პაატა ნაცვლიშვილი 

საფოსტო მარკა თავის ძირითად და არაერთ გვერდით ფუნქციასთან ერთად, გამოჩენილ ადამიანთა უნიკალური გალერეაც გახლავთ – მარადიული, საყოველთაო და, რაღა თქმა უნდა, უაღრესად პრესტიჟული. თუმცა ამ გალერეაში ხშირად კონიუნქტურული და ზოგჯერ სრულიად შემთხვევითი ხალხის პორტრეტებიც ხვდება, როგორც წესი, საფოსტო მარკებზე თითოეული ქვეყანა თავის ყველაზე- ყველაზე-ყველაზე ცნობილი წარმომადგენლების აღბეჭდვას ესწრაფვის და ამის საბაბად ხან საიუბილეო თარიღს იყენებს, ხან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას, ხან რას და ხან რას.
თუ სტალინის თვითიდენტიფიკაციას გავიხსენებთ, როცა მან ანკეტის შევსებისას ეროვნების გრაფაში "რუსი" ჩაწერა, შეიძლება ითქვას, რომ შოთა რუსთაველის სახე(ლი) ქართველთაგან ყველაზე ხშირია საფოსტო მარკებზე. რუსთაველის სახელთან და მის პოემასთან ამა თუ იმ ფორმით სამი ქვეყნის - საბჭოთა კავშირის, საქართველოსა და ისრაელის – 19 საფოსტო მარკა, უფრო ზუსტად – 17 მარკა და ორი საფოსტო ბლოკია დაკავშირებული. ამათგან 10 მარკა და ორივე ბლოკი კომემორატიულია, ანუ უშუალოდ ეძღვნება შოთა რუსთაველს და ვეფხისტყაოსანს, დანარჩენი კი სხვადასხვა ხარისხით და სხვადასხვა კუთხით მიეკუთვნება რუსთაველის თემას ფილატელიაში. 
დაუფარავი სიამაყით უნდა ვთქვა, რომ 17-დან შვიდი მარკის და ორიდან ერთი ბლოკის ავტორი მე გახლავართ, თუმცა მივყვეთ ქრონოლოგიურად.
1938 წელს საბჭოთა კავშირის საფოსტო ადმინისტრაციამ გამოუშვა რუსთაველის პოემის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელზეც პოეტის ვასილი გოლოვნიასეული პორტრეტია გამოსახული, მარკის ავტორი კი ვლადიმირ კაიდალოვია (1907-1985), შემდგომში უზბეკეთის სახალხო მხატვარი. ეს მიღებული რამ არის სამარკო ხელოვნებაში: იმის მიუხედავად, ვისი ნამუშევარია მარკაზე გამოსახული, მას თავისი ავტორი ჰყავს.
ამ შემთხვევაშიც, ვასილი გოლოვნია არც ერთ ფილატელისტურ კატალოგში არ არის ნახსენები. ფილატელისტური კატალოგებისთვის სხვა ინფორმაციაა უფრო მნიშვნელოვანი. ასე მაგალითად, კატალოგებში მითითებულია ამ მარკის ნომინალი – 20 კაპიკი; მიმოქცევაში გაშვების თვე – თებერვალი; ფერი – მწვანე; ქაღალდი – სქელი, კრემისფერი; ზომა – 37X26; კბილანები – ხაზური 121/2; ტირაჟი – 3 მილიონი ეგზემპლარი. კატალოგებიდანვე ვგებულობთ, რომ ტირაჟის ნაწილი თეთრ ქაღალდზე დაბეჭდილა და ეს ეგზემპლარები უფრო ძვირი ღირს. კიდევ უფრო ძვირი ღირს ის მარკები, რომელთაც განსხვავებული ფორმისა (სავარცხლური) და ზომის (121/2:12) კბილანები აქვთ; ხოლო ყველაზე ცოტა და შესაბამისად ყველაზე ძვირი ამ მარკის უკბილანო ვარიანტია – მისი ერთი ეგზემპლარის ფასი 50 ამერიკულ დოლარს აჭარბებს. 
