პავლე ინგოროყვა
(1893–1990 წ.წ.)

წადილი იმისა, რომ როგორმე აღედგინა რუსთველის საიდუმლოებით მოცული ბიოგრაფია, სიჭაბუკიდანვე სდევდა თან და "ვეფხისტყაოსნის" მხატვრულ სამყაროშიც რეალობის არსებობის კვალს ამ თვალთახედვით ჩხრეკდა და იმ დროინდელ მატიანეთა ცნობებსაც ამ იმედით სინჯავდა. რასაც დამაჯერებლად მიიჩნევდა, რუსთველის ბიოგრაფიის დეტალებად აღიარებდა. და თანდათან ერთიანი ქარგის შევსებასა და ბუნებრივ გამთლიანებას ესწრაფოდა.
მტკიცედ სწამდა, რომ შოთა ჰერეთისა და რუსთავის მესამე მფლობელი გახლდათ, ბაგრატიონთა გვერდითი შტოს შთამომავალი და გრიგოლ ერისთავის უფროსი ვაჟი, ამიტომაც გადმოსცემოდა მემკვიდრეობად ჰერეთის საერისთავო.
დაბადების თარიღს ადრე მიახლოებით, გარკვეული წლების ფარგლებში ვარაუდობდა „რუსთველიანას" ხელახალი გამოცემის დროს კი (პირველი გამოცემიდან თითქმის ორმოცი წლის შემდეგ), 1963 წელს, თხზულებათა კრებულის I ტომში უფრო ნიშანდობლივად შეეცადა თარიღის დაზუსტებას.
დარწმუნებული იყო, რომ მატიანეთა ცნობები და "ვეფხისტყაოსნის" ჩვენება ერთმანეთს ეთანხმებოდა და ავსებდა. მნიშვნელოვნად მიიჩნევდა იმ ცნობას, რომ გრიგოლის ძენი სამეფო კარზე მიუღიათ 1191 წელს და ამ დროს მომხდარა "შეწყალება" და "დალოცვა" შოთასი და მისი უმცროსი ძმისა. რადგანაც 23 წელი ითვლებოდა სრულწლოვანებად და ამ დროს ხდებოდა პირველი დალოცვა მფლობელად.
...ამას რომ ამტკიცებდა და საერთოდ "ვეფხისტყაოსანში" იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ყოფის, ისტორიული სინამდვილის მკაფიო ანარეკლს ხედავდა, ამიტომაც მიუთითებდა საგანგებოდ – "ვეფხისტყაოსანი", პირველ ყოვლისა, რასაკვირველია, პოეზიაა და მხოლოდ შემდეგ – სინამდვილე. ისტორიული სინამდვილე აქ პოეტურ ასპექტშია მოცემული, და ბევრ შემთხვევაში ძნელია აქ ზუსტად ხაზის გავლება, თუ სად თავდება პოეზია და სად იწყება სინამდვილე და მაინც, "ვეფხისტყაოსანში" ისტორიული ელემენტები გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე ეს ამჟამად შეგვიძლია გავარჩიოთო.
რისი გარჩევაც შეიძლებოდა, ცოტა არც ის იყო – გარდა ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა, ისტორიულ პირთა გარკვეულ მოგონებას იწვევდა ფარსადანიც /გიორგი მასამე, დავარიც /თამარის მამიდა – რუსუდანი, ხვარაზმშაც /გიორგი რუსი სვეუბედური.
ამასთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის მიხედვითაც, პოემისეული ინდოეთის სამეფო საკმაოდ წააგავდა მე-12-13 საუკუნეთა საქართველოს სამეფოს და არამარტო ზოგადი ანალოგიით – ორივე სახელმწიფო "შვიდი სამეფო" გაერთიანებად რომ იწოდებოდა – არამედ მსგავსება კიდევ უფრო ნიშანდობლივად იკვეთებოდა.
როგორც ინდოეთში, ასევე საქართველოში ექვსი სამეფო უკვე გაერთიანებულია, ხოლო მეშვიდე სამეფო /ერთგან – ტარიელის სამშობლო, მეორეგან კი – შოთასი, ჰერეთი, ყველაზე გვიან შედის ამ სამეფოთა კავშირში.
