საფოსტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, მეორე გამოშვება მომდევნო წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ მეორე გამოშვების დაბეჭდვა გადაიფიქრეს და ამის გამო მართლა მასშტაბური და სისრულის პრეტენზიის მქონე პროექტი როგორღაც კუდმოკვეცილი გამოვიდა – სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვა, – უზიჩო, უფიროსმანო, უგუდიაშვილო...
იმის მიუხედავად, რომ პროექტის ნახევარი განუხორციელებელი დარჩა, უპრიანად მივიჩნიე იმ არდაბეჭდილი ხუთი მარკისა და ერთი ბლოკის გამოქვეყნებაც, ისევე როგორც სპეციალურად "ვეფხისტყაოსნის" სერიისათვის შექმნილი მხატვრული კონვერტებისა და ბუკლეტისა, რომელთა დაბეჭდვაც ზედმეტად თუ წამგებიანად ჩათვალეს მხოლოდ კომერციასა და მარკების სარფიანად რეალიზაციას გადაყოლილმა საფოსტო ჩინოვნიკებმა.
იმის მიუხედავად, რომ მართლა კარგი ჩანაფიქრო ბოლომდე ვერ განხორციელდა, ეს საქართველოს საფოსტო ადმინისტრაციის ყველაზე პატარა შეცდომა და დანაშაული იყო იმ შეცდომებსა თუ დანაშაულობებს შორის, რომელიც თან სდევდა მის საქმიანობას არსებობის სულ პირველი დღეებიდან. ამ ყველაფრის მიზეზი თავიდან ალბათ, მხოლოდ უცოდინარობა და გულგრილობა იყო, მერე და მერე კი სხვა ამბებიც გამოიკვეთა და თუ თავიდან მხოლოდ ჩემი აზრის პასიურ დაფიქსირებას ვჯერდებოდი, ბოლოს ღიად დავუპირისპირდი ქართული სამარკო საქმის თავკაცებს. ამაზე ახლა, ამ წერილში არაფერს ვიტყოდი, ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შოთა რუსთაველი რომ არ გამხდარიყო.
ისრაელის საფოსტო ადმინისტრაციამ რუსთაველის იერუსალიმური ფრესკის მარკაზე აღბეჭდვა გადაწყვიტა და საქართველოს საფოსტო ადმინისტრაციას ერთობლივი გამოშვების იდეა შესთავაზა. საქართველოს მხარეს უნდა შეერჩია და შეეთავაზებინა ისრაელის მხარისათვის სასურველი თემატიკა, რომელიც გარკვეულწილად კავშირში იქნებოდა რუსთაველის იერუსალიმურ ფრესკასთან და ორივე მარკა – ისრაელისაც და საქართველოსიც ერთ დღეს შევიდოდა მიმოქცევაში. ერთობლივი გამოშვების პრაქტიკა ახალი არ არის, მსოფლიო ფილატელიამ ასეთი გამოშვებების არაერთი შემთხვევა იცის და როდესაც ჯერ კიდევ 1993 წელს საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ნიშნების გამოშვების მუდმივმოქმედ კომისიაში შემიყვანეს, ერთობლივი გამოშვებების იდეა პირველად მე წამოვჭერი. ალბათ, ამიტომაც სიხარულით მივიღე დავალება – შემერჩია შესაბამისი თემატიკა და მარკის პროექტი შემეთავაზებინა ჯერ ქართული და მერე ისრაელის მხარისათვის. 
ძალიან მალე რამდენიმე საინტერესო ვარიანტი მოვამზადე, მაგრამ თურმე სულ ტყუილად ვირჯებოდი: ისრაელის საფოსტო ადმინისტრაციიის ერთ–ერთი

მოხელის – გვარად ფიჩხაძის – მეცადინეობით ქართულ მხარეს უკვე გადაეწყვიტა რუსთაველის საპირწონედ საქართველოს თავის მარკაზე ქუთაისის სინაგოგა აღებეჭდა, რომელიც მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ ბატონი ფიჩხაძე ოდესღაც ამ სინაგოგის ჯამაათის წევრი ყოფილა. საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროსაც მივმართე, ისრაელში საქართველოს საელჩოც ჩავაყენე საქმის კურსში, პრესაშიც ავტეხე განგაში, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ამ ყველაფრის შესახებ "დილის გაზეთის" 2001 წლის 21 ივნისის ნომერში ვრცელი წერილი გამოვაქვეყნე სათაურით "საფოსტო მარკა არ არის ალბომში ჩასაკრავი ფერადი ფოტო", და ამიტომ აქ მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ისრაელის მართლა მშვენიერ მარკას არავისთვის არაფერი დაუშავებია და მასზე საგანგებოდ უნდა შევჩერდე.
საერთოდ, ისრაელის მარკები, რომელთაც, როგორც წესი, ფურცელზე კუპონიც ახლავს, მაღალი კულტურითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ამას შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი მარკაც ადასტურებს. გარდა იმისა, რომ ეს მარკა ერთ-ერთი საუკეთესოა ფილატელისტურ რუსთველიანაში, იგი იმითაცაა გამორჩეული, რომ ამ თემაზე შექმნილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უცხოური მარკაა. ამავე დროს იგი პირველი და ერთადერთი კუპონიანი მარკაა რუსთაველის გამოსახულებით. მარკის ავტორია ი. გრანოტი. იგი მიმოქცევაში შემოვიდა 2001 წლის 3 სექტემბერს და მისი ტირაჟია 150 ათასი. დაბეჭდილია ოფსეტურად ცარცის ქაღალდზე; მარკების ზომა – 40X30, კბილანები – 14, მარკების რაოდენობა ფურცელზე – 15 (3X5). ამ მარკისათვის ისრაელის საფოსტო ადმინისტრაციამ გამოუშვა სპეციალური კონვერტი, რომელზეც ვეფხისტყაოსნის ივრითზე მთარგმნელის, ქუთაისელი ბორის გაპონოვის (1934-1972) მემორიალური დაფაა აღბეჭდილი. ამ მარკის გამოშვებისათვის ქართველ ფილატელისტებს და საერთოდ ქართულ საზოგადოებას მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ისრაელის ფოსტის მესვეურთა მიმართ.
ამის შემდეგ რუსთაველის იერუსალიმური ფრესკა კიდევ ერთხელ მოხვდა მარკაზე – ამჯერად საქართველოს მარკაზე, თუმცა ეს მარკა რუსთაველს არ ეძღვნება და მისი ფრესკა აქ მხოლოდ ფონად არის გამოყენებული. მარკა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი სემიტოლოგის გიორგი წერეთლის (1904-1973) საუკუნოვან იუბილეს. მისი ავტორია ბადრი გაგნიძე, დაბეჭდილია ოფსეტურად ცარცის ქაღალდზე; მარკების ზომა – 26X42, კბილანები – 131/4, მარკების რაოდენობა ფურცელზე – 10 (5X2); ტირაჟი – 15 ათასი, მიმოქცევაში შემოვიდა 2004 წლის 5 ნოემბერს.
ფილატელისტური რუსთველიანა ჯერჯერობით საქართველოს ამ მარკით მთავრდება.
მეც აქ დავსვამ წერტილს. 

ყველა უფლება დაცულია. საიტის მასალათა გამოყენებისას, ბმულის მითითება სავალდებულოა

Make a Free Website with Yola.