თუ პირველი რუსთველური კომემორატიული მარკა ვეფხისტყაოსნის საიუბილეოდ გამოვიდა, მეორე უშუალოდ მის ავტორს მიეძღვნა. იგი ერთ-ერთია ხუთმარკიანი სერიიდან, რომელსაც საბჭოთა მარკების კატალოგში "ჩვენი სამშობლოს მწერლები" ჰქვია. 
შოთა რუსთაველის გარდა ამ სერიის მარკებზე გამოსახული არიან ლომონოსოვი, პუშკინი, ლევ ტოლსტოი და მაქსიმ გორკი. თითოეული მარკის ნომინალია 40 კაპიკი; ზომა – 30X42; კბილანები – სავარცხლური 121/2:12 (ტოლსტოი – ხაზური 121/2), ბეჭდვა – ოფსეტური, ტირაჟი – 2-2 მილიონი. მარკების მხატვარია ვასილი ზავიალოვი (1906-1972) – საბჭოთა მარკების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი, რომელსაც 600-ზე მეტი საბჭოთა მარკა ეკუთვნის. რუსთაველისადმი მიძღვნილი მარკა, კატალოგის მიხედვით, "მუქ-რუხი, ყვითელ-ყავისფერი და წენგოსფერ- მწვანეა". მარკის დიზაინში კვლავ გოლოვნიას პორტრეტი ფიგურირებს, ხოლო კომპოზიციურ ელემენტად გამოყენებულია ირაკლი თოიძის ცნობილი ილუსტრაცია – ტარიელისა და ვეფხის ორთაბრძოლა. 
WordPress plugin
 

ახლოს სანახავად ერთელ დააწკაპუნეთ
მაღალ ხარისხში სანახავად ისარგებლეთ მარჯვენა
დაბალ კუთხეში განთავსებული ისრებით და შემდეგ დააწკაპუნეთ

ზავიალოვის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რუსთაველისადმი მიძღვნილი ეს მეორე მარკა თავისი კონცეფციითა და მხატვრული ღირსებებით აშკარად სჯობს პირველს. საერთოდ, მარკის ეს კონცეფცია ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი და სტაბილური აღმოჩნდა საბჭოთა ფილატელიაში: ზავიალოვმა მისი ერთი ვარიანტი პირველად 1952 წელს გამოიყენა ნიკოლაი გოგოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამმარკიანი სერიის 40-კაპიკიან მარკაზე. მერე იყო ლომონოსოვ-პუშკინ-ტოლსტოი-
მაქსიმგორკი-რუსთაველის სერია, რომელიც 1956 წლის დეკემბერში გაუშვეს მიმოქცევაში. ამას მომდევნო წლის თებერვალში თითქმის პირდაპირ მოჰყვა მეორე ასეთივე ხუთმარკიანი სერია (ლერმონტოვი-ბელინსკი-ძველირუსიპოეტი-ჩერნიშევსკი-შევჩენკო). 1958 წელს ზუსტად ამ დიზაინით კიდევ ორი მარკა გამოვიდა - ალეკსეი ტოლსტოი და სალტიკოვ-შჩედრინი.ამ მარკებისესკიზების შექმნაში ვასილი ზავიალოვს მისი უმცროსი ვაჟი – ალეკსანდრ ზავიალოვი (1946-2001) ეხმარებოდა, როგორც თანაავტორი. 1959 წელს ვასილი ზავიალოვმა, ამჯერად ისევ შვილის დახმარების გარეშე, "ჩვენი სამშობლოს მწერლების" სერიების სერია კიდევ შვიდი მარკით შეავსო (კრილოვი-გრიბოედოვი-ოსტროვსკი-ჩეხოვი-ისევ-გოგოლი-აკსაკოვი-კოლცოვი),1960 წელს კი ამ ციკლის ბოლო მარკა გამოვიდა, რომელიც კოსტა ხეთაგუროვს მიეძღვნა. სხვათა შორის, შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ყველა მწერალი – კოსტა ხეთაგუროვიც და ლევ ტოლსტოიც ერთნაირად – 40 კაპიკად არის შეფასებული. თუმცა ძალიან შორს წავედით, დავუბრუნდეთ შოთა რუსთაველს.