როგორც შეერთებულ ექვს სამეფოს, ისე დამოუკიდებლად არსებულ მეშვიდე სამეფოს განაგებს ერთი და იმავე გვარეულობის დინასტია.
მეშვიდე სამეფოს შემოერთება ორივეგან ხდება პოლიტიკური გართულების გარეშე და ყოფილი მეფე მეშვიდე სამეფოსი პატივითაა მიღებული გაერთიანებული ქვეყნის მეფეთა-მეფის კარზე და მას უბოძებენ თავისი ყოფილი სამეფოს განმგებლობას.
მსგავსებანი აქაც არ წყდებოდა და მთავარი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ შოთას, ისევე, როგორც ტარიელს, ტახტის მემკვიდრის უფლებანი ჰქონია. ეს თვალსაზრისი ეყრდნობოდა გარკვეულ მოვლენათა /ეპოსისეულ და ისტორიულ შეპირისპირებას. აგერ "ვეფხისტყაოსანი" - სრულიად ინდოეთის მეფეთ-მეფეს, ფარსადანს, ვაჟი არა ჰყავს და ინდოეთის ტახტი, ბუნებრივი მემკვიდრეობის წესით, უნდა გადავიდეს ამავე გვარეულობის მეორე გვერდის შტოზე ანუ ინდოეთის მეშვიდე სამეფოს ყოფილ მფლობელებზე, რომლის წარმომადგენელიცაა ტარიელი.
და აგერ ისტორიული სინამდვილე – საქართველოს მეფეთმეფეს, გიორგი III-ს ვაჟი არა ჰყავდა, ძირითადი შტოს ერთადერთი მემკვიდრე, დემნა ბატონიშვილი, იღუპება, და ამიტომ სამეფო ტახტი, ბუნებრივი მემკვიდრეობის წესით, უნდა გადასულიყო ამავე გვარეულობის მეორე გვარის შტოზე – ჰერეთის მთავართა სახლზე, რომლის წარმომადგენელიც იყო შოთა. რადგან ამ საერთოს პოულობდა, პავლე ინგოროყვა ეპოსის მიხედვით რუსთველის ბიოგრაფიის სხვა სავარაუდო დეტალებსაც აღადგენდა და სწორედ ეს ყოველივე აფიქრებინებდა, ტარიელისა და ნესტანის ასაკობრივი განსხვავებაც იქნებ რეალური ვითარებიდან იყოს შეჭრილი მხატვრულ აზროვნებაშიო.
ხოლო რადგანაც მატიანეებში დაცული სინქრონული ცნობებიდან ირკვეოდა, რომ თამარი დაბადებული უნდა ყოფილიყო 1170 თუ 71 წელს, შოთას დაბადების თარიღად 1166 წელი გახლდათ სავარაუდო.
ქრონიკის ცნობათა მკვლევარისეული დასკვნაც – რუსთაველი დაბადებული უნდა იყოს 1169 წელზე ადრე, ახლო ხანებშიო – ხომ ამავე თარიღის სასარგებლოდ მეტყველებდა.
იერუსალიმიდან უაღრესად მნიშვნელოვანი მასალების ჩამოტანამ – შოთა რუსთველის პორტრეტმა და ჯვრის მონასტრის აღაპთა წიგნის დოკუმენტურმა პირმა, წიგნისა, რომელშიც შეტანილია მოსახსენებელი შოთა მეჭურჭლეთუხუცესისა – ისე გაახარა და ააღელვა მკვლევარი, რომ რამდენიმე წელიწადში დაწერა საკმაოდ მოზრდილი და მრავალი პრობლემის მომცველი წიგნი, რომელსაც უნდა დაებოლოვებინა მისი მრავალწლიანი რუსთველოლოგიური ძიებანი. ასეც დაასათაურა – "რუსთველიანას ეპილოგი" – და "რუსთველიანასთან" ერთად შეიტანა თხზულებათა პირველივე ტომში.
მღელვარების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იერუსალიმურ მასალებზე დაყრდნობით აღდგენილმა ბიოგრაფიულმა ფაქტმა, რომ შოთა რუსთველი მოხუცობის ჟამს, ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს მეჭურჭლეთუხუცესი – პავლე ინგოროყვასთვის ერთხელ კიდევ სრული უეჭველობით დაადასტურა "რუსთველიანაში" წარმოდგენილი ამოხსნა დიდი პოეტის ვინაობისა.
