ფოტოხელოვნებაში "ვეფხისტყაოსანი" მოხვდა მას შემდეგ,
რაც პირველი ილუსტრირებული გამოცემის იდეა გაჩნდა

თბილისში დადგმული ინსცენირების წარმატების ექომ პეტერბურგამდეც მიაღწია და, როგორც იმდროინდელი პრესა იუწყება, მეფისნაცვალ, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს ბრძანება გაუცია: "გადაიღონ ყველა ცოცხალი სურათები ზიჩისაგან დადგმულის "ვეფხისტყაოსნის" ტიპებისა და გაუგზავნონ პეტერბურგში".

კარგარეთელის ქუჩის 6 ნომერში მდებარე შენობა უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლად ითვლება.
გარდა იმისა, რომ სახლი მართლაც ულამაზეს ნაგებობას წარმოადგენს, მისი აშენების ისტორია მას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს: ცნობილია, რომ სახლი აშენდა გერმანელი პრინცის, ოლდენბერგის სურვილით, რომელმაც იგი თავის ქართველ სატრფოს აგრაფინა ჯაფარიძეს აჩუქა.
ოლდენბერგები გერმანიის ერთ-ერთი მიწის - ზერნაკაუს პრინცები იყვნენ. ცნობილია, რომ მათი ოჯახი საქართველოში მე-19 საუკუნეშიჩამოვიდა და აფხაზეთში მიწები შეიძინეს. მათ რამდენიმე სახლი ქალაქ გაგრაშიც ჰქონდათ. არავინ იცის, რა მიზნით ჩავიდა ერთ მშვენიერ დღეს პრინცი ოლდენბერგი ქუთაისში, სადაც ქუთაისის წარჩინებულმა საზოგადოებამ "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი ილუსტრირება წარმოადგინა. ამგვარი "ცოცხალი სურათების" ტრადიცია, როგორც ჩანს, ქუთაისში მანამდეც არსებობდა, შემონახულია ლერმონტოვის "დემონის" ფოტო მასალაც.
ეს ამბავი 1882 წლის მაისში მოხდა, როცა ქუთაისში სანკტპეტერბურგიდან ცნობილი მხატვარი მიხაი ზიჩი ჩამოვიდა. იგი მასალებს აგროვებდა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე სამუშაოდ. მისი თხოვნით ქუთაისის წარჩინებულმა საზოგადოებამ "ვეფხისტყაოსნის" სცენები გააცოცხლა, რომლის ფოტოფიქსაციას ქუთაისელი ფოტოგრაფები ალექსანდრე მიხაილოვი და მელქონ კაჩუხაშვილი ახდენდნენ.
იმ დღეს ნესტან-დარეჯნის კოსტუმში უმშვენიერესი აგრაფინა ჯაფარიძე იყო გამოწყობილი, ხოლო ტარიელის მსგავსად ვეფხის ტყავი გიორგი შარვაშიძეს ემოსა.
რუსთაველის გმირების კოსტუმებში გამოწყობილი ულამაზესი ქალები და მამაკაცები სხვადასხვა კომპოზიციებს აკეთებდნენ. პრინცი ოლდენბერგი იმდენად მოიხიბლა აგრაფინა ჯაფარიძის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური სტატუსი არად ჩააგდო და სიყვარული აუხსნა. აგრაფინა ჯაფარიძე თავად დადიანის მეუღლე გახლდათ, მაგრამ ოლდენბერგის მხურვალე გრძნობებმა მას ქმარიც დაავიწყა და ქართული ადათ-წესებიც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ოლდენბერგმა დედაქალაქში მიწის ნაკვეთი შეიძინა და ქმრისგან გამოქცეულ სატრფოს ულამაზესი სახლი აუშენა. მოგვიანებით აგრაფინა ჯაფარიძემ პრინც ოლდენბერგზე ოფიციალურად იქორწინა და მათ ორი შვილიც შეეძინათ. სავარაუდოდ, შეურაცხყოფილმა დადიანმა ცოლთან განქორწინებაზე უარი არ თქვა. ოლდენბერგის მიერ აშენებული სახლის ფასადზე კი ბაროკოს სტილისთვის დამახასიათებელ ჩუქურთმათა შორის დადიანების გერბიც არის გამოსახული. როგორც ჩანს, აგრაფინას დადიანების გერბის ტარების უფლება მაინც ჰქონდა.
საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ოლდენბერგები საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრნენ. ცნობილია, რომ აგრაფინა ჯაფარიძემ იქ პრინცესა ზერნაკაუს ტიტული მიიღო. ისიც ცნობილია, რომ გერმანელებმა პრინცის წოდება მის შვილებს არ მიანიჭეს.

გაზეთი "24 საათი"
2008 წ. 22 მარტი; N 66

ახლოს სანახავად, ერთელ დააწკაპუნეთ 

 
ჯეიმს ოლდრიჯი

სიტყვით შუძლებელია გამოვთქვა დამოკიდებულება რუსთველის პოემისადმი. საქართველოშიც რომ არ ჩამოხვიდე, "ვეფხისტყაოსანით" შეგიყვარდება ეს მშვენიერი ქვეყანა, მისი ხალხი. ეს არის ბრწყინვალე უნიკალური ნაწარმოები, რომელიც უმღერის სიყვარულს, მეგობრობას, მაღალ ჰუმანიზმს. "ვეფხისტყაოსნის" უზადო, ნატიფი ენა ეხმარება მკითხველს დაიმახსოვროს პოემის გამოკვეთილი სტრიქონები, ასწავლის
ლიტერატურულ ენას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პოემა მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა შექმნილიყო  

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.