1966 წელს ფართოდ აღინიშნა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი. თუ ამ 800 წლისთავს 1937-ში აღნიშნულ ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ რუსთაველს უკვდავი პოემა 21 წლისას დაუწერია, მაგრამ ამჯერად ეს არ არის ჩვენი ინტერესის საგანი. 1966 წლის აგვისტოში საბჭოთა ფოსტამ მიმოქცევაში გაუშვა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი სამმარკიანი სერია და ერთი ბლოკი. ეს ბლოკი შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი პირველი საფოსტო ბლოკია. მარკების ნომინალებია 3, 4 და 6 კაპიკი, ბლოკისა – 50 კაპიკი. 3-კაპიკიანი მარკა შავია წენგოსფერ-მწვანე ფონზე, 4-კაპიკიანი – მუქყავისფერი ყვითელ ფონზე, 6-კაპიკიანი – შავ-ყავისფერი ცისფერ ფონზე, ხოლო ბლოკი – მუქ-მწვანე და ნათელი მოყვითალო- მოყავისფროა. ბეჭდვა – მეტალოგრაფია ოფსეტურ (მარკები) და ღრმა, ტონურ (ბლოკი) ბეჭდვასთან ერთად ცარცის ქაღალდზე. ზომა – 42X30; კბილანები – სავარცხლური 121/2:12 (3- და 4-კაპიკიანი) და – ხაზური 121/2 (6-კაპიკიანი); ბლოკის მარკა უკბილანოა, ზომა – 54X47; სერიის მხატვარი გახლავთ ევგენი ანისკინი, რომელსაც გვერდში ირაკლი თოიძე, იაკობ ნიკოლაძე, სერგო ქობულაძე და კოტე მერაბიშვილი ამოუყენებია. მარკების ტირაჟი 3-3 მილიონია, ბლოკისა – ერთი მილიონი. რუსთაველისადმი მიძღვნილი წინა გამოშვებებისაგან განსხვავებით, 1966 წლის მარკებს რუსთაველის სახელი ქართულადაც აწერია. სხვათა შორის, ამ სერიასთან ერთად საბჭოთა ფოსტამ 1966 წლის 10 ივნისს გამოუშვა რუსთაველის იუბილისადმი მიძღვნილი სპეციალური სტანდარტულმარკიანი კონვერტი, რომლის ავტორია ლ. ბურდული ხოლო საქართველოში დაიბეჭდა უმარკო კონვერტი და საიუბილეო გამოშვების მონოქრომატული რეპროდუქციებით გაფორმებული ფურცლები წერილებისათვის.
ზემოთ განხილული სამი გამოშვებით – 5 მარკითა და ერთი ბლოკით საბჭოთა ფოსტამ რუსთაველის და მისი პოემის თემა თითქოს ამოწურა, და თუ არავინ დაიჩემებს, რომ პუშკინი ეთიოპია, ხოლო ლერმონტოვი – შვედი, რუსთაველი, მისადმი მიძღვნილი საბჭოთა მარკების რაოდენობით, პირველია არარუს მწერალთა შორის. მაგრამ რუსთაველის სახე(ლი) კიდევ სამ საბჭოთა მარკაზე გვხვდება:
1958 წელს გამოვიდა 15-მარკიანი სერია "მოკავშირე რესპუბლიკათა დედაქალაქები". თითოეული მარკის ნომინალია 40 კაპიკი, ტირაჟი – მილიონნახევარი, ბეჭდვა – მეტალოგრაფია სქელ ქაღალდზე, ზომა – 18X68; კბილანები – ხაზური 121/2. სერიის მხატვარია სერგეი პომანსკი – საბჭოთა ქაღალდის ფულის უკანასკნელი გამოშვების დიზაინის ავტორი. ოქტომბერში გამოვიდა ამ სერიის 5 მარკა, ნოემბერში – 4 და დეკემბერში – 6. პირველ გამოშვებაში მოსკოვთან, ტაშკენტთან, ალმა-ატასთან და აშხაბადთან ერთად მოხვდა თბილისიც, რომლის პოზიციონირება მხატვარს რუსთაველის პროსპექტის ჩვენებით უნებებია და მარკას ამის აღმნიშვნელი შესაბამისი რუსული წარწერაც აქვს. "საქართველოს სსრ" კი მარკას ქართულადაც აწერია. 