ასე შეიძინა უფრო რეალური სახე ჰიპოთეტურმა მოსაზრებებმა და ერთიან ბიოგრაფიულ ქარგადაც უფრო დამაჯერებლად შეიკრა. და ამ საუკუნეთა საიდუმლოების ამოხსნის რწმენამ დააწერინა "რუსთველიანას ეპილოგის" ბოლოს ეს სტრიქონები, "ამიერიდან შოთა – თავისი ბიოგრაფიით, ისევე ნაცნობი ხდება ჩვენთვის, როგორც ილია და აკაკი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვაჟა".
და ამ საერთო ფონზე მით უფრო დამარწმუნებლად გამოჩნდა შოთა რუსთაველის დაბადების თარიღად 1166 წლის დადგენა. თანაც, უფრო სანდო და დამაჯერებელი სხვა მეცნიერული ჰიპოთეზა არა ჩანდა.
არადა ამ თარიღის გარკვევას მარტო მეცნიერული მნიშვნელობა კი არ შეიძლება ჰქონოდა, არამედ, პირველ ყოვლისა, საზოგადოებრივ-ეროვნული.
და ამ ასპექტს თვითვე გამოჰკვეთდა საგანგებოდ – "ამრიგად, ახლო წლებში, 1966 წელს, სრულდება რვაასი წელი შოთას დაბადებიდან".
დიახ, ახლოვდებოდა 1966, რომელიც უკვე აღარ იქნებოდა ჩვეულებრივი თარიღი - გაჩნდა შესანიშნავი საშუალება, რომ ის ქართველი ერის შეგნებაში რუსთველის დაბადების მე-800 წლისთავად აღბეჭდილიყო, ხოლო მისი აღნიშვნა განუმეორებელ ეროვნულ მოვლენად გადაქცეულიყო.
ეს თარიღი განუმეორებელი იქნებოდა ყოველ დროსა და ვითარებაში, მაგრამ ახლა მის აღნიშვნას ის გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ უკიდურესად შეზღუდულსა და დახშულ ეროვნულ გრძნობებს გარკვეული გასაქანი მიეცემოდა და პატრიოტული აღტკინება სათაყვანო სახელის ირგვლივ დატრიალდებოდა.
ამ სახელს წინ ვერაფერი გადაეღობებოდა, ამ თარიღის ღირსეულად აღნიშვნას ვერაფერი დააბრკოლებდა და გაქელილი ეროვნული თავმოყვარეობა მცირე შვებას იგრძნობდა.
პავლე ინგოროყვას რომც გამოეგონებინა რუსთველის დაბადების თარიღი და ხელთ არავითარი რეალური მონაცემები არა ჰქონოდა, ასეთი საქციელი საზოგადოებრივ-ეროვნული თვალსაზრისით მაშინაც სავსებით გამართლებული იქნებოდა. მითუმეტეს, აქ გამოგონილი არაფერი ყოფილა და საბოლოო დასკვნა მეცნიერულ კვლევას ეყრდნობოდა.
არა ისეთ დამაჯერებელსა და უდავოს, როგორც პავლე ინგოროყვა თვლიდა? არა ისეთ ეჭვმიუტანელს, როგორც ერთი შეხედვით გამოიყურებოდა? თუნდაც, თუნდაც...
უკეთესი ნამდვილად არაფერი ჩანდა, რეალურ ხელჩასაჭიდად სხვა რამ არ გამოდგებოდა და პავლე ინგოროყვას ამ მიგნების ეროვნული მუხტი იოლად გადაფარავდა საწინააღმდეგო შეხედულებებს.
ალბათ, არა სამუდამოდ – ვინ იცის, შემდგომ რა გარკვეულიყო და დაზუსტებულიყო — მაგრამ 1966 წლის საზოგადოებრივი მნიშვნელობა ამით ნამდვილად აღარ შეიცვლებოდა.
