ექვთიმე თაყაიშვილი
(1863–1953 წ.წ.)

"სხვა ძეგლთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი "ვეფხისტყაოსნის" ძველი ხელნაწერების აღმოჩენას და ლიტერატურაში უკვე ცნობილ ხელნაწერთა შეძენას... საზოგადოება დიდ პატივს კი მცემდა, მაგრამ ასეთი სახელიც მქონდა მოხვეჭილი: "ექვთიმე თაყაიშვილს თუ ჩაუვარდა ხელნაწერი, მერე მორჩა, დაკარგულიაო!" ახლა ისევ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა თავგადასავალს დავუბრუნდეთ. საერთოდ, მე არც ერთი მისი ხელნაწერი არ დამიტოვებია უნახავი, თუკი მომივიდოდა ცნობა, აქა და აქ არისო და ამასა და ამას აქვსო. ამრიგად შევიტყვე, რომ ჩემს ნათესავს მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძეს, იმჟამად ერევნის გუბერნატორის თანაშემწეს, სოფელ იგდირში, ერთი სომხის სახლში ენახა და კიდევაც შეეძინა მისგან "ვეფხისტყაოსანი". როგორც კი გავიგე ეს ამბავი, მაშინვე მივწერე, გამოეგზავნა ჩემთვის ხელნაწერი. გამოგზავნით არ გამოუგზავნია, მაგრამ თბილისში რომ ჩამოვიდა, თითონ ჩამოიტანა... მითხრა, რამდენ ხანსაც გინდა, გქონდეს, ოღონდ კი სულ ნუ წამართმევ, ეს ჩემთვის სანუკვარი ნივთიაო; თორემ შენ ისეთი სახელი გაქვს, რომ ხელნაწერი თუ ჩაგივარდა ხელში, იმისი წირვა გამოსულიაო. მე ვუთხარი, რაკი ეგრეთი სახელი მქონია, შენ ხელნაწერსაც, თუკი რამედ ვარგა, ბოლოს და ბოლოს, ეგ ბედი უნდა ეწიოს-მეთქი". გაეცინა და რა თქმა უნდა, დამიტოვა. არც კი მიკითხავს, თუ რა მიეცა ხელნაწერში. მის გარდაცვალებამდე ხელნაწერი ჩემთან იყო და მერე წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმს გადავეცი, რასაკვირველია, მისი სახელით შევწირე. მის ქვრივს ამის გამო ჩემთვის საყვედური არ უთქვამს."

ექვთიმე თაყაიშვილი

"იგი იყო რუსთაველის პოემის არა მხოლოდ ხელნაწერი ნუსხების მომპოვებელ-აღმწერი, არამედ რუსთველოლოგიის საკითხთა მკვლევარიც, რუსთაველის უკვდავი სახელის სათანადოდ დამფასებელი და დაუცხრომელი დამცველი".


იოსებ მეგრელიძე
"ექვთიმე თაყაიშვილმა პირველმა აღნიშნა, რომ "ვეფხისტყაოსნის" პირველი გამოცემა 1712 წლისა, რომელიც ვახტანგის საქმეა, კრიტიკული გამოცემაა, ე.ი. ისეთი გამოცემა, რომელიც მეცნიერული დაკვირვების შედეგად არის დადგენილი. იგი ეყრდნობა ჩანართიანი ხელნაწერების ტექსტს, მაგრამ შეძლებისამებრ გაცხრილულია ჩანართებისგან. ამ დებულებას ექვთიმე თაყაიშვილისას ზოგი არ იზიარებდა ჩვენში, მაგრამ იგი შემდგომ ბრწყინვალედ დადასტურდა, რადგანაც გამოირკვა, რომ ვახტანგი კომენტარებს უწერდა სწორედ ჩანართებიან ტექსტს."

                                                                         აკაკი შანძე 
 
 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.