1967 წლის აგვისტოში "დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის" 50-ე წლისთავთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის საფოსტო ადმინისტრაციამ გამოუშვა 16-მარკიანი სერია, საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების დროშებისა და გერბების გამოსახულებებით. მარკების ზომაა – 30X42; კბილანები – სავარცხლური 121/2:12. თითოეული მარკის ნომინალია 4 კაპიკი. ასეთი ტიპისა და თემატიკის მარკების ნომინალების დადგენისას პოლიტკორექტული საბჭოთა ფოსტა გამორიცხავდა ყოველგვარ დიფერენცირებას. "ლიტვა" რომ 6 კაპიკი ღირებულიყო და "სომხეთი" – 4, ხომ შეიძლებოდა ერთი ამბავი ამტყდარიყო! აი, ტირაჟებში კი, რაც მხოლოდ სპეციალისტების არის ხოლმე ცნობილი, პოლიტკორექტულობა არ არის დაცული და თუ სერიის ხუთი მარკის ტირაჟი 3 მილიონია, დანარჩენი 11 "მხოლოდ" 2 მილიონ 800 ათასი დაიბეჭდა! მათ შორის – "საქართველოც". საქართველოს სიმბოლიკიანი ეს მარკა ჩვენთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც სერიის მხატვრებს – ნატალია ანდრეევასა და იური ლევინოვსკის საქართველოს გერბისა და დროშის ფონად თბილისის ფუნიკულიორთან, მეტეხთან, მთავრობის სასახლესთან და მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან ერთად რუსთაველის კოტე მერაბიშვილისეული ძეგლის სილუეტიც გამოუყენებიათ.
ამ გამოშვებას ახლავს სტანდარტულმარკიანი სპეციალური მხატვრული საფოსტო კონვერტი, რომლის ნახატი მარკის დიზაინს იმეორებს. ჩემს კოლექციაში დაცულია ამ კონვერტის ერთი ეგზემპლარი, რომელსაც თბილისის ფოსტამტის სპეციალური შტემპელიც ამშვენებს.
აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი სტანდარტულმარკიანი საფოსტო კონვერტი, რომელიც 1977 წლის 14 დეკემბერს გამოვიდა და რომელზეც მხატვარ ლ. ზაიცევს შოთა რუსთაველის მერაბიშვილისეული ძეგლი აუსახავს.
დაბოლოს, 1981 წლის ნოემბერში მიმოქცევაში შემოდის ხუთმარკიანი სერია "საქართველოს ფერწერა". სერიის სათაურის მიუხედავად, მის ერთ მარკაზე გრაფიკული ნამუშევარია გამოსახული. ამ "ფერწერული" სერიიდან ჩვენთვის ამჯერად სწორედ ეს გრაფიკული ნამუშევარია საინტერესო, რადგან მასზე სერგო ქობულაძის "შოთა რუსთაველია" ასახული, რომლის ორიგინალი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. დიზაინერ ივან მარტინოვის მიერ ფერწერად გასაღებული ამ გრაფიკული შედევრის ნომინალი 15 კაპიკია, ტირაჟი – 4 მილიონ 800 ათასი, ბეჭდვა – ოფსეტური გალაკულ ცარცის ქაღალდზე; მარკის ზომაა 52X37; კბილანები – სავარცხლური 12:121/2. სერიის სხვა მარკების შინაარსი, ნომინალები და ტირაჟები ასეთია: ფიროსმანის "ირემი" – 4 კაპიკი, 7 მილიონი; შალვა ქიქოძის "გურული ქალი" – 6 კაპიკი, 6 მილიონი; უჩა ჯაფარიძის "თანამგზავრები" – 10 კაპიკი, 5-ნახევარი მილიონი; ლადო გუდიაშვილის "ჩაის მკრეფავები" – 32 კაპიკი, 4 მილიონ 600 ათასი. რაკი ყველა მხატვარი ქართველია და რესპუბლიკებს შორის უკმაყოფილება გამორიცხულია, პოლიტკორექტული საბჭოთა ფოსტა აქ ნომინალების დიფერენცირებას კი ახდენს, მაგრამ თავის თავისა თუ ეპოქის ერთგული რჩება და "ჩაის მკრეფავებს" ფიროსმანსა და რუსთაველზე მეტად აფასებს!