1937 წელს გადახდილი "ვეფხისტყაოსნის" შექმნის 750 წლის იუბილეც პავლე ინგოროყვას თავდადებული გარჯის წყალობით აღინიშნა - წამომწყებიც თვითონ იყო და მთავარი მომხსენებელიც, და საერთოდ, იუბილის ორგანიზაციული მხარე მთლიანად მას დააწვა და წარმატებითაც გაართვა თავი.
ის თარიღი უფრო დიდი პირობითობის მიხედვით დადგინდა, ახლა კი მეტი დამაჯერებლობა შეეძინა, თანაც, 750 წელთან შედარებით 800 წელი გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
"რუსთველიანასა" და "რუსთველიანას ეპილოგის" გამოცემა დიდი საიუბილეო მზადების პირველმაცნე და მახარობელი გახლდათ.
პირველ მაცნეს თანმიმდევრული გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა – და პავლე ინგოროყვამ შეადგინა იუბილის მომზადებისა და ჩატარების საორგანიზაციო გეგმა, სადაც ყველაფერი გულმოდგინედ იყო აწონილ-დაწონილი, და ეს გეგმა საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს წარუდგინა.
შოთა რუსთველის დღეებისადმი მიძღვნილი საყოველთაო–სახალხო დღესასწაული მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდებოდა და მონაწილეთაგან ეს სახელი ყველაზე მეტად იტრიალებდა. აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდა.
პავლე ინგოროყვა – რუსთველის დაბადების თარიღის დამდგენი.
პავლე ინგოროყვა – მთელი დღესასწაულის ორგანიზატორი.
პავლე ინგოროყვა – საიუბილეო საღამოზე მთავარი მომხსენებელი.
პავლე ინგოროყვა – "ვეფხისტყაოსნის" რედაქტორ-გამომცემელი, დადგენილი ტექსტისა, სწორედ იმ დღეებში რომ გამოქვეყნდებოდა.
პავლე ინგოროყვა — შოთა რუსთველზე მონოგრაფიის ავტორი. ეს მონოგრაფიაც იმხანად გამოიცემოდა.
"ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემაც ჩაეფიქრებინა 13 ტომად და წინასწარი გეგმაც შეედგინა, რა უნდა შესულიყო ამ 13 ტომში და როგორ უნდა განაწილებულიყო. ჩანაფიქრი უაღრესად გაბედულია და, რაც მთავარია, ნიშანდობლივი მისი პიროვნული ბუნებისათვის. როგორ უყვარდა ყველაფერი მონუმენტური და გრანდიოზული, ყველაფერი მთლიანი. როგორ არაფრისდიდებით არ სურდა შეგუება, რომ რაიმე მოვლენა თუ დეტალი მისი მზერის მიღმა დარჩენილიყო.
ამ გაბედული ჩანაფიქრის ხორცშესხმა პავლე ინგოროყვასათვის სავსებით რეალური ჩანდა, მთავარია არალიტერატურული მიზნებით ისე არ დაპირისპირებოდნენ, რომ ეს წამოწყება ჩაეშალათ, თორემ თვითონ ამ საქმესაც ისევე მოერეოდა მარტოდმარტო, როგორც სხვა დროს უტვირთია ინსტიტუტისთვის სამყოფ საქმეთა აღსრულება.  ამ მრავალტომეულის გამოცემა ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა, ოღონდ მთავარია, აღარ გადადებულიყო და საიუბილეოდ მის მიერ მომზადებული პოემის აკადემიური ტექსტი იმავდროულად პირველი ტომიც ყოფილიყო.
პავლე ინგოროყვას მაინცდამაინც არ მოსწონდა "ვეფხისტყაოსნის" 1937 წლის საიუბილეო გამოცემა, არაერთი სტროფის ნამდვილობა აეჭვებდა და თუმცა სარედაქციო კოლეგიის წევრთაგან მას დაევალა თვალი ედევნებინა ბეჭდვის პროცესისათვის და კიდეც თავზე ადგა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საქმე გახლდათ, დადგენილ ტექსტში ჩარევის უფლება არა ჰქონდა და უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი ვერ შეიტანდა.
