მარჯორი უორდროპი
(1869–1909 წ.წ.)

ჩვენი მწერლობის სადღესასწაულო ამბის შესახებ გვინდა მკითხველს გამოვეხმაუროთ და მასთან ერთად გავიზიაროთ საერთო სიხარული მთელი ჩვენი ერისა. ქართველთა გენიოსის და მთელ მსოფლიოს წინაშე თავმოსაწონებელი ადამიანის შოთა რუსთაველის გონების ნაწარმოები  "ვეფხისტყაოსანი" ინგლისურად გამოვიდა და ევროპელ მკითხველს საშუალება ეძლევა გაიცნოს ჩვენი ერის უკვდავი შვილის ეს თხზულება, გაიცნოს თვით ამ გენიოსის სამშობლო, მისი დიდებული წარსული. ასეთი სიკეთე ქართულ მწერლობას დასდო ქართველთა მოჭირნახულემ, აწ განსვენებულმა მარჯორი უორდროპის ასულმა. უორდროპის ასული ეკუთვნის იმ მცირე რიცხვს ევროპელთა, რომელთაც შეისწავლეს ჩვენი ენა, ლიტერატურა და ისტორია, იმ განსხვავებით კი, რომ განსვენებულმა არამცთუ შეისწავლა ენა, ლიტერატურა და ისტორია ქართველთა, არამედ ყოველსავე ამასთან ერთად უანგარო სიყვარულით შეიყვარა ჩვენი ყველასგან დავიწყებული ხალხი და ქვეყანაცა. უორდროპის ასულმა განათლებულ ევროპას გააცნო: "განდეგილი" ილ. ჭავჭავაძისა, "სიბრძნე-სიცრუისა" სულხან-საბა ორბელიანისა, ქართული ხალხური ზღაპრები, "ვეფხისტყაოსანი", მრავალი კიდევ სხვაცა სთარგმნა, რომელთა დასრულება და გამოქვეყნება ულმობელმა სიკვდილმა აღარ დააცალა. განსვენებულს აღარ დასცალდა საბეჭდავიდან გამოსული ეხილა თავისი უმთავრესი ნაშრომი  "ვეფხისტყაოსანის" თარგმანი, და ამ წიგნის გამოცემისთვის ზრუნვა წილად ჰხვდა მის დაობლებულ ძმას, ბატონ ოლივერ უორდროპს, ცნობილ ლინგვისტსა და აღმოსავლეთის ლიტერატურის, და, მათ შორის, ქართულისაც, მცოდნეს, რომელიც ჩვენდამი იმავე სიყვარულითა და პატივისცემითაა გამსჭვალული, როგორც იყო მისი განსვენებული დაი. უეჭველია, იკითხავთ, თუ როგორ შესძლო ინგლისელმა მთარგმნელმა "ვეფხისტყაოსნის" თარგმნის დროს დაეძლია ის სიძნელე, რომელსაც წარმოადგენს რუსთაველის ენის გაგება თანამედროვე ქართველთათვისაც კი!.. ამაზე უნდა მოგახსენოთ, რომ მთარგმნელი, თავისდა სასახელოდ, მოჰრევია ხსენებულ სიძნელეს, მოჰრევია ისე, როგორც ეს შეეძლო მხოლოდ მხნე ინგლისელ ასულს, რომლისთვისაც სიტყვა "შეუძლებელი" არ არსებობს, რომლისთვისაც არსებობს "სიძნელე" გარნა არა "უძლეველი". ყოველთ უწინარეს, "ვეფხისტყაოსნის" თარგმნას განსვენებულმა თითქმის ოცი წლის შრომა მოანდომა, ჰკრეფდა, თუ რამე დაწერილა ან იწერებოდა ამ პოემისა და მისი ავტორის შესახებ ქართულად, რუსულად, ფრანგულად, გერ მანულად, იკვლევდა და იწვლილავდა ყოველი სიტყვის მნიშვნელობას ცალ-ცალკე, იშველიებდა ყველას, ვისაც კი შეეძლო საეჭვო ადგილი ასე თუ ისე განემარტებინა; საგრძნობელი იყო მისთვის, რომ ქართულად მაშინ არ მოგვეპოვებოდა, გარდა ორიოდ შრომისა, მეცნიერული გამოკვლევანი ჩვენი პოეტის და მისი ნაწარმოების შესახებ. გარნა დიდი ხნის რუდუნებისა და ხელნაწერის არა ერთგზის შესწორების შემდეგ შესაძლებლად სცნო შრომა დასრულებულად ეღიარებინა. თარგმანი პროზადაა, მაგრამ ისეთი დახვეწილი პროზითარომელიც კარგს ლექსს არ ჩამოუვარდება. ყოველი სიტყვა ზედმიწევნილი სისწორითაა ინგლისურად გადმოღებული, ხოლო მეტად გაუგებარ და საეჭვო სიტყვებს, რომელთა ნამდვილი მნიშვნელობა სადავოდ არის აღიარებული თვით ქართველ მკვლევართა მიერვე, სქოლიოებში დართული აქვს განმარტება ყველა ავტორისა, ვისაც კი რამე უთქვამს ხსენებულ სადავო სიტყვის, გინა ადგილის შესახებ. და  ყოველივე ეს იმ გულდადებითა და პუნქტუალობითაა ნაკეთები, რომელიც ახასიათებს ევროპელ მკვლევარს. იქნება ინგლისელის მიერ გაწეულმა ამ უებრო შრომამ გულისხმაში ჩაგვაგდოს ქართველობა და ჩვენს გონებრივ საუნჯეს უფრო მეტი ყურადღებით და ზრუნვით მოვეპყრათ, ვიდრე აქამდე გამოგვიჩენია ეს ზრუნვა და ყურადღება. იქნება ჩვენც დავიარსოთ რუსთაველის პოემისა და