სხვადასხვა კოლექციონერი სხვადასხვაგვარად აფასებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ საფოსტო მარკების გარდა არსებობს არასაფოსტო მარკებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კარგად ავსებს ფილატელისტურ კოლექციებს. არასაფოსტო მარკებს განეკუთვნება კერძო და ეგრეთწოდებული სარეკლამო მარკები ანუ ვინიეტები, რომელთაც არც ნომინალი აწერია, არც ქვეყნის სახელი და, საფოსტო მარკის გვერდით კონვერტზე დაკრული, "მხოლოდ" სარეკლამო, პოლიტიკურ, პროპაგანდისტულ თუ კულტურულ- საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს. ასეთ ვინიეტები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით 1968 წელს ლონდონში დაბეჭდა აკაკი რამიშვილმადა დღეს მე სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს კოლექციაში იმ უნიკალური მარკის~ რამდენიმე ეგზემპლარია დაცული. მაგრამ აკაკი რამიშვილის მარკები არც ერთადერთი ყოფილა და არც პირველი. მანამდე მთელი 30 წლით ადრე მისმა სეხნიამ – თვალსაჩინო მწერალმა და მოღვაწემ აკაკი პაპავამ ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით კუსტარულად, ფოტოგრაფიული მეთოდით მრავალი დასახელების ასეთი მარკა დაბეჭდა ჰამბურგში და ის და მისი მეუღლე თამარ პაპავა თავიანთ მრავალრიცხოვან წერილებს ამ მარკებით დამშვენებული კონვერტებით აგზავნიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათი ქალიშვილის – მზია პაპავა-ჭეიშვილის ცნობით, 1938-1939 წლებში პაპავებმა არაერთი ასეთი კონვერტი გააგზავნეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არცერთი მათგანი არ არის აღმოჩენილი. სამაგიეროდ, პატარა არგენტინულ ქალაქ ლომას–დე-ზამორაში, თამარ და აკაკი პაპავების შთამომავლებთან სტუმრობისას, მზია პაპავა-ჭეიშვილის ოჯახში აღმოჩნდა იმ მარკების ათეულობით გამოუყენებელი ეგზემპლარი. და ამ აღმოჩენით ქართული ფილატელია უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი ხდება, ვიდრე ეს მანამდე წარმოგვედგინა.

თავად განსაჯეთ, თუმცა კუსტარულად, მაგრამ აკაკი აბეჭდინებს უწარწერო მარკებს წმინდა ნინოს, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის, ქეთევან დედოფლის, ვახტანგ მეექვსის, თეიმურაზ მეორის, ერეკლე მეორის, სულხან- საბა ორბელიანის, ანტონ კათალიკოსის, მარიამ დედოფლის, იოანე ბატონიშვილის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, რაფიელ ერისთავის, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და, რაღა თქმა უნდა, შოთა რუსთაველის პორტრეტებით; აქვეა გიორგი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, არჩილ ჯორჯაძის, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, დავით კლდიაშვილის, იოსებ გრიშაშვილის და სხვა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეებისადმი მიძღვნილი მარკები; აკაკი პაპავამ დააბეჭდინა აგრეთვე ფოტომარკები დემოკრატიული საქართველოს გერბის, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და თბილისის უნივერსიტეტის გამოსახულებებით. სულ ლომას-დე-ზამორაში 101 დასახელების ასეთი მარკა აღმოჩნდა!
