახალგაზრდა ტრიუმფატორს.
რას განიცდის ამ დროს ფარსადანი? რა თქმა უნდა, უდიდეს სიხარულს ინდოეთის არმიის მიერ ურჩი ხატაელი მეფის – რამაზის დამარცხების გამო! ეს ყველას დასანახად. თუმცა, მე მგონია, რომ
ის სხვა რამესაც განიცდის: შფოთს, განგაშს იმის გამო, რომ, ჯერ ერთი, ტარიელმა თვითნებურად იმოქმედა და, მეორეც, რომ ხალხი მზად არის მას აღტაცებით შეხვდეს. ჩემი ვარაუდით, რომელიც რუსთაველის გმირებს შექსპირის პერსონაჟებთან აახლოებს, ფარსადანს გულის სიღრმეში იქნებ უფრო გახარებოდა კიდეც ხატაეთის კამპანია ხვანაირად რომ დამთავრებულიყო. მეფისთვის თავსატეხია, რატომ, რა მიზნით გააკეთა ეს ყველაფერი ტარიელმა: იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ გულანთებულმა და საგმირო საქმეებს მოწყურებულმა ახალგაზრდამ ზედმეტი სიფიცხე, თავგანწირვა და ერთგულება გამოიჩინა თავისი მეფისა და ქვეყნისადმი და მეტი არაფერი; თუ – მის გულში სხვა რამ შავბნელი განზრახვა იჩეკება. ჯერ ეს ვერ გამოუცვნია ფარსადანს, მაგრამ იგი აშკარად ხვდება, რომ გამარჯვებული ტარიელის ასე პირდაპირ ქალაქში შეშვება შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს. ამიტომაც მიაგებს ტარიელს საარაკო პატივს, ქალაქის გარეთ გაეგებება და იქ გააშლევინებს კარვებს, რითაც ტარიელის ტრიუმფალურ შესვლას დროებით აფერხებს. ტარიელი ფარსადანს მიჰგვრის დატყვევებულ რამაზ მეფეს, რომელსაც ფარსადანი ლმობიერად მიიღებს. აქ ერთი დეტალია: ტარიელი, არ ვიტყვი რომ სახტად დარჩა მოღალატე ხატაელისადმი ფარსადანის ასეთი სულგრძელი დამოკიდებულებით, მაგრამ მისთვის ეს ერთგვარი სიურპრიზი და მოულოდნელობა რომ იყო, ცხადად ჩანს მთავარსარდლის სიტყვებში:

1 – თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა" - შესაძლოა, ეს ფრაზა მხოლოდ სარიდანის მისამართით არის ნათქვამი; ანუ, მხოლოდ მის შემთხვევაში ითავსებდა ამირბარი (ადმირალი) ამირსპასალარობასაც. მაგრამ, რადგან ტარიელს მამის სახელო ჩააბარეს, საფიქრებელია, რომ ორივე თანამდებობა ერთდროულად მიიღო.

 

გაგრძელება 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.