ენის შესასწავლი საზოგადოება (თუ საზოგადოებანი არა), მსგავსად იტალიელთა, რომელთაც იტალიის თითქმის ყოველ ქალაქში აქვთ დაარსებული ეგრეთ წოდებული "დანტეს საზოგადოება", სადაც მათი უკვდავი პოეტის და შოთას თითქმის თანამედროვე გენიოსის "ღვთაებრივ კომედიას" მცოდნე პროფესორების ხელმძღვანელობით სწავლობენ, იკვლევენ და ფართო მასისათვის ხელმისაწვდომად ხდიან მის შინაარსსა და შიგ დაცულ საუნჯეს ენისას. თარგმანს წინ უძღვის ვრცელი წინასიტყვაობა, თხუთმეტგვერდიანი, და ბოლოში დამატება აქვს დართული. ამ უკანასკნელში მოთავსებულია: ა) თარგმანი პროფესორ მარის რუსული გამოკვლევისა "ვეფხისტყაოსნის" წინასიტყვაობისა და ბოლოსიტყვაობის შესახებ, (261_265გვ.), ბ) ბიბლიოგრაფია "ვეფხისტყაოსნის" შესახებ დაწერილი წიგნებისა, თუ საგაზეთო წერილებისა, მთარგმნელს რომ შეუგროვებია (რიცხვით 84) და რომელნიც ახლა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კუთვნილებას შეადგენენ (265_269 გვ.), და გ) რეფერანსები, ანუ აღნიშვნა იმ ადგილებისა, სადაც ესა თუ ის პირნი, ადგილნი, ცხოველნი, მცენარენი, ლითონნი, სარწმუნოება და სხ. მოხსენიებულნი არიან "ვეფხისტყაოსანში" (269_273 გვ.). 
მეტად საყურადღებოა ხსენებული წინასიტყვაობა, რომელიც მეცნიერულ მოკვლევას შეადგენს პოემისას და ინგლისელ მკითხველს უადვილებს პოემის ათვისებას. ავტორი წინასიტყვაობისა ყოვლადის მიუკერძოებლობით აფასებს ჩვენს წარსულ ცხოვრებას, თუკი რამ ღირსება მოგვეპოვებოდა, ინგლისელ მკითხველს უზიარებს, მის თვალში გვამაღლებს. და ეს სწორედ იმ დროს, როცა ჩვენს გარშემო ყველა იმის ცდაშია, არამც თუ აგვამაღლოს, არამედ, თუ კიდევ რამ პატივი მოგვეპოვება, აგვყაროს, მაღლიდან დაბლა ჩამოგვწიოს... თავის ვინაობას, ნამდვილ ინგლისური თავმდაბლობით, ავტორი არ აჩენს, მაგრამ აშკარად ეტყობა ზედმიწევნით ცოდნა ჩვენი ენისა, იმასაც იგივე განუზომელი სიმპათია და თანაგრძნობა უღვივის გულში ჩვენი ხალხისადმი, როგორც უღვივოდა თვით სულმნათს და ქართველთათვის გულში ხატადსატარებელ მარჯორი უორდროპის ასულს. დასასრულ, ავტორი მკითხველს აცნობს თვით მთარგმნელის ხანმოკლე ცხოვრებას, ცხოვრებას უზენაესი კეთილშობილობის შარავანდედით მოსილს. მარჯორი სკოტ უორდროპი დაიბადა ლონდონში 1869 წლის გიორგობისთვეში; გარდაიცვალა ქ. ბუქარესტში (რუმინეთში) 1909 წლის ქრისტეშობისთვეში; დასაფლავებულ იქნა სევენოკში (ინგლისში). ქართული ენის სწავლა რომ დაიწყო, მ. ფ. ბროსეს მსგავსად, ხელთ ჰქონდა ქართული ანბანი და ქართულივე სახარება და ცოტაოდენი რამ ისწავლა, სახელმძღვანელოდ გაიხადა ბროსეს გრამატიკა და მისივე ქართულფრანგული ლექსიკონი; ოცდაათი წლის ასულისათვის ქართული ენის შესწავლა სიცოცხლის საგნად იქცა, საფუძვლიანი განათლებით იყო აღჭურვილი და თავისი საქმიანისა და მრავალფეროვან ცხოვრების დროს არამც თუ ხმარობდა ფრანგულსა, გერმანულსა, იტალიურსა, რუსულსა და რუმინულს ენებს შინაურობაში თუ ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობაში, არამედ იკვლევდა ამ ენებსა და მათ ლიტერატურასაც. ახალგაზრდობითვე მთელი თავისი სიცოცხლე უცხოეთში გაატარა: იტალია, საფრანგეთსა, სამხრეთ აფრიკაში (შედარებით ცოტა ხანი); ჰაიტში ერთ წელიწადზე მეტი; რუმინეთში – სამი წელიწადი; რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილას თითქმის ათი წელიწადი. ინგლისურად თარგმნა და გამოსცა "ქართული ხალხური ზღაპრები", ლონდონში, 1894 (D. Nitt); "განდეგილი", ლეგენდა თ. ილია ჭავჭავაძისა, ლექსად, ლონდონში, 1895 (B. Quaritch); "წმ. ნინოს ცხოვრება", ოქსფორდში, 1900 (Clarcndon Press); "ვეფხისტყაოსანიდა სხვა თარგმანები ხელნაწერებად დარჩა. 

ახლოს სანახავად, ერთელ დააწკაპუნეთ 

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.