პაპავასეული მარკების 101 დასახელებიდან ჩვენ ამჯერად ორი გვაინტერესებს – შოთა რუსთაველი და შოთა რუსთაველი. ერთზე იაკობ ნიკოლაძის მიერ 1937 წელს შექმნილი ბარელიეფის რეპროდუქციაა გამოსახული, მეორეზე კი ვასილი გოლოვნიას ის ცნობილი პორტრეტი, რომელიც მანამდე ორ საბჭოთა მარკას დაედო საფუძვლად. შეიძლება ითქვას, რომ გოლოვნია თავისი ნამუშევრის მარკებზე გადატანის თვალსაზრისით დღესაც ერთერთი ლიდერია ფილატელისტურ რუსთველიანაში, ხოლო მანამ, სანამ დამოუკიდებელი საქართველოს საფოსტო ადმინისტრაცია რუსთაველის თემით დაინტერესდებოდა, ერთპიროვნულადაც ლიდერობდა. ეს ვასილი გოლოვნია, ვასილი იაკოვლევიჩი, ლიტველ რაინდთა შთამომავალი, ფაქტობრივად ქართველია, გორში დაბადებულა 1861 წელს და ვიდრე 1884 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის მსმენელი გახდებოდა, გორისა და ტფილისის რეალური სასწავლებლები დაუმთავრებია. მისი შემოქმედებიდან რუსთაველის ამ პორტრეტის გარდა სხვა ნამუშვერებიც არის ცნობილი, მაგრამ იგი ისტორიაში შევიდა არა როგორც მხატვარი, არამედ როგორც რუსეთის რევოლუციური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პეტერბურგში სწავლისას "ნაროდნაია ვოლიას" წევრი გამხდარა, მუშათა შორის პროპაგანდას ეწეოდა, რის გამოც 1884 წლის 16 ნოემბერს დაუპატიმრებიათ და პეტრე-პავლეს ციხეში ჩაუსვამთ. მას მერე მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილა. 1905 წელს იგი უკვე ქუთაისშია და რკინიგზის მუშათა კომიტეტს უდგას სათავეში. 1906 წელს ისევ დაიჭირეს და ამჯერად მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ სასამართლომ გაამართლა და მალევე გამოუშვეს. რევოლუციის შემდეგ თბილისის რკინიგზის სადგურის უფროსად მუშაობდა. ვერაფრით დავაზუსტე, იცოცხლა თუ არა 76 წლამდე და მოესწრო თუ არა თავისი რუსთაველის განმარკებას.
ოლოვნიას რუსთაველი ცნობილი და პოპულარული კი არის, მაგრამ დიდი მხატვრული ღირსებებით იგი არ გამოირჩევა. საერთოდაც, რუსთაველის სახე და მისი პოემა, არაერთი საკმაოდ წარმატებული ცდის მიუხედავად, ჯერ კიდევ მოელის შესაფერის ასახვას მხატვრობასა თუ ქანდაკებაში. სხვისი არ ვიცი და, რუსთაველის დღემდე შექმნილ პორტრეტებსა და ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებში მე სერგო ქობულაძის ნამუშევრებს გამოვარჩევდი; საფოსტო მარკებისთვისხომ – განსაკუთრებით. საერთოდ სერგო ქობულაძის გრაფიკული ფურცლები თავისი ზუსტი ფორმებით, დახვეწილი ხაზებითა და ლაკონიური ფერადოვანი გადაწყვეტით თითქოს სპეციალურად მარკებისთვის არის შექმნილი. ალბათ, ამიტომ იყო, რომ 1999 წელს, როდესაც საქართველოს საფოსტო ადმინისტრაციამ მსოფლიო საფოსტო კავშირის 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მარკების დიზაინი შემიკვეთა, სწორედ ქობულაძის შემოქმედება მოვიშველიე. ჩავთვალე, რომ წერილის წერად დამჯდარი მისი ნესტან-დარეჯანი თემასაც კარგად გახსნიდა და ორიგინალობითაც გამოირჩეოდა ამავე თემაზე შექმნილი სხვა ქვეყნების ათობით მარკის ფონზე. ეს მარკები მიმოქცევაში 1999 წლის 8 დეკემბერს შემოვიდა. თითოეული მათგანის ტირაჟია 50 ათასი. დაბეჭდილია ცარცის ქაღალდზე ოფსეტური მეთოდით, მარკების ზომა – 55X35, კბილანები –131/4, მარკების რაოდენობა საბეჭდ ფურცელში – 15 (3X5). გამოშვება ორმარკიანია. პირველ, 20-თეთრიან მარკაზე ნახატის მხოლოდ დეტალი ჩანს – ხელები, კალამი და ეტრატი, მეორე, 80-თეთრიან მარკაზე კი, თითქოს ადამიანის თვალში ჩამონტაჟებული ვიდეოკამერის ობიექტივი გაიხსნაო, ქობულაძის ნამუშევარი მთელი თავისი სიდიადითა და მასშტაბურობითაა წარმოდგენილი. ჩემი ავტორობა აქ მხოლოდ ამ ვიზუალური ტელეეფექტისა და თავად ნამუშევრის შერჩევაში გამოიხატა.
