XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ქართველი საზოგადო მოღვაწეები ინტენსიურად შეუდგნენ მუშაობას "ვეფხისტყაოსნის" ახალი რედაქციის დასადგენად და, შესაბამისად, შემდეგ წიგნის მაღალ დონეზე გამოსაცემად. გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, იონა მეუნარგია და სხვანი. ერთი სიტყვით, მთელი ქართველი მოწინავე საზოგადოება დიდი მონდომებით ემზადებოდა `ვეფხისტყაოსნის~ ახალი რედაქციის გამოსაცემად. ტექსტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, რომ 1881 წლის შემოდგომაზე თბილისს რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი მიხაი ზიჩი (1827-1906) ეწვია. იმდროინდელი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში ეს ფაქტი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ქართული თეატრის მოამაგეებმა სახელგანთქმული მხატვრის ტფილისში სტუმრობით ისარგებლეს და მას "ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმა სთხოვეს.
როგორც გაზეთი "დროება" იუწყებოდა: "ამ ჟამად ჩვენ ქალაქში იმყოფება გამოჩენილი პირი — მხატვარი ზიჩი. ის მოსულა ჩვენში იმ განზრახვით, რომ შეისწავლოს ჩვენი (ქართველების) ტიპები და დახატოს რუსის პოეტის ლერმონტოვის პოემის "დემონის" სურათებისათვის; დახატოს აგრეთვე ზოგიერთი სურათები ბუნებისა, რომელნიც ამ პოემაში არიან მოხსენებული და აწერილი".
"ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათები ჩვენში ზიჩის ჩამოსვლამდეც გამართულა. ხშირად ყოფილა, რომ ესა თუ ის თეატრალური დადგმა პოემის რომელიმე ეპიზოდის ინსცენირებით დამთავრებულა, მაგრამ როგორც ეტყობა, ქართველმა საზოგადოებამ დააინტერესა მხატვარი პოემით და ზიჩიმაც ინტერესით შეისწავლა მისი შინაარსი. მას სურვილი გამოუთქვამს, დაესურათებინა `ვეფხისტყაოსნის~ ახალი გამოცემა. ილუსტრაციების შექმნისათვის კი საჭირო იყო სათანადო მასალის შესწავლა და 1882 წლის 6 თებერვალს ბარბარე გიორგის ასულ ბარათაშვილის თაოსნობითა და ხელშეწყობით მხატვარმა საზაფხულო თეატრში წარმატებით დადგა პოემის 10 ცოცხალი სურათი. როგორც ილია წინამძღვრიშვილი გადმოგვცემს: "ზიჩმა დიდი ღვაწლი დასდო თავის შრომით საქართველოს: იმან განახორციელა და სული ჩაუდგა იმ გმირებს, რომელნიც უკვდავმა შოთა რუსთაველმა მშვენიერის ლექსით გამოხატა თავის უკვდავს "ვეფხისტყაოსანში". რამდენიმე საათში მხატვარმა დაგვანახვა ჩვენ სცენიდამ ცოცხლად რუსთაველის
გმირნი და გადმოგვცა მთელი შინაარსი "ვეფხისტყაოსნისა". ამ შემთხვევაში მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ქართველმა ქალებმა, იმ ქალებმა, რომელნიც არიან ჩვენში გამოჩენილნი სილამაზით, ნაზობით და სახის-მეტყველებით. ამათ თავის თვისებით და ჩაცმა-დახურვით წარმოგვიდგინეს ის ძველი ქართველი ქალები, რომელნიც სცხოვრობდნენ

 
WordPress plugin
 

 ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ.
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში განლაგებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ (უკან გამოსვლა – ღილაკი Esc)
ისარგებლეთ ცისფერი სენსორითაც 

მეთორმეტე საუკუნეში რუსთაველის დროს. ნეტარება იყო ის ათი ცოცხალი სურათი, რომლიც ჩვენა ვნახეთ 6-ს ამა თებერვალს... ამ სურათებს არა შეედრება რა... თუმცა ამ პოეტმა-მხატვარმა ქართული არ იცის, მაგრამ საქართველოს მდიდარმა ბუნებამ შთააგონა, გააგებინა იმას დიდებულ რუსთაველის აზრი და მით წარმოუდგინა იმის გრძნობას გმირნი "ვეფხისტყაოსნისა". ზიჩიმ გააცოცხლა ჩვენი მკვდარი ქართველნი".

