თამაზ ჭილაძე

წიგნიდან, "ვარდის ფურცლობის ნიშანი"  

ქართლის მეფე (1703—1711), დიდი ქართველი მეცნიერი, რომელმაც თბილისში 1709 წელს დააარსა სტამბა და 1712 წელს გამოსცა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" თავისი რედაქციითა და კომენტარებით. მან პირველმა აღიარა "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის ორიგინალობა, დაწერა "ვეფხისტყაოსნის" კომენტარი-ლექსიკონი და დასაბამი მისცა რუსთველოლოგიას, ე.ი. ვახტანგ მეექვსე ამ დარგის პიონერია.
პირველი საერო ხასიათის წიგნი, რომელიც ქართულ სტამბაში დაიბეჭდა, "ვეფხისტყაოსანი" იყო და ეს ვახტანგის თავდადებული გარჯის წყალობით მოხდა. თვითონ მშვენიერმა პოეტმა, უაღრესად განსწავლულმა პიროვნებამ, არაჩვეულებრივი პოეტური სმენის პატრონმა, რასაკვირველია, მშვენივრად იცოდა "ვეფხისტყაოსნის" ჭეშმარიტი ფასი, ამიტომაც პოემისთვის მის მიერ დართული კომენტარები უაღრესად საინტერესოა ჩვენთვის.
პირველი, ყველაზე მკაფიო გრძნობა, "კომენტარის" წაკითხვის შემდეგ რომ გვეუფლება, სიფრთხილის გრძნობაა. ვახტანგმა გაცილებით მეტი იცის რუსთაველის შესახებ, ვიდრე წერს, თუმცა ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ მას არ შეეძლო ყველაფრის დაწერა. საერთოდ, "კომენტარის" კითხვისას, ისეთი განწყობილება იქმნება, თითქოს შოთა რუსთაველის რეაბილიტაცია ხდებოდეს. (პოეტს ნამდვილად განუცდია დევნა თავისი პოემის გამო და ამის ორი უტყუარი საბუთი გვაქვს: ვახტანგ VI "კომენტარი" და თვით პოემის პროლოგი). "რუსთაველისა წიგნი სულ სასწავლებელი არისო", ამბობს ვახტანგი. "კომენტარის" მიხედვით, შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ რუსთაველის დევნა დიდი ხანია გრძელდება, დღეს არ დაწყებულა და გუშინ. ვახტანგი, არსებითად, იგერიებს, აშოშმინებს რუსთაველის მტრებს, ამავე დროს, "კომენტარი" განსაზღვრული პოლიტიკური ტენდენციის აშკარა ანაბეჭდსაც ატარებს — რედაქტორი ხაზს უსვამს პოეტის ეროვნულობას, ქრისტიანულ ხასიათს და მის ანტიაღმოსავლურ, კერძოდ, ანტისპარსულ სულისკვეთებას.
თითქოს დამდგარა დრო, მზეზე რომ ამოიტანონ და პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენონ ყველაზე ანტიაღმოსავლური, ყველაზე ძლიერი ნაწარმოები, რაც კი ქართულად შექმნილა – "ვეფხისტყაოსანი". და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თითქოს დამდგარა ხელსაყრელი ჟამი იმისათვის, პოემის პოლიტიკური დევნა რომ შეწყდეს. ამჟამად ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა: ვახტანგმა აშკარად იცის, თუ რისთვის იდევნებოდა, "ვეფხისტყაოსანი". მართალია, ამის შესახებ "კომენტარში" დუმს, მაგრამ მის მიერ საგანგებოდ აღნიშნული პოემის ანტისპარსულობა დევნის ნამდვილ მიზეზზე ერთგვარ მინიშნებად გაისმის.
ვახტანგის ასეთი გონივრული ქმედების შემდეგ, ანუ "ვეფხისტყაოსნის"დაბეჭდვის შემდეგ, ერთი რამ ისევ ცხადი გახდა: ჩვენი ხალხის ერთადერთი ჭეშმარიტი იარაღი, რომელმაც ის ბედნიერ ხანაში საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა, ხოლო ძნელბედომის ჟამს კი დაღუპვას გადაარჩინა, იყო ქართული წიგნი.

ახლოს სანახავად, ერთხელ დააწკაპუნეთ 

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.