დაახლოებით ასეთივე გზა ავირჩიე ერთი წლის შემდეგ, როცა "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავისადმი მიძღვნილი მარკების სერია შემიკვეთეს. თუ შოთა რუსთაველს 800 წელი 1966 წელს შეუსრულდა, 2000 წელს პოემის შექმნის 800 წლისთავის აღნიშვნა უფრო ლოგიკური იყო, ვიდრე იმავე მოვლენის 750 წლისთავის აღნიშვნა 1937-ში. ამ შემთხვევაში "ვეფხისტყაოსნის" ავტორი 34 წლის მოწიფული ადამიანი იქნებოდა და არა 21 წლის ყმაწვილი, როგორც ეს საბჭოთა ქრონოლოგიით გამოდიოდა. თემაზე მუშაობის პროცესში არაფრით ვიყავი შეზღუდული და ამიტომ გადავწყვიტე, რაკი საქმე შოთა რუსთაველსა და "ვეფხისტყაოსანს" ეხებოდა, პროექტისთვის შეძლებისდაგვარად მასშტაბური სახე მიმეცა. ამავე დროს, მიზნად დავისახე, რომ ფილატელისტური სამყაროს ნებისმიერი წარმომადგენლისათვის, იმის მიუხედავად, გაეგონა თუ არა მას რუსთაველის სახელი, ნათელი გამეხადა, რომ საქმე პოეზიის მეფეს ეხებოდა. მეფისათვის კი მარკის დიზაინში იმთავითვე შემუშავებულია ტრადიციული ფორმა, რომელსაც დღემდე მკაცრად იცავს ინგლისი და რომლისთვისაც სხვადასხვა დროს თითქმის ყველა მონარქიას მიუმართავს: ეს გახლავთ მმართველი მონარქის პორტრეტის ჩასმა ოვალურ ჩარჩოში და მისი ისე განთავსება მარკის რომელიმე ზედა კუთხეში, რომ მარკის მთავარი ნახატი თავისუფლად იკითხებოდეს. სამწუხაროდ, დროში ცდომილების გამო საქართველოს არ მიეცა საშუალება, თავისი 1500-წლოვანი მონარქიული ტრადიცია საფოსტო მარკაზე აესახა და ამით კლასიკური შინაარსისა და ფორმის მარკები გამოეშვა, მაგრამ ამ ისტორიული უიღბლობის გამოსწორება მე კლასიკურ ფორმაში ახალი შინაარსის ჩადებით ვცადე. სულ სამი ასეთი მცდელობა მქონდა. პირველად ეს 1997 წელს გავაკეთე, როცა ვახუშტი ბაგრატიონისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ მარკაზე ლევან ჭოღოშვილის მიერ სპეციალურად შექმნილი მისი (ბაგრატიონის!) პორტრეტი "სამეფო ოვალში" ჩავსვი; მეორედ ეს ხერხი რუსთაველისადმი მიძღვნილ სერიაში გამოვიყენე, მესამედ კი – ფიფას მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ ოთხმარკიან სერიაში, სადაც "სამეფო ოვალში" პელეს პორტრეტი მოვათავსე. ვახუშტი ბატონიშვილისა და პელეს შემთხვევებში, პრობლემა ნაკლები იყო, რადგან საქმე მათ თითო პორტრეტთან მქონდა, რუსთაველის შემთხვევაში კი მისი ათეულობით სხვადასხვა პორტრეტის მოძიება და დამუშავება გახდა საჭირო. რაც შეეხება მარკების ძირითად სიუჟეტურ გამოსახულებებს, საამისოდ სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა ეპიზოდის ილუსტრაციები შევიგულე. საბოლოოდ 12 პორტრეტი და 12 ილუსტრაცია შევარჩიე და ისინი 10 მარკად და ორ ბლოკად დავაწყვილე. შედეგად ასეთი სურათი მივიღე:
მამუკა თავაქარაშვილი და მამუკა თავაქარაშვილი; იაკობ ნიკოლაძე და სერგო ქობულაძე; უჩა ჯაფარიძე და ირაკლი თოიძე; თეიმურაზ გოცაძე და ლევან ცუცქირიძე; თემო ნაცვლიშვილი და ნათელა იანქოშვილი; უცნობი მხატვარი და მიხაი ზიჩი; ნიკო ფიროსმანი და ლადო გუდიაშვილი; სერგო ქობულაძე და თამარ აბაკელია; კონსტანტინე მერაბიშვილი და ფლავიო ბიანკონი; ალექსი კობახიძე და სევერიან მაისაშვილი. (წყვილებში პირველად პორტრეტის ავტორია დასახელებული.)
ბლოკების გამოსახულებანი ასე დავაწყვილე: რუსუდან ფეტვიაშვილი და რუსუდან ფეტვიაშვილი; იერუსალიმური ფრესკა და უცნობი მხატვარი.
დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ პორტრეტითაც და ილუსტრაციითაც მხოლოდ ოთხი მხატვარია წარმოდგენილი: მამუკა თავაქარაშვილი, უცნობი მხატვარი, სერგო ქობულაძე და რუსუდან ფეტვიაშვილი (თუმცა მარკის უცნობი მხატვარი და ბლოკის უცნობი მხატვარი ორი სხვადასხვა პიროვნებაა); მოხდა ისე, რომ ამათგან ორივე ნამუშევრით ერთად, ერთ მარკაზე მხოლოდ თავაქარაშვილი და ფეტვიაშვილი მოხვდნენ.
იმის მიუხედავად, რომ 9- და 10-მარკიანი სერიები ახალი საქართველოს სამარკო პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, 16-მარკიანი სერიებიც კი იყო გამოსული, თანაც ამათგან ერთი იყო ფიროსმანი, დანარჩენი სულ დინოზავრები, ქვეწარმავლები და ჩიტები ბრძანდებოდნენ, ქართული მარკის მამებს 10-მარკიანი სერია მაინც ებევრათ და მისი ორ გამოშვებად დაყოფა მთხოვეს. რაკი სხვა გზა არ იყო, ასეც მოვიქეცი – თითოეულ გამოშვებაში ხუთი მარკა და ერთი ბლოკი გავითვალისწინე და რადგან ორივე გამოშვებაში ზუსტად ერთნაირი ნომინალები ფიგურირებდა, მათი განსხვავება კომპოზიციათა ორიენტაციით გადავწყვიტე – პირობითად პირველ გამოშვებაში რუსთაველის პორტრეტი მარკის ზედა მარჯვენა კუთხეში მოვათავსე, მეორე გამოშვებაში კი – ზედა მარცხენა კუთხეში.
პირველი გამოშვება (ხუთი მარკა და ერთი ბლოკი) 2000 წლის 8 მაისს შემოვიდა მიმოქცევაში. დაბეჭდილია ოფსეტურად ცარცის ქაღალდზე; მარკების ზომა – 52X36, კბილანები – 131/4, მარკების რაოდენობა ფურცელზე – 20 (5X4); თითოეული მარკის ტირაჟი 25 ათასია. 25 ათასი დაიბეჭდა ბლოკიც. ამას გარდა 5-5 ათასი მარკა და 5 ათასი ბლოკი უკბილანო ვარიანტშიც დაიბეჭდა.


დასასრული 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.