პოემის სტროფული შედგენილობა მერეც ხელშეუხებელი იყო. რომელიმე მკვლევარს თავის რედაქციით რომ გამოეცა "ვეფხისტყაოსანი", უფლება ჰქონდა ზოგიერთი – მისი აზრით – მცდარი წაკითხვა თუ პუნქტუაციის ნიშანი გაესწორებინა, თორემ ვერცერთ სტროფს ვერ ამოაგდებდა. თვითონ პავლე ინგოროყვამაც, 1953 წელს რომ გამოსცა პოემა, სტროფული შედგენილობის მხრივ გაიმეორა კომისიის მიერ დადგენილი ტექსტი, ოღონდ ის კი შეძლო, რომ ის სტროფები და ერთიც მთელი თავი, რაც ყალბად მიაჩნდა, ვარსკვლავებით გამოეყო ძირითადი ტექსტისაგან.
მაგრამ, ბუნებრივია, ეს საკმარისი ვერ იქნებოდა, თვითონ პავლე ინგოროყვა აკადემიურ ტექსტს სჭირდებოდა ხელახლა გადახედვა და საფუძვლიანი დახვეწა და 1966 წლის საიუბილეოდ მზადებისათვის პავლე ინგოროყვამ საიუბილეო კომიტეტის სხდომაზე საგანგებოდ წამოჭრა ტექსტში ამ მნიშვნელოვან ცვლილებათა შეტანის საკითხი - ყალბი სტროფებისა და "ინდო-ხატაელთა ამბისაგან" გაწმენდა.
ეს გახლავთ რამდენიმე გვერდიანი ჩანაწერი, რომლის გაცნობაც ეჭვმიუტანლად გვარწმუნებს, თუ როგორ აფასებდა პავლე ინგოროყვა იმ კომისიის მუშაობას იმთავითვე და არა მოგვიანებით.
კომისია მხოლოდ წვრილმანებს შეეხო – აღნიშნავს იგი – სახელდობრ, გაასწორა ტექსტის ზოგიერთი მცდარი წაკითხვა, აღადგინა დაზიანებული სიტყვები, მოაწესრიგა მართლწერა, პუნქტუაცია და სხვა, მაგრამ ამავე დროს დაუშვა უდიდესი შეცდომა, პოემაში შეიტანა ყალბი ციკლი "ინდო-ხატაელთა ამბავი", რომელიც XIV საუკუნეშია მიმატებული, ამასთან შეიტანა სხვა ყალბი სტროფებიც არც ისე ცოტა - 78, რითაც დააზიანა შოთას ქმნილებაო.
პავლე ინგოროყვა იმის მტკიცებისას, 1937 წლიდან დაკანონებული ტექსტი უეჭველად შესაცვლელიაო, იმოწმებდა "ვეფხისტყაოსნის" 1896 წლის /ქართველიშვილისეულ გამოცემას (სადაც არ გვხვდება "ინდო-ხატაელთა ამბავი") და ტექსტის დამდგენი უაღრესად ავტორიტეტული კომისიის წევრთა სახელებს - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი და სხვანი. დამატებით საბუთად მოაქვს ისიც, რომ ვახტანგისეულ ტექსტს პოემის ძირითად დედნად მიიჩნევდნენ, ხოლო XVI-XVII საუკუნეთა ხელნაწერების დანართებს ყალბად აღიარებდნენ არა მარტო ილიას კომისია, არამედ შემდგომ ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილიც.
საბოლოო დასკვნა ის გახლავთ – ილიას კომისიის ტექსტს უნდა დავუბრუნდეთო. ეს ჩანაწერი სავსებით აბათილებს რატომღაც გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს 1937 წლის საიუბილეო გამოცემა, არსებითად, მისი რედაქციით გამოსულიყო. როგორც გაირკვა, იგი პრინციპული მოწინააღმდეგე ყოფილა ინდო-ხატაელთა ამბისაც და კიდევ 78 სტროფისა. გამოცემისათვის ვრცელი შესავალი წერილის დართვა და ბეჭდვისათვის თვალყურის დევნება კი ერთპიროვნულ რედაქტორობას არ ნიშნავს.

როსტომ ჩხეიძე
ნაწყვეტი წიგნიდან "ბედი პავლე ინგოროყვასი"

ახლოს სანახავად, ერთელ დააწკაპუნეთ 

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.