გურამ ბენაშვილი

უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე სიტყვა, ანუ ანალიტიკური ესკიზი "ვეფხისტყაოსანსა" და მის ავტორზე. ცნობილია, რომ შოთა რუსთაველი გარკვეულწილად ემიჯნება შუასაუკუნეების ეპოქის ესთეტიკასა და იდეოლოგიას და თვითონ ხდება ახალი, რენესანსული ტიპის მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების "რეალიზატორი"... იგი იმ ერთეულთა შორის წარმოიდგინება, ვინც თავისი ქმნილებით ანსახიერებს ადამიანის სულის ულაღეს ჰარმონიებსა თუ მონუმენტურ დისონანსებს... თავისუფალი ნების გამომხატველ ამაღლებულ მისწრაფებებს... რომანტიკულია სიყვარულის საკრალიზაციით გაჯერებული ამ ქმნილების ესთეტიკური სივრცე, უფართოესია მისი ენობრივი დიაპაზონი, ღრმად დამაფიქრებელია პოემის მხატვრულ რეალობათა ლოგიკის სემანტიკა - მასში გაბნეული სასტიკი, მძაფრი და ზვიადი აქცენტების პრაგმატიკა, ანუ ყოველივე ის, რაც რუსთაველის აზრით, თანმდევია ნამდვილი ადამიანური ყოფიერებისა... პოეტური აზროვნების ჭეშმარიტი გიგანტი, იგი მთელი სისავსით ამოსწურავს ეპოქის კულტურის კონცეფციასა და მის წიაღში მიმდინარე ფუნდამენტურ კოლიზიებს, თავისი მხატვრული ტექსტით წინ უსწრებს დროის ფილოსოფიურ იდეებს და საუკუნეებს ანდობს მათი შემეცნებისა და სიცოცხლის პერსპექტივას... ის ჩვენთვის სულის რომანტიკული თავისუფლების, სამყაროს პოეტური ამეტყველებისა და მხატვრული სიტყვის სწორუპოვარი დღესასწაულის სიმბოლოა... ქართული ენის პოეტური ინსტიტუირება და მისი ისტორიულ ფაქტად ქცევა "ვეფხისტყაოსნის" პრეროგატივაა. რვა საუკუნეზე მეტია, რაც "ვეფხისტყაოსანი" მოევლინა კაცობრიობას... სულიერი კულტურის "გლობალური გამყინვარების" მიუხედავად, როგორც ჩანს, შთამომავლობა კვლავ თაყვანისცემითაა განმსჭვალული თავისი დიდი წინაპრის მიმართ... ამის დასტური ჩვენს წინაშე წარმოდგენილი ეს "წიგნთა-წიგნია."
კადნიერებად არ ჩამომერთმევა თუ ვიტყვი, რომ თანამედროვე მკითხველისათვის ადვილი აღარ არის რუსთაველის პოემის სრულყოფილი აღქმა... ჩვენ მისგან გვყოფს გრანდიოზული დრო, კულტურათა სხვაობა, წარმოდგენები და გემოვნებანი... მიუხედავად ამისა, ჩვენი "ვალია" გონებით "დავიხარჯოთ" და თუნდაც "მძიმე ტანჯვით" შევაღწიოთ ქართველთა ამ უპირველეს სულიერ ტაძარში, რათა ვიხილოთ, ვიგრძნოთ და შევისისხლხორცოთ ადამიანური სიცოცხლის მაღალი აზრი და დანიშნულება, სიყვარულისა და სხვა ქრისტიანულ სათნოებათა რწმენის მადლი და სიწმინდე, ავმაღლდეთ და დავტკბეთ ქართველად ყოფნის ბედნიერებით... უდიდესია ქართველ (და არა მხოლოდ ქართველ) სწავლულთა ინტერესი რუსთველისა და მისი პოემის მიმართ...
რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დარგს, სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი ფუძემდებელი "სჯულმდებლად" წოდებული მეფე ვახტანგ მეექვსეა... 1712 წელს ვახტანგმა მის მიერვე დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში "სახარებასთან" ერთად "ვეფხისტყაოსანიც" დაბეჭდა, რაც ბუნებრივად პოემის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აღიარებასაც ნიშნავდა... ამ გამოცემას ვახტანგმა საკუთარი კომენტარი დაურთო. თავისი არსით იგი აკადემიური გამოცემაა, რადგან რუსთველოლოგიის ფუძემდებელმა თავიდანვე განსაზღვრა რუსთველოლოგიური მეცნიერების მაღალი აკადემიური დონე... ვახტანგს ეკუთვნის თეზა "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის ორიგინალობის შესახებ ("ეს ამბავი სპარსში არ არის", "თვარამ სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოება"). სპარსული კულტურისა და პოეზიის ჩინებულმა მცოდნემ, მან კატეგორიულად დაასკვნა, რომ რუსთაველმა "ამბავიც თვითონ გააკეთა და ლექსადაც". რაც შეეხება სიტყვებს: "ესე ამბავი სპარსული", ვახტანგმა, თვითონაც პოეტმა, ტროპული მნიშვნელობით გაიგო როგორც სპარსული პოეზიის "პანეგირიკი"...