"ვეფხისტყაოსნის" ცოცხალი სურათების დადგმა თბილისში რამდენჯერმე გაიმართა და ქართული საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოში ამ დადგმებით გამოწვეულ პატრიოტულ განწყობილებას კარგად გრძნობდა მხატვარი და ძმისადმი გაგზავნილ ერთ წერილში აღნიშნავდა:
"ეს პატარა ჩაგრული ერის დემონსტრაციას წარმოადგენდა. თეატრი მაყურებლით იყო გაჭედილი, მათ აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. ცალკეულ სურათებს შორის იმდენჯერ გამომიძახეს სცენაზე, რომ თვითონაც არ მახსოვს... უკანასკნელი სურათის შემდეგ მაყურებელთა ტაშის ხმა არ წყდებოდა, ხელი ჩამკიდეს, სცენიდან აღარ გამიშვეს, იმდენი მატრიალეს, რომ თავბრუ დამეხვა... თუკი ვინმე ქართველებს სამსახურს გაუწევს, ისინი ყოველთვის მზად არიან გადაუხადონ მას ეს სამსახური, რითაც ძალა შესწევთ; თანაც ამას აკეთებენ უნაზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ ძალიან კარგი ხალხია..."
ზიჩის მიერ ცოცხალი სურათების დადგმა სალბუნად დაეფინა რუსული ადმინისტრაციის მიერ ათასჯერ შეურაცხყოფილ ქართველთა ეროვნულ გრძნობებს. თბილისში წარმოდგენილ ცოცხალ სურათებში თამარ დედოფალს მარიამ იოსელიანი წარმოადგენდა, შოთა რუსთაველს – დავით სარაჯიშვილი, როსტევან მეფეს – რაფიელ ერისთავი, მეფე ფარსადანს – ვანო თარხნიშვილი, ფატმანს – ნინო ორბელიანისა და ა. შ.
თბილისში დადგმული ინსცენირების წარმატების ექომ პეტერბურგამდეც მიაღწია და, როგორც იმდროინდელი პრესა იუწყება, მეფისნაცვალ, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს ბრძანება გაუცია: "გადაიღონ ყველა ცოცხალი სურათები ზიჩისაგან დადგმულის "ვეფხისტყაოსნის" ტიპებისა და გაუგზავნონ პეტერბურგში".
თბილისის საზოგადოების ამ პატრიოტულ ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ ქუთაისელებიც. 1882წ. მაისში ქუთაისში "საზოგადოების საკრებულოს" ეზოში, საგანგებოდ აგებულ სცენაზე მიხაი ზიჩის მიერ დაიდგა კიდეც ცოცხალი სურათები, რომლის თაოსანი და მონაწილე ნინო წერეთელი იყო, გენერალ ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე. მას ეხმარებოდნენ, თვითონ ბიძინა ჩოლოყაშვილი,მარო მაჩაბელი, მარიამ დადიანი, მაკა, მამია და ჯამბაკურ გურიელები, თათარხან დადეშქელიანი, აკაკი წერეთელი, გიორგი შარვაშიძე, კირილე ლორთქიფანიძე და სხვ.ცოცხალი სურათები ქუთაისში ორჯერ დაიდგა და მასში მონაწილეობა მიიღეს სილამაზითა და მოხდენილობით განთქმულმა ქალბატონებმა და ბატონებმა, ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებმა. "პოემის მირთმევის" სცენაში თამარ მეფეს ნინო წერეთელი ასახიერებდა, შოთა რუსთაველს – პოეტი მამია გურიელი, ხოლო "ვეფხისტყაოსნის" გმირებიდან ტარიელს – გიორგი შარვაშიძე და თათარხან დადეშქელიანი, ნესტან–დარეჯანს – დესპინე ფაღავა, თინათინს – ნინო წერეთელი, ფატმანს – მარიამ მირიანაშვილი-თუმანიშვილისა, როსტევან მეფეს – ქაიხოსრო ქაჯაია. მათ გარდა ცოცხალ სურათებში მონაწილეობდნენ ანტონ წულუკიძე, დიმიტრი და ქეთო წერეთლები, მარო მაჩაბელი... ………
გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნებული წერილის ავტორი, ერთმანეთს ადარებდა რა თბილისსა და ქუთაისში წარმოდგენილ ცოცხალ სურათებს, უპირატესობას ქუთაისს ანიჭებდა. ხოლო გიორგი შარვაშიძის მიერ განსახიერებული ტარიელის შესახებ წერდნენ: "თ. გ. შარვაშიძე ტარიელის სურათად ისეთი იყო, რომ მგონია თავის საფლავიდამ ამდგარი შოთაც არ დაიწუნებდა მის იერსა და სახის მეტყველებას".
შემდგომ წლებში მიხაი ზიჩიმ უკვდავი პოემა შესანიშნავად დაასურათა და, როგორც ქართველი ხელოვნებათმცოდნენი აღიარებენ, სრულიად ახალი ეტაპი შექმნა პოემის ილუსტრირების ისტორიაში.

                                                                                                                                                         პაატა ქურდოვანიძე 

 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა 

Make a Free Website with Yola.