ვახტანგის დამსახურებაა პოემის ფოლკლორული პირველსაფუძვლის მიგნება - მისი სიუჟეტი მან ხალხურ ჯადოსნურ ზღაპარს დაუკავშირა. ასევე სწორად განსაზღვრა პოემის ორღერძიანი კომპოზიცია, ორი მთავარი გმირით (ტარიელი და ავთანდილი)...
მასვე ეკუთვნის ფუძემდებლური აზრი რუსთაველის ქრისტიანული აღმსარებლობისა და პოემაში ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ციტირების შესახებ...
საგულისხმოა თეიმურაზ ბაგრატიონის რუსთველოლოგიური "შტუდიები"... მას ეკუთვნის პოემის ვრცელი კომენტარი. იგი დაბეჯითებით აღნიშნავდა პოემის ორიგინალობას... შემდგომში მარი ბროსესა და დავით ჩუბინაშვილის მიერ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გახმიანდა პოემის მოჭარბებული ალეგორიულობის თეორია... მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პლატონ იოსელიანისეული მოსაზრებები რუსთაველის მსოფლმხედველობრივ პრობლემატიკასთან დაკავშირებით... 1802 წელს პეტერბურგში გამოიცა მიტროპოლიტ ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნი, რომელიც იმავე წლებში ითარგმნა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ ამ ნაშრომით გახმიანდა ევროპაში რუსთაველის სახელი... 
ძალზე საყურადღებოა ილია ჭავჭავაძის რუსთველოლოგიური ძიებანი, მისი ანალიტიკური ოპუსი "აკაკი წერეთელი და "ვეფხისტყაოსანი". მასში მთელი სიღრმით წარმოჩინდა რუსთაველის ეთიკის, ესთეტიკის, ფსიქოლოგიისა და პოლიტიკური მსოფლმხედველობის შესწავლის აუცილებლობის პრობლემა...
ილიასა და ივანე მაჩაბლის ძალისხმევით მიეცა დასაბამი "ვეფხისტყაოსნის" ევროპულ ენებზე თარგმნის ტრადიციას... პოემის მეცნიერული კვლევის ახალი და სისტემური შესწავლის თვალსაზრისით ფრიად ნაყოფიერი ეტაპი მეოცე საუკუნეს უკავშირდება... საგანგებო აღნიშვნის ღირსია ივანე ჯავახიშვილის, პავლე ინგოროყვას, კორნელი კეკელიძის, კალისტრატე ცინცაძის, ალექსანდრე ბარამიძის, გაიოზ იმედაშვილის, იოსებ მეგრელიძის, მიხეილ ჩიქოვანის, ვიქტორ ნოზაძის, გიორგი ნადირაძის, დიმიტრი ბენაშვილის, შალვა ნუცუბიძის, სარგის ცაიშვილის, შალვა ხიდაშელისა და სხვათა ნაშრომები პოემისა და მისი ავტორის შესახებ...
ეს ყოველივე სრულად დასტურდება ქართველ სწავლულთა მიერ შედგენილი ბიბლიოგრაფიებიდანაც... ამ ტიპის ნაშრომთა შორის სრულიად განსაკუთრებულია გაიოზ იმედაშვილის 1957 წელს დასტამბული კაპიტალური ნაშრომი - "რუსთველოლოგიური ლიტერატურა" (1712-1956 წწ). მასში ქართულ და უცხოურ ენებზე შესრულებული 2481 ნაშრომია დაფიქსირებული და ანოტირებული... რუსთველოლოგიის უმნიშვნელოვანესი სფეროა პოემის ტექსტოლოგიური ძიებანი. მეოცე საუკუნის ინტელექტუალურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს 1966 წელს აკადემიკოსების - აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით გამოცემული "ვეფხისტყაოსნის" მეცნიერულ-კრიტიკული ტექსტი, რომელსაც პოემის ხელნაწერთა და ძირითად გამოცემათა ვარიანტები ახლავს, რაც სრულიად უნიკალური მოვლენაა. ეს გამოცემა ტექსტოლოგიური მეცნიერების უმაღლეს აკადემიურ დონეზეა შესრულებული და საეტაპო მნიშვნელობისაა... მთავარი კი ის არის, რომ საუკუნეების განმავლობაში არ შენელებულა ცხოველი ინტერესი ერის ჭეშმარიტად ამ უპირველესი პოეტისა და მოაზროვნის მიმართ... იმედია, სწავლულ ფილოლოგთა მომავალი თაობები, შთაგონებულნი ამ ეპოქალური ქმნილებით, კვლავაც იღვაწებენ მისი კიდევ უფრო ახალი აღქმისა და ინტერპრეტაციისათვის

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.